| | |
საზავო ხელშეკრულების პირობები მედეას ყურამდე მივიდა. როცა ქალწულმა წარმოიდგინა, თუ რა მოელოდა მას, საშინლად შეწუხდა, იაზონი ცალკე გამოიხმო და აღელვებული ხმით უთხრა: „ეზონიდო, რა განიზრახეთ თქვენ ჩემს მიმართ? ოქროს საწმისის ხელში ჩაგდებამ ყველაფერი დაგავიწყა? განა აღარ გახსოვს, რასაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ამბობდი? სად გაჰქრა მავედრებელთა მფარველი ზევსისადმი მიცემული ფიცი? სად წავიდა შენი ტკბილი დაპირება? განა შენი გულისათვის არ მივატოვე ყველაფერი ის, რაც უძვირფასესი იყო ჩემთვის? ურცხვი სურვილით გატაცებული მოვშორდი სამშობლოს, ბრწყინვალე სასახლეს, მშობლებს და უცხო მამაკაცებთან ერთად მივცურავ ზღვაზე! განა დაგავიწყდა, რომ ჩემი დახმარებით გაიმარჯვე ცეცხლისმფრქვეველ ხარებზე და შეჭურვილ გოლიათებზე? ოქროს საწმისი, რომლის მოპოვების გამოც თქვენ ნაოსნობა დაგეკისრათ, ჩემი მოუფიქრებლობით არ იგდე ხელთ? მე ქალთა სქესისათვის საზარელი სირცხვილი დავიტეხე თავს! მე მეგონა, შენ ისე მომექცეოდი, როგორც შვილს, როგორც მეუღლეს და ვით საკუთარ დას!.. ნუ დამღუპავ, მოიღე მოწყალება და დამიცავი! ნუ დამტოვებ ობლად და ნუ ჩაუგდებ ჩემს საბრალო თავს უცხო ქვეყნის მეფეს! გაიხსენე ის ფიცი და დაპირება, მე რომ მომეცი! თუ ამას არ იზამ, მაშინ ამოიღე შენი მახვილი და თავი მომკვეთე! ამით მე წინდაუხედაობით დამსახურებულ ჯილდოს მივიღებ!.. თუ თქვენ იმ მეფეს გადამეცით, რომელმაც ჩემი ბედი უნდა გადასწყვიტოს, როგორ მოვიქცე, თუ მან ჩემს ძმას მიმაკუთვნა? როგორღა დავენახვო მამაჩემს? ის ხომ არ დამინდობს, ჩადენილი დანაშაულისათვის საშინელ სამაგიეროს გადამიხდის და სიცოცხლეს მომისპობს! მაგრამ ვერც შენ დაბრუნდები მშვიდობიანად სამშობლოში! ამის საშუალებას არ მოგცემს თვით ზევსის მეუღლე ქალღმერთი ჰერა, რომლის მფარველობითაც შენ ეგზომ ამაყობ! მძიმე გაჭირვების ჟამს კვლავ მოიგონებ მედეას, მაგრამ გვიანღა იქნება! იოლად მოპოვებული ოქროს საწმისი სიზმარივით გაგიქრება ხელიდან! შურისძიების ქალღმერთი ერინიები საკუთარ სამშობლოდან გამოგაძევებენ და ისე დაიტანჯები, ვით მე დამტანჯე შენი გამცემლობით! ჩემი სიტყვები, იცოდე, ამაოდ არ ჩაივლის! თქვენ იმ ხელშეკრულებით, კოლხებს რომ დაუდეთ, მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეთ, მაგრამ სამაგიეროც მოგეზღვებათ!“
განრისხებული მედეა მზად იყო ხომალდი დაეწვა, ყველაფერი დაეღუპა და თვითონაც აგიზგიზებულ ცეცხლში ჩავარდნილიყო. შემკრთალმა იაზონმა აღელვებულ ქალწულს ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ჩემო ძვირფასო მედეა, კოლხებთან დადებული პირობები არც მე მომწონს. ეს ხელშეკრულება ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ ბრძოლა ავიცდინოთ თავს და შევაკავოთ შენი გულისათვის შავი ღრუბლებივით მოზღვავებული მტერი. ყველას, ვინც კი ამ მხარეში სახლობს, სურს აფსირტეს დაეხმაროს, რათა მან შენ დაგატყვევოს და მამაშენთან დაგაბრუნოს. თუ ჩვენ ბრძოლისათვის ხელს გამოიღებთ იცოდე, ყველანი უწყალო სიკვდილით დავიღუპებით! განა ის უფრო საშინელი უბედურება არ იქნება, რომ ჩვენი დახოცვის შემდეგ, შენ კოლხთა ნადავლად დარჩე? ჩვენს მიერ განზრახ დადებული საზავო პირობა კოლხებს მახეს დაუგებს და შენს ძმას, აფსირტეს, დაღუპვის პირამდე მიიყვანს. წინამძღოლს აღკვეთილი კოლხები ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან დახმარებას ვეღარ მიიღებენ და ბრძოლას აღარ გაგვიმართავენ. მაგრამ თუ ისინი წინ აღუდგებიან ჩემს გამგზავრებას, მეც აღარ დავუთმობ მათ და პირისპირ შევებრძოლები“.
