A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XI

ბერძნ.

არგონავტებმა ნეტარი ღმერთების პატივსაცემად კრატერში შერეული ზედაშე დააქციეს და სამსხვერპლო საქონელი საკურთხეველთან მიიყვანეს. ამის შემდეგ იაზონის მეგობრებმა შესაუღლებელ წყვილს საქორწინო სარეცელი მოუმზადეს იმ წმინდა გამოქვაბულში, რომელშიც ოდესღაც კეთილშობილი არისტაიოსის ასული მაკრისი ცხოვრობდა. ნიმფა მაკრისის მამამ, არისტაიოსმა, სხვათა შორის, პირველად აღმოაჩინა, ფუტკარი რომ თაფლს ამზადებდა და ადამიანებს, ზეთისხილის მოხმარებაც ასწავლა. ნიმფა მაკრისი თავდაპირველად კუნძულ ევბეაზე ცხოვრობდა. მან აქ თავის კალთაში შეიფარა ჰერმესის მიერ ცეცხლიდან ამოტაცებული ჩვილი დიონისე და გაფიცხებული ბაგეები თაფლით მოუსველა. ჩვილ დიონისესადმი მზრუნველობა რომ დაინახა, ქალღმერთი ჰერა განრისხდა და მაკრისი კუნძულ ევბეადან გააძევა. ლტოლვილმა ნიმფამ თავი ფეაკების წმინდა გამოქვაბულს შეაფარა და მადლიერების ნაზი გრძნობის გამოსახატავად იქაურ მცხოვრებლებს ენითუთქმელი სიმდიდრე უბოძა.

გამხიარულებულმა არგონავტებმა სწორედ ამ გამოქვაბულში გაუშალეს იაზონს და მედეას დიდი სარეცელი და ქორწილისათვის საპატიო იერის მისაცემად ზევიდან ოქროს საწმისი დააფინეს. იაზონის მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ნაზ ნიმფებს უბრძანა პატივი ეცათ ნეფე-დედოფლისათვის. ამ ნიმფებმა ნაირნაირი ყვავილები დაჰკრიფეს და თეთრი კალთებით მოიტანეს. ზოგიერთი ნიმფა მდინარე ეგეოსის (მდინარე კერკირაზე) ასული იყო, ზოგი მელიტეიოსის მთის მწვერვალზე (მთა კერკირაზე) ცხოვრობდა, ზოგს კი ყვავილებით აფერადებულ მდელოზე ჰქონდა ბინა. ბრწყინვალე სარეცელზე წამოწოლილ ნეფე-დედოფალს ნაზი ნიმფები გარს შემოერტყნენ. ოქროს საწმისის ელვარებამ მიწიერ ქალღმერთებს თვალი მოჰკვეთა. ყოველ მათგანს სურდა ხელით შეჰხებოდა დიდებულ საწმისს, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აკავებდა. ლამაზმა ნიმფებმა ნეფე-დედოფალს სურნელოვანი საბურავები დააფარეს და იაზონი და მედეა ერთმანეთს დაუკავშირდნენ. იაზონის მეგობრები გამოქვაბულის შესასვლელთან იდგნენ (ამ გამოქვაბულს დღესაც მედეას წმინდა გამოქვაბული ეწოდება) შეფოთლილი შტოებით თავი შეემოსათ, ხელში შუბები ეკავათ, რათა კოლხების მხრივ თავდასხმის შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ, და ორფევსის წკრიალა ფორმინგის ხმის ქვეშ საქორწინო ჰიმენეს მღეროდნენ (საქორწინო სიმღერა).

ძლევამოსილ იაზონს სრულებითაც არ სურდა ალკინოეს ქვეყანაში დაქორწინებულიყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა იოლკოსში დაბრუნდებოდა, აიეტის მშვენიერ ასულს მამის სასახლეში შეუღლებოდა. საბრალო მედეაც ამ წუთს მოელოდა, მაგრამ აუცილებლობამ ისინი აიძულა ამ ნეტარი ჟამისთვის დაესწროთ. ჩვენ, საბრალო ადამიანები, ვერასოდეს ვერ ვტკბებით სრულყოფილი ბედნიერებით! ნეტარი განცხრომის დროსაც არ გვშორდება რაღაც სიმწარე! ტკბილი სიყვარულით გატაცებულ იაზონს და მედეას ეშინოდათ ხმის, რომ შეიძლება ალკინოეს მათი ბედნიერების დამარღვეველი განაჩენი გამოეტანა.

