A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – IV

ბერძნ.

ამასობაში ლაჟვარდოვან ჰაერიდან გესლიანი ნესტარის მქონე მწერივით სასტიკი ეროსი შეუმჩნევლად ჩამოეშვა; სასახლის კარის ზღურბლზე შედგა, მშვილდი მოიმზადა, კაპარჭიდან უხმარი, სიყვარულის ამგზნები ისარი ამოიღო და ზღურბლს მარდი ფეხები გადააბიჯა; იქაურობა გულდასმით მიათვალ-მოათვალიერა, მერე შეუმჩნევლად იაზონს ზურგს უკან ამოეფარა, ისარი ლარის შუა მოათავსა, დასჭიმა და მშვენიერ მედეას სტყორცნა. მედეას გული მყისვე მღელვარებამ შეიპყრო; ეროსი კი კისკისით მიქროდა სასახლის თავზე. ქალწულის მკერდში ეროსის ნატყორცნმა ისარმა ცეცხლი გააჩინა. ალივით ალაპლაპებული მედეა მოწყვეტილი ვარსკვლავივით შეანათებდა ხოლმე იაზონს სახეში და მკერდიდან ხშირად აღმოხდებოდა ხოლმე კვნესა. იაზონის გარდა აღარაფერი ახსოვდა და ტკბილი მწუხარებით დნებოდა გულში. მატყლის დართვით გატაცებული მშრომელი ქალი რომ გამოიღვიძებს ხოლმე გათენებამდე და ოთახის გასანათებლად მუგუზალს ფიჩხს დააყრის და ვით ამ მუგუზლიდან გაჩაღებული ცეცხლი ავარვარდება, ისე ავარვარდა ქალწულის მკერდში ფარულად შეჭრილი მკაცრი ეროსი. ტკბილი გრძნობისაგან გონებადაკარგულ მედეას ნაზ ლოყებს წამდაუწუმ ეცლებოდათ ფერი. ქალწულს სახე ხან გაუფერმკრთალდებოდა და ხან კიდევ ალმური ასდიოდა.

იაზონი და მისი მხლებლები თბილი წყლით გასუფთავდნენ და მონებმა მათ სუფრა გაუშალეს. როცა საჭმელ-სასმელით თავი დაიკმაყოფილეს მაშინ აიეტმა თავის შვილიშვილებს ასე მიმართა: „შვილებო ჩემი ქალიშვილისა და ფრიქსესი, რომელსაც ყველა უცხოელზე მეტი პატივი ვეცი ამ სასახლეში, რატომ დაბრუნდით ეაში? განა რამე უბედურება შეგემთხვათ გზაში? თქვენ არ დამიჯერეთ, როცა თქვენს მიერ აღებული გზის შესახებ გითხარით, რომ უსაზღვრო მანძილი აქვს-მეთქი! ეს მე მაშინ გავიგე, როცა მამაჩემის – ჰელიოსის ეტლით ვიმოგზაურე. ჰელიოსს იმ დროს ჩემი და კირკე გადაჰყავდა ჰესპერიის (იტალიის) ქვეყნის შუაგულში. ჩვენ მაშინ მივაღწიეთ ტირსენისის ხმელეთის ნაპირს, სადაც ახლაც ცხოვრობს ჩემი და. ეს ქვეყანა ძალზე შორსაა კოლხეთის მიწისაგან. მაგრამ რა საჭიროა ეს ამბავი! სჯობს, დალაგებით მომიყვეთ, რამ დაგაბრკოლათ გზაში, ვინ არიან ეს კაცები, თქვენ რომ მოგყვნენ და სად არის ჩემი მშვენიერი ხომალდი?"

ძმებში უფროსმა არგოსმა, რომელსაც ეშინოდა იაზონის ლაშქარის ბედის გამო, აიეტს პირმოთნედ უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენგან ნაბოძები ხომალდი მრისხანე ქარიშხალმა დაგვიმხსხვრია; ჩვენ კი ერთ ძელს ჩავეჭიდეთ. და უკუნეთ ღამეში ენიალიოსის (არესის ეპითეტი) კუნძულზე გაგვრიყა ტალღამ. რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალით გადმოგვხედა და დაღუპვისაგან გვიხსნა! ამ უდაბურ კუნძულზე წინათ რომ საზიზღარი ფრთოსნები ბინადრობდნენ, ჩვენ ვეღარ ვიხილეთ. წინა დღით ამ კუნძულზე გადმოსულ ვაჟკაცებს გაერეკათ ისინი. ეს გმირები აქ რაღაც ბედმა ან თვით მოწყალე ზევსმა შეგვახვედრა. როგორც კი გაიგონეს ვაჟკაცებმა ცნობილი ფრიქსეს და შენი სახელი, მყისვე გვიბოძეს საკმარისად საჭმელი და ტანსაცმელი. ისინი შენი ქალაქისაკენ მოემართებოდნენ. თუ კი მოისურვებ ამის მიზეზი გაიგო, არ დაგიმალავ. აი ეს გმირი, ვინაიდან ძლევამოსილებით გამოირჩეოდა ყველა ეოლიდებში, მეფე პელიასმა აქ იძულებით გამოაგზავნა. ამ მრისხანე მეფეს სურს, სამშობლოდან გააძევოს იგი და მემკვიდრეობა აღუკვეთოს. მეფე პელიასი ამტკიცებს, რომ ეოლოსის მოდგმა მანამდე ვერ გაექცევა მრისხანე ზევსის რისხვას და ფრიქსეს მიერ ჩადენილი ცოდვისათვის (იგულისხმება ოქროს ვერძის გატაცება.) მძიმე სასჯელს, სანამ ოქროს საწმისი ელადას არ დაუბრუნდებაო. ნეტარმა ქალღმერთმა ათენა-პალადამ ამ გმირს ხომალდი აუგო, მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც კოლხებს აქვთ, არამედ უფრო დიდი და მძლავრი. ჩვენი ხომალდიც ხომ კოლხური იყო. იგი სწრაფად დაამსხვრია ქარიშხალმა. ამ ვაჟკაცის ხომალდი კი მაგრადაა შეკრული და არასოდეს არ დაიშლება, თუნდაც ყველა ქარი დაეტაკოს. ერთნაირად შეუძლია მას იცუროს, ქარის შემწეობით იქნება ეს, თუ ხოფების მოსმით. ამ ხომალდზე ჩვენმა გმირმა მთელი ელადის ბრწყინვალე გმირები შეჰკრიბა სალაშქროდ ბევრი იხეტიალა მან ზღვაზე და უცხო ქვეყნებში, ბოლოს შენს ქალაქში მოვიდა. მას სურს ნებაყოფლობით მიიღოს ოქროს საწმისი. იგი აქ იმიტომ კი არ მოსულა, რომ ხელი გამოიღოს შენს წინააღმდეგ, არა! სამაგიეროდ იგი გპირდება, საჩუქრისათვის პატივი დაგდოს. მან ჩემგან გაიგო შენი დიდი მტრების – სავრომატების შესახები. მას სურს, ისინი შენს სკიპტრას დაუმორჩილოს. თუ გინდა, სახელოვანო მეფევ, გაიგო, თუ რა მოდგმის არიან ეს ვაჟკაცები და რა ჰქვიათ, ახლავე სათითაოდ გაგაცნობ. ჩვენს გმირს, რომლის გამოც შეიკრიბნენ ელადის წარჩინებული გმირები, იაზონს უწოდებენ. იგი კრეთევსის შვილის ეზონის ვაჟია. იაზონი ჩვენი ახლობელი ნათესავია, მისი პაპა კრეთევსი და ჩვენი პაპა ათამასი ძმები იყვნენ. ეს მეორე ვაჟკაცი ჰელიოსის შვილია და სახელად ავგიე ჰქვია; ეს კი ტელემონია – ეაკეს ბრწყინვალე ვაჟიშვილი. ეაკე კი თვით ზევსის ნაშიერი იყო. ასევე, იაზონის ყველა დანარჩენი მეგობარი უკვდავთა შვილები და შვილიშვილები არიან“.

არგოსის სიტყვებმა კოლხთა ძლევამოსილი მეფე საშინლად განარისხა. მას უფრო მეტად ქალკიოპეს ვაჟებზე მოსდიოდა გული. ეგონა, რომ მისი შვილიშვილების დახმარებით და შეგონებით მოვიდნენ უცხოელები ეაში. გააფთრებულ აიეტს თვალები ნაპერწკლებით აევსო და უცხოელებს მრისხანედ შეჰყვირა: „თავხედებო, რატომ ეხლავე არ დამეკარგებით თვალთაგან თქვენი მზაკვრული განზრახვებით?! მე თქვენ გიჩვენებთ ოქროს საწმისსაც და ფრიქსესაც! თქვენ ელადიდან აქ ოქროს საწმისის გულისათვის კი არ მოსულხართ, არამედ გსურთ წამართვათ სკიპტრა და სამეფო პატივი. თქვენ რომ ჩემს მაგიდას არ შეჰხებოდით და პურმარილი არ მიგეღოთ, დაუყოვნებლივ ენებს ამოგართმევდით, ხელებს მოგკვეთდით და მარტოოდენ ფეხების ამარა გაგისტუმრებდით აქედან, რათა შემდეგში თავი შეგეკავებინათ ასეთი ლაშქრობისაგან და ნეტარ ღმერთებთან თავის მიმსგავსება აღარ გაგებედნათ!“.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9