| | |
იაზონი და არგოსი ასე საუბრობდნენ და კიდევაც მიაღწიეს ჭაობს, სადაც ხომალდი იდგა. სიხარულით მიეგებნენ ვაჟკაცები მოსულებს და შეკითხვებს შეკითხვებზე აყრიდნენ. „მეგობრებო, – ნაღვლიანად მიმართა იაზონმა არგონავტებს, – ძლევამოსილი აიეტი საშინლად განგვირისხდა. ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას საზღვარი არ ექნება. გეტყვით იმას, რაც აუცილებელია იცოდეთ. აიეტმა სთქვა, რომ მას არესის ველზე საბალახოდ გაშვებული ჰყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ალს უშვებენ. მრისხაანე მეფემ მიბრძანა ამ ხარების საშუალებით ოთხი დღიური მიწის მოხვნა. მან მითხრა, რომ ხნულებში ჩასათესად გადმომცემს გველეშაპის ყბებიდან ამოცლილ კბილებს, საიდანაც სპილენძის იარაღით აღჭურვილი დევგმირები აღმოცენდებიან. ისინი მე იმავე დღეს უნდა დავხოცო. ვინაიდან სხვა გამოსავალი ვეღარ ვიპოვე, აიეტს დავპირდი ამ მძიმე დავალების შესრულებას:. იაზონის ნაამბობით შეძრწუნებულმა არგონავტებმა ერთმანეთს დუმილით გადახედეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ დავალების შესრულება ყოველგვარ ძალ-ღონეს აღემატებოდა. ვაჟკაცები მწარე საგონებელს მიეცნენ და ხომალდზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პირველად პელევსმა დაარღვია საერთო მდუმარება და გაბედულად განაცხადა: „დროა, სასწრაფოდ გადავწყვიტოთ ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ! ხანგრძლივ ბჭობაში ჩვენ ვერავითარ სარგებლობას ვერ ვნახავთ. ახლა საჭიროა უზომო ძალ-ღონის გამოჩენა. გმირო იაზონო, თუ შენ გადასწყვიტე აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეაბა და კისრულობ ბოლომდე მიიყვანო აიეტის დავალება, ნუ დაარღვევ პირობას და სწრაფად მოემზადე. მაგრამ თუ სავსებით არახარ დარწმუნებული შენს მამაცობაში, ნუ აიძულებ საკუთარ თავს გააკეთო ის, რაც არ შეგიძლია. ნურც ჩვენს რიგებში ეძებ ვინმეს, შენ რომ შეგცვალოს. მე ამ დავალების აღსრულებას ვერ ვიკისრებდი, რადგანაც მას უაზრო და საზარელი სიკვდილი აუცილებლად მოჰყვება!“ ეაკიდის უიმედო სიტყვებმა მამაც ტელამონს ბრაზი მოჰრია და აღელვებული წამოიჭრა ადგილიდან. შემდეგ ამაყი იდასი წამოდგა. მას ტინდარიდებმაც მიბაძეს. ამ ვაჟკაცებს ენევსის სახელოვანი ვაჟი მელეაგრეც აჰყვა. მართალია, მას ჯერ კიდევ არ შეჰღინღლებოდა პირისახე და ნორჩ გმირებში ირიცხებოდა, მაგრამ სიმამაცემ მასაც აუღელვა გული, დანარჩენი არგონავტები კი კელავ აგრძელებდნენ დუმილს. აღელვებულ ვაჟკაცებს, რომელთაც სურდათ აიეტის სასტიკი დავალება თავის თავზე აეღოთ, არგოსმა ასე მიმართა: „მეგობრებო, რა თქმა უნდა, რომ ეს დავალება ბოლოსდაბოლოს უნდა აღსრულდეს, მაგრამ ჯერ ნება მომეცით დედაჩემთან წავიდე. მისი დახმარება, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება თქვენთვის. მართალია, აღელვებული ხართ, მაგრამ მოითმინეთ და კიდევ ცოტახანი ხომალდზე დარჩით. მოუფიქრებლობით დაღუპვას თავის შეკავება სჯობია. აიეტის სასახლეში ცხოვრობს ერთი ქალწული, რომელსაც ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის. ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს.24 ქალაქიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ გრძნეული ქალწულის შესახებ, იქნებ შესძლოს-თქო მისმა დამ, დედაჩემმა ქალკიოპემ, მისი დარწმუნება, რომ ჩვენ დავალების აღსრულებაში დაგვეხმაროს. თუ თქვენ ჩემი რჩევა მოგწონთ, დღესვე გავბრუნდები აიეტის სასახლეში და ყოველგვარ ღონეს ვიხმარ ეს საქმე მოვაწესრიგო. იმედი მაქვს, რომ ჩემს ცდაში ყოვლისშემძლე ღმერთი დამეხმარება!“
დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, კეთილმა ღმერთებმა არგონავტებს ბედნიერების მაუწყებელი ნიშანი მოუვლინეს. ხომალდზე უეცრივ შემოფრინდა დამფრთხალი მტრედი, რომელსაც უზარმაზარი ქორი მოსდევდა. შეშინებული მტრედი იაზონის მკერდზე დაეცა, ქორი კი ხომალდის ანძას შეასკდა. მისანმა მოპსემ არგონავტებს განუმარტა: „მეგობრებო, ეს ნიშანი ღმერთებმა მოგვივლინეს. იგი ბედნიერების მაუწყებელია. აღარავითარი მსჯელობა არაა საჭირო და ყველაფერს სჯობია მიხვიდეთ გრძნეულ ქალწულთან და ყოველგვარი ხერხით დახმარების აღმოჩენა სთხოვოთ. მე იმედი მაქვს, რომ იგი უარს არ იტყვის, ვინაიდან ფინევსმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება აფროდიტეზე იქნება დამოკიდებულიო. ეს ქალწული კი აფროდიტეს შეგონებით დაგვეხმარება აი, ხომ ნახეთ, ამ ქალღმერთის საყვარელი ფრინველი როგორ გადაურჩა სიკვდილს! ფრინველებზე მისნობის წყალობით მე წინასწარ ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. აბა, მეგობრებო, მოუწოდეთ ქალღმერთ კითერიას და დაუჯერეთ არგოსის რჩევას!“.
არგონავტებს მყისვე მოაგონდათ ფინევსის წინასწარმეტყველება და მოპსეს ნათქვამი მოიწონეს. მხოლოდ აფარეს ძე იდასი საშინლად განრისხებული წამოიჭრა ადგილიდან და მრისხანე ხმით შესძახა: „ყოვლისშემძლე ღმერთებო! სწორედ რომ ქალებთან ერთად მოვსულვარ აქ, რომლებიც დახმარებისათვის ქალღმერთ კიპრიდას მოუწოდებენ და არა ენიალიოსის დიდებულ ძალას! ლაჩარნო, – შეჰყვირა მან არგონავტებს, – ქორების და მტრედების დანახვა გაბრკოლებთ, რომ ბრძოლაში გადაეშვათ?! გაბრუნდით ახლავე სამშობლოში! საომარი საქმეები კი არ ყოფილა თქვენი საქმე, არამედ ნორჩი ქალიშვილების შეცთუნება!“ იდასის სიტყვამ არგონავტებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არავინ შეკამათებია და აღელვებული იდასი თავის ადგილზე დაჯდა. იაზონმა, რომელსაც მოპსეს წინასწარმეტყველებამ მხნეობა შემატა, არგონავტებს ასე მომართა: „რადგანაც თქვენ, მეგობრებო, არგოსის რჩევა მოგეწონათ, დაე წავიდეს იგი ქალაქში; ჩვენ კი ხომალდი ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ. და მდინარის ნაპირზე მივაცუროთ. დროა საფარიდან გამოვიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ბრძოლის არ გვეშინია!“. იაზონის სიტყვებით გამხნევებული არგოსი სასწრაფოდ გაემართა ქალაქისაკენ. არგონავტებმა, იაზონის რჩევის თანახმად, ღუზა ამოიღეს და ხომალდი ხოფების მოსმის საშუალებით მდინარის ნაპირთან მიაცურეს.
სწორედ იმ დროს, როცა არგოსი ქალაქისაკენ მიეშურებოდა, აიეტმა, რომელიც არგონავტებს ვერაგობას და უბედურებას უმზადებდა, სასახლის გარეთ, აი იქ, სადაც უწინაც ჯდებოდა ხოლმე სათათბიროდ, კოლხთა კრება მოიწვია. აიეტმა კოლხებს განუცხადა, რომ როგორც კი დაგლეჯდნენ ცეცხლისმფრქვეველი ხარები იმ ვაჟკაცს, რომელმაც მისი დავალების შესრულება იკისრა, იგი მაშინვე მოსჭრიდა მახლობელ ტყით დაფარულ მთაზე შეშას და ხომალდს თავის ლაშქრიანად დასწვავდა, რათა ბოლო მოეღო თავხედი არგონავტების ზვიადობისათვის. აიეტი ამბობდა, რომ იგი არც ეოლოსის ნაშიერ ფრიქსეს გაიშინაურებდა სასახლეში, თუმცა ძალიან ემუდარებოდა იგი და თანაც ყველა უცხოელში გამოირჩეოდა თავაზიანობით და ღვთისმოშიშობით, რომ ზევსს მისთვის ზეცით არ მოევლინა ღმერთების მაცნე ჰერმესი, რომელმაც მას განუცხადა პატივით მიეღო ფრიქსე და, მით უმეტეს, დიდხანს ვერ დარჩებოდნენ დაუსჯელად მის ქვეყანაში მოსული ყაჩაღები. მათი განზრახვა, – ეუბნებოდა კოლხებს აიეტი, – არის სხვის ქონებაზე ხელის აღმართვა, ფარული მზაკვრობის მოწყობა, მწყემსებზე თავდასხმა და მათი ფარეხების აწიოკება. ამის შემდეგ აიეტმა კოლხებს უთხრა, რომ თავის მხრივ შესაფერი სასჯელი უნდა მიზღოდათ ფრიქსეს ვაჟებს, რომლებმაც ბოროტმოქმედ არგონავტებს მეგზურობა გაუწიეს იმიტომ, რომ მისთვის შეუბრალებლად წაერთმიათ სამეფო კვერთხი და პატივი. ამასთან დაკავშირებით მრისხანე აიეტმა კრებულს უამბო, რომ მას უწინ მამამისმა ჰელიოსმა სამწუხარო წინასწარმეტყველებით მიმართა: აიეტი უნდა მორიდებოდა თავისივე ნაშიერების თვალთმაქცობას, რომელიც მას ზიანს მოუტანდა. აიეტმა შემდეგ თქვა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გაისტუმრა მამის ანდერძით შეგონებული შვილიშვილები შორეული აქაიის მხარეში. აიეტმა ამას დაუმატა, რომ მას თავისი ქალიშვილების და ვაჟის აფსირტის შიში ოდნავადაც არ ჰქონდა. ჰელიოსის წინასწარმეტყველება ამათზე არ გავრცლდებოდა და ისინი არ უღალატებდნენ მამას. აიეტმა სთქვა, რომ ასეთი ვერაგობა სწორედ ქალკიოპეს შვილებისაგან იყო მოსალოდნელი. დასასრულ განრისხებულმა აიეტმა სწრაფი მოქმედება დაავალა კოლხებს და დაემუქრა, კარტებისათვისაც. რათა ვერც ერთი უცხოელი ვერ დასხლტომოდა უბედურებას.
ამასობაში არგოსი აიეტის სასახლეში დაბრუნდა და დედას ხვეწნა-მუდარა დაუწყო დაეთანხმებინა მედეა, რათა იგი იაზონს დახმარებოდა. ქალკიოპეს ამისი სურვილი არგოსის თხოვნამდე გაუჩნდა, მაგრამ შიშობდა, მის მოციქულობას ამაოდ არ ჩაევლო; მოსალოდნელი იყო, რომ მედეას მამის რისხვის შეეშინდებოდა. ქალკიოპე იმასაც ერიდებოდა, რომ მედეას დათანხმების შემთხვევაში ეს საქმე არ გამომჟღავნებულიყო.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |