ძლევამოსილმა პელევსმა არგონავტებს ქალღმერთ თეტიდას ბრძანება გადასცა. ვაჟკაცებმა მყისვე შესწყვიტეს ვარჯიშობა და ვახშმისათვის თადარიგს შეუდგნენ. როცა საჭმელით თავი დაიკმაყოფილეს, ზღვის ნაპირზე საწოლები გამართეს და ღამე იქ გაათიეს.
როცა ნათელმა ეოსმა (განთიადის ქალღმერთი) დიად ზეცას შუქი მოჰფინა, საამურმა ზეფირმა დაბერა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ღუზები ამოიღეს, იალქნები ააფრიალეს და ანძის ღვედებით დაამაგრეს. ნაზმა ზეფირმა ხომალდი ზღვის სივრცეში გააქანა. არგონავტებმა ჩქარა დაინახეს ლამაზი და ყვავილებით შემკული კუნძული. ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ აქელოიოსის ასულები, ხმაწკრიალა სირინოზები, რომლებიც ტკბილი სიმღერებით აჯადოებდნენ და შემდეგ ჰღუპავდნენ მას, ვინც მათ კუნძულთან ხომალდს მიაყენებდა ეს სირინოზები წარმოშვა აქელოიოსთან შეუღლებულმა ერთ-ერთმა მუზათაგანმა, მშვენიერმა ტერფსიქორემ. სირინოზები ოდესღაც დეოს (ქალღმერთი დემეტრე) ჯერ კიდევ უბიწო და მშვენიერ ასულ პერსეფონეს ართობდნენ ტკბილი სიმღერებით, შემდეგ კი ნახევრად ფრინველის და ნახევრად ქალწულის სახე მიიღეს. ისინი მარჯვედ მისადგომ ნაპირთან იდგნენ ხოლმე, ზღვას გასცქეროდნენ, საბრალო მოკვდავებს აჯადოებდნენ, თავისკენ მიიზიდავდნენ და საშინელი სიკვდილით სამშობლოში დაბრუნების საშუალებას უსპობდნენ. გრძნეული ასულები თავიანთ მსხვერპლს ცოცხლად ალპობდნენ. როცა სირინოზებმა არგონავტები დაინახეს, წკრიალა სიმღერა წამოიწყეს. ამ საუცხოო სიმღერით მოჯადოებული არგონავტები უკვე მზად იყვნენ ხომალდი კუნძულთან მიეცურებინათ, რომ ეაგრეს სახელოვან ძეს, თრაკიელ ორფევსს, ბისტონიური ფორმინგისათვის ხელი არ ეტაცნა და ლაღი სიმღერა არ წამოეწყო. ღვთაებრივმა მომღერალმა სირინოზების წკრიალა სიმღერა მთლად დაახშო და არგონავტების ყურში ტკბილი ხმა ჩააწვეთა. ორფევსის სიმღერამ და საამურმა ზეფირმა ხომალდი განსაცდელს ააშორა; მხოლოდ ერთი არგონავტი აიტაცა სირინოზებისადმი ვნებამ. ტელეონის ბრწყინვალე ძე ბუტე სანიჩბიდან ზღვაში გადახტა და კუნძულის ნაპირისაკენ გაცურდა. მყისვე მოუსპობდნენ სიცოცხლეს სირინოზები, ერიქსის დედოფალს, ქალღმერთ კიპრიდას რომ არ შებრალებოდა სახელოვანი ვაჟკაცი. კეთილისმყოფელმა ქალღმერთმა სირინოზების წკრიალა სიმღერით მოხიბლული ბუტე ზღვის ტალღებიდან აიტაცა, სიკვდილისაგან იხსნა და ლილიბეის კონცხზე გადაიყვანა.
ამრიგად არგონავტებმა დიდი გაჭირვებით დააღწიეს თავი ამ თვალბედით კუნძულს, მაგრამ უკვე მიაღწიეს იმ სრუტეს, სადაც არანაკლები საფრთხე მოელოდათ. ერთი მხრივ სკილეს ფრიალო კლდე იყო აღმართული, მეორე მხრივ კი განუწყვეტლივ. მშფოთვარე ქარიბდი ღმუოდა. ცოტა მოშორებით ბობოქარი ტალღებიდან ამოზიდული პლანქტები გუგუნებდნენ. ცეცხლისმნთხეველი კლდეები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და ნაპერწკლებს აფრქვევდნენ. ისე იყო იქაურობა კვამლით დაბინდული, რომ კაცი მზის შუქს ვერ დაინახავდა. ეს მიდამო ჰეფესტოს ეკუთვნოდა. ხელოვან ღმერთს ჰერას თხოვნის თანახმად მუშაობა შეეწყვიტა, მაგრამ მის სამჭედლოდან ჯერ კიდევ ამოდიოდა ცხელი ორთქლი და ზღვის ზედაპირს ეფინებოდა.
არგონავტების დასახმარებლად შეკრებილი ნერეიდები უკვე აქ იყვნენ. ყველაზე უფროსმა ნერეიდმა, ქალღმერთმა თეტიდამ, საჭეს ხელი სტაცა და ხომალდი საშინელი სრუტისაკენ მიმართა: ვით წყნარი ზღვიდან ამოცვენილი დელფინები შემოეხვევიან ხოლმე სწრაფად მიმავალ ხომალდს და მეზღვაურთა გულებს ახარებენ, ისე ნერეიდები შემოეხვივნენ არგოს და ქალღმერთ თეტიდას ხომალდის მართვაში ეშველებოდნენ. როცა პლანქტებს მიაღწიეს, ნერეიდებმა ქობები თეთრ მუხლებამდე აიწიეს და აქეთ-იქით მოძრავ კლდეებს ჩაუდგნენ. ბობოქარი ტალღები ხომალდს ზევით სწევდნენ და საშინელი ხმაურით კლდეებს ასკდებოდნენ. პირქუში კლდეები გრიალით მოძრაობდნენ, ხან მთის მსგავსად ამოიზიდებოდნენ, ხან კი ზღვის ბობოქარ ზვირთებში ჩაეშვებოდნენ. ვით წელზე ლამაზი სარტყლით შემოსილი ქალწულები ათამაშებენ ხოლმე ზღვის ქვიშოვან ნაპირზე მრგვალ ბურთს და მაღლა ატყორცნილს ერთიმეორეს ნაზად აწვდიან, ისე ნერეიდები აწვდიდნენ ერთმანეთს ტალღებზე აწეულ ხომალლს და შენაცვლებით კლდეებიდან აძევებდნენ. კეთილშობილ ნერეიდებს ზღვის გაშმაგებული ტალღები წინააღმდეგობას უწევდნენ და ერთიმეორეს მძლავრად ეჯახებოდნენ. ღმერთი ჰეფესტო კლდის მაღალ წვერზე შემდგარიყო, უროს ტარზე ძლიერი მხარი მიეყრდნო და ნერეიდებს გასცქეროდა. ზევსის დიდებული მეუღლე ჰერა კი ხომალდს ბრწყინვალე ზეციდან დაჰყურებდა და შიშით შეპყრობილი ქალღმერთ ათენას ეხვეოდა.
რამდენ ხანსაც გაზაფხულის დღე გრძელდება, აი იმდენ ხანს იღწვოდნენ ნერეიდები და ხომალდი მრავალხმაურა კლდეებიდან გაჰყავდათ. როცა ნერევსის ღვთაებრივმა ასულებმა ქალღმერთ ჰერას დავალება ბოლომდე მიიყვანეს, ხომალდს ხელი უშვეს და მყვინთავებივით ზღვის თვალუწვდენელ სიღრმეში ჩაეშვნენ.
საამური ზეფირი კვლავ უბერავდა და საფრთხესგადარჩენილი არგონავტები წინ მიჰქროდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად ჩაუარეს თრინაკიის კუნძულს, სადაც დიდებული ჰელიოსის ნახირის საძოვარი იყო.42 კუნძულის მახლობლად მიმავალ არგონავტებს ცხვრების კიკინმა და ძროხების ბღავილმა ყურები გაუკვეთეს. ჰელიოსის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ფაეთუსა ცვარით მოფენილ მდელოზე ცხვრებს აძოვებდა. მას ხელთ ვერცხლის კომბალი ეპყრა. ჰელიოსის მეორე ასულს ლამპეტიას სპილენძის მოელვარე შოლტი ეჭირა და ძროხებს მისდევდა. არგონავტებმა ჩქარა ჰელიოსის საქონელიც დაინახეს. მზის ღვთაების რძისფერი და ოქროსრქიანი ძროხები აბიბინებულ და ნაკადულივით დასერილ მდელოზე ამაყად მიდიოდნენ. არგონავტებმა თრინაკიის კუნძულს დაღამებამდე ჩაუცურეს, ღამე კი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში განუწყვეტლივ მიჰქროდნენ, სანამ მათ ნათელმა ეოსმა კვლავ არ მოჰფინა შუქი.
იონიის ზღვის სრუტის პირდაპირ კერავნიის მთების მახლობლად არის ერთი დიდი და მდიდარი კუნძული. ამ კუნძულის ქვეშო, ამბობენ, ძევს ნამგალი, რომლითაც (მაპატიეთ, მუზებო, ჩემი სურვილის გარეშე რომ ვყვები ამ ძველ ამბავს!) კრონოსმა შეუბრალებლად მოჰკვეთა მამას სარცხვინელი. სხვები კი მოგვითხრობენ, ეს ნამგალი ქალღმერთ დეოს ამქვეყნიური ნამგალი არისო. მათი სიტყვით დეო ოდესღაც ამ კუნძულზე ცხოვრობდა; მას უყვარდა ნიმფა მაკროსი და ტიტანებს ამ ნამგლით პურის მომკა ასწავლა. ამიტომო, ამბობენ, ფეაკების ეს წმინდა კუნძული დრეპანედ იწოდება. ამ კუნძულზე მცხოვრები ფეაკები თვით ურანოსის სისხლისაგან არიან წარმოშობილნი.ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |