A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VI

ბერძნ.

როცა არგონავტებმა დაინახეს, რომ ყოველგვარი საფრთხის გარეშე შეიძლებოდა გზის გაგრძელება, ელექტრისის კუნძული დატოვეს და ჰილეელთა ქვეყნის (ილირიაში) ნაპირთან მიცურდნენ. ჰილეელებს განზრახული ჰქონდათ არგონავტებს შებრძოლებოდნენ, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და არგონავტებს გზის გაგნებაში დაეხმარნენ. ჰილეელებმა მათი ხომალდი კუნძულებით მოფენილ ადგილიდან ღია ზღვაში გაიყვანეს, სამაგიეროდ კი აპოლონის დიდი სამფეხი მიიღეს. როცა იაზონი თავისი ლაშქრობის ბედის გასაგებად წმინდა პითონში მივიდა, ყოვლისშემძლე ფებემ მას ორი სამფეხი უბოძა. ბედით დადგენილი იყო, იმ ქვეყანას, სადაც ეს სამფეხები იქნებოდა მოთავსებული, მოიერიშე მტერი ვერაფერს დააკლებდა. ამიტომ ჰილეელთა ბრწყინვალე ქალაქის შესასვლელთან ეს სამფეხი ღრმადაა დამარხული და მოკვდავის თვალი მას ვერასოდეს ვერ ნახავს.

არგონავტების აქ მოსვლის ჟამს ჰილეელთა მეფე ჰილოსი, ჰერაკლეს რომ ფეაკელთა ხალხში მელიტემ შესძინა, ცოცხალი აღარ იყო. ერთხელ ჰერაკლე საკუთარი შვილების შემაძრწუნებილი მკვლელობისაგან განსაწმენდად მივიდა ნავსითოეს სასახლეში კუნძულ მაკრისზე, რომელმაც თავისი სახელი ღმერთ დიონისეს აღმზრდელი ძიძის სახელისაგან მიიღო. შეყვარებულმა ჰერაკლემ კუნძულ მაკრისზე დაიმორჩილა მდინარე ეგეოსის ასული ნეიადი მელიტე. მელიტემ კი შვა ძლევამოსილი ჰილოსი. როცა იგი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, აღარ მოისურვა ნავსითოეს მბრძანებლობის ქვეშ ამ კუნძულზე ცხოვრება. მან ფეაკები შეჰკრიბა, დატოვა მაკროსი და კრონოსის ზღვაში გავიდა. გზის გაგნებაში ჰილოსს მეფე ნავსითოე დაეხმარა. ჰილოსი დასახლდა იმ მხარეში, რომელსაც არგონავტები მიადგნენ. იგი მოკლულ იქნა მეკობრე მენტორების (ილირიის ხალხი) მიერ მაშინ, როცა მინდვრად გარეკილ საქონელს იცავდა თავდამსხმელებისაგან.

ქალღმერთებო, როგორ აღმოჩნდა კრონოსის ზღვიდან გასული ხომალდი არგო ავსონიის ხმელეთთან და ლოგისტიდების კუნძულებთან, რომლებიც სტექადებად იწოდებიან? რამ აიძულათ არგონავტები, ასე შორს წასულიყვნენ? რომელმა ქარებმა გაიტაცეს ისინი?

აფსირტეს ვერაგულად მოკვლამ ყოვლისშემძლე ზევსი სასტიკად განარისხამან არგონავტებს გადაუწყვიტა ურიცხვი ტანჯვა გადაეტანათ, შემდეგ აიაიელი კირკეს რჩევა-დარიგებებით უღვთო მკვლელობის ცოდვისაგან განწმენდილიყვნენ და სამშობლოში ისე დაბრუნებულიყვნენ. არგონავტები ზევსის განზრახვას ვერ მიხვდნენ, ჰილეიდის მხარე დატოვეს და სანუკვარ სამშობლოსაკენ მიისწრაფოდნენ. მათ უკან მოიტოვეს ლიბირნიდის კუნძულები (ადრიატიკის ზღვაში): ისა, დისკელადე და მშვენიერი პიტიეა, რომლებიც ეს-ეს იყო, კოლხებს ეკავათ. ამ კუნძულების შემდეგ ვაჟკაცებმა ჩაუცურეს კერკირას. ლამაზი ასულის სიყვარულით გატაცებულმა პოსეიდონმა ოდესღაც არგოლიდის ქალაქ ფლიუნტიდან მოიტაცა ასოპეს ასული, ლამაზთმება კერკირა და ამ კუნძულზე დაასახლა. ვინაიდან ეს კუნძული ხშირი ტყითაა დაბურული, მეზღვაურები მას შავ კერკირას უწოდებენ. გახარებულმა არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან მელიტე, მაღალი კეროსე და ცამდე აზიდული კუნძული ნიმფაიე, სადაც ატლანტის ასული, გრძნეული კალიფსო ცხოვრობდან. ზურგის ქარი საამოდ უბერავდა და არგონავტებს ეგონათ, საცაა კერავნიის ჰაეროვან მთებსაც დავინახავთო; მაგრამ ქალღმერთ ჰერას მოაგონდა განრისხებული ზევსის გადაწყვეტილება და მან ისეთი მძლავრი ქარი დააქროლა, რომ არგონავტების ხომალდი უკან დააბრუნა და ისევ კლდოვან ელექტრისის კუნძულისაკენ გააქანა. ყოვლისშემძლე ჰერას ამით სურდა ზევსის განზრახვა ასრულებულიყო და არგონავტების ტანჯვას ბოლო მოღებოდა. სწორედ ამ დროს ქალღმერთ ათენას მიერ ამოღარული ხომალდის ქედში ჩაჭდობილმა მეტყველმა ხის ნაჭერმა, დოდონას მუხისაგან რომ იყო გამოთლილი, ადამიანური ხმით დაიძახა: „არგონავტებო, თქვენ მანამ ვერ გადალახავთ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მანამ ვერ დაუსხლტდებით მძაფრ ქარიშხალს, სანამ გრძნეული კირკე აფსირტეს ვერაგული მკვლელობის ცოდვისაგან არ განგწმენდთ! ძლევამოსილი პოლიდევკე და ფეხმარდი კასტორი უნდა შეევედრონ უკვდავ ღმერთებს, რათა საშუალება მოგეცეთ გახვიდეთ ავსონიის (ტირენის) ზღვაში, სადაც ჰელიოსის და პერსეს ასულს კირკეს შეხვდებით!“

ამ სასწაულებრივმა ხმამ არგონავტები დიდად შეაშინა. ყოვლისშემძლე ზევსის რისხვამ მათ თავზარი დასცა. ძლევამოსილი ტინდარიდები მყისვე წამოხტნენ და ზეცისაკენ ხელები აღაპყრეს. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთებს გაეღოთ კარი ავსონიის ზღვაში შესასვლელად. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა და ჩქარა მდინარე ერიდანოსში აღმოჩნდა. აქ, მდინარე ერიდანოსის შესართავთან მდებარე ღრმა ჭაობში, ოდესღაც ჰელიოსის ეტლიდან ჩამოვარდა მკერდზე აგიზგიზებულ მეხდანარტყამი, ნახევრადდამწვარი ფაეთონი. ამ ჭაობიდან დღესაც კი ამოდის სქელი ბოლი, რომელსაც უსაფრთხოდ ვერც ერთი ფრთოსანი ვერ გადაუფრენს. მის ირგვლივ ალვის ხეებად ქცეული ჰელიოსის საბრალო ასულები არიან ჩამწკრივებულნი და გულგამგმირავი ხმით დასტირიან საყვარელ ძმას. მათ თვალთაგან დაღვრილ ქარვასავით ყვითელ ცრემლებს მზის მცხუნვარება ახმობს, ხოლო როცა მრავალხმაურა ქარი მდინარის ნაპირს ტალღებს შეახეთქებს, ქარვად ქცეული ცრემლები ერიდანოსის მღელვარე კალაპოტში ჩაგორდებიან. კელტები კი მოგვითხრობენ, ერიდანოსში არსებული ქარვის მარცვლები დიდებული აპოლონის ცრემლებიაო. კელტების აზრით აპოლონმა ეს ცრემლები მაშინ დაღვარა, როცა ყოვლისშემძლე ზევსმა მოუკლა შვილი, რომელიც მდიდარ ლაკერიაში, მდინარე ამირეს შესართავთან, ღვთაებრივმა ასულმა კორონისმა შვა. აპოლონი მაშინ განრისხდა და რადგანაც მამამისი ზევსი დაემუქრა, დატოვა ბრწყინვალე ზეცა და ჰიპერბორეელთა მხარეში წავიდა.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9