A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – V

ბერძნ.

ფინევსის სიტყვებმა თავზარი დასცეს არგონავტებს. დიდხანს იყვნენ გაშეშებულნი და ხმას არ იღებდნენ. ბოლოს მოსალოდნელი საფრთხით შემკრთალმა ეზონის გმირმა ძემ დაარღვია მყუდროება: „მოხუცო, შენ უკვე გვიამბე, თუ რა განსაცდელი გვიძევს წინ. გვირჩიე, თუ როგორ გადავლახოთ პირქუში და მოძრავი კლდეები, მაგრამ სიამოვნებით შევიტყობდით შენგან იმასაც, თუ როგორ გამოვცუროთ ეს კლდეები ელადაში დაბრუნების ჟამს, თუ როგორ გადავლახავთ კოლხეთისაკენ სავალ ესოდენ შორეულ გზას, როცა მეც და ჩემი მეგობრებიც არ ვიცნობთ ამ მხრეს. კოლხეთის ეა ხომ ზღვისა და მიწის უკიდურეს მხარეში მდებარეობს?“. მოხუცმა ფინევსმა იაზონს ასე მიუგო: „შვილო ჩემო, როცა პირქუშ კლდეებს გასცურავთ, მერე გამხნევდით, რადგანაც ეადან უკან ნაოსნობის დროს თქვენ გამოგიძღვებათ ღვთაება. ეასაკენ ცურვის დროს კი მრავლად აღმოგიჩნდებათ მეგზურები. თქვენ უნდა მოუწოდოთ დასახმარებლად ჯადოქრობაში გამოწვრთნილ ქალღმერთ კიპრიდას. თქვენი დავალების სახელოვნად დასრულება მისგანაა დამოკიდებული. მე უკვე ყველაფერი გითხარით და აღარაფერი არ შემეკითხოთ!“.

დაამთავრა თუ არა ფინევსმა ლაპარაკი, ეთერიდან ბორეასის შვილები დაეშვნენ და მარდი ფეხები ფინევსის სახლის კარის ზღურბლზე შემოსდგეს. სიხარულით წამოდგნენ ზეზე ვაჟკაცი არგონავტები, ბორეასის ძლევამოსილი ვაჟიშვილები რომ დაინახეს და მოუთმენლად ელოდნენ იმას, თუ რას იტყოდნენ ისინი ჰარპიების შესახებ. ძეტემ, ჯერ კიდევ რომ მძიმედ სუნთქავდა დაღლილობის გამო, მეგობრებს უამბო, თუ რარიგ შორს გარეკეს ჰარპიები, თუ როგორ აუკრძალა მათ ქალღმერთმა ირისმა ფრთოსნების დახოცვა და როგორ მისცა ფიცი. ბოლოს, როგორ ჩაეშვნენ შეშინებული ჰარპიები დიქტეს მთის უზარმაზარ მღვიმეში. ამ ამბავმა სიხარულით აღავსო ფინევსი და არგონავტებიც გაახარა. „აგენორის სახელოვანო ძევ, – მიმართა ეზონის გონიერმა ვაჟმა ფინევსს, – ცხადია, რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალი მოავლო შენს საბრალო ბედს. მან მოისურვა, რომ ჩვენ აქ მოვსულიყავით და ბორეასის ვაჟიშვილებს საზღვარი დაედოთ შენი ტანჯვისათვის. თუ ეს მოწყალე ღმერთი შენს თვალებს სინათლესაც დაუბრუნებს, ისე გამეხარდება, როგორც

სამშობლოში დაბრუნება!“. „ეზონის ძლევამოსილო შვილიო, – მწუხარებით მიუგო მას ფინევსმა – ჩემს დაშრეტილ თვალთ სინათლე აღარასოდეს არ დაუბრუნდება. ამის წამალი არსად არ არის. დაე მის სანაცვლოდ სიკვდილი მომივლინოს ნეტარმა ღმერთმა და მე სიკვდილში ვპოვებ უმაღლეს სიმშვიდე!“. ასე ესაუბრებოდნენ ისინი ერთმანეთს.

ამასობაში მათ ალიონმა მოუსწრო. ფინევსთან ახლომახლო მცხოვრებლები მოვიდნენ. ისინი ყოველდღიურად მოდიოდნენ მასთან. თან თავიანთი სურსათის ნაწილი მოჰქონდათ. მოხუცი ყველას მუყაითად უმისნებდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა. მართალია, ზოგიერთი ღარიბი იყო და საჩუქარიც მცირე მოჰქონდა, იგი არც ასეთს ხალხს უშვებდა გულდაწყვეტილს. ამიტომ იყო, რომ იქაურები საბრალო მოხუცს მზრუნველობას არ აკლებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად პარებიოსი, ფინევსს ყველაზე მეტად უყვარდა. პარებიოსი აღტაცებული იყო არგონავტების ხილვით, ვინაიდან ფინევსმა მას ოდესღაც უწინასწარმეტყველა, რომ ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მიმავალი მამაცი გმირების ლაშქარი თინიას მიწას მოადგება და მე ჰარპიებს მომაშორებსო. როცა ფინევსმა მასთან მოსულები დააკმაყოფილა ბრძნული მისნობით, უკან გაისტუმრა, პარებიოსი კი არგონავტებთან დატოვა. მერე კი მას უბრძანა, საკუთარი ფარიდან ერთი შერჩეული ცხვარი მოეყვანა. როცა პარებიოსი სახლიდან გავიდა, ფინევსმა თავის სტუმრებს ასე უამბო: „მეგობრებო ყველა ადამიანი არაა ზვიადი და კეთილი საქმისთვის უმადური. აი ეს კაცი ერთ-ერთი იმათთაგანია. იგი ერთხელ თავისი ბედის გასაგებად მოვიდა ჩემთან. რაც უფრო მეტს შრომობდა, მით უფრო მეტად ღარიბდებოდა. შესვენება არ იყო მისთვის. ტანჯვით აღსავსე დღეს ასეთივე დღე მოსდევდა. პარებიოსი თავისი მამის შეცოდების გამო ისჯებოდა. ერთხელ პარებიოსის მამა მთაში ხეებს სჭრიდა. ნიმფა ჰამადრუა ტირილით ემუდარებოდა მას, რომ არ მოეჭრა მასთან ერთად აღზრდილი მუხა, რომლის ტანშიც იგი თავის სიცოცხლეს ატარებდა. მან არ უსმინა ნიმფა ჰამადრუას ხვეწნა-მუდარას და მუხა ახალგაზრდული სიამაყით გატაცებულმა მოჭრა. ამის გამო ნიმფამ შემდეგში მძიმე ხვედრი არგუნა მასაც და მის მაშვილებსაც. მე ეს მისნობის წყალობით გავიგე და პარებიოსს ვურჩიე, თინიელი ნიმფისათვის საკურთხეველი აეგო და მის მოსალმობიერებლად წმინდა მსხვერპლი შეეწირა, რათა მამის დანაშაული გამოესყიდა და მძიმე ხვედრს გაქცეოდა. პარებიოსი ასეც მოიქცა და ღვთის მოგზავნილ უბედურებას, – რომ მის შრომას ნაყოფი არ ჰქონდა, – საზღვარი დაედო ამიტომ არის, რომ პარებიოსი არ ივიწყებს ჩემს კეთილ რჩევას. სულ ცდილობს ჩემთან იყოს და ჩემი ტანჯვა გაიზიაროს. არასოდეს არ მტოვებს მარტო და ძლივს ვაგზავნი ხოლმე რამეზე“.

დაამთავრა თუ არა ფინევსმა ეს ამბავი, პარებიოსიც მოვიდა. მან ორი ცხვარი მოიყვანა. დღე დასასრულს უახლოვდებოდა. ფინევსის რჩევით იაზონმა და ბორეასის ვაჟიშვილებმა მისანთა მფარველ აპოლონს მოუწოდეს და საკურთხეველზე მსხვერპლი შესწირეს. ახალგაზრდა არგონავტებმა ლხინი გამართეს და როცა კარგად ივახშმეს, დასაძინებლად წამოიშალნენ. ზოგი ფინევსის სახლში დარჩა ღამის გასათევად, ზოგი კი ხომალდისაკენ გაემართა.

განთიადზე მძლავრი ქარები ამოვარდა. ეს ქარები ზევსის ბრძანებით დაქროლავენ ხოლმე მთელ დედამიწაზე. მათი წარმოშობის შესახებ შემდეგი თქმულება არსებობს.

ლამაზი ასული კირენე (ნიმფა), რომელსაც აშინებდა მამაკაცთა ვნება და გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე სიქალწულე შეენარჩუნებინა, თავის ნახირს აძოვებდა მდინარე პენევის (თესალიაში) ნაპირებზე. ნეტარ აპოლონს იგი მოეწონა, გაიტაცა ჰემონიიდან (ჰემონია – თესალიის მეორე სახელი) და ლიბიის მკვიდრ ნიმფებს ჩააბარა, რომლებიც მირტოსიოსის მთის (ლიბიაში) მახლობლად ცხოვრობდნენ. აქ კირენემ ფებეს შესძინა ვაჟი – არისტაიოსი, რომელსაც მდიდარმა ჰემონიელებმა აგრევსი და ნომიოსი16 შეარქვეს. ღმერთმა აპოლონმა სიყვარულის გულისათვის კირენეს უკვდავება მიანიჭა და მონადირეთა მფარველ ნიმფად აქცია. პაწაწა შვილი კი კენტავრ ქირონის გამოქვაბულში წაიყვანა აღსაზრდელად. როცა არისტაიოსი წამოიზარდა, ქალღმერთმა მუზებმა დააქორწინეს, მკურნალობის ხელოვნება ასწავლეს, მისნობის ნიჭი მისცეს და მთელი თავიანთი ნახირი ჩააბარეს. მუზებს ნახირი ჰყავდათ გაშვებული ფთიის მინდვრებზე, ოთრისის მთის (თესალიაში) ფერდობებზე და მდინარე აპიდანის ნაპირებზე. როცა მინოსის გამგებლობაში მყოფ კუნძულებს (იგულისხმება კრეტა და კიკლადები) სირიოსი17 დაადგებოდა ხოლმე თავს და ყველაფერს თავისი სხივებით წვავდა, გვალვით დაზარალებული მცხოვრებნი მაშინ, აპოლონ-ღმერთის ბრძანებით, ვაებისგან დამხსნელ არისტაიოსს მიმართავდნენ შემწეობისათვის. შემდეგში არისტაიოკსი ერწმუნა მამის რჩევას და ფთიიდან კ. კეოსზე (კიკლადებში) გადასახლდა. აქ მან გარს შემოიკრიბა პარასიელი ხალხი, რომელიც თავის დასაბამს არკადიის მეფე ლიკაონისაგან იღებდა. აქ არისტაიოსმა, გვალვის თავიდან ასაცილებლად, იკმაიოს ზევსს18 დიდი საკურთხეველი აუგო და მთებში მსხვერპლი შესწირა ზევსსაც და სირიოსის ვარსკვლავსაც. ამის შემდეგ არის, რომ ყოველწლიურად ორმოცი დღის განმავლობაში აგრილებს ქვეყანას ზევსის მიერ აქროლებული ქარები; ხოლო კეოსზე ქურუმები დღესაც სწირავენ მსხვერპლს ყოვლისშემძლე ზევსს სანამ ზეცაზე ძაღლი (სირიოსი) გამოჩნდებოდეს“.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9