| | |
როცა დიდებულმა მზემ თავისი ნათელი დედამიწას მოჰფინა, არგონავტებმა მამაცი ტელამონი და ჰერმესის ბრწყინვალე ძე ეთალიდე აიეტთან გააგზავნეს საბედისწერო თესლის მოსატანად. ისინი სწრაფად მივიდნენ სასახლეში და ძლევამოსილმა აიეტმა მათ განსაცდელით აღსავსე დავალების შესასრულებლად გადასცა აონიის (ბეოტია) გველეშაპის საზარელი კბილები. ეს გველეშაპი ოდესღაც არესის წყაროს დარაჯობდა. სახელოვანი კადმოსი მაშინ თავის დას ევროპას ეძებდა და ოგიგიის თებეში მივიდა. ღმერთმა აპოლონმა კადმოსს უმისნა მის მიერ ბოძებულ ძროხას უკან გაჰყოლოდა და სადაც იგი გაჩერდებოდა, იქ დასახლებულიყო. ძროხა არესის წყაროს მახლობლად წამოწვა და ძლევამოსილმა კადმოსმა საზარელი გველეშაპი სიცოცხლეს გამოასალმა. ქალღმერთმა ტრიტონიდმა (ე.ი. ათენამ) გველეშაპს ყბებიდან კბილები ამოაცალა. ნაწილი საჩუქრად აიეტს მისცა, ნაწილი კი მკვლელს უბოძა. აგენორის ძე კადმოსმა თავისი წილი კბილები აონიის ველებში ჩასთესა. მიწიდან უეცრივ მეომრები აღმოცენდნენ. ისინი დაუყოვნებლივ იქნენ გაჟლეტილი არესის მძლავრი შუბით. სიკვდილს გადარჩენილი მეომრები კადმოსმა შეკრიბა და თებეში დაასახლა. კოლხთა მეფემ სიამოვნებით გადასცა ტელამონს და ეთალიდეს გველეშაპის კბილები იაზონთან წასაღებად. აიეტი ღრმად იყო დარწმუნებული, იაზონი ბოლომდე ვერ მიიყვანდა დავალებულ საქმეს, თუნდაც სპილენძისფეხებიანი ხარები გუთანში შეება.
მზემ უკვე ეთიოპელთა უკიდურეს მხარეს მიაღწია და თვალთაგან მიეფარა. ახლა კი ღამემ შეაბა ცხენები ეტლში და ყველაფერი წყვდიადში გაჰხვია. არგონავტებმა მდინარის ნაპირზე ფოთლები დააფინეს და ზედ წამოწვნენ. როცა ზეცაზე ჰელიკეს დათვის მოციმიმე ვარსკვლავები ჩაჰქრა და ყველაფერი ბნელით შეიმოსა, იაზონი ფარულად გაემართა მიყრუებულ ადგილისაკენ. მან თან წაიღო ყველა საჭირო საგანი, დღის განმავლობაში რომ მოიმზადა. ცხვარი და რძე არგოსმა მოუტანა მას, დანარჩენი კი ხომალდიდან წამოიღო. იაზონმა სწრაფად იპოვა მყუდრო ადგილი, რომელიც ბილიკს გადაღმა იყო და ანკარა წყალიც ჩამოდიოდა. იაზონმა ლამაზი სხეული წესისამებრ განიბანა წყალში ისე, როგორც ამას ღვთაება მოითხოვდა და ლემნოსელ ჰიპსიპილესაგან ტკბილი კავშირის სამახსოვროდ ნაჩუქარი შავი წამოსასხამი მოიხურა. შემდეგ კი ერთი წყრთის სიმაღლე ორმო ამოთხარა, ზედ შეშა დააწყო, ცხვარს ყელი გამოსჭრა და შეშაზე დადო. შემდეგ ცეცხლი გააჩაღა და მსხვერპლს შერეული ზედაშე დაუქცია. იაზონი თან ამას აკეთებდა, თან კი ბრიმო-ჰეკატეს შემწედ მოუწოდებდა. ქალღმერთისადმი მიმართვა რომ დაამთავრა, იაზონი უკან გამობრუნდა. საშიშარმა ქალღმერთმა მისი მოწოდება ისმინა და ღრმა გამოქვაბულიდან ეზონიდის მიერ შეწირული მსხვერპლისაკენ გამოემართა. ქალღმერთ ჰეკატეს შუბლი შემოგვირგვინებული ჰქონდა მუხის შტოებით და შიგ ზარდამცემი გველები იყო ჩაწნული. ღვთაების ირგვლივ ჩირაღდანთა ბრწყინვალე შუქი იღვრებოდა. ყოვლისშემძლე ჰეკატეს გარს ერტყა ჯოჯოხეთის ძაღლები, რომელთა საზარელი ყეფა არემარეს აყრუებდა. მათ ფერხთა ქვეშ დედამიწა ზანზარებდა. ჭაობის და მდინარის ნიმფები, ამარანტის ფასიდის დაბლობში რომ ცხოვრობენ, შიშისაგან ძრწოდნენ და წიოდნენ. იაზონი საზარელმა შიშმა აიტაცა, მაგრამ უკან მაინც არ მოუხედავს. იგი შეუყოვნებლივ მიემართებოდა წინ, სანამ თავის მეგობრებს არ შეუერთდა.
