| | |
ეაკეს ძლევამოსილ ვაჟს, ტელამონს აიეტის მუქარამ საშინელი ბრაზი მოჰრია. მას გულით სურდა აიეტი გამოელანძღა და სამაგიერო პასუხი გაეცა, მაგრამ იაზონმა შეაჩერა და თვითონ მიუგო აიეტს მშვიდად: „დიდებულო აიეტო, შესწყვიტე შენი უსამართლო რისხვა! ჩვენ სიხარბით წაქეზებულნი არ მოვსულვართ შენს ქალაქში. განა ვინ გაბედავდა თავისი ნება-სურვილით ამოდენა ზღვის გადმოლახვას იმიტომ, რომ სხვისი ქონება ჩაეგდო ხელში? მე ღმერთის გადაწყვეტილებამ და შეუბრალებელი მეფის პელიასის ბრძანებამ მაიძულეს ეაში გამომგზავრება. მოიღე მოწყალება, მეფეო, შეისმინე ჩვენი თხოვნა და შენს ღვთაებრივ დიდებას მთელ ელადას მოვფენ! ჩვენ ეხლაც მზადა ვართ სამაგიერო გადაგიხადოთ ოქროს საწყისისათვის: გინდ, სავრომატებს დავუმორჩილებთ შენს სკიპტრას და გინდა სხვა ხალხს“. იაზონის ტკბილმა სიტყვებმა აიეტი ჩააფიქრა. მას ორი აზრი უელავდა თავში. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, თავს დასხმოდა და აქვე დაეხოცა უცხოელები, თუ იაზონის ძალ-ღონე საქმით შეემოწმებინა. აიეტმა მეორე საშუალება აირჩია და არგონავტების სახელოვან წინამძღოლს ასე მიუგო: „ზედმეტ ლაპარაკს სჯობს თავი დაანებო, უცხოელო! თუ თქვენ მართლაც ღმერთების შთამომავალნი ხართ და შეგიძლიათ მე დამეტოლოთ, ნებაყოფლობით დაგითმობ ელადაში წასაღებად ოქროს საწმისს, მაგრამ ჯერ უნდა გამოგცადო. მამაც ვაჟკაცებს თქვენს მიერ აქ ნახსენები ელადის მეფესავით მე არ ვშურიანობ! ჩემი გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შემისრულო ერთი მეტად მძიმე და სახიფათო დავალება, რომელიც უზომო ძალასა და ღონეს მოითხოვს. ამ საქმეს, თუმცა იგი განსაცდელთანაა დაკავშირებული, მე ჩემი ხელებით ადვილად ვაკეთებ. არესის ველზე საბალახოდ გაშვებული მყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ცეცხლს აფრქვევენ. მათ მე გუთანში ვაბამ და არესის ველზე ოთხ დღიურ პირქუშ მიწას სასწრაფოდ ვხნავ. ხნულებში დეოს მიერ ბოძებულ თესლს კი არ ვყრი, არამედ საზარელი გველეშაპის კბილებს ვთესავ. გველეშაპის კბილებით ნათესი ხნულებიდან მცირე ხნის შემდეგ ამოდიან შეჭურვილი დევგმირები და მყისვე გარს შემომერტყმებიან. მე მათ იქვე დავფანტავ და ჩემი შუბით ერთიანად ვანადგურებ. სპილენძისჩლიქებიან ხარებს მე დილით ადრე ვაბამ გუთანში, ხოლო საღამო ჟამს შეჭურვილ დევგმირთა მოცელვას ვამთავრებ. თუ შენც ასე შეასრულებ ამ საქმეს, იმავე დღეს მიიღებ ოქროს საწმისს და შეგიძლია შენს მეფეს წაუღო. ამ დავალების შესრულების გარეშე საწმისს არ მოგცემ და ტყუილად იმედს ნუ იქონიებ. განა ღირსეული საქმე იქნება, რომ მამაცად შობილმა ვაჟკაცმა ლაჩარ კაცს დაუთმოს რამე?!
ამ საშინელების მოსმენით თავზარდაცემული იაზონი გაქვავებული იჯდა, თვალებით იატაკს მიშტერებოდა და დიდხანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. მას ვერ გაებედნა სახიფათო პირობა მიეღო. ბოლოს, თავი ასწია და აიეტს ასე უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენი პირობით მეტად გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენე! მართალია, მძიმეა ეს დავალება, მაგრამ მე მას ვკისრულობ და ვეცდები შევასრულო, თუნდაც სიკვდილი მომელოდეს. ვერაგმა მეფე პელიასმა თავისი ბრძანებით საშინელი განსაცდელი მომიმზადა და ჩემი დაღუპვა განიზრახა!“ მძიმე პირობის ასრულების მოლოდინით შემკრთალ იაზონს ძლევამოსილმა აიეტმა მრისხანე სიტყვებით მიმართა: „უცხოელო, რაკი კისრულობ შემისრულო ეს დავალება, წადი ახლა და შეუერთდი შენს ლაშქარს! კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და თუ შეგეშინდა სპილენძისფეხებიანი ხარების დაუღლვა და შეჭურვილ დევგმირთა მოცელვა, მაშინ მიხვდი, რომ სუსტ კაცს არ მართებს შეედავოს ძლიერებით მოსილ ვაჟკაცს!“.
