A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – VIII

ბერძნ.

კირკეს სიტყვებმა მედეა საშინლად ააღელვა. საბრალო ქალწულმა თვალებზე მოსასხამი მიიფარა და ცხარე ცრემლები წასკდა. იაზონმა მას ხელი მოჰკიდა და შიშისაგან აკანკალებული ასული კირკეს სასახლიდან გამოიყვანა.

ქალღმერთმა ირისმა, რომელსაც ჰერამ იაზონის და მედეას მოქმედებისათვის თვალყურის დევნა დაავალა, როცა ხომალდისაკენ მიმავალი შეყვარებული წყვილი დაინახა, ეს ამბავი დიდებული ზევსის მეუღლეს დაუყოვნებლივ აცნობა. ქალღმერთმა ჰერამ ღმერთების შიკრიკს ასე უთხრა: „ძვირფასო ირისო, რაკიღა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულე, მოდი და ახლაც გაშალე შენი მალი ფრთები, გაჰქროლდი თეტიდასთან და უთხარი, ახლავე ამოვიდეს ზღვის სიღრმიდან და ჩემთან მოვიდეს. მე მისი დახმარება მჭირდება. აქედან გაემართე იმ კუნძულის ნაპირებისაკენ, სადაც სპილენძის მაგარი უროების ქვეშ ჰეფესტოს გრდემლები გრიალებენ. ჰეფესტოს მოახსენე, შეაჩეროს ცეცხლის გასაჩაღებლად ბობოქარ საბურველთა ბერვა, სანამ ამ კუნძულს ხომალდი არგო არ ჩაუვლის-თქო! შემდეგ ქართა ღმერთ ეოლოსთანაც მიდი და გადაეცი, ზღვაზე ამოვარდნილი მრისხანე ქარები დააწყნაროს. სთხოვე მას მხოლოდ კეთილი ზეფირის ქარი დააქროლოს, სანამ არგონავტები ალკინოეს ფეაკურ კუნძულს არ მიაღწევენ“.

