| | |
ლამაზი ყუთიდან ამოღებული ჯადოსნური წამალი მედეამ ღვთაებრივ გულმკერდზე შემორტყმულ სურნელოვან სარტყელში ჩაიდო, ოთახიდან გამოვიდა და მალთვლებიან ეტლზე ავიდა. ეტლზე აქეთ-იქიდან ორი მოახლე ქალი დადგა. მედეამ ხელთ სადავეები იპყრო, ლამაზი შოლტიც მოიმარჯვა და ქალაქის ქუჩაში გაექანა. ქალწულის სხვა მხლებლებმა ნაზი ქიტონები თეთრ მუხლებამდე აიწიეს, ეტლის ძარას ჩაეჭიდნენ და ფართო შარაზე მიჰქროდნენ. მშვენიერი მედეა ისე იდგა ეტლზე, ვით მდინარე პართენიოსის (მც. აზიაში) თბილი წყლით ან მდინარე ამნისეში განბანილი არტემიდე დგას ხოლმე მარდი ირმებით შებმულ ოქროს ეტლზე და მთებისაკენ მიჰქრის, რათა აქ ბრწყინვალე ჰეკატომბები (ჰეკატომბი – დიდი მსხვერპლი.) მიიღოს. დიდებულ ქალღმერთს უკან ამნისის წყაროს, ტყეების და მთების ნიმფებიც მიჰყვებიან ხოლმე და შეშინებული ნადირნი კუდის ქნევით და წკავ-წკავით უთმობენ გზას. ლეტოს ასულის ნიმფებივით მიჰყვებოდნენ მშვენიერ მედეას მოახლე ქალები და ეას მცხოვრებნი მოწიწებით უთმობდნენ მას გზას. ყველა გაურბოდა მეფის გრძნეული ასულის თვალებს. როცა მედეამ ქალაქის კეთილმოწყობილი ქუჩები დატოვა, ველი გადაჭრა და ტაძართან მივიდა, მაშინ მალთვლებიან ეტლიდან სწრაფად ჩამოხტა და მოახლეებს უთხრა: „მეგობრებო, მე დიდი შეცდომა ჩავიდინე აქ მოსვლით. არ მომაგონდა, რომ შეიძლება აქ ჩვენს მხარეში მოსული უცხო მამაკაცები შეგვხვდნენ! ამ ამბით მთელი ქალაქი აღელვებულია და ამიტომაა, ამ ტაძართან რომ ყოველდღე ქალები იკრიბებოდნენ, აღარა სჩანან. რაკიღა აქ მოვედით და სხვა არავინაა ჩვენს გარდა აქ, მოდით და, ეს მშვენიერი ყვავილები დავკრიფოთ, შემდეგ ტკბილი სიმღერაც წამოვიწყოთ და გული უხვად გავიძღოთ. მერე კი, როცა დრო მოვა, უკან გავბრუნდეთ. მე თქვენ ერთი რამე უნდა გითხრათ; თუ დამიჯერებთ, დღეს სახლში მრავალი საჩუქრებით დაბრუნდებით. მაგრამ, იცოდეთ, საიდუმლოდ შეინახეთ, რასაც ჩემგან მოისმენთ, რათა მამაჩემის ყურებამდე არ მიაღწიოს ამ ამბავმა. ჩემმა დამ ქალკიოპემ და მისმა ვაჟმა არგოსმა მუდარით მთხოვეს, რომ დავეხმარო უცხოელ ვაჟკაცს, რომელმაც ცეცხლისმფრქვეველ ხარებთნ შებმა იკისრა. ამ სამსახურისათვის უცხოელმა წინასწარ უნდა მომიტანოს საჩუქრები. მე ქალკიოპეს და არგოსის თხოვნას დავეთანხმე და უცხოელს შევუთვალე, თავის მეგობრებისაგან განცალკევებით პირისპირ შემხვდეს. თუ მან საჩუქრები მომართვა, ჩვენ ის ერთმანეთს შორის გავიყოთ, მას კი ისეთ წამალს მივცემ, რომელიც არაფრად არ გამოადგება. როცა თქვენ ამ ვაჟკაცს დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოშორებით უნდა იყოთ!“ ასე თქვა მედეამ და მისი მხევალი ქალები კმაყოფილნი დარჩნენ ამ ცბიერი ხერხით.