დაამთავრა თუ არა ძლევამოსილმა აიეტმა სიტყვა, იაზონი სავარძლიდან წამოდგა. მის მაგალითს ავგიემ და ტელამონმა მიბაძეს. მათ ფრიქსეს ვაჟებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა, ვინაიდან ძმებს ანიშნა აქ დარჩენილიყვნენ.
იმ დროს, როცა იაზონი და მისი მხლებლები დარბაზიდან გამოდიოდნენ, მშვენიერ მედეას ლამაზი მოსასხამი ოდნავ გადაეწია, უცხოელებში ღვთაებრივი სილამაზით და მოხდენილობით გამორჩეულ იაზონს აღტაცებით შესცქეროდა და გული ტკივილით ევსებოდა. მისი ოცნება მსუბუქი სიზმარივით მიჰყვა დარბაზიდან გასული იაზონის კვალს. აიეტის უფროსმა ქალმა ქალკიოპემ მამის რისხვას თავი მოარიდა და შვილებთან ერთად თავის ოთახისაკენ გაემართა. სიყვარულის გამომწვევი ღმერთის ეროსის მიერ შთაგონებული ფიქრებით დატვირთული მედეაც გასცილდა დარბაზს. სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ქალწულს ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ყველაფერი ის, თუ როგორი იყო იაზონი, რანაირი ტანსაცმელი ეცვა, რა სთქვა, როგორ იჯდა სავარძელში და როგორ გავიდა დარბაზიდან. სულის მღელვარებით აფორიაქებული მედეა ფიქრობდა, რომ იაზონის მსგავსი მამაკაცი ქვეყანაზე არ იყო. მისი ტკბილი ლაპარაკი და ხმა ქალწულის ყურთასმენას არ შორდებოდა. მედეას უეცრივ მოაგონდა ის საფრთხე, მის სანუკვარ გმირს რომ მოელოდა, და საშინლად შეეშინდა, არ დაეღუპათ იაზონი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს ან მის მრისხანე მამას. აღელვებულ ქალწულს მოეჩვენა, რომ იაზონი უკვე დაიღუპა და ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოეღვარა ნაზი ცრემლები. ახლა სიბრალულმა მოიცვა მედეა და ტირილით წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, რატომ მიპყრობს მე საბრალოს ეს მწველი სევდა? ვთქვათ და მამაცურად ან ლაჩრულად დაიღუპა იაზონი, მე რა მესაქმება?.. ოჰ, არა! ნეტავი უვნებლად დააღწიოს თავი მამაჩემის მძიმე პირობას! პერსეს ასულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო ჰეკატე, გევედრები გადაარჩინო იგი სიკვდილს და სამშობლოში დააბრუნო! მაგრამ თუ მას დაღუპვა უწერია, დაე იცოდეს, რომ მისი თვალბედითი ხვედრით მე ვერ გავიხარებ!“
სანამ მედეა ამ მძიმე ფიქრებში იყო გართული, იაზონი და მისი მხლებლები უკვე ქალაქიდან გავიდნენ და იმ გზას დაადგნენ, რომლითაც კირკეს ველიდან აიეტის სასახლეში მოვიდნენ. მაშინ ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა იაზონს უთხრა: „ეზონიდო, გაჭირვების დროს საჭიროა ყოველგვარ ხერხს მივმართოთ. მე ახლა ჩემს რჩევას მოგახსენებ და შენ განსაჯე, რამდენად ხელსაყრელი აღმოჩნდება. მე ამასწინათ ერთი ქალწულის შესახებ გითხარი, რომ იგი პერსეს ასულ ჰეკატეს შეგონებით ჯადოსნურ წამლებს ამზადებს-მეთქი. თუ ჩვენ ამ გრძნეულ ასულს გადმოვიბირებთ, ვფიქრობ, რომ დავალების შესრულების დროს შენ სიკვდილის შიში ახლოს აღარ გაგეკარება. დედაჩემს – ქალკიოპეს შეუძლია ეს ქალწული ჩვენს მხარეზე მოაქციოს. მაგრამ ვშიშობ დედაჩემმა ამაზე უარი არ მითხრას. თუ ნებას დამრთავ, გავბრუნდები უკან და ვეტყვი მას, რომ ჩვენ ყველას უბედურება მოგველის“. „მეგობარო,– მიმართა იაზონმა გონიერ არგოსს, – მე უარს არ გეტყვი იმაზე, რაც შენ უმჯობესად მიგაჩნია. მე თანახმა ვარ! წადი უკან, შეევედრე დედაშენს და ეცადე, მოხერხებული სიტყვებით დააჯერო იგი, რათა გრძნეული ასული მოგვაშველოს. რა საბრალოა სამშობლოში დაბრუნების ჩვენი იმედი, როცა მის ბედს დედაკაცებს ვანდობთ!“.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |