| | |
არგონავტები დიდხანს აღარ შეყოვნებულა, ხომალდზე ავიდნენ, ხოფებთან განლაგდნენ და არესის ველისაკენ გასცურეს. არესის ველი ქალაქის პირისპირ მდებარეობდა და მდინარის ნაპირს ოდნავ იყო მოშორებული. არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ ხოლმე. არგონავტებმა ხომალდიდან მრისხანე აიეტი და კოლხეთის მცხოვრებლები დაინახეს. კოლხები კავკასიონის მთის ფერდობზე ჩამწკრივებულიყვნენ, აიეტი კი მდინარის ნაპირზე სეირნობდა. არგონავტებმა ხომალდის ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს. იაზონმა მოსასხამი მოიძრო, მახვილი შემოიკრა, ცალ ხელში შუბი და ფარი დაიჭირა, ცალში – გველეშაპის ბასრი კბილებით სავსე სპილენძის მოელვარე მუზარადი, ხომალდიდან ჩამოხტა და დავალების აღსასრულებლად გაემართა. გაშიშვლებული იაზონი ნაწილობრივ ყოვლისშემძლე არესს ჰგავდა, ნაწილობრივ კი – ოქროსმშვილდოსან აპოლონს. ძლევამოსილმა გმირმა ველი მოათვალიერა და მის წინ დაინახა სპილენძის უღელი, სახნის-საკვეთი და მტკიცე ფოლადისაგან გაჭედილი გუთანი. იაზონი გუთანს მიუახლოვდა, უზარმაზარი შუბი წვერით მიწაში ჩაარჭო, მუზარადი დაბლა ჩამოიღო, ფარი აიფარა და სპილენძისჩლიქებიან ხარებს დაუწყო ძებნა. მათ მიწის გულში ჰქონდათ გამართული მუდამ სქელ კვამლში გახვეული ბოსელი. უეცრივ ამოიჭრნენ აქედან გააფთრებული ხარები, რომლებიც ხახიდან საზარელ ალს უშვებდნენ. არგონავტები შიშის ზარმა აიტანა, როცა ეს ზარდამცემი ცხოველები დაინახეს. ფარაფარებული იაზონი კი მტკიცედ იდგა და ხარების მოახლოვებას ელოდა ისე, ვით ზღვაში ჩაყუდებული სალი კლდე ელის ხოლმე ქარიშხლით აბობოქრებულ ტალღების შეხეთქებას. ხარებმა საზარელი ღმუილით დაატაკეს ძლიერი რქები იაზონის ფარს, მაგრამ ძლევამოსილი გმირი ოდნავადაც ვერ შეანძრიეს ადგილიდან. ვით სამჭედლოს ღუმელში ნაკვერცხლის გასაჩაღებლად ტყავის უზარმაზარი საბერველი ქშინავს ხოლმე წყვეტილ-წყვეტილად და შემაძრწუნებელ ხმაურს აყენებს, ისე ველური ხარები ქშინავდნენ, ხახიდან ალს უშვებდნენ და თავზარდამცემად ღმუოდნენ. სახელოვანი იაზონი ცეცხლის ალში გაეხვია, მაგრამ მედეას ჯადომ იხსნა იგი. მან მარჯვენა ხელი სტაცა რქაში ერთ ხარს და სპილენძის უღელთან მისაყვანადმთელი ღონით დაითრო. იაზონმა გააფთრებულ ხარს სპილენძის ფეხზე ფეხი დაჰკრა და მიწაზე წამოაჩოქა მეორე ხარიც, მისკენ რომ გაშმაგებით მოისწრაფოდა, გმირმა ამრიგად დაიმორჩილა და ერთი დარტყმით წამოაჩოქა. იაზონმა ვეებერთელა ფარი მყისვე მიწაზე დააგდო და სავსებით ალში გახვეული ვაჟკაცი წინა ფეხებზე დაცემულ ხარებს ჩაეჭიდა. აიეტი განცვიფრებით შესცქეროდა ძლევამოსილი გმირის მოქმედებას. ამასობაში ტინდარიდებმა (ეს მათ წინასწარ ჰქონდათ ნაბრძანები) იაზონს უღელი მიაწოდეს. მან იგი მოხერხებულად დაადო გაშმაგებულ ხარებს კისერზე და უღელს რგოლებით სპილენძის ხელნა მიაბა. ტინდარიდები კი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს განშორდნენ და ხომალდისაკენ გაბრუნდნენ. იაზონმა ფარი ზურგზე მოიგდო, ბასრი კბილებით სავსე მუზარადი და უზარმაზარი შუბიც აიღო. შემდეგ ცალი ხელი სამართავად გუთნის სახელურს სტაცა და ხარებს შუბი დაარტყა ისე, ვით თესალიელი გლეხი ურტყამს ხოლმე ფერდებში თავის საქონელს პელაზგურ წვეტიან ჯოხს. გაბოროტებული ხარები საშინლად ბრაზდებოდნენ, ხახიდან ცეცხლის ფრქვევას უმატებდნენ და ისე ზარდამცემად ზმუოდნენ, ვით მძლავრი ქარი ზმუის, რომლისაც მეზღვაურებს ეშინიათ და იძულებული არიან ხომალდს იალქანი ჩამოხსნან. იაზონმა შუბი კვლავ დაჰკრა ხარებს და აიძულა გუთანი გაეწიათ. პირქუში მიწა ვეღარ გაუმკლავდა მათ ძალას. ფოლადის გუთანი ღრმად აბრუნებდა ვეებერთელა ბელტებს. იაზონი მტკიცე ნაბიჯით მიჰყვებოდა ხარებს, ღრმად მოხნულ კვლებში განუწყვეტლივ ჰყრიდა გველეშაპის კბილებს და უკან-უკან იხედებოდა, მრისხანე გოლიათები ხომ არ ამოსულანო და თავდასხმა არ მომასწრონო. ცეცხლისმფრქვეველი ხარები კი სავსებით მოთვინიერდნენ, სპილენძის ჩლიქებს მტკიცედ აყრდნობდნენ მიწას და არესის ველის მოხვნას აგრძელებდნენ.
განთიადიდან მოყოლებული დღის ორმა მესამედმა გაიარა. დადგა ის ჟამი, როცა დაქანცული მიწის მუშაკები დასასვენებლად მიდიან ხოლმე. ძლევამოსილმა იაზონმაც დაამთავრა ოთხი დღიური ხოდაბუნის დახვნა, ხარები გამოხსნა და მიწისქვეშა ბოსლისაკენ გარეკა. შემდეგ კი ხომალდისაკენ გაემართა, ვინაიდან დახნულ კვლებიდან ჯერ კიდევ არ აღმოცენებულიყვნენ შეჭურვილი გოლიათები. ძლევამოსილ წინამძღოლს არგონავტები გარშემოერტყნენ და გამხნევება დაუწყეს. იაზონმა მდინარიდან მუზარადით წყალი ამოიღო და წყურვილი მოიკლა. შემდეგ იქვე ჩამოჯდა და სხეულში კვლავ უსაზღვრო ძალა იგრძნო. იგი მოუთმენლად მოელოდა ბრძოლას და კბილებს ილესავდა, ვით გაცოფებული ტახი ილესავს ხოლმე კბილებს მონადირეებზე და საზარელი ხახიდან ამოხეთქილ დორბლს მიწაზე ანთხევს.
სანამ სახელოვანი იაზონი მეგობრებით გარშემორტყმული ისვენებდა, მოხნულ კვლებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან უკვე იწყეს აღმოცენება დედამიწის გოლიათმა შვილებმა. თავზარდამცემ ღმერთ არესის ველი უზარმაზარი ფარებით, მახვილი შუბებით და მბრწყინავი მუზარადებით მოიფინა. გოლიათების იარაღის ელვარება ოლიმპომდე აღწევდა. ვით ზამთრის ღამეში აციმციმდებიან ხოლმე ვარსკვლავები და თვალისმომკვეთ ბრწყინვას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც სქელი ღრუბლები დაიცლება და თოვლად იქცევა, ისე მიწის გულიდან აღმოცენებული გოლიათები იწყებდნენ ბრწყინვას. ძლევამოსილ იაზონს მყისვე მოაგონდა მშვენიერი მედეას მიერ შეგონებული ხერხი. იგი ადგილიდან წამოიჭრა, ველზე მდებარე უზარმაზარი ქვა, ენიალიოსი არესის საზარელი დისკო (მას ოთხი ახალგაზრდა ვაჟკაციც კი ვერ დასძრავდა მიწიდან) აიტაცა და შეჭურვილ გოლიათთა რიგებში გადაისროლა, თვითონ კი ფარი აიფარა და მშვიდად ჩამოჯდა მიწაზე. ამის დანახვაზე კოლხებმა ისეთი ღრიანცელი მორთეს, ასე გეგონებოდათ, ზღვის ზვირთები ეხეთქებაო პირქუშ კლდეებს. იაზონის მიერ ვეებერთელა ქვის გადატყორცნამ აიეტი განცვიფრებაში მოიყვანა. იაზონის გადასროლილი ქვის ირგვლივ ისე დაეხვივნენ ერთმანეთს გოლიათები, ვით ფეხმარდი ძაღლები დაეხვევიან ხოლმე ერთმანეთს. დევგმირებმა საშინელი ღრიალი ასტეხეს. შეჭურვილი გოლიათები საკუთარ შუბებზე ეგებოდნენ და ქარით მოხეთქილ ფიჭვისა და მუხის ხეების მსგავსად ასკდებოდნენ დედამიწას რომელმაც ისინი წარმოშვა. ვით კაშკაშა ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე ზეცას და წყვდიად ეთერში მთელი სისწრაფით მოქანავე მბრწყინავ კვალს სტოვებს, რაც ესოდენ აშფოთებს მოკვდავთ, ისე იაზონი მოწყდა ადგილიდან და გოლიათების რიგებს შეუპოვრად ეკვეთა. ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მახვილი იშიშვლა და დაუნდობლად დაიწყო დევგმირების ცელვა. ურტყამდა იგი მათ, რომლებიც ჯერ მხოლოდ წელამდე ამოზიდულიყვნენ მიწიდან, იმათაც – მუხლებამდე რომ იყვნენ ამოსულნი, იმათაც ეხლახან რომ დამდგარიყვნენ ფეხზე და იმათაც, რომლებიც უკვე ბრძოლისაკენ ისწრაფოდნენ. როგორც საზღვრებზე ატეხილი ომით შეშინებული გლეხი აღარ ელოდება შუაზაფხულს, რომ მზის სხივებმა თავთავი ჩაახშოს და ალესილი მოხრილი ნამგლით ხელში ჯერ კიდევ უმწიფარ პურს სჭრის, რათა მტერმა არ მოასწროს ეს, ისე იაზონი სცელავდა გოლიათებს და მათი სისხლით მოხნულ კვლებს ავსებდა. დახოცილი დევგმირები ზღვის ნაპირზე გამორიყულ ვეშაპებივით ეყარნენ არესის ველზე. ზოგი თავდაყირა ეგდო და პირქუშ ბელტებში კბილები ჩაერჭო, ზოგი ზურგზე წაქცეულიყო და ზოგიც – გვერდზე. ბევრი მათგანი მანამ იქნა განადგურებული, სანამ მიწიდან მთლიანად ამოვიდოდა და გასისხლიანებული თავიძირს ჩაექინდრა. ვით მებაღეს შემოაწვება ხოლმე მძიმე სევდა და დარდი, როცა მის ნაამაგარ ნორჩ ხეხილებს ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა დაზნექს და ძირებს გადაუმტვრევს, ისე მეფე აიეტს შემოაწვა მძიმე სევდა. იგი თავის კოლხებთან ერთად ქალაქში გაბრუნდა და ფიქრობდა, როგორ ეძია იაზონზე შური. არგონავტების წინამძღოლმა ამრიგად დღის დასასრულისათვის მასზე დაკისრებული დავალება ბოლომდე შეასრულა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |