A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – V

ბერძნ.

არგონავტებმა ხომალდი არტემიდეს კუნძულთან მიაცურეს და პირობის თანახმად მედეა ქალღმერთის ტაძარში დატოვეს. აქ იაზონიც დარჩა და აფსირტეს ჩაუსაფრდა. საღამო ჟამს, როცა ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა, ვერაგულად მოტყუებულმა აფსირტემ თავისი ხომალდით სწრაფად გადაჰკვეთა ზღვის ტალღები, წმინდა კუნძულზე ავიდა, ტაძრისაკენ მარტოდმარტო გაემართა და დასთან საუბარი გამართა. საბრალო ყრმამ ისეთ მახეში ჩაიგდო თავი, რომელსაც მამაცი ვაჟკაცებიც ვერ დააღწევენ თავს. სწორედ იმ დროს, როცა აფსირტე დას ეთათბირებოდა და ეგონა არგონავტები ხაფანგში გავაბიო, ტაძარში დამალული იაზონი საფარიდან ამოხტა, მახვილი იშიშვლა, თვალი მიმოავლო ტაძარს, რომელიც ბრიგებმა აუგეს არტემიდეს და ისეთი ძალით დაჰკრა აფსირტეს, ვით ყასაბი დაჰკრავს ხოლმე საბრალო ხარს. იაზონის მახვილით განგმირული აფსირტე ტაძრის შესავალთან მუხლებზე დაეცა. მედეა მოსასხამში გაეხვია და თვალები მიიბრუნა, რათა ძმის სიკვდილი არ დაენახა, მაგრამ მომაკვდავმა აფსირტემ ჭრილობიდან ამოხეთქილი შავი სისხლი ხელებში მოაგროვა და შებრუნებულ მედეას თეთრ პირბადეზე და მოსასხამზე შეასხა. შურისძიების სასტიკმა ქალღმერთმა ერინიამ მრისხანე თვალებით დაინახა იაზონის და მედეას ბოროტმოქმედება. იაზონმა ვერაგული მკვლელობის მოსანანიებლად შემდეგი წესი აღასრულა: მოკლულ აფსირტეს სამსხვერპლო ნაწილები მოჰკვეთა, სამგზის გაივსო პირი სისხლით და სამგზის გამოაფურთხა. შემდეგ კი აფსირტეს გვამი ნესტიან მიწაში დაფლა. მისი ძვლები ეხლაც აწყვია აფსირტიდების კუნძულზე.

არგონავტებმა, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ არტემიდეს კუნძულიდან დათქმულ ნიშანს, მედეას მიერ ანთებული ჩირაღდანი დაინახეს, ისინი მყისვე მიხვდნენ, რომ კოლხთა წინამძღოლი ცოცხალთა შორის აღარ იყო და ხომალდი არგო კოლხთა ხომალდებისაკენ გააქანეს. არგონავტები ცეცხლივით ეკვეთნენ მტრის ლაშქარს და ისე გაანადგურეს, ვით ქორები ანადგურებენ მტრედების გუნდს და ან როგორც მშიერი ლომები არბევენ ნახირს. ვერც ერთი კოლხი ვერ გადაურჩა სიკვდილს. კარგა ხნის შემდეგ იაზონიც მოვიდა. მას სურდა მეგობრებს დახმარებოდა, მაგრამ მათ ეს უკვე აღარ სჭირდებოდათ. ბრძოლა დამთავრებული იყო და არგონავტები სამშობლოსაკენ გზის გაგრძელების შესახებ თათბირობდნენ. ვაჟკაცებს ჩქარა მედეაც შეუერთდა და ძლევამოსილმა გმირმა პელევსმა ასე განაცხადა: „მეგობრებო, გირჩევთ, ამ ღამესვე ჩავსხდეთ ხომალდში და გზა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ საწინააღმდეგო გეზი იმისა, რაც გადარჩენილ მდევარ კოლხებს უკავიათ. ვიმედოვნებ, დილით, როცა ისინი ყველაფერს დაინახავენ, ჩვენს დევნას თავს დაანებებენ. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებში უთანხმოება ჩამოვარდება და დაიფანტებიან. ამრიგად, ჩვენს მსვლელობას ვეღარაფერი აღუდგება წინ!“

პელევსის სიტყვა ყველას მოეწონა. არგონავტები სწრაფად ავიდნენ ხომალდზე, ხოფები მოიმარჯვეს და მანამდე არ შეუწყვეტიათ ცურვა, სანამ მდინარე ერიდანოსის მახლობლად მდებარე ყველაზე უფრო მაღალ ელექტრისის კუნძულს არ მიაღწიეს.

როცა კოლხებმა წინამძღოლის დაღუპვის ამბავი გაიგეს, კრონოსის ზღვას მოედვნენ და არგონავტებს დაუწყეს ძებნა, მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ უეცრივ საშინელი ელვა მოუვლინა მათ და ხელი შეუშალა. მეორე მხრივ, კოლხებს აიეტის ველური რისხვის შეეშინდათ და კუტაიის მხარეში დაბრუნება ვეღარ გაბედეს. ისინი დაიფანტნენ და სამუდამოდ სხვადასხვა მხარეში დასახლდნენ. კოლხთა ერთი ნაწილი ავიდა იმ კუნძულებზე, რომლებიც არგონავტებს ეკავათ, აქ დასახლდა და დღესაც აფსირტელების სახელითაა ცნობილი. მეორე ნაწილმა საცხოვრებელი კოშკები ააგო ილირიის დიდი მდინარის ნაპირზე, ენქელების მეზობლად; აი იქ, სადაც ჰარმონიას და კადმოსის საფლავი არის. დანარჩენი კოლხები კი იმ მთებში დასახლდნენ, რომელთაც კერავნიის მთები ჰქვიათ. ეს სახელი ამ მთებმა იმიტომ მიიღო, რომ კოლხთა ამ ნაწილს მოპირდაპირე. კუნძულზე გადასვლა ყოვლისშემძლე ზევსმა მეხის დარტყმის წყალობით არ დაანება.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9