A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლეგ ლეი ლელ ლემ ლენ ლეს ლეტ ლექ ლეჩ

ლემნოსი

ბერძნ.

კუნძული ჩრდილოეთ ეგეოსის არქიპელაგში. აპ. როდოსელი ორგზის იხსენიებს კუნძ. ლემნოსს, როგორც სინტეიდურს. ლემნოსის ეპიზოდი, რომელიც აპ. როდოსელს ქვევით მოჰყავს, არგონავტთა თქმულების განუყრელი ეპიზოდია. ლემნოსის ამბებს არგონავტთა თქმულებასთან დაკავშირებით იცნობს ჰომეროსი და საგუნდო ლირიკის დიდი წარმიმადგენელი პინდარეც. აპ. როდოსელის პოემის სქოლიასტი იხსენიებს სხვა ავტორებსაც, რომლებიც ლემნოსის ამბავს ეხებოდნენ. ასეთი ავტორებია: ჰეროდორე ჰერაკლეელი, ესქილე, სოფოკლე, არისტოფანე და სხვ. ლემნოსის ეპიზოდი დღემდე მიჩნეული იყო არგონავტთა თქმულების რუდიმენტალურ ნაწილად და მისი მნიშვნელობის დადგენა უიმედოდ ითვლებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, შემთხვევითი არაა ის გარემოება, რომ არგონავტთა პირველი და ხანგრძლივი შეჩერება კუნძულ ლემნოსზე ხდება. არგონავტების თქმულებაში ანარეკლი ჰპოვა იმ ოდინდელმა ურთიერთობამ, რომელიც კოლხეთსა და კუნძ. ლემნოსს შორის არსებობდა. ვულკანური წარმოშობის კუნძული ლემნოსი (აწინდელი სტალიმენე) განსაკუთრებით მდიდარი იყო მადნეულობით. ლემნოსის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ სინტიები. ამ სინტიებს იხსენიებს ჯერ კიდევ ჰომეროსი და არაბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ტომად თვლის. უმცროსი ლოგოგრაფი ჰელანიკე ლესბოსელი სინტიებს ნარევ ბერძნებს უწოდებს და აღმოსავლეთიდან მოსულ ხალხად თვლის. არისტოფანე ლემნოსის მკვიდრებს ბარბაროსებს (ე.ი. არაბერძნებს) უწოდებს. ფილოქარეს მიხედვით სინტიები პელაზგები ყოფილან. ჰელანიკე ლოგოგრაფის მოწმობით სინტიების ძირითადი ხელობა მადნეულობის დამუშავება ყოფილა. იარაღის გამოჭედვა პირველად მათ დაუწყიათ და შემდეგ სხვებისათვის უსწავლებიათ. ჰელანიკე სინტიებს ხელოსნებს უწოდებს. ცეცხლი რკინის გამოსაწრთობად პირველად მათ გამოუყენებიათ. ამიტომ ყველაზე მეტ თაყვანს ისინი ცეცხლს და ცეცხლის ღვთაებას ჰეფესტოს სცემდნენ. კოლხეთი და საერთოდ კავკასია ლითონით მდიდარი ქვეყანა იყო. კოლხური მოდგმის ტომები (ხალიბები, მოსსინიკები, ტიბარენები) სინტიების მსგავსად ლითონის მომპოებელი და ხელოსანი ხალხი იყო. „ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველ განათლებულ კაცობრიობის წინაშე“. საკითხი ისმის, აღმოსავლეთიდან ლემნოსზე წასული სინტიები კოლხური მოდგმის ტომი ხომ არ ყოფილა? ამ კითხვას ისიც გვასმევინებს, რომ ლემნოსის უძველეს მკვიდრთა (სინტიების) კავშირი წინაბერძნულ მოსახლეობასთან (პელაზგებთან) მრავალგზის არის დადასტურებული ანტიკურ წყაროებში, და ისიც, რომ ეტიმოლოგია ინდოევროპულის გზით ვერ იხსნება. ამ სიტყვის ძირი „სინ“ ქართული „რკინის“ ექვივალენტთან „სინასთან“ უნდა იყოს კავშირში. აღნიშნული საკითხი ჩვენ სხვაგან გვაქვს დამუშავებული და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ვიტყოდით მხოლოდ იმას, რომ ხომალდი არგო კუნძულ ლემნოსთან მივიდა, როგორც კოლხეთის შეხების პუნქტთან.

კუნძული ლემნოსი ჰეფესტოს საყვარელი ადგილია. ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების – ჰეფესტოს კულტმა პირეულად ლემნოსზე შესდგა ფეხი. ბერძნულ მითოლოგიაში ჰეფესტო და ლემნოსი განუყრელი ცნებებია. ოლიმპოდან ზევსის მიერ ჩამოგდებული ჰეფესტო სწორედ ლემნოსზე დაეცემა და ტანჯულ ღმერთს სინტიები შეიფარებენ. (იხ. „ილიადა“, I). ჰეფესტო ლემნოსის ხშირი სტუმარია. არესი მის საყვარელ აფროდიტეს ეუბნება, რომ მისი ქმარი ჰეფესტო ბარბაროს სინტიებთანაა ლემნოსზე წასული და მათ ალერსს ხელს ვერ შეუშლის (იხ. „ოდისეა“, VIII).

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9