| | |
მდინარე ფასისის ლერწმიან ჭაობში შენავებული ხომალდის ერდოზე არგონავტები შეკრებილიყვნენ. ისინი რიგზე იყვნენ ჩამომსხდარნი და ყურადღებით უსმენდნენ ეზონის სახელოვან ძეს, რომელიც ასე ლაპარაკობდა: „მეგობრებო, მე გეტყვით, თუ რა მიმაჩნია უმჯობესად, თქვენ კი ვალდებულნი ხართ, ჩემი აზრი განსაჯოთ. ეს საქმე საერთო საქმეა, ამიტომ ბჭობაც საერთო უნდა იყოს! ხოლო მან კი, ვინც თავის აზრსა და რჩევას დუმილით აკავებს, იცოდეს, რომ ხელს უშლის ჩვენი ლაშქარის სამშობლოში უვნებლად დაბრუნების საქმეს! ჩემი წინადადება ასეთია: თქვენ იარაღი აისხით და ხომალდზე დარჩით, მე კი თან გავიყოლებ ფრიქსეს ვაჟებს და კიდევ ორ მეგობარს და აიეტის სასახლისაკენ გავემართები. მივალ აიეტთან და ვთხოვ, მეგობრულად დაგვითმოს ოქროს საწმისი. თუ თავის ძლიერებაზე დაყრდნობილმა აიეტმა უარით გამოგვისტუმრა და ვერაგობა შევატყვე, უკან გამოვბრუნდები და ერთად მოვიფიქროთ, ბრძოლა გავუმართოთ მას, თუ ბრძოლისაგან თავი შევიკავოთ და სხვა ხელსაყრელი ხერხი გამოვნახოთ. სანამ თხოვნით არ გამოვცდით აიეტს, მანამ ნუ მოვინდომებთ ძალით წავართვათ თავისი ქონება. უკეთესია, სიტყვით დავიყოლიოთ იგი. იმას, რასაც ძლივს აღწევს ხოლმე მამაცობა, ხშირად ადვილად აკეთებს უბრალო სიტყვა. სიტყვით ადვილია კაცის გადაბირება. უდანაშაულო ფრიქსე, რომელიც გამოექცა დედინაცვლის მზაკვრობასა და მამისაგან მსხვერპლად შეწირვას, აიეტმა ხომ კარგად მიიღო! ყველგან მრავლადაა ბოროტი ადამიანი, მაგრამ ადამიანთა შორის ყველაზე უბოროტესი კაციც კი იცავს და თაყვანს სცემს სტუმართმოყვარე ზევსის კანონს“.
არგონავტებმა ერთხმად მოიწონეს ეზონიდის წინადადება და საწინააღმდეგო აზრი აღარავის გამოუთქვამს. მაშინ იაზონმა უბრძანა ფრიქსეს ვაჟებს და ტელამონსა და ავგიეს, მას წაყოლოდნენ, თვითონ კი ხელთ ჰერმესის კვერთხი აიღო. ისინი ხომალდიდან გადმოვიდნენ, ჭაობი და ლერწმნარი გადალახეს და ხმელეთზე ავიდნენ. შემდეგ ველზე მდებარე ბორცვზე შედგეს ფეხი. ეს ველი კირკეს (აიეტის და) ველად იწოდება. აქ მრავლად იყო აღმოცენებული ტირიფი და ძეწნა, რომელთა კენწეროებზე თოკებით მიკრული გვამები იყო ჩამოკიდებული. კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცების ცეცხლით დაწვა. არც ისა აქვთ წესად, რომ ისინი მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. კოლხები მიცვალებული მამაკაცების გვამებს ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მაგრამ ჰაერის თანაბრად მიწაც ღებულობს თავის წილს, ვინაიდან კოლხები ქალებს მიწაში მარხავენ. აი ასეთი წესი აქვთ მათ.
არგონავტების მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ეთერში სქელი ნისლი დააყენა და იაზონი თავის მხლებლებით შებურა, რათა აიეტის სასახლისაკენ მიმავალი ვაჟკაცები კოლხთა ურიცხვ ტომს არ დაენახა. როცა იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ, ჰერამ მყისვე გაჰფანტა ნისლი. ვაჟკაცები სასახლის შესასვლელთან გაჩერდნენ. ისინი გააოცა მეფის სასახლის გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივზე იყვნენ აღმართულნი კედლების გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლივ გადააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს, რომელთანაც მაღლა ამართული, მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყვნენ. ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან. ერთი რძის შადრევანი იყო, მეორე ღვინისა, მესამედან სურნელოვანი ზეთი მორაკრაკებდა, მეოთხე წყარო კი ამოღარულ ლოდიდან წყალს მოაქუხებდა, რომელიც პლეიადების ჩასვლის დროს თბებოდა, ხოლო მათი აღმოსვლის ჟამს ყინულივით ცივი და ანკარა ხდებოდა. აი ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთადახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში. გარდა ამისა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძისფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან. ამით ჰეფესტომ მადლობა გადაუხადა ჰელიოსს, რომელმაც ფლეგრის ბრძოლაში დაღლილი ჰეფესტო თავის ეტლზე აიტაცა. სასახლის ეზოში უზარმაზარი შენობა იდგა, რომელსაც მრავალი ორმაგი კარი და მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა. კარები და ოთახები ერთ საუცხოო ტალანში გამოდიოდნენ. ამ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ ორი უფრო მაღალი შენობა იდგა. ერთ-ერთ მათგანში აიეტი ცხოვრობდა თავისი ცოლით, მეორეში კი აიეტის ვაჟი აფსირტე. აფსირტე კავკასიელმა ნიმფამ ასტეროდიამ შვა მანამ, სანამ აიეტი კანონიერ ცოლად მოიყვანდა ოკეანესა და ტეთისის უმცროსს ქალს იდიას. რადგანაც აფსირტე ყველა ახალგაზრდებში გამოირჩეოდა სილამაზით, კოლხთა შვილები მეტსახელად ფაეთონს (მბრწყინავს) ეძახდნენ. სასახლის დანარჩენი ოთახები ეკავათ აიეტის ორ ასულს, ქალკიოპეს და მედეას და მოახლე ქალებს. აიეტის ასული მედეა ქალღმერთ ჰეკატეს ქურუმი იყო. ყოველდღე დადიოდა მის ტაძარში და ჰეკატეს ემსახურებოდა. ამიტომაც სასახლეში ძალიან იშვიათად იყო. მაგრამ ქალ-ღმერთმა ჰერამ მედეას შთააგონა, რომ დღეს სასახლეში დარჩენილიყო. როცა იაზონი და მისი მხლებლები მეზოში შემოვიდნენ, მედეა თავისი ოთახიდან დის ოთახისაკენ მიდიოდა. უცხოელების დანახვა და მედეას შეკივლება ერთი იყო. როგორც კი გაიგონა ქალკიოპემ მედეას საშინელი კივილი, გარეთ გამოვარდა. მას მისი მოახლე ქალებიც მოჰყვნენ, რომლებსაც შიშისაგან თითისტარები ხელიდან გაუვარდათ. როცა უცხოელ ვაჟკაცთა შორის ქალკიოპემ თავისი შვილებიც დაინახა, სიხარულით ხელები ზევით აღაპყრო. შვილები დედას მიესალმნენ და გულში ჩაიკრეს. ქალკიოპეს თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგა და თავის ვაჟებს მიმართა: „მოულოდნელმა ბედმა თქვენი თავი უკან დამიბრუნა. რა უბედური ვიყავი, თქვენ რომ მიმატოვეთ და ელადისაკენ გაემართეთ! ჩემმა მეუღლემ ფრიქსემ თავისი ანდერძით დიდი სიმწუხარე მომიტანა! რატომ დამტოვეთ, შვილებო, რატომ წახვედით იმ დასაქცევ ორქომენისაკენ ათამასის ქონების გულისათვის?!“
ქალკიოპეს ხმაზე აიეტი და მისი მეუღლე იდია გამოვიდნენ დარბაზიდან. ისინი სტუმრებს მიეგებნენ და სასახლის ეზო მყისვე გაივსო ხმაურით. მონების ერთი ნაწილი ლხინისათვის ხარს ამზადებდა, მეორე სპილენძის ცულით გამხმარ შეშას აპობდა, მესამე კი უცხოელების დასაბანად ცეცხლზე წყალს ათბობდა. მეფის მსახურთაგან არავინ იყო ისეთი, რომ ლხინისათვის სამზადისს განზე გადგომოდა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |