ხომალდი გაშლილი იალქნებით მიჰქროდა. არგონავტებმა უკან მოიტოვეს ეგრეთწოდებული ამბრაკიის უბე (ეპირსა და აქარნანიას შორის), კურეტის მხარე (აქარნანია), ექინადის კუნძულები და ის-ის იყო პელოპონესის ქვეყანას უახლოვდებოდნენ, რომ უეცრივ ბორეასმა დაჰქროლა და საშინელია ქარიშხალი ამოვარდა. აზვირთებულმა ტალღებმა ხომალდი ლიბიის ზღვის შუაგულში შეაყანა. საბრალო არგონავტები ცხრა დღის და ცხრა ღამის განმავლობაში ებრძოდნენ აბობოქრებულ ტალღებს; ბოლოს დიდი გაჭირვებით შეაღწიეს სირტში. სირტის უბეში შენავებული ხომალდი უკან ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. ამ მივარდნილ უბეს ქვიშოვანი ნაპირებით გარსშემორტყმული, ხავსითა და დამყაყებული წყლით სავსე ჭაობები ეკვრის. ამ უდაბურ ადგილს არც ერთი ფრინველი და ნადირი არ ეკარება. მძლავრმა მოქცევამ სირტში შეწამებული ხომალდი საშინელი იერიშით შეაგდო შუაგულ უბეში და თხელ წყალში გაჭედა. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ. მათ განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, უსაზღვროდ გაშლილი ზეცა და თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული უზარმაზარი უდაბნო არომ დაინახეს. შეშინებული არგონავტები გასცქეროდნენ ქვეყნიერების მივარდნილ ადგილს. აქ ყველაფერი დუმილით იყო შეპყრობილი. არც წყარო მოსჩანდა სადმე, არც ბილიკი, არც მწყემსთა თუნდაც ერთი ფარეხი. შეძრწუნებული არგონავტები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რა ჰქვია ამ ქვეყანას? სად გამოგვრიყა ქარიშხალმა? ნეტავ არ მივცემოდით ამაო შიშს და უკან იმავე გზით დავბრუნებულიყავით, რომლითაც ეაში მივედით! ჩვენ ბედისწერის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით და სასახელოდ მაინც დავიღუპებოდით! რა გვეშველება, თუ ქარიშხალმა ამ საზარელი ადგილიდან თავის დაღწევის საშუალება არ მოგვცა?“ უბედურებისაგან დაბნეულმა მესაჭე ანკევსმა დამწუხრებულ მეგობრებს ასე უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დაღუპვა გარდუვალია. ამ საზარელი ადგილიდან ზურგქარიც კი ვერ გაგვიყვანს! აუწერელი ტანჯვა მოგველის! მე ჩემს გარშემო ჭაობების მეტს ვერაფერს ვხედავ! ნაპირთან წყალს ძალზე მცირე სიღრმე აქვს. ჩვენი ხომალდი საცოდავად დაიმსხვრევოდა, მოქცევას რომ არ ეშველა. მაგრამ იგი უკან დაბრუნდა და ხომალდი თითქმის მშრალზე დატოვა. ზღვაში შეცურვის იმედი აღარა მაქვს. თუ ვინმეს ჰგონია, აქედან შესაძლებელია ზღვაში გასვლა, დაე თვითონ მოჰკიდოს ხელი საჭეს! ყოვლისშემძლე ზევსს არ სურს, ბოლო მოუღოს ჩვენს ტანჯვას სამშობლოში დაბრუნების დღით!“ ამ სიტყვებზე საბრალო მესაჭეს ცხარე ცრემლები წასკდა. ვისაც კი ესმოდა ხომალდის მართვის საქმე, ყველამ დაუდასტურა მწუხარე ანკევსს, რომ ზღვაში გასვლა შეუძლებელი იყო. მრავალტანჯულ არგონავტებს გულები გაეყინათ და სახეზე მკრთალი ფერი გადაეკრათ. საბრალო ვაჟკაცები გრძელი სანაპიროს გასწვრივ დაძრწოდნენ და ყოველ წუთს დაღუპვის მოლოდინში უსაზღვროდ იტანჯებოდნენ. ისინი იმ ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც საერთო უბედურების მოლოდინში უსულო აჩრდილებივით დაიწყებენ ხოლმე ძრწოლას და ხეტიალს: აი მაშინ, ომს, შემმუსვრელ ჭირს ან გამანადგურებელ წარღვნას რომ მოელიან; ან როცა ტაძრები აგუგუნდებიან და ღმერთთა ქანდაკებები სისხლის ოფლის დაღვრას დაიწყებენ; ან კიდევ როცა უეცრივ მზე დაბნელდება და შუადღის ჟამს ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდებიან. საღამო მოახლოვდა. ტანჯული გმირები სიკვდილის მოლოდინში ერთი-მეორეს გამოეთხოვნენ, განცალკევდნენ და ქვიშაზე წამოწვნენ. მოსასხამებით თავშებურვილმა არგონავტებმა მთელი ღამე და დღის ერთი ნაწილი ასე გაატარეს და საზარელი სიკვდილის გარდა აღარაფერს მოელოდნენ. მშვენიერი მედეა და მისი მხევალი ქალები ერთად ისხდნენ, ოქროსფერი თმები ქვიშაზე ჩამოეშალათ და მთელი ღამე დასტიროდნენ თავიანთ ბედს. ბუდიდან ჩამოცვენილი ბარტყებივით მოსთქვამდნენ ისინი და მათი ტირილი ლამაზი მდინარე პაქტოლოსის გედების სიმღერას ჰგავდა, რომელიც ცვარით მოფენილ მდელოს უხვად ეფინება ხოლმე.
