A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – II

ბერძნ.

ვით ცივ ზამთრის დღეს ფარეხში შეპარული მშიერი რუხი მგლები დაერევიან საბრალო ცხვრებს, ისე არგონავტები დაერივნენ ბებრიკებს, ამიკოსის ამ თავხედ ქვეშევრდომებს. მეფუტკრეები ან მწყემსები რომ შეუბოლებენ ხოლმე კლდეში დიდ სკას და ამის გამო ფუტკარი აზუზუნდება ერთხანს შიგნით, მერე კი ვეღარ გაუძლებს მხრჩოლავ კვამლს და გარეთ გამოფრინდება, ისე ბებრიკები ვეღარ გაუმკლავდნენ არგონავტებს, დაიფანტნენ და ამიკოსის თვალბედითი ხვედრის საუწყებლად შუაგულ ბებრიკიისაკენ გაექანენ. ვერაგ ბებრიკებს აქ უარესი ამბავი დახვდათ. მათი მტერი მეფე ლიკოსი თავისი ქვეშევრდომი მარიანდინებით (ბითინიის ხალხი) ბებრიკების უმეფოდ დარჩენილ მხარეს დასცემოდა თავს და ვენახებსა და სახლებს არბევდა. ეს მარიანდინები და ბებრიკები განუწყვეტლივ ომობდნენ მათ მხარეში არსებულ რკინის საბადოების გულისათვის.

ბებრიკების უკუქცევის შემდეგ არგონავტებმა მათი ფარეხები და ბოსლები გააცამტვერეს. უთვალავი საქონელი მორეკეს ზღვის ნაპირას და ბევრიც დაკლეს. ამ დროს ერთ-ერთმა არგონავტმა წამოიძახა: „ნეტავ რას იზამდნენ ეს მხდალი ბებრიკები, ღმერთს რომ შემთხვევით ძლევამოსილი ჰერაკლე მოეყვანა აქ? როცა ამიკოსი ჩვენს ხომალდთან მოიჭრა და თავისი წესები გამოგვიცხადა, ჰერაკლე რომ აქ ყოფილიყო, მყისვე დაავიწყებდა თავისი კომბლით ვერაგ ამიკოსს მის წესებსაც და ზვიადობას! ვაი, რომ ჩვენი მოუფიქრებლობით მივატოვეთ ძლევამოსილი გმირი მიზიის ნაპირზე და უიმისოდ მივცურავთ ზღვაზე. ყოველი ჩვენგანი განიცდის უსაზღვრო სევდას ჰერაკლეს მოშორებით“ ასე დარდობდა ეს ვაჟკაცი ჰერაკლეს მოშორებას, მაგრამ ეს ხომ დიდებული ზევსის სურვილით მოხდა!

ღამის გასათევად არგონავტები ამ ნაპირზე დარჩნენ. დაჭრილ მეომრებს ჭრილობები შეუხვიეს, შემდეგ კი ღმერთებს მსხვერპლი შესწირეს და ბრწყინვალე ვახშამიც გამართეს. ღვინის თასებთან და ლამაზად მოგიზგიზე სამსხვერპლო ცეცხლთან მჯდომ ვაჟკაცებს თვალზე ძილი არ ეკარებოდათ. ზღვის ნაპირას მდგომი დაფნის ხის ფოთლებით ვაჟკაცებმა გვირგვინები გაიკეთეს და შუბლზე შემოიკრეს (დაფნის ხეზე, სხვათა შორის, ხომალდის ბაგირები იყო მიბმული). ღვთაებრივი მომღერალი ორფევსი ფორმინგს აჟღერებდა და ვაჟკაცები მასზე აყოლებით შეხმატკბილებულად მღეროდნენ სხვადასხვა ჰიმნებს. ზღვის ნაპირი საამო სიმღერის ხმით ივსებოდა. არგონავტები მხურვალედ ადიდებდნენ ზევსის თერაპნელ ძეს, რომელმაც ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი სიცოცხლეს გამოასალმა.

როცა დიდებული ჰელიოსი აღმოსავლეთიდან ამოიზიდა და ცვარით დაფარული ბორცვები ათასფერად ააელვარა, მაშინ არგონავტებმა ხომალდზე საჭირო ნადავლი აიტანეს, დაფნის ხეზე მიკრული ბაგირები გამოხსნეს და მღელვარე ბოსფორის სრუტეში შეცურდნენ. აქ მთებისოდენა ტალღები ზეცამდე აღიმართებოდა, საზარლად ბობოქრობდა და ხომალდს დაღუპვას უქადიდა. არგონავტებს ღრუბლებივით ცამდე აზიდული მძვინვარე ტალღები თავს უნდა დასცემოდათ, რომ მესაჭე ტიფისს თავისი გამოცდილების წყალობით ხომალდი ამ მდგომარეობიდან არ ეხსნა. მან ოსტატურად ააცდინა შეშინებულ მეგობრებს საფრთხე და მეორე დღეს ბითინიის პირდაპირ მდებარე მხარეს მიაყენა ხომალდი.

ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდა აგენორის ძე ფინევსი. მას, ოდესღაც აპოლონმა მისნობა ასწავლა და ამის გამო იგი ყველა მოკვდავთა შორის აუტანელი მწუხარებით დაიტანჯა, ვინაიდან ღმერთის ნაბოძები მისნობის ნიჭი ბოროტად გამოიყენა. ფინევსი მოკვდავ ადამიანებს თვით ზევსის წმინდა ზრახვებსაც კი უცხადებდა. განრისხებულმა აპოლონმა მას მარადიული სიბერე მიუვლინა, მოსტაცა, თვალთაგან ტკბილი სინათლე და ნებას არ აძლევდა მას დამტკბარიყო იმ უამრავი სასმელ-საჭმელით, მასთან რომ მოჰქონდათ იქაურებს, რომელთაც მოხუცი ღვთის გადაწყვეტილებებს უცხადებდა. როგორც კი შეეხებოდა საჭმელს ფინევსი, მყისვე მოფრინდებოდნენ მასთან საშინელი ჰარპიები, დაესხმოდნენ თავს და ხელებიდან და პირიდანაც სტაცებდნენ საჭმელს უზარმაზარი ნისკარტებით. საბრალო ფინევსს ხან სულ არ რჩებოდა საკვები, ხან კი ისე ცოტას უტოვებდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და სასაზარელი სიცოცხლე გაეგრძელებინა. დატოვებულ ნამცეცებს კი ისეთ მყრალ სუნს მოჰფენდნენ ჰარპიები, რომ ჭამა კი არა, ახლოს მიკარებაც არ შეიძლებოდა.

როგორც კი გაიგონა ფინევსმა არგონავტების ხმა და მათი ლაშქრის აურზაური, იგი მყისვე მიხვდა, რომ ეს ის გმირები იყვნენ რომელთა მოსვლის შემდეგ ზევსის გადაწყვეტილებით, მის ტანჯვას ბოლო უნდა მოღებოდა და იგი სასმელ-საჭმელით უნდა დამტკბარიყო. მოჩვენებასავით უსიცოცხლოდ წამოდგა თავისი საწოლიდან ფინევსი. იგი ჯოხს დაეყრდნო და კედელზე ხელის ფათურით მიათრევდა თავის დასუსტებულ ფეხებს კარებისაკენ. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უკანკალებდა საბრალო მოხუცს შიმშილისა და სიბერისაგან დაუძლურებული სხეულის სახსრები. გამხდარი და ღონემიხდილი ფინევსი ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყო. მოხუცის კანი საზარლად იყო დახორკლილი ჭუჭყისაგან. გადააბიჯა თუ არა ზღურბლს ფეხი, მოხუცს მუხლები აუკანკალდა და იქვე ჩაჯდა. დაბნედილი და თავბრუდასხმული საბრალო ფინევსი ბურუსმა მოიცვა. ასე ეგონა, დედამიწა დატრიალდაო ირგვლივ. მოხუცმა გრძნობა დაკარგა.

როცა გმირმა არგონავტებმა იგი დაინახეს, მისკენ გაეშურნენ, მოხუცს გარს შემოერტყნენ და საშინლად გაჰკვირდნენ. საბრალო მისანი ცოტათი გონს მოვიდა, ძლივს ამოისუნთქა, მკერდიდან კვნესა აღმოხდა და ძლევამოსილ ვაჟკაცებს მიმართა: „მისმინეთ ყველა ბერძენთა შორის უმამაცესნო, თუ თქვენ მართლაც ის ვაჟკაცები ხართ, რომლებიც, მეფე პელიასის სასტიკი ბრძანებით, იაზონს ხომალდ არგოთი მიჰყავხართ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ესენი ხართ. მიუხედავად საზარელი უბედურებისა, ჩემს გონებას კვლავ შესწევს მისნობის უნარი. გმადლობთ ამისათვის, დიდებულო ლეტოს ძევ! ვაჟკაცებო, გაფიცებთ ცოდვილთათვის სასტიკ მეუფე ზევსს, გაფიცებთ აპოლონ-ფებეს, გაფიცებთ ქალღმერთ ჰერას, თქვენ რომ მფარველობას გიწევთ ლაშქრობის ჟამს, შემწეობა აღმომიჩინეთ! იხსენით უბედური კაცი დაღუპვისაგან! ნუ წახვალთ აქედან ისე, რომ არ დამეხმაროთ! მრისხანე ერინიამ წარმტაცა თვალთაგან ტკბილი სინათლე და აპოლონმა მარადიული სიბერე მიძღვნა. მაგრამ ეს სასჯელი როდი მაკმარეს ნეტარმა ღმერთებმა! მათ ჩემს ტანჯვას სხვა ზარდამცემი უბედურებაც დაუმატეს და ყოველდღიური საზრდოობის საშუალებაც კი მომისპეს. საზიზღარი ფრთოსანი ჰარპიები საიდგანღაც მოფრინდებიან და პირიდან საკვებს მტაცებენ. ვერაფრით ვერ მიხსნია მათგან თავი. როგორც კი დავავლებ საჭმელს ხელს, ისე ანაზდეულად მოფრინდებიან ისინი, რომ ერთი ლუკმის ჩადებასაც ვერ ვასწრებ პირში. მთელ საკვებს მაცლიან ჰარპიები და თუ შემთხვევით საკვების ნამცეცებს დამიტოვებენ, ისეთი საზარელი სუნით მოჰფენენ მას, რომ ვერც ერთი მოკვდავი, თუნდაც რკინის გული რომ ჰქონდეს, ვერ მიეკარება მათგან შებილწულ და აყროლებულ საჭმელის ნარჩენს. მაგრამ შიმშილი მაიძულებს მე, ეს საზიზღრობა ავიტანო და ბოროტ მუცელში ჩავილაგო ჰარპიების მიერ დატოვებული ბინძური საკვები. ღვთის გადაწყვეტილებაა, რომ თქვენს შორის მყოფმა ბორეასის შვილებმა უნდა მომაშორონ ეს ჰარპიები. ბორეასის ძეები უცხონი არ არიან ჩემთვის, რომ არ მომეშველონ. მე ოდესღაც ადამიანთა შორის სიმდიდრით და მისნობის ნიჭით განთქმული ფინევსი ვარ — აგენორის ძე. ბორეასის ძეების დაი კლეოპატრა, როცა მე თრაკიელებზე ვმეფობდი, საქორწინო გამოსასყიდის წყალობით მეუღლედ წამოვიყვანე“.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9