ასე თქვა დიდებულმა ჰერამ და ქალღმერთმა ირისმა მყისვე შეარხია მალი ფრთები. იგი ელვის სისწრაფით ჩამოეშვა ოლიმპოს მთიდან, გაჰკვეთა ჰაერი და ეგეოსის ზღვაში ჩაეშვა იქ, სადაც ნერევსის სასახლე არის. მან ინახულა ქალღმერთი თეტიდა და სთხოვა დაუყოვნებლივ წასულიყო ჰერასთან. აქედან ირისი ჰეფესტოსთან მივიდა და უთხრა, ახლავე შეეწყვიტა გრდემლებზე უროების ცემა და საბერველთა ბერვა. შემდეგ ირისი ჰიპოტეს სახელოვან ვაჟთან მივიდა, ჰერას განკარგულება მასაც გადასცა და განსასვენებლად გაემართა. ამასობაში თეტიდამ ნერევსის სასახლე და ძვირფასი დები მიატოვა. იგი სწრაფად ამოვიდა ზღვის ფსკერიდან, ოლიმპოსაკენ გაემართა და ქალღმერთ ჰერასთან მივიდა. დიდებულმა ჰერამ იგი ახლო მოისვა და ასე მიმართა: „მისმინე, ღვთაებრივო თეტიდა! აი რა უნდა გითხრა: შენ იცი, თუ რარიგი პატივი აქვთ ჩემს გულში ძლევამოსილ იაზონს და მის მეგობრებს. ალბათ ისიც გაგიგონია, თუ ვით ვიხსენი მათი სიცოცხლე, როცა მოძრავ კლდეებში გადიოდნენ. ამ პირქუშ კლდეებს, ხომ იცი, ცეცხლივით მძაფრი ქარიშხალი და ბობოქარი ტალღები განუწყვეტლივ ეხეთქებიან. სახელოვან არგონავტებს ახლაც მძიმე განსაცდელი მოელით. ვაჟკაცებმა სკილეს უზარმაზარი კლდის და საზარლად მქშინავი ქარიბდის მახლობლად უნდა გაიაროთ. ძვირფასო თეტიდა, მოიგონე, რომ შენს აღზრდაში მეც მიდევს წილი! ზღვის ღვთაებათა შორის ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ ვნებით აღტყინებულ ზევსის სარეცელზე დაწოლა არ მოისურვე. ყოვლისშემძლე ზევსს ხომ ჩვეულებად აქვს ქალღმერთებთან და მოკვდავ ქალებთან კავშირი დაიკავოს! შენ მე პატივით მომექეცი, ჩემს წინაშე მოკრძალულება გამოიჩინე და ზევსის ვნებას არ დაჰყევი. შენი უარით განრისხებულმა ზევსმა უდიდეს საფიცარზე დაიფიცა, რომ შენ არასოდეს არ იქნებოდი უკვდავი ღმერთის მეუღლე; მაგრამ მან შენზე თვალის დევნება მაინც არ შესწყვიტა, სანამ პატივსადებმა თემიდამ არ განუცხადა, რომ თუ იგი შენთან კავშირს დაიჭერდა, გეყოლებოდა ვაჟი, რომელიც თავის მამას ყველაფერში აჯობებდა. ზევსს შეეშინდა, უკვდავ ღმერთებზე მეფობა შვილმა არ წამართვასო და თავი დაგანება. მაშინ მე გადავწყვიტე, ქორწინების სიტკბო გეგემნა, შვილებიც გეშვა და მოკვდავთა შორის საუკეთესო მამაკაცი მეუღლედ აგირჩიე. შენს ქორწილზე ყველა ღმერთი მოვიწვიე და შენდამი ჩემი მადლიერების გრძნობის აღსანიშნავად საქორწინო ჩირაღდნით ხელში წინ მიგიძღოდით. ძვირფასო თეტიდა, აი რა უნდა გიწინასწარმეტყველო: შენი ვაჟი, დედის რძეს მოკლებულს რომ ნეიადები კენტავრ ქირონის გამოქვაბულში ზრდიან, როცა ელისიონის ველზე მივა (ე.ი. საიქიოში), აიეტის ასულის მედეას მეუღლე გახდება. მოდი და დაეხმარე სარძლოს და შენს ყოფილ ქმარს პელევსსაც! რატომ მრისხანებ მასზე? მართალია, პელევსმა შენს წინაშე შესცოდა, მაგრამ შეცდომა ხომ თვით ღმერთებსაც კი მოუდით! მჭედლობის მეუფე ჰეფესტომ ჩემი ბრძანებით ცეცხლზე საბერველის ბერვა უნდა შესწყვიტოს, ჰიპოტეს ძე ეოლოსი კი მშვიდი ზეფირის გარდა ყველა შმაგ ქარს დააწყნარებს, სანამ არგონავტები ფეაკების ნავსადგურს არ მიაღწევენ. შენც მოუმართე ხელი არგონავტებს სამშობლოში დაბრუნების საქმეში! გაიყოლიე შენი დები და ეცადეთ, უვნებლად გაატაროთ ხომალდი საშიშარ კლდეებში და ბობოქარ ტალღებში! ძვირფასო თეტიდას, ნუ დაუშვებ იმას, რომ გაჭირვებაში მყოფი ვაჟკაცები ქარიბდის საზარელ ხახაში მოხვდნენ! ეცადე, არგონავტები სკილეს ზარდამცემ უფსკრულსაც ააშორო! ხომ შეიძლება ავსონოს საზიზღარმა სკილემ ფორკოსის და ღამითმოხეტიალე ჰეკატეს ნაშიერმა ურჩხულმა, რომელსაც კრატეისს უწოდებენ, ელადას რჩეული გმირები საშინელ ყბებში მოიქციოს? გევედრები, გაიყვანო ხომალდი იმ საშინელი ადგილიდან, საიდანაც სიკვდილისაგან თავის დაღწევის საშუალება მეტად მცირეა!“