ამასობაში არგოსმა, რომელმაც ძმებისაგან გაიგო, რომ მედეა დილით ადრე ჰეკატეს წმინდა ტაძრისაკენ წავაო, სასწრაფოდ გამოაცალკევა ეზონის ძე მეგობრებისაგან და ტაძრისაკენ წაიყვანა. იაზონს და არგოსს მიჰყვებოდა ამპიკეს ძე მოპსეც, რომელიც გამოცდილი იყო ფრინველებზე დაკვირვებით მისნობაში და ტაძრისაკენ მიმავალ მეგობრებს რჩევა-დარიგებას აძლევდა. ზევსის ყოვლისშემძლე მეუღლემ, ქალღმერთმა ჰერამ, ისეთი სილამაზით გააბრწყინა იმ დღეს იაზონი და ისეთი ძალა მიანიჭა საუბრის, რომ მას ვერც ერთი ბრწყინვალე გმირი ვერ შეედრებოდა, ვერც ისინი, ზევსმა რომ წარმოშვა, და ვერც ისინი, სხვა უკვდავთა სისხლისაგან რომ იყვნენ წარმოქმნილნი. არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ შარავანდედით მოსილ წინამძღოლს. მისანი მოპსე სიხარულით მიდიოდა ტაძრისაკენ, ვინაიდან წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ტაძრის მახლობლად, გზის პირზე, ფოთლებით დაბურული ალვის ხე იდგა, რომელსაც ხშირად ასხდებოდნენ ხოლმე მჩხავანა ყვავები. ერთ-ერთმა მათგანმა, როცა გმირები დაინახა, ფრთები შეაფრთქიალა, მაღალ შტოზე შემოჯდა და ფრინველის ენით ქალღმერთ ჰერას სურვილი განაცხადა: „უსახელოა ის მისანი, რომელიც თავის გონებით ვერ მიხვდება მას, რაც ბავშვებმაც კი იციან! ვერც ტკბილ და ვერც სასიყვარულო სიტყვას ვერ ეტყვის ქალწული იმ ჭაბუკს, რომელსაც აბეზარი მოწმეები ახლავს. დაიკარგე აქედან, ბოროტო და ცრუპენტელა მისანო! შენ ვერც კიპრიდას და ვერც ნაზსა და კეთილ ეროსს შეუგონებიხარ!“ როცა მისანმა მოპსემ ფრინველის ღვთაებრივი ხმა მოისმინა, გაეცინა და იაზონს მიმართა: „ეზონის დიდებულო ვაჟო, შენ ტაძრისაკენ გააგრძელე გზა. იქ შენ აიეტის ასულს შეხვდები, მისი გული ქალღმერთმა აფროდიტემ მოგიგო. აგენორის ძე ფინევსმა აკი გვიწინასწარმეტყველა, ქალღმერთი აფროდიტე შემწეობას აღმოგიჩენთო. მე და არგოსი, სანამ დაბრუნდები, აქ დაგელოდებით. ეცადე ბრძნული სიტყვებით დაითანხმო მეფის ასული, რათა მძიმე დავალების აღსრულებაში დაგეხმაროს!“ მოპსეს გონიერი რჩევა მის მეგობრებს მოეწონათ და იაზონი მარტო გაემართა ჰეკატეს ტაძრისაკენ.
ქალღმერთის ტაძრის მახლობლად მხევალი ქალებით გარშემორტყმული მედეა მოუთმენლად მოელოდა იაზონის გამოჩენას. მართალია, ქალწული მღეროდა, მაგრამ მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. ხან ერთ სიმღერას წამოიწყებდა, ხან – მეორეს, მაგრამ დიდხანს ვერც ერთით ვერ ერთობოდა და წამოწყებულ სიმღერას მყისვე შესწყვეტდა. აღელვებული მედეა მხევალ ქალებს თვალს ვეღარ უსწორებდა, ხშირად მოაბრუნებდა ხოლმე სახეს და მოუსვენრად გასცქეროდა ტაძრისაკენ მომავალ გზას. როცა ფეხის ხმას ან ქარის შრიალს გაიგონებდა, ასე ეგონა, იაზონი მოდისო და მკერდში გული უბრუნდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მედეას სანუკვარი იაზონიც გამოჩნდა. არგონავტების წინამძღოლი ოკეანედან აღმომავალ ლამაზსა და კაშკაშა სირიოსის ვარსკვლავს ჰგავდა. როგორც სირიოსს მოაქვს ხოლმე ნახირისათვის უზომო მწუხარება, (სირიოსის გამოჩენა გვალვას მოასწავებდა) ისე მოუტანა იაზონმა საბრალო მედეას სევდა და დარდი. იაზონის ვარსკვლავივით მოკაშკაშე პირი-სახის დანახვამ მედეას გრძნობა დააკარგვინა, მკერდიდან გული ამოუვარდა, თვალები დაუბმელდა და ლოყებზე მწველმა სიწითლემ გადაჰკრა. საბრალო ქალწულს ფეხები გაუქვავდა, მუხლება მოეკვეთა და ვეღარც წინ წაწევა შესძლო და ვეღარც უკან. მხევალი ქალები მედეას ჩამოშორდნენ და იაზონთან მარტო დატოვეს. არგონავტების წინამძღოლი და მეფის ასული ერთმანეთის წინაშე დიდხანს იდგნენ ისე მდუმარედ, ვით მუხები და ცამდე აზიდული ნაძვის ხეები დგანან ხოლმე მთებში უქარო ამინდის დროს. როგორც ქარის ძალა აამოძრავებს წყნარად მდგომარე ხეებს და ისინი შრიალს დაიწყებენ, ისე ეროსმა აამოძრავა იაზონი და მედეა სალაპარაკოდ. ეზონის სახელოვანი ძე მიხვდა, რომ მედეა ღვთის მიერ მოგზავნილ სევდაში იყო ჩავარდნილი. „მშვენიერო ქალწულო, – ალერსიანად მიმართა იაზონმა მედეას, – ესოდენ რად შეშფოთებულხარ? განა ჩემი გეშინია? მე ხომ ზოგიერთი მამაკაცივით თავხედი არა ვარ! რაც კი ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ. ნუ გეშინია ჩემი, მშვენიერო ასულო, თავისუფლად ილაპარაკე და რაც მოგესურვოს, მკითხე. რაკიღა ჩვენ ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილი მოვედით ამ წმინდა ადგილას, სადაც სიცრუე დიდ ცოდვად ჩაგვეთვლება, გთხოვ, გულახდილად მელაპარაკო. ნუ მომატყუებ ტკბილი სიტყვებით, შეასრულე დისადმი მიცემული დაპირება, რომ სასწაულმოქმედ ჯადოს მიბოძებ! გაფიცებ ქალღმერთ ჰეკატეს, გაფიცებ შენს მშობლებს და ყოვლისშემძლე ზევსს, რომელიც სტუმარს და ვედრებით მოსულ ადამიანს მფარველობს, შემწეობა აღმომიჩინო! მე ხომ შენი სტუმარიცა ვარ და მავედრებელიც! აუცილებელი მდგომარეობა მაიძულებს მუხლმოდრეკილი შეგემუდარო; შენი დახმარების გარეშე მე ვერ აღვასრულებ განსაცდელით აღსავსე დავალებას! შენსა და ჩემს სამშობლოს შორის მდებარე დიდი მანძილი ხელს ვერ შემიშლის უსაზღვრო მადლობა მოგიძღვნა. მე შენს სახელს და შარავანდედით მოსილ დიდებას მარადჟამს თაყვანს ვცემ. ელადაში დაბრუნებული არგონავტები მუდამ ქება-დიდებით მოგიხსენიებენ. მათი დედები და ცოლები მოწიწებით მოეპყრობიან შენს ბრწყინვალე სახელს. ვინ იცის, შეიძლება ისინი ამ წუთში ზღვის ნაპირას სხედან და ჩვენს დაღუპვას დასტირიან! გემუდარები, გაჰფანტო მათი მძიმე სევდა! მინოსის ასულმა, გონიერმა არიადნემ, რომელიც ჰელიოსის ქალიშვილმა პასიფაემ შვა, ოდესღაც სასტიკი განსაცდელისაგან იხსნა თეზევსი. არიადნე ამით არ დაკმაყოფილებულა, როგორც კი შესწყვიტა მინოსმა რისხვა, არიადნე თეზევსთან ერთად ჩაჯდა ხომალდში და სამშობლო დატოვა. ასეთი დიდსულოვანი მოქმედების გამო იგი თვით ღმერთებმა შეიყვარეს და უკვდავება მიანიჭეს. ამიტომაა, რომ ზეციურ მნათობთა შორის, შუაგულ ეთერში, მთელი ღამის განმავლობაში ციმციმებს გვირგვინისებრი ვარსკვლავი, რომელსაც არიადნეს გვირგვინს უწოდებენ. ყოვლისშემძლე ღმერთები შენც მოგანიჭებენ ასეთ პატივს, თუ შენი დახმარებით დიდებულ გმირთა ლაშქარს დაღუპვისაგან დაიხსნი. განა შეიძლება შენ არ დაგვეხმარო? შენი სხეული ხომ სათნოებით და სიკეთით არის მოსილი!“
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |