A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – IX

ბერძნ.

როცა ზურგქარმა დაჰქროლა, არგონავტებმა ბაგირები ახსნეს, იალქნები გაშალეს და ხომალდი ზღვაში შეაცურეს. ვით ფრთამალი ქორი მისრიალებს ხოლმე ჰაერში, ისე ხომალდი არგო მისრიალებდა ზღვის ზედაპირზე და ვაჟკაცთა გულს ახარებდა. არგონავტებმა სწრაფად გადალახეს წყნარად მოდუდუნე პართენიოსის შესართავი. ამ მდინარის საამურ ტალღებში ლეტოს ლამაზი ასული არტემიდე იგრილებს ხოლმე ტანს, როცა ნადირობას ამთავრებს და ზეცაზე ბრუნდება. ღამის განმავლობაში არგონავტებმა უკან მოიტოვეს პაფლაგონიის ქ. სესამოსი (მოგვიანებით ეწოდა ამასტრისი), ერითინეს ფერდობები (პაფლაგონიაში), კრომბიალოსი, კრომნა და ტყიანი კიტოროსი (პაფლაგონიის ქალაქები). მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები მოჰფინა ქვეყანას, როცა არგონავტებმა კარამბისის კონცხს გარს შემოუარეს. ვაჟკაცები ამ დღისა და მომდევნო ღამის განმავლობაში სწრაფად მიაცურებდნენ ხომალდს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ არგონავტები ასირიის მიწას30 მიადგნენ. აქ, სხვათა შორის, ყოვლისშემძლე ზევსმა გადმოიყვანა აზოპოსის ასული ნიმფა სინოპე. ზევსს მასთან დაწოლა სურდა და სიყვარულით აღტყინებული დაჰპირდა მას, რომ ყოველივე მის თხოვნას შეასრულებდა, რასაც კი ნიმფა სულითა და გულით მოისურვებდა. ცბიერმა ასულმა ადამიანთა და ღმერთთა მამას ქალწულობის შენარჩუნება სთხოვა. ზევსმა ფიცი ვეღარ გატეხა და ნიმფას სიქალწულე შეუნარჩუნა. ასევე მოატყუა სინოპემ ნეტარი აპოლონი, რომელსაც მასთან დაწოლა უნდოდა. ზევსისა და აპოლონის შემდეგ მდინარე ჰალისმა მოინდომა ნიმფასთან კავშირის დაჭერა, მაგრამ ისიც მოტყუვდა. ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო ცბიერი ასულის სიყვარულით დატკბობა. ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდნენ ტრიკეელი (ანუ თეასლიელი) დეიმაქეს ვაჟიშვილები: დეილეონი, ავტოლიკე და ფლოგიოსი. ისინი ჰერაკლეს მიჰყვებოდნენ ამაზონებთან ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ წინამძღოლი დაებნათ და ასირიაში დარჩნენ. როცა მათ არგონავტთა ბრწყინვალე ლაშქარი დაინახეს, ბმას აღტაცებით მიეგებნენ და თავი გააცნეს. დეიმაქეს ძეებს აღარ სურდათ აქ დარჩენილიყვნენ და როგორც კი დაჰქროლა საამურმა არგესტემ, ისინიც ავიდნენ ხომალდზე და არგონავტებს გაყვნენ. ხომალდმა არგომ სწრაფად მოიტოვა უკან მდინარე ჰალისი, მდინარე ირისი და მთელი ასირიის სანაპირო. არგონავტებმა იმავე დღეს შემოუარეს გარს ამაზონების ნავსადგურიან თემისკირის კონცხს. აქ, სხვათა შორის, ოდესღაც სასეირნოდ გამოსულ არესის ასულს მელანიპეს გმირი ჰერაკლე ჩაუსაფრდა და მოიტაცა. ძლევამოსილ ჰერაკლეს ამაზონების დედოფალმა ჰიპოლიტემ დის გამოსასყიდად თავისი საუცხოო სარტყელი უბოძა. ჰერაკლემ უვნებლად ჩააბარა ჰიპოლიტეს საყვარელი და.

ვინაიდან ზღვა აღელდა, არგონავტები იძულებულნი გახდნენ ხომალდი თემისკირას კონცხის ნავსადგურში შეეცურებინათ მდინარე თერმოდონტის შესართავთან. არც ერთი მდინარე არაა ქვეყანაზე თერმოდონტის მსგავსი. ვერც ერთი მდინარე ვერ ჰფენს დედამიწას იმდენი გამონაკადებით, რამდენსაც თერმოდონტი უშვებს თავის კალთიდან. თუ ვინმე ამ მდინარის გამონაკადებს დაითვლის, ოთხასამდე გამოუვა. თერმოდონტი სათავეს იმ მთებიდან იღებს, რომელთაც ამაზონების მთებს უწოდებენ. საოცარი სისწრაფით მოედინება ეს მდინარე მთებიდან და გზადაგზა, როგორც ვთქვით, ურიცხვ ტოტებს გამოჰყოფს. ტოტები ზოგი გრძელია და ზოგიც მოკლე. უმრავლესობა მათგანის მიმართულება უცნობია. თვით თერმოდონტი კი რამდენიმე შენაკადითურთ სტუმართმოძულე პონტოში ისვრის აზვირთებულ ტალღებს. აქ – დოიასის ველზე ამაზონები სახლობენ. ისინი მამაცნი არიან და არავითარ კანონებს არ მისდევენ. მათი საზრუნავი საგანი არესის საქმეა და მთელ დროს ბრძოლაში ატარებენ. მეომარი ამაზონები არესმა და ნიმფა ჰარმონიამ წარმოშვეს. ნიმფა ჰარმონია ოდესღაც იალკმონიის ჭალაკში შეეუღლა ომიანობის ღმერთს არესს და მას შესძინა ომის მოყვარული ასულები. თემისკირის ნავსადგურში შემოსული არგონავტები ცოტა ხანი კიდევ რომ შეყოვნებულიყვნენ აქ, ისინი აუცილებლად ჩაებმებოდნენ ამაზონებთან ბრძოლაში და სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსის ნებით საამურმა არგესტემ დაუბერა და არგონავტებმა თემისკირა დატოვეს. აქაური ამაზონები კი უკვე იარაღში ჩამსხდარიყვნენ და საომრად მოისწრაფოდნენ. ამაზონები ერთ ქალაქში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ სამ ტომად იყვნენ გაყოფილნი. ერთი თემისკირიელების ტომი იყო და მასზე ჰიპოლიტე მეფობდა, მეორე ლიკასტიელი ამაზონებისაგან შესდგებოდა, ხოლო მესამე იყო შუბის ტყორცნაში გაწაფული ქადესიელების ტომი.

თემისკირიდან გამგზავრებული არგონავტები მეორეს დღეს და მომდევნო ღამეს ხალიბთა ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ხალიბები არც მიწას ამუშავებენ ხარების საშუალებით, არც ტკბილი ნაყოფის მომცემ ხეხილების გაშენებას მისდევენ და არც ნახირს აძოვებენ ცვარით მოფენილ ველზე. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიან და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიან. ისე არ დადგება დღე, რომ ხალიბებისათვის მძიმე შრომა არ მოჰქონდეს. მათ მძიმე მუშაობა შავ ჭვარტლში და კვამლში გადააქვთ.

ხალიბთა მიწის უკან მოტოვების შემდეგ არგონავტებმა სწრაფად შემოუარეს გენეტელი ზევსის კონცხს და ტიბარენების ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ტიბარენებში ასეთი წესი არსებობს: როცა ქალები თავიანთ ქმრებს შვილებს შესძენენ ხოლმე, ქმრები თავს შეიბურავენ, საწოლზე დაემხობიან და გამკვეთი ხმით კვნესიან, ცოლები კი კარგი საჭმელით ჰკვებავენ მათ და მშობიარობიდან განთავისუფლების აღსანიშნავად აბანოს უწყობენ.

ტიბარენთა შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს წმინდა მთას და იმ მხარეს, რომლის მთებშიაც მოსსინიკები ცხოვრობენ ეგრეთწოდებულ მოსსინებში. აი ამ მოსსინებისაგან მიიღეს მოსსინიკებმა თავისი სახელი. მოსსინიკებს სულ სხვა ზნე-ჩვეულება და კანონები აქვთ. ყველაფერს იმას, რის გაკეთებაც დასაშვებია აშკარად ხალხში ან მოედანზე, ისინი სახლში აკეთებენ; ხოლო რასაც ჩვენ სახლში ვასრულებთ, იმას მოსსინიკები შენობის გარეთ შუაგულ ქუჩაში სჩადიან უსირცხვილოდ. მოსსინიკებში სირცხვილად არ ითვლება სქესობრივი კავშირის საჯარო შესრულება. ისინი, ვით ღორები საძოვარზე, ისე ყრიან მიწაზე და ერთად ესიყვარულებიან ქალებს, და ოდნავადაც არ ერიდებათ დამსწრეების და ერთი მეორის. ყველაზე უფრო მაღალ მოსსინში მათი მეფე ზის და თავის მრავალრიცხოვან ხალხს მართალ სამართალს უსჯის. მოსსინიკთა მეფის მდგომარეობა მეტად სავალალოა. თუ იგი სამართლის განსჯის დროს რაიმე შეცდომას დაუშვებს, ხალხი მას ჩაკეტავს და მთელ დღეს აშიმშილებს.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9