ძლევამოსილი არგონავტები უსახელოდ დაასრულებდნენ სიცოცხლეს ლიბიის გადაბუგულ ადგილებში, სასომიხდილი გმირები ამ ქვეყნის მფლობელ ქალღმერთებს რომ არ შებრალებოდათ. ესენი ის ქალღმერთები იყვნენ, რომლებმაც მამის თავიდან შობილი, შეიარაღებული ქალღმერთი ათენა მიიღეს და ტრიტონის წყალში (ნილოსი) ტანი განიბანეს.
შუადღე იყო. ლიბიის უდაბნოს ალმური ასდიოდა. მზის სხივები ყველაფერს სწვავდა. ნაზი ქალღმერთები იაზონს მიუახლოვდნენ, თავიდან საბურავი გადააცალეს და შემკრთალ წინამძღოლს ტკბილი სიტყვებით უთხრეს: „საბრალო ვაჟკაცო, რატომ ხარ ასე სასოწარკვეთილი? ჩვენ ლიბიის ასულები ვართ; უდაბნოს ქალღმერთებად ვიწოდებით და ამ არემარეს ვმფარველობთ! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იყავით წასული. ვიცით, თუ რაოდენი ტანჯვა გადაიტანეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ჩვენ გირჩევთ, მწუხარებას ფრთები შეკვეცო და ადგე! ააყენე ახლავე შენი მეგობრებიც და ნუ გეშინიან! როცა ამფიტრიტე პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის, შენ და შენმა მეგობრებმა მადლობა შესწირეთ თქვენს დედას, ეგზომ დიდხანს რომ მუცლით გატარათ და სამაგიერო პატივი გადაუხადეთ. თუ დედას ისე მოეპყრობით, როგორც ის თქვენ გეპყრობოდათ, სამშობლოში ჩქარა დაბრუნდებით“.
ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთები სადღაც გაქრნენ. იაზონი მიწაზე წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ასე სთქვა: „უდაბნოს ბრწყინვალე ქალღმერთებიო, მოწყალება მოიღეთ! მითხარით, რას ნიშნავს თქვენი წინასწარმეტყველება? მე ხომ იგი ვერ გავიგე!“ ახლავე შევკრებ ჩემს მეგობრებს და ვეცდები გამოვარკვიოთ ქალღმერთების წინასწარმეტყველება!“
იაზონი მყისვე წამოხტა და არგონავტებს ლომისებური ხმით დაუძახა. თავჩაქინდრული ვაჟკაცები ძვირფას წინამძღოლს გარს შემოერტყნენ. იაზონმა დანაღვლიანებული არგონავტები და მედეა თავისი მხევალი ქალებით ქვიშაზე დასხა და ასე მიმართა: „გამიგონეთ, ძვირფასო მეგობრებო! ქალწულების მსგავსი სამი ქალღმერთი, რომლებიც თხის ტყავებით იყვნენ შემოსილი, თავზე დამალგა. ქალღმერთებმა თავიდან საბურავი გადამხადეს და მიბრძანეს ავმდგარიყავ და თქვენც ამეყენებინეთ. ქალღმერთებმა მირჩიეს, ჩვენს დედას, რომელმაც ეგზომ დიდხანს მუცლით გვატარა, ისე მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა. ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ამფიტრიტე პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის. მე არ ძალმიძს ამ წინასწარმეტყველების აზრი გავიგო. ამ ქალღმერთებმა სთქვეს, რომ ისინი ლიბიის ასულები და ამ ქვეყნის მფარველები არიან და რომ მათ ყველაფერი იციან ჩვენს შესახებ. იციან, თუ რაოდენი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ამ სიტყვების შემდეგ ეს ქალღმერთები უეცრივ გაქრნენ. არ ვიცი, რომელმა ღრუბელმა მიაფარა ისინი ჩემს თვალთაგან!“ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |