A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიმ ჰინ ჰიპ ჰის ჰიტ ჰიფ

ჰიპოლიტოსი

ბერძნ.

სახელოვანი გმირის, ათენის მეფის თესევსისა და ამორძალთა დედოფალ ანტიოპეს (სხვა ვერსიით, ჰიპოლიტეს) ვაჟი.

მითოსის გავრცელებული ვერსიის თანახმად, ათენის მეფე თესევსს ძლიერ უყვარდა ამორძალი ანტიოპე, რომელიც უდროოდ გარდაიცვალა. დიდხანს იგლოვა იგი თესევსმა, ბოლოს იქორწინა მინოსის ასულ ფედრაზე. ანტიოპესგან თესევსს დარჩა უკანონო ვაჟი, სახელად ჰიპოლიტოსი, რომელიც აღსაზრდელად მიაბარა არგოლისის ბრძენ განმგებელს, პიტთევსს. მეფემ იშვილა იგი და ტროიძენის სამეფო ტახტის მემკვიდრედ აღიარა.

ჰიპოლიტოსი ისევე, როგორც მისი ამორძალი დედა ანტიოპე, განსაკუთრებულ თაყვანს სცემდა ნადირობის ქალღმერთ არტემისს, რომელსაც ტროიძენში დიდებული ტაძარი აუგო. განაწყენდა სიყვარულის ღვთაება აფროდიტე და ჭაბუკის დასჯა განიზრახა: მისდამი მძაფრი ვნებით აღაგზნო ფედრა. არ უყვარდა დედინაცვალი ჰიპოლიტოსს და ყოველნაირად ცდილობდა მისგან თავის დაღწევას. შეურაცხყოფილმა ფედრამ თავი ჩამოიხრჩო. სიკვდილის წინ კი წერილი გაუგზავნა თესევსს, სადაც ბრალს სდებდა ჰიპოლიტოსს, თითქოსდა იგი მის შეცდენას ლამობდა. განრისხდა მეფე, შვილი დაწყევლა და მამა-მეუფე პოსეიდონს სთხოვა მისი დასჯა. პოსეიდონმა შეისმინა მისი ვედრება: როდესაც თავის ეტლზე აღზევებული ჰიპოლიტოსი ათენიდან საოცარი სისწრაფით მიქროდა, ისთმოსის ვიწრო სრუტესთან უზარმაზარმა ზვირთმა ზათქით, გრიალით ამოაგდო ირემი თუ თეთრი ხარი, რომელიც ეტლს დაედევნა. ცხენები დაფრთხნენ. მართალია, თესევსის ძე გამოცდილი მეეტლე იყო, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, ხელი გაუშვა სადავეებს, რომლებიც ზეთისხილის რტოებში გაიხლართნენ. ეტლი დაიმსხვრა. ჰიპოლიტოსი კი თავისივე ცხენებმა გადათელეს.

ამ ამბით შეძრულმა არტემისმა სიმართლე ამცნო თესევსს, რომელმაც არ დააყოვნა და საყვარელ შვილს დაედევნა, მაგრამ დააგვიანა. თუმცა მომაკვდავს მიუსწრო და შეცდომა მოინანია. მითოსის ერთი ვერსიით, ჰიპოლიტოსი მკვდრეთით აღადგინა ასკლეპიოსმა. სხვა ვერსიით, იგი მეეტლის თანავარსკვლავედად გარდასახეს ღმერთებმა. ათენში ჰიპოლიტოსს ღვთაებრივ პატივს მიაგებდნენ. მისი თავგადასავალი აისახა სოფოკლეს, ევრიპიდეს, სენეკას, რასინისა და დ. ანუნციოს ტრაგედიებში. ამ თემაზე წერდნენ ლექსებს პოეტები: მ. ცვეტაევა, ო. მანდელშტამი და სხვები. ცნობილია რამოსა და გლუკის ოპერები. კოკტოს ბალეტი და მასნეს სიმფონიური პოემა.
იხ. აგრეთვე: არგონავტიკა, ფედრა
წყარო: ბიბლიოვიკი ჰიპოლიტოსი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9