მეორე დილით, როცა მზემ თავისი ნათელი კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს მოჰფინა, ძლევამოსილმა აიეტმა მკერდზე მაგარი აბჯარი შემოიკრა. ეს აბჯარი ღმერთმა არესმა ფლეგრის ბრძოლაში მის მიერ მოკლულ მიმასს (ერთ-ერთი გიგანტი) მოხსნა და აიეტს უბოძა. კოლხეთის მეფემ ამის შემდეგ ოკეანედან აღმომავალი მზის შუქივით მოელვარე ოთხბიბილოვანი ოქროს მუზარადი ჩამოიცვა თავზე და ხელთ იპყრო ტყავის მრავალი ფენით შემოგარსულ ფარი და ისეთი უზარმაზარი შუბი, რომელსაც ძლევამოსილ ჰერაკლეს გარდა ვერც ერთი გმირი ვერ გამოიყენებდა. მრისხანე აიეტს სასახლის ეზოში ფეხმარდი ცხენებით შებმულ ეტლზე ელოდებოდა მისი ძე ფაეთონი (აფსირტე). აიეტი ეტლში ჩაჯდა, სადავეები ხელთ აიღო და ქალაქიდან ფართო შარაზე გავიდა, რათა იაზონის მიერ მძიმე დავალების შესრულებას დასწრებოდა. მეფე აიეტს უკან ურიცხვი ხალხი გამოედევნა. კოლხთა ძლევამოსილი წინამძღოლი ისე მიჰქროდა თავისი ეტლით არესის ველისაკენ, ვით ყოვლისშემძლე პოსეიდონი მიჰქრის ხოლმე ღვთაებრივი ეტლით სხვადასხვა ადგილებისაკენ: ისთმის შეჯიბრზე თუ ტენარეში, ლერნეს ტბისაკენ ან ჰიანტიოსის ონქესტეს წმინდა ჭალაკში, კალავრიისაკენ, ჰემონიის კლდის მიმართულებით და ტყით დაფარულ გერესტეში.
ამასობაში მედეას მიერ შეგონებულმა იაზონმა სასწაულმოქმედი ჯადო დაასველა და წასცხო ფარს, გამგმირავ შუბს და მახვილს. სმენად ქცეული მეგობრები იაზონს გარს შემოერტყნენ და მის შუბს გამოსაცდელად საკუთარი მახვილები დაჰკრეს, მაგრამ ამაოდ, ვაჟკაცებმა ოდნავადაც ვერ გაღუნეს იაზონის მოჯადოებული შუბი. აფარეს ძე იდასი საშინლად გაბრაზდა არგონავტებზე, მყისვე იშიშვლა მახვილი და იაზონის შუბის წვერს ღონივრად დაჰკრა, მაგრამ მისი მახვილი ისე შეხტა, ვით გრდემლიდან ასხლეტილი ჩაქუჩი. ვაჟკაცებს ეს გაუხარდათ და გულში იაზონის გამარჯვების იმედი გაუორკეცდათ. იარაღის მომზადების შემდეგ იაზონმა სხეული დაიზილა. არგონავტების წინამძღოლს უეცრივ ენითუთქმელი მამაცობა და ზარდამცემი ძალა შთაესახა. ხელები არაჩვეულებრივად გაუმაგრდა და მათში უზომო ძალა იგრძნო. ვით ბრძოლის ველზე წასასვლელად გამზადებული მერანი ჭიხვინებს, მიწას ტორებს სცემს, ყურებს სცქვეტს და თავს ამაყად სწევს, ისე იაზონი ამაყობდა უსაზღვრო ძლიერებით, სახსრებში რომ ჰქონდა შემატებული, და მოუთმენლად მოელოდა ცეცხლისმფრქვეველ ხარებთან შებმას. ძლევამოსილი გმირი მტკიცედ ადგამდა ფეხს, წინ და უკან მოძრაობდა და ხელში ფარს და სპილენძის შუბს მძლავრად არხევდა. იაზონის იარაღი ისე ელვარებდა, ვით ქარიშხლის დროს შავი ღრუბლებიდან ჩამოშვებული მეხი ელვარებს ხოლმე და მზადაა თავის ძალას წარღვნასავით წვიმაც მოაყოლოს.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |