A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – VIII

ბერძნ.

მარიანდინებთან ლხინი მთელ ღამეს გაგრძელდა. განთიადზე არგონავტები წამოიშალნენ და ხომალდისაკენ გასწიეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს ურიცხვი საჩუქარი უბოძა, თავისი შვილი მეგზურად დაუნიშნა და ნავსადგურში გააცილა. ხომალდისაკენ მსვლელობის დროს აბასის კეთილშობილ ვაჟს, წინასწარმეტყველების ნიჭით შემკობილ იდმონს საზარელი უბედურება დაატყდა თავს. ვერ იხსნა მისნობის ძალამ უბედური იდმონი. მას ხომ ბედისწერა უნდა აღსრულებოდა! ლერწმით დაფარულ მდინარის ნაპირზე საზარელი მხეცი, თეთრეშვებიანი გარეული ტახი ჩაწოლილიყო და ტალახით ტანს იგრილებდა. მისი დანახვა თვით წყლის ნიმფებსაც კი შიშის ზარს ჰგვრიდა. არგონავტებმა ისე ჩაუარეს გვერდი მას, რომ არ შეუნიშნავთ; ხოლო როცა უბედური მისანი იდმონი მიუახლოვდა ამ ადგილს, ტახმა იგი დაინახა, უმალვე გამოხტა ლერწმნარიდან და გააფთრებულმა მხეცმა თავისი საშინელი ბასრი ეშვები საბრალო მისანს თეძოზე დააძგერა. ერთი საზარლად შეჰყვირა იდმონმა და მიწაზე დაეცა. მყისვე გამოეხმაურნენ არგონავტები დაჭრილ მეგობარს. მამაცმა პელევსმა შუბი მოიმარჯვა და მძვინვარე მხეცს სტყორცნა. ტახი გააფთრდა, უეცრივ შემოტრიალდა და პელევსისაკენ გაეშურა, მაგრამ ახლა ამაყმა იდასმა სტყორცნა ნადირს თავისი გამგმირავი შუბი და სასიკვდილოდ დაჭრა. განგმირული ტახი კბილის ღრჭიალით დაენარცხა მიწას. შეწუხებულმა არგონავტებმა სულთმობრძავი იდმონი ხომალდისაკენ გააქანეს, მაგრამ მან მეგობრების ხელზე განუტევა სული. თავზარდაცემულმა არგონავტებმა გამგზავრება დროებით გადასდეს და მეგობრის გვამის დაკრძალვაზე დაიწყეს ზრუნვა. სამი დღის განმავლობაში გლოვობდნენ ვაჟკაცები საბრალო მისანს, მეოთხე დღეს კი ბრწყინვალედ მიაბარეს მიწას იდმონის გაცივებული გვამი. დასაფლავებაში იქაურმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა. იდმონის საფლავზე, მიცვალებულთათვის განკუთვნილი წესით, მრავალი ცხვარი დაჰკლეს და შემდეგ ტაგრუცი აღმართეს. მისი ნახვა დღესაც კი შეიძლება აქერუსიის კონცხის ძირში. იდმონის საფლავზე ამოსულია ველური ზეთისხილის ხე და იქაურობას თავისი შტოებით ჩრდილავს. თუ საჭიროა, რომ მუზების დახმარებით ამის შესახებ კიდევ ვთქვა რამე, მოგახსენებთ შემდეგს: აპოლონ-ფებემ ბეოტიელებს და ნისელებს უბრძანა, რომ თაყვანი ეცათ იდმონისათვის, როგორც ქალაქის მფარველი ღვთაებისათვის და მისისაფლავის გარშემო ქალაქი აეშენებინათ. ისინი დღესაც კი მოუწოდებენ ხოლმე ღვთისდარ ეოლიდ იდმონს, ოღონდ აგამესტორის სახელით.

სამწუხაროდ, არგონავტებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს. უეცრივ, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა გამოცდილი და მამაცი მესაჭე ტიფისი. მას აღარ ეწერა კვლავ ემართა ხომალდის საჭე. სანამ არგონავტთა ლაშქარი იდმონის დაკრძალვით იყო გართული, ტიფისი მეტად ხანმოკლე ავადმყოფობამ გამოასალმა სიცოცხლეს. გამოუთქმელი გულისტკივილით მიაბარეს არგონავტებმა მიწას ტიფისის გვამი. იგი იდმონის გვერდით დაასაფლავეს და სამარადისო ტაგრუცი აღუმართეს. მეგობრების დაკარგვით დამგლოვიარებული არგონავტები ზღვის პირად ისხდნენ. თავები მოსასხამებით შეებურათ, არც საჭმელი ახსოვდათ, არც სასმელი და არც მოვალეობა. სამშობლოში დაბრუნების იმედაღკვეთილი ვაჟკაცები აუტანელი მწუხარებით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი დიდხანს დარჩებოდნენ ამ მდგომარეობაში, რომ ქალღმერთ ჰერას მძლე ანკევსისათვის მამაცობა არ შთაენერგა. ეს ვაჟკაცი ყოვლისშემძლე პოსეიდონს ნიმფა ასტიპალაიამ შესძინა მდინარე იმბროსის ნაპირებზე. იგი დიდად დახელოვნებული იყო ხომალდის მართვის საქმეში და მაშინ ქალღმერთის მიერ შთაგონებულმა ვაჟკაცმა ეაკეს სახელოვან ვაჟს პელევსს ასე უთხრა: „განა ლამაზია, ეაკიდო, დავივიწყოთ ის მოვალეობა, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ!? რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ამ უცხო ქვეყანაში? იქნებ ფიქრობ, რომ უბედური ტიფისის შემდეგ ჩვენი ხომალდისათვის მესაჭე არ აღმოჩნდება! აი მე, პართენიიდან რომ წამომიყვანა იაზონმა ოქროს საწმისის გულისათვის, საბრძოლო საქმეებში არა ვარ იმდენად გამოცდილი, რამდენადაც მესაჭეობაში. გარდა ამისა, ჩვენს შორის სხვებიც არიან გაწაფულნი ამ საქმეში. რომელი მათგანიც არ უნდა დავაყენოთ საჭესთან, არც ერთი არ ჩააგდებს საფრთხეში ხომალდს. მყისვე შეაგონე ეს ჩვენს მეგობრებს და გაახსენე, რომ დროა შევასრულოთ ის, რაც გვევალება!“. ანკევსის სიტყვამ პელევსი აღაფრთოვანა. მყისვე წამოდგა ძლევამოსილი ეაკიდი და მეგობრებს მიმართა: „ვაჟკაცებო, რაზე მივცემივართ ასეთ ამაო დარდს? იდმონი და ტიფისი ხომ იმ სიკვდილით დაიღუპნენ, რომელიც მათ ეწერათ. თქვენ გგონიათ, ჩვენს ლაშქარში ტიფისის შემცვლელი მესაჭე არ აღმოჩნდება? ნუღარ დავაყოვნებთ, მეგობრებო! დაანებეთ თავი წუხილს და საქმეს შეუდექით!“ სახელოვან ეაკიდს გულგატეხილმა იაზონმა ასე უთხრა: „კი მაგრამ, პელევსო, სად არიან ეს მესაჭეები? თუ ჩვენს მეგობრებს გულისხმობ, სცდები; ესენი, ხომ ხედავ, თავჩაქინდრულნი სხედან და ჩემზე მეტად დარდობენ. მე ვგრძნობ, ჩვენც ისეთი აღსასრული მოგველის, როგორიც იდმონსა და ტიფისს. საზარელი სიკვდილი არც მრისხანე აიეტის ქალაქს მიგვაღწევინებს და არც სანუკვარ ელადაში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს! თვალბედითი ხვედრი უსახელოდ გამოგვასალმებს წუთისოფელს!“ დაამთავრა თუ არა იაზონმა სიტყვა, მყისვე წამოიჭრა ზე ქალღმერთის მიერ შთაგონებული ანკევსი და განაცხადა, რომ თავის თავზე კისრულობს ხომალდის საჭის მართვას. მის მაგალითს ერგინემ, ნავპლიოსმა და ევფემემ მიბაძეს. ამ ვაჟკაცებმაც გამოთქვეს ხომალდის მართვის სურვილი, მაგრამ არგონავტებმა მესაჭედ სახელოვანი ანკევსი აირჩიეს.

თერთმეტი დღე იყვნენ არგონავტები მარიანდინების მხარეში. მეთორმეტე დღის განთიადზე მძლავრმა ზფირმა საამოდ დაჰქროლა და არგონავტები ხომალდზე ავიდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად გადაკვეთეს მდინარე აქერონის შესართავი და როცა ზღვაში გავიდნენ, იალქნები გაშალეს, რომელთაც უმალვე ეცა ზუზუნით ზეფირის ძლიერი ქროლა. ხომალდი არგო ლამაზად მიარღვევდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მდინარე კალიქოროსის (პაფლაგონიაში) შესართავს მიადგა. ამბობენ, რომ ზევსის ნისელი ძე, როცა მან ინდიელთა ტომი დატოვა და თებეში დასახლდა, მდინარე კალიქოროსის მახლობლად მდებარე გამოქვაბულის წინ ორგიებს და ფერხულს მართავდაო. აქვე ატარებდა იგი მრისხანე და წმინდა ღამეებს. ამ გამოქვაბულს იქაურები ავლიონს უწოდებენ. კალიქოროსის გადაცურვის შემდეგ ძლევამოსილმა არგონავტებმა ოდესღაც სახელგანთქმული გმირის სთენელეს საფლავი დაინახეს და შეჩერდნენ. აქტორის მამაცი ვაჟიშვილი სთენელე აქ, ზღვის ნაპირას, გარდაიცვალა ისრით დაჭრილი მაშინ, როცა ჰერაკლესთან ერთად ამაზონებთან წარმოებულ მრისხანე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სთენელეს სულმა არგონავტების მოსვლა იგრძნო და პერსეფონეს (საიქიოს დედოფალი, პლუტონის მეუღლე.) შეევედრა, ცოტა ხნით გაეშვა სულთა სამეფოდან იგი. მას სურდა თვალი მოეკრა თავისი მსგავსი ვაჟკაცებისთვის. უსმინა პერსეფონემ მას და არგონავტებს მრავალტანჯული სთენელეს აჩრდილი მიუვლინა. უეცრივ აღმოიმართა იგი საფლავიდან და არგონავტთა ხომალდს დაუწყო ცქერა. სთენელეს აჩრდილს ისეთისახე ჰქონდა მიღებული, როგორიც ცოცხალ ვაჟკაცს ჰქონდა მაშინ, როცა ამაზონებთან ომში მიდიოდა. მას თავზე ოთხბიბილოვანი მეწამული მუზარადი უბრწყინავდა. აჩრდილი მალე გაქრა და სულთა სამეფოში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები საშინლად განაცვიფრა აჩრდილის ხილვამ. ამპიკეს სახელოვანმა ვაჟმა, მისანმა მოპსემ, არგონავტებს წინადადება მისცა ნაპირს მიდგომოდნენ და სთენელეს საფლავზე მსხვერპლი შეეწირათ. ვაჟკაცებმა სწრაფად შეკრეს იალქნები, ხომალდის ბაგირები ზღვის ნაპირას მიაბეს და სთენელეს საფლავზე ავიდნენ. არგონავტებმა მიცვალებულ მეომარს ზედაშე დაუქციეს და მსხვერპლად ცხვარი შეწირეს. არგონავტებმა აქვე აუგეს საკურთხეველი ყოვლისშემძლე აპოლონს, ვით ხომალდთა მფარველ ღვთაებას, და მასაც მსხვერპლი შესწირეს. აპოლონის საკურთხეველზე ღვთაებრივმა მომღერალმა ორფევსმა ლირა დატოვა. ამის გამოა, რომ ამ ადგილს ლირე ეწოდება.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9