A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – II

ბერძნ.

ვით გოგონას უხარია ხოლმე, როცა ოთახში შემოჭრილ სავსე მთვარის შუქს თავის ნაზ კაბას მიუშვერს და აღტაცებით შესცქერის მის ელვარებას, ისე იაზონს უხაროდა, სანუკვარი საგანი რომ იგდო ხელთ და ოქროს საწმისს აღტაცებით სწევდა ზევით. ცეცხლივით მოელვარე ოქროს საწმისის შუქი იაზონის ლამაზ პირისახეს უხვად ეფინებოდა. იგი იმოდენა იყო, რამოდენაც ერთი წლის ხბოს ან ირმის ტყავია, რომელსაც მონადირეები აქეინურს ეძახიან. მატყლით მოფენილი საწმისი საკმაოდ მძიმე იყო და ხომალდისაკენ მიმავალ იაზონსა და მედეას ჩირაღდანივით უნათებდა გზას. აღტაცებით მიდიოდა იაზონი და მარცხენა მხარზე გადაგდებულ საწმისს ხან ფეხებამდე ჩამოუშვებდა, ხან კი ისევ ზევით აიტაცებდა. მას ეშინოდა კიდეც ვინმე კაცთაგანი ან ღმერთთაგანი არ დასხმოდა თავს და ძვირფასი საწმისი არ წაერთმია. განთიადმა უკვე დაადგა თავისი ნათელი დედამიწას, როცა იაზონი და მედეა ხომალდთან მივიდნენ. ხომალდზე მყოფი ვაჟკაცები გაკვირვებით შეჰყურებდნენ ყოვლისშემძლე ზევსის ელვის მსგავსად მბრწყინავ დიდ საწმისს და ყოველი მათგანი ცდილობდა საკუთარ ხელში მოექცია იგი და კარგად დაეთვალიერებინა. მაგრამ იაზონმა ოქროს საწმისი ნაზ მოსასხამში გაახვია, კიჩოზე დასდო, ზევიდან მედეა დასვა და არგონავტებს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, აწ კი ნუღარ დააყოვნებთ სამშობლოში გამგზავრებას! ამ ქალწულის დახმარებით უკვე ადვილად აღსრულდა ის საქმე, რომლის გამოც ესოდენ მმიმე ნაოსნობა გადავიტანეთ და რომლისაკენაც დიდი გაჭირვებით მოვილტვოდით. ჩვენს მოამაგე მედეას, ვინაიდან ეს მასაც სურს, მე კანონიერ მეუღლედ წავიყვან სახლში. თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, მთელ ელადასთან ერთად მფარველობა უნდა გაუწიოთ ამ დიდად მოამაგე ასულს! ღრმად დარწმუნებული ვარ, მრისხანე აიეტი თავის ლაშქრით დაგვედევნება და ეცდება მდინარიდან ზღვაში გასვლა არ დაგვანებოს. ამიტომ ნაწილმა თქვენგანმა მძლავრად მოუსვას ხოფებს, დანარჩენებმა კი ფარები დაიკავეთ და მტრის დარტყმას გაუმკლავდით. სამშობლოში დაბრუნების საქმე სავსებით ჩვენს ხელთაა! ჩვენი საყვარელი მამულის, ჩვენი სათაყვანო მშობლების და ბავშვების ყურადღება ჩვენსკენაა მოპყრობილი! მთელი ელადა ჩვენს მოქმედებას ემყარება და თავის დიდებას თუ შერცხვენას ჩვენგან მოელის!“ იაზონის სიტყვებზე არგონავტებმა გამამხნევებელი ყიჟინი მორთეს. არგონავტების წინამძღოლმა საომარი იარაღი აისხა, ქარქაშიდან მახვილი იშიშვლა და ბაგირი, რითაც ხომალდი ნაპირზე იყო დამაგრებული, სწრაფად გადაჭრა. შეიარაღებული იაზონი მედეას და მესაჭე ანკევსის მახლობლად ჩამოჯდა, არგონავტებმა კი მთელი ძალ-ღონით მოუსვეს ხოფებს და ჩქარობდნენ სწრაფად გასულიყვნენ მდინარიდან, რათა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეეცურებინათ

როცა მედეას სიყვარულის და ბოროტმოქმედების ამბავი გაიგეს, მრისხანე აიეტის ქვეშევრდომმა კოლხებმა იარაღი აისხეს და მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი იმდენი იყვნენ, რამდენ ტალღასაც ზამთრის ქარი ააგორებს ზღვაზე ან რამდენი ფოთოლიც დასცვივა ხეებს ფოთოლთცვენის თვეში. ცოტა ხნის შემდეგ ყვირილით და მუქარით მოედვნენ კოლხები მდინარის ნაპირებს მეფე აიეტის წინამძღოლობით. იგი ლამაზად მორთულ ეტლში იჯდა, რომელშიაც ქარის ქროლაზე უფრო სწრაფი რაშები იყო შებმული. ეს რაშები აიეტს ჰელიოსმა უბოძა. ძლევამოსილ მეფეს მარცხენა ხელში მრგვალი ფარი ეპყრა, მარჯვენაში ანთებული ჩირაღდანი, გვერდით კი უზარმაზარი შუბი მოედვა. ეტლის სადავეები მის ვაჟს აფსირტეს ეკავა და ფეხმარდ რაშებს ზღვის მიმართულებით მიაქროლებდა.

ამასობაში არგონავტებს ზღვაში გასვლა მოესწროთ და მათი ხომალდი მთელი სისწრაფით მიაპობდა ტალღებს. აიეტმა რომ ეს დაინახა, ხელები ზეცისაკენ აღაპყრო და მწუხარე ხმით ბოროტ საქმეთა მოწმედ დიდებულ ჰელიოსს და ყოვლისშემძლე ზევსს მოუწოდა. მერე კოლხებს თავი მოუყარა და სასტიკად დაემუქრა: თუ ისინი გინდ ხმელეთზე, გინდ ზღვის ტალღებზე მიმავალ ხომალდზე არ შეიპყრობდნენ მედეას, არ მიუყვანდნენ მას და არ დააკმაყოფილებდნენ მის გაშმაგებულ სურვილს შურისძიებისათვის, მაშინ ყველაფერს ისინი ზღვავდნენ საკუთარი თავით და მთელი რისხვა სასჯელი მათ დაატყდებოდათ. შეშინებულმა კოლხებმა მყისვე მოამზადეს ხომალდები, იალქნები ააფრიალეს და იმავე დღესვე შესცურეს ზღვაში. კაცი იტყოდა, რომ ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო.

ყოვლისშემძლე ქალღმერთმა ჰერამ, რომელსაც სურდა კოლხეთელი მედეა ჩქარა მისულიყო პელაზგურ მხარეში (თესალიაში) თავხედი მეფის პელიასის დასაღუპავად, ზღვაზე კეთილი ქარი დააქროლა და არგონავტებს საშუალება მისცა მესამე დღის გარიჟრაჟზე პაფლაგონელთა ქვეყნის ნაპირზე, მდინარე ჰალისის შესართავთან მიცურებულიყვნენ. ზღვის ნაპირზე გადმოსულ არგონავტებს მედეამ ურჩია ქალღმერთ ჰეკატესათვის მსხვერპლი შეეწირათ და ამით მადლობა გაგადაეხადათ. რაც მაშინ ქალწულმა მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად მოაწყო, არავინ არ უნდა იცოდეს და მეც არ მაძლევს თავი ნებას ამის შესახებ რამე ვთქვა, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი ჩემში შიშს იწვევს. ის საკურთხეველი, არგონავტებმა რომ იმჟამად ქალღმერთ ჰეკატეს აუგეს, დღესაც კი მოჩანს ამ ადგილებში.

აქ, პაფლაგონიაში, იაზონს და სხვა ვაჟკაცებსაც მოაგონდათ მისანი ფინევსი, რომელმაც მათ ურჩია ეადან უკან ლაშქრობის ჟამს სხვა გზა აერჩიათ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომელი უნდა ყოფილიყო ეს სხვა, სანაოსნოდ ვარგისი გზა. მაშინ გონიერმა არგოსმა არგონავტებს უთხრა: „ჩვენ შეგვიძლია ელადაში სხვა გზით დავბრუნდეთ და ავასრულოთ რჩევა იმ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის, რომელიც თქვენ ეასაკენ ლაშქრობის ჟამს შეგხვედრიათ. არის ერთი სხვა გზა, რომელიც ტრიტონურ თებესაგან (ეგვიპტის თებე) წარმოშობილ უკვდავი ღმერთების ქურუმთა მიერ იქნა ნაჩვენები.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9