იაზონის სიტყვებით მოხიბლულმა ქალწულმა უეცრივ საზარელი ვერაგობა მოიფიქრა და არგონავტების წინამძღოლს უთხრა: „გამიგონე! რაკი ბევრჯერ შევცოდე და ღმერთის სურვილით მრავალი ბოროტება ჩავიდინე, მზადა ვარ ახალი ცოდვაც ვიკისრო! კოლხებთან შებრძოლებას დრომდის მოერიდე და აფსირტეს ბრწყინვალე საჩუქარი გაუგზავნე. მე ვეცდები იგი მოვიტყუო და ხელში ჩაგიგდო. მას შიკრიკებს გავუგზავნი და შევუთვლი, პირისპირ სალაპარაკოდ მეწვიოს. თუ შენ ჩემი აზრი მოგწონს, მე თანახმა ვარ დამარტოხელებული აფსირტე სიცოცხლეს გამოასალმო. მერე კი შეგიძლია კოლხებთან ბრძოლაში ჩაება“.
იაზონი და მედეა ასე შეთანხმდნენ და აიეტის ვაჟს დიდი ვერაგობა მოუწყვეს. არგონავტების წინამძღოლმა ვითომ პატივისცემის ნიშნად აფსირტეს მრავალი საჩუქარი გაუგზავნა. საჩუქართა შორის იყო ჰიპსიპილეს მიერ ნაბოძები ძოწეულის წმინდა მოსასხამი, რომელიც ქალღმერთმა ქარიტებმა (მშვენიერების სამი ქალღმერთი) დიონისეს დიას კუნძულზე (კ. ნაქსოსი) მოუქსოვეს. შემდეგში ეს მოსასხამი დიონისემ თავის ვაჟს თოასს გადასცა, თოასმა ჰიპსიპილეს დაუტოვა, ჰიპსიპილემ კი ქალღმერთების ნახელავი მოსასხამი სხვა ძვირფას საჩუქართან ერთად ეზონის სახელოვან ძეს უბოძა. ამ დიდებულ მოსასხამის ცქერით კაცი ვერ გაძღებოდა. მას ღვთაებრივი სუნი ასდიოდა იმ დროიდან, როცა ღვინითა და ნექტარით ნახევრად დამთვრალი დიონისე თეზევსის მიერ კნოსიდან წამოყვანილ და დიას კუნძულზე დატოვებულ მინოსის ასულის ლამაზ მკერდს ჩაეხვია და დაიძინა.
მედეამ სწორედ ამ დროს შიკრიკებს დაავალა აფსირტესათვის გადაეცათ, ღამე რომ ჩამოწვებოდა, მასთან მოსულიყო, როცა მას პირობის ძალით ქალღმერთ არტემიდეს ტაძარში გადაიყვანდნენ, რათა ერთად დაეწყოთ გეგმები, თუ როგორ მოეტაცათ არგონავტებისაგან ოქროს საწმისი და როგორ დაბრუნებულიყო თვითონაც აიეტის სასახლეში. მედეამ ძმას შეუთვალა, რომ იგი თითქოს ძალით გაიტაცეს კოლხეთიდან და რომ ამ საქმეში არგონავტებს ფრიქსეს ვაჟები დაეხმარნენ. შეაგონა თუ არა შიკრიკებს ეს, მედეამ ჰაერში ისეთი ჯადო მიმოჰფანტა, რომ იგი ცამდე აზიდულ მთიდან ველურ ნადირსაც კი ძირს ჩამოიყვანდა.
სასტიკო ღმერთო ეროსო! შენ უგზავნი ადამიანებს უსაზღვრო ტანჯვას, სევდას და დარდს! შენ სთეს მოკვდავთა შორის დამღუპველ უთანხმოებას და ურიცხვი მწუხარება მოგაქვს! ყოვლისშემძლე მეუფევ, გევედრები მხოლოდ ჩვენს მტრებს შთააგონო ისეთი ბოროტება, რაც მედეამ განიზრახა! რა ჩაიდინა მან? როგორ გასწირა საკუთარი ძმა? აი ამაზე ვილაპარაკებ ახლა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |