A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეორე – X

ბერძნ.

მთელი ღამე მიცურავდნენ არგონავტები მოსსინიკების სანაპიროს გასწვრივ. მათ საამური ზურგქარი უწყობდა ხელს. განთიადზე კი ქარი ჩადგა და ვაჟკაცები ხოფების მოსმის წყალობით მიისწრაფოდნენ წინ. უეცრივ მათ დაინახეს არეტიადის კუნძული და ამ კუნძულის ბინადარი რომელიღაც ფრთოსანი. იგი შურდულივით მოფრინავდა ხომალდისაკენ, ჩქარა თავზე მოექცა მას და ზედ ბასრი ფრთა ჩამოაგდო, რომელიც ღვთაებრივ ვაჟკაცს ოილევსს მარცხენა მხარზე დაეცა. დაჭრილმა გმირმა ხოფი ხელიდან გააგდო. არგონავტების გაკვირვებას საზღვარის არ ჰქონდა, როცა ფრინველის მიერ ჩამოგდებული ფრთიანი ისარი ნახეს. ოილევსის გვერდით მჯდარმა ერიბოტემ მეგობარს ბასრი ფრთა ამოაცალა, ქარქაშიდან სარტყელი მოიძრო და იმით ჭრილობა შეუხვია. პირველ ფრთოსანს ახლა მეორეც მოჰყვა. ევრიტეს მამაცმა ძემ კლიტიოსმა მყისვე დასჭიმა მშვილდი და გამგმირავი ისარი სტყორცნა. ბზრიალით დაეშვა საზარელი ფრინველი ჰაერში და სასიკვდილოდ განგმირული არგონავტთა მალი ხომალდის მახლობლად ჩავარდა წყალში მაშინ ალეოსის ვაჟმა, გმირმა ამფიდამასმა, მეგობრებს უთხრა: „ვაჟკაცებო, ჩვენს წინაშე არესის კუნძულია. ეს ალბათ თქვენც მიხვდით, საზარელი ფრთოსნები რომ დაინახეთ. არა მგონია, რომ ისრებით მოვიგერიებთ ამ თავხედ ფრინველებს. თუ თქვენ ფინევსის რჩევის თანახმად ამ კუნძულზე გადასვლას მოისურვებთ, საჭიროა სხვა ხერხი გამოვნახოთ ფრთოსნების გასაფანტავად. ამ კუნძულზე, როგორც ჩანს, მრავლად არიან ისინი. როცა ჰერაკლე არკადიაში მივიდა სტიმფალისის ტბიდან სპილენძის ფრთებიანი ფრთოსნების სტიმფალიდების გასარეკად, მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, რომ ამ ძლევამოსილმა ვაჟკაცმა ვერ შესძლო მტაცებელი ფრინველების ისრებით მოგერიება. მაშინ მან ხელთ სპილენძის უშველებელი ჟღარუნა იპყრო, მახლობლად მდებარე ბორცვზე შედგა და ისეთი ხმაურობა ატეხა ჟღარუნას ცემით, რომ თავზარდაცემული სტიმფალიდები სამუდამოდ მოშორდნენ იქაურობას2 საჭიროა ჩვენც ჰერაკლეს მსგავსად მოვიქცეთ. აი ჩემი აზრით ასე მოიქეცით: ახლავე ჩამოიფხატეთ თავზე წვეტიანი მუზარადები; ნაწილმა ხოფები მოუსვით და კუნძულისაკენ აიღეთ მიმართულება, დანარჩენებმა კი შუბებითა და პრიალა ფარებით ხომალდი დაფარეთ; ამასთანავე ყველამ ერთხმად ძლიერი ყვირილი ატეხეთ, მუზარადები დაარხიეთ და შუბები ზეაღმართეთ, რათა ფრთოსნები შეშინდნენ უჩვეულო ხმაურისაგან. კუნძულს რომ მივადგებით, მაშინ ყვირილს ფარებზე შუბის ცემაც დაურთეთ და ზარდამცემი განგაში შექმენით“. არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ამფიდამასის რჩევა. მყისვე ჩამოიცვეს ვაჟკაცებმა ბიბილოვანი მუზარადები. ერთხმა ნაწილმა ხოფები იპყრო ხელთ და ხომალდი კუნძულისაკენ გააქანა, მეორე ნაწილი კი ხომალდს შუბებითა და ფარებით ჰფარავდა ისე, ვით სახლს ხურავენ ხოლმე კრამიტით წვიმისაგან თავის დასაცავად. დაფარეს თუ არა ხომალდი, ისეთი ყვირილი ატეხეს არგონავტებმა, რომ თითქოს ორი ლაშქარი იძროდა შესარკინებლად. ბასრფრთებიანი ფრთოსნები მყისვე გაქრნენ. როცა ხომალდი კუნძულს მიადგა, არგონავტებმა ფარებს შუბები დასცხეს. ამ ხმაურობაზე კუნძულიდან ამოფრინდა ფრთოსანთა გუნდი და ჰაერში გაიფანტა. საშინელმა ფრთოსნებმა უკანასკნელად დააყარეს ვაჟკაცებს ბასრი ფრთები ისე, ვით კრონიდი წამოუშენს ხოლმე მსხვილ სეტყვას, მაგრამ არგონავტებს ვეღარაფერი დააკლეს, ვით კრონიდის მოგზავნილი სეტყვა ვერ ავნებს ვერაფერს კარგად დახურულ სახლში მყოფ ხალხს.

რატომ სურდა წინასწარმეტყველ ფინევსს, რომ მამაც გმირთა ღვთაებრივი ლაშქარი ამ კუნძულს მიდგომოდა? რა უნდა ენახათ ამ კუნძულზე არგონავტებს? რა სარგებლობას მისცემდა მათ აქ მოსვლა? საქმე შემდეგში იყო:

კუტაიელი აიეტის ნებართვით ფრიქსეს შვილები კოლხურ ხომალდში ჩასხდნენ და ეადან ორქომენისაკენ გაემართნენ, რათა მიეღოთ მემკვიდრეობის უფლებით მამის ურიცხვი სიმდიდრე. ფრიქსემ სიკვდილის წინ შვილებს ანდერძი დაუტოვა, რომ ამისათვის ორქომენში გამგზავრებულიყვნენ. იმ დღეს, როცა არგონავტები არესის კუნძულს მიადგნენ, ფრიქსეს ძეებიც ზღვაში იყვნენ და ამავე კუნძულს უახლოვდებოდნენ. მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსმა მოისურვა, რომ წვიმის მომასწავებელი ვარსკვლავის არქტურის თანავარსკვლავედის აღმოსვლა ქარიშხლის მოვლინებით აღინიშნა. დიდებულმა მეუფემ ბორეასის ქარს უბრძანა, მძლავრად დაებერა და ზღვა აეზვირთებინა. დღის განმავლობაში ბორეასი ნაზი ქროლით არხევდა ხეების კენწეროებს, მაგრამ, დაღამდა თუ არა, საზარლად ეკვეთა იგი ზღვას, ზარდამცემად აზუზუნდა და ტალღა ტალღაზე ააგორა. ზეცაზე ვარსკვლავები ჩაქრა და ყველაფერი ბნელმა მოიცვა. აბობოქრებული ზღვის ტალღები საშინელი სიმძლავრით ეჯახებოდნენ ფრიქსეს ვაჟების ხომალდს. თავზარდაცემული, დასველებული და საშინელი დაღუპვის მოლოდინით შეძრწუნებული ფრიქსეს შვილები დაიბნენ და თავისი ბედი მრისხანე ზღვას მიანდეს. უეცრივ მძლავრი ქარი საშინელი ძალით მოასკდა ხომალდს, იალქნები დაიტაცა და ბობოქარი ტალღების ცემით შერყეული ხომალდი ნამსხვრევებად აქცია. ფრიქსეს ვაჟებმა (ისინი ოთხნი იყვნენ) ღმერთების რჩევით ხელი სტაცეს ერთადერთ გადარჩენილ გრძელ ძელს და მაგრად ჩაეჭიდნენ. ბობოქარი ტალღები ნაფოტივით აქანავებდნენ ამ ძელს და საბრალო ვაჟებს განადგურებას უქადიდნენ. ცოცხალმკვდარმა მოგზაურებმა გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგეს. უეცრად ცამ პირი შეიკრა და წარღვნასავით წვიმამ იქუხა. აწვიმდა ზღვას, აწვიმდა კუნძულს და კუნძულის პირისპირ მდებარე მხარეს, რომელზედაც მოსსინიკები სახლობენ. ფრიქსეს ვაჟების ძელს ერთხელ კიდევ დაეჯახა ბობოქარი ტალღა და უკუნეთ ღამეში კუნძულზე გარიყა. დილით, როცა ზევსისაგან მოვლენილმა დიდმა წვიმამ გადაიღო და მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები დედამიწას მოჰფინა, ფრიქსეს ვაჟები და არგონავტები ერთმანეთს შეხვდნენ. ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა არგონავტებს მიმართა: „უცხოელებო, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, ყოვლისმხედველი ზევსის სახელით გევედრებით, რომ მოწყალება მოიღოთ და გაჭირვებულებს დაგვეხმაროთ. ზღვაზე მოვარდნილმა მრისხანე ქარიშხალმა პატარა ხომალდი დაგვიმსხვრია და აქ გამოგვრიყა. ჩვენ აუცილებელ საქმეზე მივდიოდით, მაგრამ არ გაგვიმართლდა იმედი. მუხლმოდრეკილნი გევედრებით შეიბრალოთ თქვენი ტოლი კაცები! მოგვეცით რამე სხეულის დასაფარავად! სტუმართმფარველი და მხსნელი ზევსის ხათრისათვის გვეცით პატივი მავედრებელ უცხოელებს! ზევსისაა ხომ სტუმარიცა და მავედრებელიც! იგია ჩვენი მფარველი!“ ძლევამოსილი იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ფინევსის წინასწარმეტყველება აღსრულდა. მან არგოსს ასე უპასუხა: „ყმაწვილო, ჩვენ მზად ვართ კეთილი გულით დაგეხმაროთ, მაგრამ მითხარი თქვენი სახელი, რა წარმოშობისა ხართ, რომელ მხარეში ცხოვრობთ და რამ გაიძულათ ზღვაზე მოგზაურობა?“ საბრალო არგოსმა თავის მხრივ იაზონს მიუგო: „თქვენ უთუოდ გაგეგონებათ, რომ ვინმე ფრიქსე ელადიდან ეაში მივიდა. ეს ფრიქსე აიეტის ქალაქში შევიდა იმ ვერძით, რომელიც ჰერმესმა ოქროს საწმისით შემოსა. ამ საწმისის ნახვა ახლაც კი შეგიძლიათ თქვენ იქ. ფრიქსემ თავისი ვერძი, ვერძისავე რჩევით, ლტოლვილთა მფარველ კრონიდ ზევსს შესწირა, ვით ყველაზე უფრო სათაყვანო ღმერთს. აიეტმა ფრიქსე სასახლეში მიიღო და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე კეთილი სურვილით მიათხოვა მას თავისი ასული ქალკიოპე. ფრიქსესა და ქალკიოპესაგან წარმოვიშვით ჩვენ. ფრიქსე უკვე მოხუცი იყო, აიეტის სასახლეში რომ გარდაიცვალა. ჩვენ მამის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად ორქომენში მივემგზავრებოდით ჩვენი პაპის ათამასის ქონების მისაღებად. თუ თქვენ ჩვენი სახელების გაგებაც გსურთ, მოგახსენებთ: აი ამის სახელი კიტისორეა, ამისი ფრონტისი, ამას მელასი ჰქვია, მე კი არგოსი დამიძახეთ“.

არგონავტებს ამ ყმაწვილების შეხვედრა ძალზე გაუხარდათ და თანაც გაუკვირდათ. მყისვე შემოეხვივნენ მათ გარს. იაზონმა კვლავ მიმართა ფრიქსეს ვაჟებს: „თქვენ ჩემი ახლობელი ნათესავები ყოფილხართ! ახლა კი მართლაც სიამოვნებით დაგეხმარებით და დაგიხსნით უბედურებისაგან. მე კრეთევსის შვილიშვილი ვარ, კრეთევსი და თქვენი პაპა ათამანტი კი ძმები იყვნენ. მე ამ ვაჟკაცებთან ერთად ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მივდივარ; მაგრამ ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა კი ტანთ ჩაიცვით. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გაჭირვების ჟამს უკვდავი ღმერთების ნებით მოხვდით ჩემს ხელში!“.

 
მეფე ევრისთევსის დავალებით ჰერაკლემ მის სახელმწიფოდან გარეკა მტაცებელი ფრთოსნები. ეს მისი მეექვსე გმირობა იყო
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9