გათენდა. ნათელმა ეოსმა ღამის წყვდიადი ღვთაებრივი შუქით გაჰფანტა და არემარე გაამხიარულა. ალკინოეს ქალაქი ამოძრავდა. ქუჩები ხმაურით გაივსო. არგონავტების მდევარი კოლხები მოუთმენლად მოელოდნენ ფეაკების მეფის გადაწყვეტილებას. ჩქარა ეს წუთიც დადგა. მეფე ალკინოე მედეას შესახებ თავისი განაჩენის განსაცხადებლად სასახლიდან გამოვიდა. მას ხელთ ოქროს სამსჯავრო კვერთხი ეპყრა და გარს წარჩინებული ფეაკების ამალა ეხვია. მეფის მხლებლები საბრძოლო იარაღში იყვნენ ჩამსხდარნი და ალკინოეს მწყობრად მისდევდნენ. ქალღმერთმა ჰერამ იაზონის და მედეას დაქორწინების ამბავი ფეაკების მთელ კუნძულს ამცნო. ფეაკი ქალები ქალაქიდან გამოვიდნენ და ძლევამოსილი არგონავტების სანახავად ზღვის ნაპირისაკენ გაემართნენ. ქალთა კრებულს ქალაქის მახლოგლად მცხოვრები მწყემსებიც შეუერთდნენ. ერთმა მწყემსმა ნახირში ამორჩეული ბატკანი მოიყვანა, მეორემ – ჩასუქებული ხბო, დანარჩენებმა კი ღვინით სავსე ორყურიანი დოქები მოიტანეს და საკურთხეველთან დააწყვეს. მალე მსხვერპლშეწირვა დაიწყო და საკურთხევლიდან აღმომავალი ბოლი ბედნიერების მაუწყებლად იმართებოდა ჰაერში. ფეაკმა ქალებმა ნეფე-დედოფალს მდიდრული წამოსასხამები და ოქროს სამკაულები მოართვეს. ისინი აღტაცებით შესცქეროდნენ ძლევამოსილი გმირების გაბრწყინებულ სახეებს და გაოცებით უსმენდნენ ღვთაებრივი მგოსნის ორფევსის და მშვენიერი ნიმფების სიმღერას. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი ფორმინგს აჟღერებდა და მის ხმაზე აყოლებით ლამაზ წაღას მიწას ურტყამდა. მშვენიერი ნიმფები ფერხულს უვლიდნენ, ქორწინების სადიდებელ სიმღერას – ლამა'ხ ჰიმენეს მღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ ყოვლისშემძლე ქალღმერთ ჰერას, რომელმაც ალკინოეს და არეტეს არგონავტების დახმარება შეაგონა.

მეფე ალკინოემ, როცა გაიგო იაზონის და მედეას შეუღლების ამბავი, გადაწყვიტა მედეა იაზონისათვის არ დაეშორებინა. მას აღარც მომხდური კოლხების მუქარა აშინებდა და აღარც მრისხანე აიეტის სახელი. ალკინოე თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა. მან კოლხებს უბრძანა, ან დამორჩილებოდნენ მის განაჩენს, ანდა დაუყოვნებლივ განშორებოდნენ ფეაკების ქვეყანას. მდევარმა კოლხებმა წინააღმდეგობის გაწევა უგუნურებად ჩათვალეს. მათ აიეტის შიშით სამშობლოში დაბრუნებაზე ხელი აიღეს და ალკინოეს ქვეშევრდომებად მიღება სთხოვეს. ალკინოემ კოლხებს თანხმობა განუცხადა და თავის ქვეყანაში დაასახლა. ამრიგად დიდხანს ცხოვრობდნენ კოლხები ფეაკების მხარეში, სანამ ქ. ეფირედან (კორინთოს უძველესი სახელი) მოსულმა ბაკქიდებმა არ აიძულეს ისინი მოპირდაპირე კუნძულზე გადასულიყვნენ. ამ კუნძულიდან კოლხები კერავნიის მთებისაკენ გადავიდნენ და ნესტეელთა მხარეს და ორიკეს მიაღწიეს.

ფეაკების კუნძულ კერკირაზე, აპოლონ-ნომიოსის ტაძარში, მედეას მიერ აღმართულ საკურთხევლებზე ჯერ კიდევ სწირავენ ხოლმე მსხვერპლს ქალღმერთ მოირებს და მშვენიერ ნიმფებს. ფეაკები ამით იაზონის და მედეას დაქორწინებას იგონებენ.

არგონავტები კერკირიდან გამგზავრების თადარიგს შეუდგნენ. კეთილმა მეფე ალკინოემ ძლევამოსილ გმირებს უამრავი საჩუქარი მიუძღვნა. ფეაკების დედოფალმა არეტემ საჩუქრების გარდა მედეას სასახლეში აღზრდილი თორმეტი მხევალი ქალი უბოძა.

არგონავტებმა კუნძულ კერკირის ქალაქი დრეპანე მეშვიდე დღეზე დატოვეს. ყოვლისშემძლე ზევსმა მრავალტანჯულ გმირებს საამო ზურგქარი მოუვლინა. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, მაგრამ არგონავტებს ბედით ჰქონდათ გადაწყვეტილი, სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ ბევრი წვალება გამოევლოთ ლიბიის მხარეში (ეს ბერძნული ლიბიაა და არა ჩრდ. აფრიკული)
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9