A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – I

ბერძნ.

ქალღმერთო მუზავ, ზევსის ასულო, ისევ შენ მიამბე, თუ რა გარდახდა თავს კოლხეთელ ქალწულს და რა გადასწყვიტა მან! რაც შემეხება მე, არ ვიცი, მისი სამწუხარო ხვედრის შესახებ მოვყვე თუ იმის შესახებ, კოლხთა ტომები რომ მიატოვა და გაიქცა!

მძიმე დავალების ასე ადვილად შესრულების გამო განრისხებული აიეტი ხალხის რჩეულ პირებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში აწყობდა სასახლეში გეგმებს, თუ როგორ უნდა დაეღუპა არგონავტები. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ იაზონმა არესის ველზე გამარჯვება მისი ქალიშვილების წყალობით მოიპოვა. საბრალო მედეას იმ ღამეს მეტად მძიმე შიში შთაუსახა გულში ქალღმერთმა ჰერამ და ქალწული ისე აკანკალდა, ვით ნაზი ფურირემი აკანკალდება ხოლმე შიშისაგან უღრანი ტყის სიღრმეში, როცა მის ყურამდე ძაღლების ზარდამცემი ყეფა მიაღწევს. მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ იაზონისადმი გაწეული დახმარება არ დაიფარებოდა და თავს სასტიკად დაატყდებოდა მამის რისხვა. მას ეშინოდა მხევალი ქალების, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ. მედეას თვალები ცეცხლით აევსო და ყურებმა საშინლად დაუწყეს წუილი. იგი ყელს იხოკავდა, თავიდან თმებს იგლეჯდა და გულგამგმირავად კვნესოდა. მოსალოდნელი უბედურებით შეწუხებულმა ასულმა საწამლავის დალევაც კი სცადა და ბედით დანიშნული სიკვდილის გარეშე დაიღუპებოდა, რომ ქალღმერთ ჰერას თავისი გეგმების განსახორციელებლად უეცრივ არ შეეგონებინა მისთვის ფრიქსეს ვაჟებთან ერთად ელადაში გაქცევის აზრი. მედეას მყისვე გაუმაგრდა ათრთოლებული გული. მან აკოცა თავის საწოლს, კედლებს, ჩაეხვია კარებს და შემდეგ გრძელი კულული მოიგლიჯა, რათა თავისი სიქალწულის სახსოვრად დედისათვის დაეტოვებინა. „დედაჩემო! – წამოიძახა მწუხარე ხმით მედეამ, – გრძელ კულულს ჩემს მოსაგონებლად გიტოვებ და შორს მივდივარ. მშვიდობით იყავ და ნუ დამივიწყებ!.. მშვიდობით შენც, ქალკიოპე.. მშვიდობით, მთელო სასახლევ!.. ოჰ, უცხოელო, ნეტავი ზღვას ჩაეღუპე, სანამ კოლხეთის მიწას მოადგებოდი!“ საბრალო მედეას ამ სიტყვებზე ცხარე ცრემლები წასკდა ვით სამშობლოდან თვალბედითი ხვედრის მიერ გამოტაცებული ტყვექალი გამოვარდება ხოლმე მდიდრულ სასახლიდან, რადგანაც ვერ მიჩვევია უბედურებას, მონურ საქმეს და ქალბატონის მძიმე ხელებს, ისე მშვენიერი მედეა გამოვარდა თავისი ოთახიდან. მისი მარდი ჯადოქრობის წყალობით სასახლის ყველა კარს საკეტი ასხლტდა და თავისთავად გაიღო. ფეხშიშველმა მედეამ მარცხენა ხელით წამოსასხამი მოიხვია სახეზე, მარჯვენათი ქიტონის კიდეები აიწია და არჩია ვიწრო ქუჩით გასულიყო ქალაქიდან. შეშინებული ქალწული ისე სწრაფად მირბოდა დიდი ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, რომ ვერც ერთმა დარაჯმა ვერ შენიშნა. გრძნეულმა ასულმა ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა იცოდა. იგი მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად გვამებსა და წამლისათვის გამოსადეგ მცენარეთა ირგვლივ ხეტიალს და ახლაც შეუცთომლად მიისწრაფოდა მდინარის ნაპირისაკენ, სადაც არგონავტების ხომალდი იდგა.

ცის ტატნობზე უკვე ტიტანური მოდგმის ქალღმერთი მთვარე ამოდიოდა. როცა მან მღელვარებით მიმავალი მედეა დაინახა, უზომოდ გაუხარდა და თავისთვის ასე ჩაილაპარაკა: „მარტო მე არ ვყოფილვარ სიყვარულით გატაცებული. მარტო მე არ ჩავდივარ ხოლმე ლამაზი ენდომიონის სიყვარულით დატანჯული ლატმოსის გამოქვაბულში. ცბიერო ასულო! შენ ხშირად მომაგონებდი ხოლმე სიყვარულს და მაიძულებდი ზეციდან ლატმოსს ჩავსულიყავი, რათა შენთვის სანუკვარ საქმეს შესდგომოდი და წყვდიადით მოცულ ღამეში მშვიდად გემზადებინა ჯადოსნური წამლები. ახლა კი შენც გხვდა წილად მსგავსი უბედურება. სიყვარულის სასტიკ ღვთაებას იაზონი შენს მტანჯველად გადაუქცევია. წადი ახლა და ნახე, თუ ვით გიშველის ჯადოქრობა სიყვარულით გამოწვეული მწველი სევდის განქარვებაში!“

მედეამ ამასობაში მდინარის ნაპირს მიაღწია და მეორე მხარეს აგიზგიზებული ცეცხლი დაინახა. სასტიკი დავალების შესრულებით გახარებულ არგონავტებს კოცონი აენთოთ და გარს შემოსხდომოდნენ. მედეამ გამკვეთი ხმით დაუძახა ფრიქსეს ყველაზე უმცროსს ვაჟს – ფრონტისს. ფრონტისმა, მისმა ძმებმა და იაზონმა მყისვე შეიცნეს მედეას ხმა და არგონავტებს აცნობეს, რომლებიც ძალზე გააკვირვა ამ ამბავმა. სამგზის დაიძახა მედეამ და სამგზისვე უპასუხა თავის მხრივ ლაშქრის მიერ გამხნევებულმა ფრონტისმა. ვაჟკაცები მყისვე ავიდნენ ხომალდზე, მძლავრ ხოფებს მოუსვეს და მეორე ნაპირზე მიცურდნენ. მათ ბაგირების დამაგრებაც ვერ მოასწრეს, რომ იაზონი მარდი ფეხებით გადმოხტა სანიჩბედან ხმელეთზე. მას ფრიქსეს ორი ვაჟი, ფრონტისი და არგოსიც მიჰყვა. საბრალო მედეა ორივე ხელებით შემოეხვია მუხლებზე მათ და უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო! დამიხსენით მე უბედური და ფქვენი თავიც დაიხსენით აიეტის მრისხანებისაგან. ყველაფერი გამომჟღავნდა და საშველი აღარა მაქვს! ახლავე გავიქცეთ ხომალდით, სანამ აიეტი თავის მარდ ცხენებს ეტლში შეაბმევინებდეს! მე არესის ჭალაკში მოდარაჯე გველეშაპს დავაძინებ და ოქროს საწმისს დაუყოვნებლივ ჩაგაბარებთ. შენ კი, უცხოელო, – მიმართა მედეამ იაზონს, მეგობრების წინაშე შემომფიცე, რომ შემისრულებ ყველა მოცემულ პირობას, რომელთა მოწმე ღმერთები არიან, რომ შენ უპატრონოდ შორეულ ქვეყანაში გამგზავრებულ მედეას არ მოაკლებ ზრუნვას და დაიცავ სირცხვილისგან! ძლევამოსილ იაზონს უზომოდ გაუხარდა მედეას სიტყვების მოსმენა. მან მყისვე წამოაყენა მუხლმოყრილი ქალწული, მოეხვია და ასე გაამხნევა: „ძვირფასო მედეა, ვფიცავ ოლიმპიელ ზევსს, ვფიცავ მის მეუღლეს, ქორწინების მფარველ ქალღმერთ ჰერას, რომ თუ ოდესმე ელადას მიწას მივაღწიე, ჩემს სახლში შეგიყვან, როგორც კანონიერ მეუღლეს“. ასე სთქვა იაზონმა და ფიცის დასადასტურებლად მარჯვენა ხელი ქალწულს ხელში ჩაუდო.

მშვენიერმა მედეამ ვაჟკაცებს უბრძანა, მალი ხომალდი წმინდა ჭალაკისაკენ გაეცურებინათ და ოქროს საწმისი აიეტისაგან ფარულად გათენებამდე მოეტაცათ. არგონავტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყეს და სიტყვა საქმედ აქციეს. მედეა ხმელეთიდან აიტაცეს, ხოფებს მძლავრად დააწვნენ და ხომალდი არესის ჭალაკისაკენ გააქანეს მწუხარებით აღსავსე მედეა ხმელეთისაკენ შემობრუნებულიყო, ხელები იქეთ გაეშვირა და მშობლიურ ადგილებს გასცქეროდა. საბრალო ქალწულს იაზონი ტკბილი სიტყვით ამხნევებდა და მისი სევდის განქარვებას ცდილობდა.

