A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მესამე – VIII

ბერძნ.

ამასობაში დედამიწაზე ღამე ჩამოწვა. ამ დროს მეზღვაურები ხომალდიდან ჰელიკეს და ორიონის თანავარსკვლავედს გასცქერიან ხოლმე. ასეთ ღამეში დაქანცული მგზავრი თავშესაფარს ეძებს და ქალაქის ჭიშკრის დარაჯსაც თვალზე ძილი ერევა, თვით მკვდარი შვილების დედასაც კი იმორჩილებს ღრმა და ტკბილი ძილი. კოლხების ქალაქში ყოველგვარი ხმაური და ძაღლების ყეფაც შესწყდა. უკუნეთმა ღამემ დუმილი დაამკვიდრა ირგვლივ. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა საამო ძილს. იაზონის სიყვარულით შეპყრობილ ქალწულს ათასგვარი ფიქრი ერეოდა. ეშინოდა, სპილენძისფეხებიან ხარებს შეუფერებელი სიკვდილით არ მოესპოთ იაზონი არესის ველზე. ძლიერი მღელვარებისაგან მკერდში გული აღარ უჩერდებოდა. ვით ჭურჭელში ახლად ჩაღვრილი წყლის ზედაპირიდან ასხლეტილი მზის სხივი დახტის ხოლმე ოთახის კედლებზე და აქა-იქ წრეებს ავლებს, ისე მოუსვენრად დახტოდა საბრალო ქალწულის მკერდში სიყვარულით დაკოდილი გული. იაზონის სიბრალულით თვალთაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მედეას რაღაც გაურკვეველი ტკივილი აწუხებდა, სხეულის ნაზ ძარღვებს უწვავდა და თავის იმ ნაწილს აღწევდა, სადაც ყველაზე უფრო საგრძნობია ტკივილი მაშინ, როცა სასტიკი ეროსი ადამიანის ყველა გრძნობას დაეუფლება. აღელვებული მედეა ხან ფიქრობდა, მივცემო იაზონს ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს, ხან – არაო და მეც დავიღუპები მასთან ერთადო, ხან კი – არც მე დავიღუპები და არც ხარების მომათვინიერებელ ჯადოს მივცემო და ისე მშვიდად გადავიტან ჩემს უბედურებასო. ასეთ ფიქრებში გართული მედეა ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და გულგამგმირავად წამოიძახა: „ეს რა უბედურებაა ჩემს თავს? მწუხარების მეტს ვეღარაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ! ოჰ, რა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი! არსაიდან არაა ხსნა იმ ტანჯვისაგან, რომელიც განუწყვეტლივ მწვავს და მდაგავს. ო, ნეტავ არტემიდეს მალი ისრებით განვგმირულიყავ მანამ, სანამ იმ უცხოელ ვაჟკაცს ვნახავდი და სანამ ქალკიოპეს ვაჟები აქაიის მხარეში გაემართებოდნენ! უეჭველია, არგონავტები ჩემს სატანჯველად მოიყვანა აქ რომელიღაც ღმერთმა ან სასტიკმა ერინიამ. თუ იაზონს არესის ველზე სიკვდილი უწერია, დაე დაიღუპოს!.. მას რომ ჩემი სასწაულმოქმედებით დავეხმარო, განა დაემალებათ ეს ჩემს მშობლებს? რა პასუხი გავცე მათ? რა მოვიგონო ისეთი, რომ არ გამომჟღავნდეს? განა შევძლებ, პირისპირ შევხვდე იაზონს? ოჰ, რა უბედური ვარ!“ იაზონი რომ დაიღუპოს, განა მომასვენებს სევდა და დარდი? მაშინ ხომ ერთიორად გაიზრდება ჩემი მწუხარება?.. განვედ ჩემგან, სირცხვილო! შორს, ჩემო სიბრწყინვალევ! მე მას უნდა დავეხმარო და როცა განსაცდელისაგან დავიხსნი, საითკენაც მოისურვებს, იქით წავიდეს! მე კი იმავე დღეს, როცა იგი გაიმარჯვებს, წუთისოფელს გამოვესალმები. ან თავს ჩამოვიხრჩობ, ან სიცოცხლის მომსპობ შხამს მივიღებ! მაგრამ განა ეს მიშველის? თვითმკვლელობით დაღუპულს ყველა დამგმობს და გამკიცხავს! მთელ ქალაქს მოედება ჩემი თვალბედითი ამბავი, კოლხეთის ქალები ერთიმეორეში დაიწყებენ ჭორაობას და საშინლად დამძრახავენ! ვინ იცის, რას არ იტყვიან: უცხოელ კაცისათვის გასწირაო მან თავი და დაიღუპაო! ვნებით გატაცებულმა თავისი სახლი და მშობლები შეარცხვინაო!.. არა... სჯობს, ამ ღამესვე მოვისპო მე უბედურმა სიცოცხლე ისეთი სიკვდილით, რომლის მიზეზიც არავის ეცოდინება და სამუდამო შერცხვენას თავიდან ავიცდენ!“ ამ სიტყვებზე მედეა წამოიჭრა და იმ ყუთისაკენ გაექანა, რომელშიაც სხვადასხვაგვარი წამალი ეწყო, ზოგი განმკურნებელი და ზოგიც მომაკვდინებელი. საბრალო ქალწულმა ყუთი მუხლებზე დაიდო და თვალთაგან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი საშინლად დასტიროდა თავის ბედს და ცრემლებით კალთას ისველებდა. მას სურდა ისეთი შხამი ამოერჩია, რომელიც სწრაფად მოუსპობდა სიცოცხლეს. როცა მედეამ ყუთი გააღო და საწამლავის ამოღებას ცდილობდა, უეცრივ საზარელი ჰადესის შემაძრწუნებელი შიში იგრძნო. საბრალო ქალწული გაქვავდა და დიდხანს გაშტერებული დასცქეროდა საწამლავით აღსავსე ყუთს. მას თვალწინ წარმოუდგა ტკბილი სიცოცხლის ყოველგვარი მხარე, მოაგონდა ის სიამოვნებანი, სულდგმულთ რომ ატკბობს, მოაგონდა თავისი ტოლი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალიშვილები და როცა ყველაფერი ეს წარმოიდგინა, სიცოცხლე გაუტკბა და მზის დანახვა მოენატრა. მედეამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი, ჰერას შეგონებით გუნება გამოიცვალა, ყუთი მუხლებიდან ჩამოიღო და მოუთმენლად დაუწყო ლოდინი განთიადს. მას იაზონისათვის დახმარების აღმოჩენის, მისთვის სასწაულმოქმედი ჯადოს გადაცემის და მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გაუმძაფრდა. მედეა ხშირ-ხშირად აღებდა კარს, რათა დღის მომასწავებელი შუქი დაენახა. ეს ნანატრი წუთიც დადგა და განთიადმა მედეას ნათელი მოჰფინა.

ქალაქში ყველაფერი ამოძრავდა; ქალკიოპეს უფროსმა ვაჟნა ძმებს უბრძანა, სასახლეში დარჩენილიყვნენ და მედეას მოქმედებისათვის თვალყური ედევნებინათ, თვითონ კი სასიხარულო ამბის საუწყებლად ხომალდისაკენ გაემართა. როცა მედეამ განთიადის პირველი სხივები დაინახა, ელვარე თმები უწესრიგოდ რომ ჩამოშლოდა, ხელებით აიკრა. ნამტირალევმა ქალწულმა ცრემლებით დასველებული ლოყები ჩამოიწმინდა და ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა. შემდეგ ლამაზი ბალთებით მორთული წამოსასხამი მოირგო და ღვთაებრივ თავზე ბრწყინვალე საბურავი მოიხვია. ასე მორთული მედეა სასახლეში მოძრაობდა და ფეხს მტკიცედ ადგამდა. იგი ცდილობდა, არაფრად არ ჩაეგდო არც ის დარდი, ეხლა რომ აწუხებდა, და არც ის, მომავალში რომ მოელოდა.

მედეას სურნელოვანი თალამონის შესავალთან მისი თორმეტი მოახლე ქალიშვილი იწვა. ეს მხევლები მედეას ტოლები იყვნენ და მამაკაცთან სარეცელი ჯერ არც ერთ მათგანს არ გაეზიარებინა. მედეამ მათ დაუძახა და უბრძანა, სასწრაფოდ შეებათ ეტლში ჯორები, რომლებსაც ქალწული ჰეკატეს ბრწყინვალე ტაძრისაკენ უნდა გაექანებინათ. მოახლეებმა ეტლის მომზადება დაიწყეს, მედეამ კი გაკრიალებული ყუთიდან ჯადოსნური წამალი ამოიღო, რომელიც, ამბობენ, პრომეთეს წამლად იწოდებაო. თუ ვინმე დედისერთა ქალწულს (იგულისხმება ქალღმერთი ჰეკატე) ღამის მსხვერპლებით მოილმობიერებს და შემდეგ ამ წამლით სხეულს დაიზელს, მას ვერც მახვილა დასჭრის, ვერც მგზნებარე ცეცხლი დააკლებს რამეს და, გარდა ამისა, გასაოცარი გაბედულება და ძალღონე შეემატება. ამ წამლის მცენარე პირველად აღმოცენდა ტანჯული პრომეთეს იმ სქელი სისხლისაგან, რომელიც გაუმაძღარმა არწივმა კავკასიონის ფერდობებზე დაღვარა. ამ მცენარის ღერო ორ, თითო წყრთის ოდენა, შტოდ იყოფა, რომლებზედაც ფერით კორიკიოსის (კილიკიაში) ზაფრანის მსგავსი ყვავილია გაშლილი, მიწაში გაშვებული ფესვი კი ახლად გაჭრილ ხორცსა ჰგავს. მისი წვენი მთაში ნაზარდი წიფლის შავი სითხის ფერია. შავი ტასაცმელით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნეთ ღამეში კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა ჯადოსნური მიზნებისათვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმოს, ღამით მოხეტიალე, მიწისქვეშეთელ ქალღმერთს, მკვდარი სულების დედოფალს – ბრიმოს (ჰეკატეს და პერსეფონეს ეპითეტია). როცა მედეა ტიტანურ ფესვს სჭრიდა, მის ფერხთა ქვეშ შავი მიწა ხმაურით შეინძრა და ტკივილისაგან საშინლად წამებულმა იაპეტის ძემაც დაიკვნესა.

 
ე.ი. პრომეთეოსის სისხლისაგან აღმოცენებულ მცენარე
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9