A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – III

ბერძნ.

იყო დრო, როცა ის ვარსკვლავები, ზეცაზე რომ ციმციმებენ, არ არსებობდნენ; არც დანაეს წმინდა მოდგმის სახსენებელი იყო და არც ბრწყინვალე დევკალიდებისაგან იმართებოდა პელაზგური ქვეყანა. მაშინ საბერძნეთში მხოლოდ აპიდანელი არკადიელები იყვნენ. ამბობენ, რომ ეს არკადიელები მთვარის დაბადებაზე ადრე ცხოვრობდნენ, მთებში დახეტიალობდნენ და რკოთი იკვებებოდნენ. ამ დროში განთქმული იყო შავი ყანებით მდიდარი, უძველეს თაობათა დედა ეგვიპტე და ტრიტონის დიადი მდინარე (ნილოსი), რომლითაც ეგვიპტის ნოყიერი მიწა ირწყვებოდა. ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა არასოდეს არ ასველებდა ამ მხარეს და წყალდიდობის წყალობითაც საკმაოდ ნოყიერდებოდა შავი ხოდაბუნები. ამბობენ, რომ აქედან გამგზავრებულმა ერთმა ვინმემ, დანდობილმა თავისი ხალხის ძალღონეზე და მამაცობაზე, მთელს ევროპასა და აზიას გარს შემოუარა. თავისი ლაშქრობის დროს მან უმრავი ქალაქი დააარსა. მათ შორის იყო ქალაქი ეაც. ამ ქალაქთაგან ზოგი დღესაც არსებობს, ზოგი კი – არა. მას შემდეგ ხომ მრავალმა საუკუნემ გაიარა. ამ კაცის მიერ დაარსებული ეა ახლაც კი მტკიცედ დგას და აქ ცხოვრობენ იმ ხალხის ჩამომავალნი, ვინც მან ეაში საცხოვრებლად დაასახლა. მათ შენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დანაწერი კირბები, სადაც წყლისა და ხმელეთის ყველა საზღვარია მოგზაურებისათვის ნაჩვენები.

არის ერთი მდინარე. იგი ოკეანეს უკიდურესი ტოტია და იმდენად ფართო და ღრმაა, რომ თვით საბარგო ხომალდისათვისაც კი ვარგისია სანაოსნოდ. შორეულებისთვისაც ეს მდინარე ცნობილი იყო და მას სახელად ისტროსი (დუნაი) უწოდეს. მისი სათავე რიპაიოსის მთებიდან მოდის. იმ მთებიდან, საიდანაც ღვთაებრივი ბორეასი უბერავს. მდინარე ისტროსი, რაკი ვრცელ ველებს გადაჰკვეთს თრაკიელთა და სკვითთა საზღვრებში შემოდის. აქ იგი ორ ტოტად იყოფა. ერთ ტოტს აქ ჩვენს ზღვაში ისვრის, ხოლო მეორეს ღრმა უბეში აგზავნის. ეს უბე ტრინაკრიის ზღვის ნაწილია. იგი ელადას ემიჯნება და მას თქვენი მდინარე აქელოიოსი ერთვის“. დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, ქალღმერთმა ჰერამ არგონავტებს სასწაულებრივი ზეციური ნიშანი მოუვლინა, უეცრივ ცისარტყელასავით გაეკრა ცას ნათელი სხივი იმ მიმართულებით, საითკენაც არგონავტები უნდა წასულიყვნენ. განცვიფრებულმა არგონავტებმა გადასწყვიტეს, დაეჯერებინათ არგოსისათვის და ზეციური ნიშნის მიხედვით გაჰყოლოდნენ ხელსაყრელ გზას. გახარებულმა გმირებმა მარიანდინების მხარიდან მეგზურად წამოყვანილი ლიკოსის ვაჟი დასკილე ზღვის ამ ნაპირზე დატოვეს, იალქნები ააფრიალეს, ზღვაში შეცურდნენ და პაფლაგონელთა მთაგორიან ქვეყანას გაშორდნენ. კარამბისის კონცხისათვის მათ გარს აღარ შემოუვლიათ. ელვის სისწრაფით მიმავალ ხომალდს განუწყვეტლივ უწყობდა ხელს ზურგის ქარი და ცაზე გაკრული სხივი გზას უნათებდა მანამ, სანამ ხომალდმა მდინარე ისტროსის დიდ შესართავს არ შეაღწია.

არგონავტების მდევარი კოლხები ამასობაში ორ ნაწილად გაიყვნენ. კოლხთა ერთმა ნაწილმა ამაო ძებნაში ევქსინის პონტოს შესართავში აღმართული კიანეს კლდეები გადაჰკვეთა, მეორე ნაწილმა კი, რომელსაც აფსირტე მეთაურობდა, მდინარე ისტროსში შესცურა. აფსირტე მდინარეს აღმა აჰყვა, მშვენიერი შესართავი გადასცურა და ამგვარად არგონავტებს იონიის ზღვის უკიდურეს უბეში შეღწევა დაასწრო.

მდინარე ისტროსით იქმნება ერთი სამკუთხოვანი კუნძული, სახელად პევკე. ამ კუნძულს ფართო მხარე მდინარის ნაპირებისაკენ აქვს მიშვერილი, ხოლო მახვილი კუთხეები კი კალაპოტისაკენ. რაკი ისტროსი ამ კუნძულს გარს შემოუვლის, ზღვას ორი შესართავის მეშვეობით ერთვის. ერთ შესართავს ნარექსს უწოდებენ, მეორეს კი, უკიდურესს, მშვენიერ შესართავს. აფსირტე თავისი ხომალდებით უკვე მეორე შესართავში იყო, როდესაც არგონავტებმა პირველში შესცურეს და კუნძულის გარსშემოვლა დაიწყეს. იქაურმა ველურმა მწყემსებმა, როცა ხომალდები დაინახეს, იფიქრეს, ზღვის ფსკერიდან ურჩხულები ამოვიდნენო, მყისვე მიატოვეს ველებზე საძოვრად გაშვებული საქონელი და გაიქცნენ. მათ აქამდე არ ენახათ ხომალდები. არც თრაკიელებთან აღრეული სკვითები იცნობდნენ მას, არც სიგინები, არც გრავკენები და არც ლავრიონის დიდ და უდაბურ ველზე მცხოვრები სინდები.

არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან ანგურის მთა, მისგან მოშორებით მდებარე კავლიაკოსის კლდე, სადაც ისტროსი ორ ტოტად იყოფა და ლავრიონის გადაშლილ ველსაც ჩაუარეს. კოლხთა ხომალდები ამასობაში კრონოსის (ადრიატიკის) ზღვას მოედვნენ და ცდილობდნენ, არგონავტები შეეპყროთ, რომლებიც უკვე ჩამოვიდნენ მდინარიდან და ზღვაში შენავდნენ. არგონავტები ქალღმერთ არტემიდეს ორ ბრიგეიდურ კუნძულთან მიცურდნენ. ერთ კუნძულზე ქალღმერთის წმინდა ტაძარი იყო აღმართული, მეორეზე კი არგონავტები ავიდნენ, ვინაიდან აფსირტეს ლაშქარი წინ წასვლის საშუალებას აღარ იძლეოდა. მდევარმა კოლხებმა მდინარე სალანკონამდე და ნესტიელთა მხარემდე მდებარე ყველა კუნძული დაიკავეს და არგონავტებს ზღვაში გასავალი გზა მოუჭრეს. ქალღმერთ არტემიდეს პატივისცემის ნიშნად აფსირტეს ლაშქარმა ბრიგეი დური კუნძულები არგონავტების ბედზე თავისუფლად დატოვა.

მცირერიცხოვანი არგონავტები უთვალავ კოლხებთან ბრძოლაში აღარ ჩაებნენ, უაზრო დავას თავი აარიდეს და აფსირტეს ლაშქართან საზავო მოლაპარაკება გამართეს. ისინი შემდეგნაირად შეთანხმდნენ: ოქროს საწმისი, მიუხედავად მისი წამოღების საშუალებისა, აიეტის დაპირების თანახმად არგონავტებს უნდა დარჩენოდათ, ვინაიდან იაზონმა კოლხთა მეფის დავალება პირნათლად შეასრულა. მედეას შესახებ ესღა იყო სადავო, – მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანეს: იგი უნდა მოეთავსებინათ არტემიდეს ტაძარში, სანამ მახლობელი ქვეყნის მეფე არ გადასწყვეტდა მამის სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო მედეა, თუ არგონავტებს გაჰყოლოდა ელადის მხარეში.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9