თეტიდამ ჰერას ასე მიუგო: „თუ ჰეფესტო ბობოქარი ცეცხლის ალს დააქრობს და ეოლოსიც მძვინვარე ქარიშხალს დაამშვიდებს, მე, რა თქმა უნდა, ხომალდს კეთილი ზეფირის დახმარებით დავიხსნი და გამძვინვარებულ ტალღებს არ შევუშინდები. ახლა კი, დიდებულო ქალღმერთო, დროა გზას გავუდგე და ჩემს დებთან დავბრუნდე. შემდეგ არგონავტების ხომალდთან მივალ და ძლევამოსილ გმირებს გავაფრთხილებ გარიჟრაჟზევე შესცურონ ზღვაში“. ქალღმერთი თეტიდა ოლიმპოდან ჩამოცქრიალდა, ეთერი გააპო, ზღვის ლაჟვარდოვან ტალღებში ჩაეშვა და თავის დებს ნერეიდებს დაუძახა. დის ძახილზე ნერეიდებმა თავი მოიყარეს. თეტიდამ მათ ჰერას დავალება გადასცა და დაუყოვნებლივ გააგზავნა ისინი ავსონიის ზღვისაკენ. თვითონ კი ელვისა და დედამიწის დასასრულიდან აღმომავალი მზის სხივების სისწრაფით ზღვის ტალღებზე გასრიალდა და ტირსენისის მხარეში მდებარე აიას ნაპირთან მივიდა.

ქალღმერთმა თეტიდამ დაინახა, რომ არგონავტები ზღვის ნაპირზე შეკრებილიყვნენ და დისკოსა და ისრების ტყორცნით ერთობოდნენ. იგი სხვებისაგან უხილავად თავის ყოფილ მეუღლეს პელევსს მიუახლოვდა, თავისი სახით გამოეცხადა, ხელი გაუწოდა და ასე უთხრა: „ნუღარ აყოვნებთ თქვენს გამგზავრებას! დროა დატოვოთ ტირსენისის ნაპირები! ენდეთ თქვენს მფარველ ქალღმერთ ჰერას და დილითვე ახსენით მალი ხომალდის ბაგირები! ჰერას ბრძანების თანახმად ნერეიდები ავსონიის ზღვაში შეიკრიბებიან და თქვენს ხომალდს სავსებით უვნებლად გაიყვანენ იმ კლდეებში, რომელთაც პლანქტები (მოძრავი კლდეები) ეწოდებათ. მაგრამ გაფრთხილებ, როცა ნერეიდთა შორის დამინახავ, არავის უჩვენო ჩემი თავი, თუ არ გინდა წინანდელზე უფრო მეტად განვრისხდე შენზე!“. ამ სიტყვებზე ქალღმერთი თეტიდა გაუჩინარდა და ზღვის სიღრმეში ჩაეშვა ყოფილი მეუღლის გამოცხადებამ ძლევამოსილი პელევსი საშინლად ააღელვა! მას უკვე დიდი ხანია იგი აღარ ენახა. ღვთაებრივი თეტიდა ჩვილი აქილევსის გაუკვდავებასთან დაკავშირებით განშორდა პელევსის სარეცელს და სასახლეს. ნეტარ ქალღმერთს სურდა შვილისათვის უკვდავება მიენიჭებინა და მისი სხეულისათვის საზარელი სიბერე აეფარებინა. ამისათვის ჩვილი აქილევსის მოკვდავ ხორცს ღამის განმავლობაში ცეცხლში აწრთობდა, დღისით კი შვილის ნაზ სხეულს ამბროსიით ზელდა. ერთ ღამეს, როცა თეტიდას პაწაწა აქილევსი ცეცხლზე ეკავა, შემთხვევით პელევსს გაეღვიძა. იგი საწოლიდან წამოხტა და როცა ცეცხლის ალში გახვეული საყვარელი შვილი დაინახა, საზარლად შეჰყვირა. მეუღლის ყვირილით განრისხებულმა თეტიდამ მტირალი აქილევსი ცეცხლიდან გამოიყვანა და მიწაზე დააგდო. თვითონ კი ქარივით გამოვარდა სასახლიდან და ზღვაში ჩაეშვა. ამის შემდეგ იგი პელევსთან აღარ დაბრუნებულა. ამიტომ შეაწუხა მისმა ნახვამ ეაკეს სახელოვანი ვაჟი.

წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9