აი იმ დროს, როცა მონადირეები თვალთაგან ძილს იშორებენ, რათა მათ განთიადის შუქმა არ დაასწროს და ნათელი სხივებით ნადირთა კვალი არ მოსპოს, იაზონი და მედეა ხომალდიდან ამწვანებულ ველზე ჩამოვიდნენ. ამ ადგილს დღესაც ვერძის განსასვენებელს უწოდებენ, რადგანაც ოქროს ვერძმა, ელადიდან რომ ზურგით ათამასის ძე (ფრიქსე) მოყავდა, პირველად აქ დახარა დაღლილი მუხლები. აქვე მოსჩანდა გაჭვარტლული საძირკველი იმ საკურთხევლის, რომელიც ეოლიდმა ფრიქსემ ლტოლვილთა მფარველ ზევსს აუგო და ღმერთ ჰერმესის ალერსიანი რჩევით ოქროს ვერძიც მსხვერპლად შესწირა. გონიერი არგოსის მითითებით იაზონი და მედეა პატარა ბილიკით წმინდა ჭალაკში მივიდნენ და იმ ძველი მუხის ძებნა დაიწყეს, რომელზედაც ოქროს საწმისი იყო ჩამოკიდებული. მათ იგი მალევე იპოვეს და იხილეს სანუკვარი საწმისი, აღმომავალი მზის სხივებით ათასფრად აელვარებულ ღრუბელს რომ ჰგავდა. როცა იაზონსა და მედეას საზარელმა გველეშაპმა მარად ფხიზელი თვალი მოჰკრა, კისერი წააგრძელა და შემაძრწუნებლად დაიწყო შხივილი. გველეშაპის საზარელ შხივილს მდინარის ნაპირებმა და ფართოდ გადაშლილმა ჭალაკმა გამოსცეს ხმა. იგი გაიგონეს იმათაც, რომლებიც კოლხეთის ქვეყანაში ტიტანურ ეადან მოშორებით ცხოვრობენ ლიკეს შესართავთან. ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება. გველეშაპის ზარდამცემი შხივილით შეშინებულმა მეძუძურმა დედებმაც გამოიღვიძეს და აკანკალებული ჩვილი ბავშვები მკერდზე მიიკრეს.

ვით ცეცხლწაკიდებული ტყის თავზე აღიმართება ხოლმე სქელი კვამლის ურიცხვი გრაგნილი, ქვევიდან რომ განუწყვეტელი ბრუნვით ამოდის, ისე გველეშაპმა აღმართა გამხმარი ქერცლით მოფენილი საზიზღარი ტანი და საზარლად დაიკლაკნა. გრძნეული მედეა ურჩხულს მიუახლოვდა, მის მოსაჯადოებლად ღმერთთა შორის ყოვლისშემძლე ჰიპნოსს (ძილის ღმერთი) საამური ხმით შემწედ მოუწოდა და ღამით მოხეტიალე დედოფალს მიწისქვეშეთელ ქალღმერთ ჰეკატეს, შეევედრა საქმისათვის კეთილი დასასრული მიეცა. ჯადოქარ ქალწულს იაზონი შეშინებული მიჰყვებოდა და განცვიფრებით შესცქეროდა მის მოქმედებას. მედეას ჯადოთი მოხიბლულმა გველეშაპმა საზიზღარი ტანი შეარხია და ნაპირზე შეხეთქებულ ზღვის ტალღის მსგავსად ურიცხვ რგოლებად გაიშალა. მონუსხულმა ურჩხულმა საშიშარი თავი მაინც წამოსწია და ცდილობდა მომხდურები საზარელ ყბებში მოექცია, მაგრამ მედეამ ახლად მოჭრილ ღვიის შტოს ჯადოსნური სითხე წასცხო და ლოცვა-ლოცვით თვალებზე მიასხურა. წამლის სუნმა გველეშაპს ძლიერი ძილი მოჰგვარა, საზიზღარი თავი მიწაზე ჩამოუვარდა და მისი დაკლაკნილი უზარმაზარი სხეული ხეხილით დაბურულ ჭალაკს გადაეფარა. მაშინ მედეას მიერ წაქეზებულმა იაზონმა, სანამ ქალწული ურჩხულთან იდგა და განუწყვეტლივ ასხურებდა თავზე ჯადოს, მუხიდან ოქროს საწმისი ჩამოიღო, მედეას ხელი ჩაჰკიდა და არესის დაჩრდილული ჭალაკი დასტოვა.

 
ძველებს სწამდათ, რომ ჯადოქრებს ციდან მთვარის ჩამოყვანა შეეძლოთ
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9