| | |
იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ დასდგომოდა ქვეყანას ღვთაებრივი დღის სინათლე და წყვდიადი და ნათელი ერთმანეთში ირეოდა, ხოფების მოსმისაგან დაქანცული არგონავტები უდაბური კუნძულის – თინიასის ნავსადგურში შეცურდნენ და ნაპირზე გადავიდნენ. უეცრივ მათ გამოეცხადათ ლეტოს ბრწყინვალე ვაჟიშვილი აპოლონი. იგი ლიკიიდან კაცთმრავალ ჰიპერბორეელთა მხარეში მიემართებოდა. ნეტარ ღმერთს მტევნებივით ერხეოდა ლოყებზე ოქროს კულულები. მარცხენა ხელში მას ვერცხლის მშვილდი ეპყრა, მხრებზე კი კაპარჭი მქონდა გადაკიდებული. მის ფერხთა ქვეშ მთელი კუნძული ირყეოდა, ხოლო ზღვის აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქებოდნენ. ღმერთის დანახვამ შიში გამოიწვია არგონავტებში. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაჰბედა აპოლონის ლამაზი თვალების ხილვა. თავები ჩაჰქინდრეს ვაჟკაცებმა და აპოლონ ღმერთმაც სწრაფად მოიტოვა ისინი უკან. იგი პონტოს ზევით მიარღვევდა ჰაერს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ღვთაებრივმა მომღერალმა, ორფევსმა, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ამ წმინდა კუნძულს განთიადის აპოლონის კუნძული ვუწოდოთ, რადგან ღმერთი განთიადზე გამოგვეცხადა. ავუგოთ მას ზღვის ნაპირზე საკურთხეველი და შეძლებისდაგვარი მსხვერპლიც შევწიროთ. ხოლო თუ მან მშვიდობიანად დაგვაბრუნა სანუკვარ ჰემონიაში, მაშინ მას ამავე საკურთხეველზე დავუდოთ მსხვერპლად რქიანი თხების მსუქანი ბეჭები. ახლა კი გირჩევთ, რახან სხვა შესაძლებლობა არა გვაქვს, უბრალო ქონით და ზედაშეს დაღვრით მოვილმობიეროთ ნეტარი მეუფე. მოწყალე იყავ დიდებულო აპოლონ! შენი გამოცხადება კეთილი იყოს ჩვენთვის!“. ორფევსის წინადადებით არგონავტები მსხვერპლშეწირვის თადარიგს შეუდგნენ. ზოგიერთმა რიყეზე ქვები მოაგროვა და საკურთხეველი ააგო, ზოგიერთი კი კუნძულის სიღრმეში შევიდა და სამსხვერპლო ფურირემს და ველურ თხას ეძებდა. მსხვერპლის საძებრად წასულ ვაჟკაცებს ღმერთმა აპოლონმა მრავლად მოუვლინა ნადირი. არგონავტებმა საკურთხეველზე დასწვეს ქონის ორმაგ ფენაში გახვეული ნადირთა ბეჭები და თან განთიადის აპოლონს ადიდებდნენ. სამსხვერპლო ცეცხლის ირგვლივ ვაჟკაცებმა ფერხული ჩააბეს და ლამაზ იეპეანს, იეპეან-ფებეს, უგალობდნენ. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი, ორფევსი, ბისტონიურ ფორმინგს აჟღერებდა და საამური ხმით მღეროდა, თუ ვით განგმირა ნეტარმა აპოლონმა თავისი ისრებით საზარელი დელფინი (დრაკონის ტიფონი) კლდოვანი მთის პარნასის ძირში, როცა იგი ჯერ კიდევ ყრმა იყო და თავისი კულულებით ხარობდა. (მოწყალე იყავ, შენ, ღმერთო აპოლონ! დაე ნუ მიეკარება შენს ლამაზ თმებს უხეში ხელი! მაგ ლამაზი კულულების შეხება მხოლოდ კოოსის ასულს – ლეტოს შეუძლია. იგი გისწორებს მათ ღვთაებრივი ხელებით!) მღეროდა ორფევსი, თუ როგორ ამხნევებდნენ აპოლონს დელფინთან ბრძოლაში პლისტეს ასულები – კორიკიელი (კორიკიოსი – კილიკიის მთა) ნიმფები და ვით შესძახოდნენ იეიეს. (აქედან გაჩნდა სწორედ აპოლონ-ფებეს ლამაზი ჰიმნი).
ფერხულის დამთავრების შემდეგ არგონავტებმა საკურთხეველზე ზედაშე დაღვარეს და ფიცი დასდეს, რომ მათი შეხმატკბილებული მეგობრობა არ დაერღვიათ. ამის დასადასტურებლად თანხმობის ქალღმერთს მოუწოდეს და ბრწყინვალე ღვთაებას წმინდა ძეგლი აუგეს. იგი დღესაც კი მოჩანს ამ მხარეში, ფინევსის სამფლობელოს დატოვების შემდეგ ორი დღე გავიდა. მესამე დღეს კეთილმა ზეფირმა მძლავრად დაუბერა და არგონავტები თინიასის მაღალ კუნძულს გაშორდნენ. ხომალდმა არგომ გადასცურა მდინარე სანგარის (მცირე აზიაში) შესართავი, უკან მოიტოვა მარიანდინების მარად მწვანითმოსილი მხარე და ანთემოისის ტბა (მცირე აზიაში). შემდეგ მდინარე ლიკეს (მცირე აზიაში) შესართავი გაიარეს არგონავტებმა და ისეთი სისწრაფით მიქროდნენ, რომ ხომალდის ყოველგვარი მოწყობილობა საშინლად ირხეოდა. ძლიერი ზურგის ქარი ღამით ჩადგა; დილით კი სიხარულით მიადგნენ არგონავტები აქერუსიის კონცხს. ეს კლდოვანი კონცხი ამაყად დაჰყურებს თავს ბითინიის ზღვას (იგულისხმება შავი ზღვა). მისი მწვერვალი ცამდე აზიდული ჭადრის ხეებითაა დაფარული, ძირი კი უზარმაზარი ლოდებითა აქვს მოფენილი, რომელთაც საზარელი გრიალით ეხეთქებიან ბობოქარი ტალღები. აქერუსიის გაუვალი ტყით დაფარულ მწვერვალზე ღრმა და კლდოვანი ხეობა არის, საიდანაც ჰადესის სამეფოში (საიქიოში) შეიძლება ჩასვლა. პირდაღებულ უფსკრულიდან განუწყვეტლივ მოქშინავს ცივი ორთქლი და იქაურობას ქათქათა ყინულით ფარავს. ეს ყინული მხოლოდ მაშინ დნება, როცა მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს კონცხის მწვერვალს დაადგამს. დუმილი ვერასოდეს ვერ იპყრობს ამ მრისხანე და ბობოქარ ხეობას. მის ქშენასა და ხმაურს მუდამ უერთდება ზღვის აზვირთებული ტალღების გრიალი და საიქიოს სამეფოდან მომძლავრებული ქროლის წყალობით დარხეულ ხეთა შრიალი. აქერუსიის კონცხზე მოჰქუხს საიქიოს მდინარე აქერონი და აღმოსავლეთის ზღვაში ვარდება. არგონავტთა ლაშქრობის დიდი ხნის შემდეგ ნისელმა მეგარელებმა, რომლებიც მარიანდინების მხარეში მოვიდნენ დასასახლებლად, გააფთრებულ ქარიშხლისაგან თავის დასაცავად ხომალდები მდინარე აქერონში შეაცურეს და აქერონს „ხომალდთა მხსნელი“ უწოდეს.
არგონავტებმა აქერუსიის კონცხს გარს შემოუარეს და მარიანდინების მიწას მიადგნენ. სწრაფად დაირხა ვაჟკაცების მოსვლის ხმა მარიანდინებში, რომელთაც მეფე ლიკოსი მართავდა. მათ უკვე გაგებული ჰქონდათ, რომ ამ გმირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მათი მტერი ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი. მარიანდინები, სხვათა შორის, განუწყვეტლივ ომობდნენ ველურ ბებრიკებთან. კეთილი მასპინძლები არგონავტებს აღტაცებით მიეგებნენ. ისინი გარს შემოეხვივნენ ძლევამოსილ პოლიდევკეს და ამიკოსის უშუალო მკვლელს ისე ესალმებოდნენ, ვით ღვთაებას. მარიანდინებმა მეგობრობის კავშირი დასდეს არგონავტებთან და ქალაქში მიიპატიჟეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს სასახლეში ლხინი მოუწყო და ტკბილი საუბარიც გაიმართა. იაზონმა მარიანდინთა მეფეს თავისი მეგობრები გააცნო; უამბო, თუ რა დავალება მისცა მას პელიასმა, თუ როგორ წამოვიდნენ ლაშქრად და რარიგი პატივით იქმნენ მიღებული კუნძულ ლემნოსზე იქაური ქალების მიერ. შემდეგ იაზონი მას მოუყვა დოლიონების ქვეყანაში თავსგარდამხდარ ამბებს. უამბო, თუ როგორ მივიდნენ მიზიაში კიოსის შესართავთან და ვით მიატოვეს აქ მათდაუნებურად ძლევამოსილი ჰერაკლე. მოუთხრო გლავკოსის გამოცხადების ამბავი და ისიც, თუ ვით გაანადგურეს თავხედი ბებრიკები. შემდეგ ფინევსის უბედურების შესახებ უამბო და მოხუცის წინასწარმეტყველებაც გააცნო. დასასრულ, ზარდამცემ კლდეებში გამოცურვის ამბავი და ლეტოს დიდებული ვაჟიშვილის, აპოლონის, გამოცხადებაც მოუთხრო. ლიკოსი აღტაცებით უსმენდა იაზონს, მაგრამ ჰერაკლეს მიზიაში მიტოვების ამბავი რომ გაიგო, არგონავტებს ასეთი სიტყვით მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, როგორი ძლევამოსილი ვაჟკაცის გარეშე მიემართებით აიეტის ქვეყანაში! ჰერაკლეს მე კარგად ვიცნობდი. იგი პირველად აქ, მამაჩემის დასკილეს სასახლეში, ვნახე. ძლევამოსილ ჰერაკლეს აზია ფეხით გამოევლო და თან მეომარი ჰიპოლიტეს სარტყელი მიჰქონდა ევრისთევთან. ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მე ჯერ კიდევ პირტიტველი მიხილა. სწორედ იმ დროს მიზიელების მიერ მოკლულ იქმნა ჩემი ძმა პრიოლე, რომელსაც დღესაც დასტირის აქაური ხალხი სამგლოვიარო სიმღერებით. პრიოლეს საფლავზე გამართული შეჯიბრის დროს სახელოვანმა ვაჟკაცმა ჰერაკლემ სახელგანთქმული მოკრივე ტიტიე დაამარცხა კრივში. ეს ტიტიე ახალგაზრდებში სახით და ღონით გამოირჩეოდა, მაგრამ ჰერაკლემ მიწაზე დააყრევინა მას კბილები. დიდებულმა ჰერაკლემ მაშინ მამაჩემის კვერთხს დაუმორჩილა მიზიელები, ფრიგიელები, ჩვენს მეზობლად რომ ცხოვრობენ და ბითინიელთა მხარე ვიდრე მდინარე რებას შესართავამდე და კოლონის კლდემდე. გარდა ამისა, ჰერაკლეს ძალას დანებდნენ პელოფსის მოდგმის პაფლაგონიელები, რომელთაც გარს მდინარე ბილაიოსის (პაფლაგონიაში) შავი წყალი უვლის. როცა ჰერაკლემ ჩვენი მიწა-წყალი დატოვა, მაშინ კი გამოიღეს ხელი ბებრიკებმა და მათმა თავხედმა მეფემ ჩემს სამფლობელოს ბევრი მიწა ჩამოაჭრა. მან თავისი ქვეყნის საზღვრები მდინარე ჰიპიოსის ნაპირებამდე მოიყვანა. ახლა კი თქვენი დახმარების წყალობით გადამიხადეს საზღო იმ თავხედმა ბებრიკებმა! ღმერთების შემწეობით დაატეხა თავს რისხვა ძლევამოსილმა ტინდარიდმა ამიკოსს და სიცოცხლეს გამოასალმა. მე მოვალე ვარ, თქვენ სამაგიერო გადაგიხადოთ ამისათვის და გადაგიხდით კიდევაც, რაც კი შემიძლია. სუსტმა მოკვდავებმა თავიანთ მფარველებს პატივი უნდა სცენ, ასეთია წესი! მე ვუბრძანებ ჩემს შვილს დასკილეს, მეგზურად გამოგყვეთ. მასთან ერთად თქვენ ყველანი პატივით მიგიღებენ, სადაც კი არ მიაყენებთ ხომალდს ვიდრე მდინარე თერმოდონტის შესართავამდე. რაც შეეხება ძლევამოსილ ტინდარიდებს, პოლიდევკეს და კასტორს, მათ მე აქერუსიის კონცხის მწვერვალზე მაღალ ტაძარს ავუგებ და მას მეზღვაურები კრძალვითა და პატივით დაუწყებენ ზღვიდან თაყვანისცემას. მათვე შევწირავ, როგორც ღვთაებებს ნოყიერ და თვალუწვდენელ ყანას“.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |