A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIII

ბერძნ.

იაზონის სიტყვებმა არგონავტები მეტად გააოცა. მათ ვერ გამოერკვიათ ქალღმერთების წინასწარმეტყველება და ერთმანეთს განცვიფრებით შესცქეროდნენ. ამ დროს მინოსის ძლევამოსილ ნაშიერებს კიდევ უფრო დიდი სასწაული მოევლინათ. უეცრივ ზღვის ტალღებიდან ამოცურდა ოქროსფაფრიანი საუცხოო რაში. იგი ხმელეთზე შემოიჭრა, ტორების ცემით ტანი შეარხია, წყალი ჩამოიფერთხა და ჭენებით გაეკრა უდაბნოს გადაბუგულ სივრცეს. გმირმა პელევსმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ფაფარაყრილ რაშს, არგონავტებს სიხარულით შეჰყვირა: „მეგობრებო, ქალღმერთების წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა! მერწმუნეთ, რომ ეს რაში პოსეიდონის ეტლიდან ამფიტრიტემ გამოხსნა! დედა, რომელმაც ჩვენ მუცლით გვატარა და ენითუთქმელი ტანჯვა-წვალება გამოიარა, ეს ჩვენი ხომალდია! მას იმრიგად უნდა მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა! მეგობრებო, მოვიკრიბოთ ძალ-ღონე, შევიდგათ ხომალდი მხარზე და წავიღოთ იქით, საითაც პოსეიდონის ფეხმარდი რაში გაჰქანდა! ეს ბედაური მიწაში ხომ არ ჩავა. იმედი მაქვს, რომ მისი კვალი ზღვის ღრმა ყურემდე მიგვიყვანს!“

არგონავტებმა მოიწონეს პელევსის რჩევა და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მის აღსრულებას.

ეს ამბავი პიერიის მუზებს ეკუთვნით! მათ შთამაგონეს გადმომეცა ის, თუ რა გარდახდათ ძლევამოსილ არგონავტებს ლიბიის უდაბნოში! მეფეთა უბრწყინვალესნო ძენო! მამაცო არგონავტებო! თქვენი ძალღონის წყალობით გაიდეთ უზარმაზარი ხომალდი მხრებზე და მთელი მისი ტვირთით თორმეტი დღის და თორმეტი ღამის განმავლობაში ეზიდებოდით ლიბიის უდაბურ ადგილებში! ვის შეუძლია მოჰყვეს ის ტანჯვა და ვაება, რომელიც თქვენ გადაიტანეთ? ძლევამოსილო ვაჟკაცებო, ნამდვილად უკვდავთა სისხლისაგან იყავით წარმოშობილი, ესოდენ მძიმე განსაცდელი რომ გადაიტანეთ!

დაღლილ-დაქანცულმა არგონავტებმა დიდი გაჭირვებით გადალახეს ლიბიის უდაბური ადგილები და ტრიტონის ტბას მიაღწიეს. ხომალდი მხრებიდან ჩამოიღეს და წყალში ჩაუშვეს. მრავალტანჯული ვაჟკაცები შმაგი ძაღლებივით დარბოდნენ იმ ადგილებში და წყურვილის მოსაკლავად წყაროს ეძებდნენ. მათ ცდას ამაოდ არ ჩაუვლია. ბედნიერმა შემთხვევამ ისინი ატლანტის სამეფოს ერთ წმინდა ველზე მიიყვანა. აქ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, საზარელი გველეშაპი, სახელად ლადონი, ოქროს ვაშლებს დარაჯობდა. ამ ურჩხულს თავს დაფუსფუსებდნენ ნიმფები – ჰესპერიდები და ტკბილი ხმით მღეროდნენ. საზარელი ლადონი ძლევამოსილ ჰერაკლეს ოქროს ვაშლის ხესთან ახლახან მოეკლა. გველეშაპის კუდი ჯერ კიდევ საზარლად იკლაკნებოდა, მაგრამ შავი სხეულის დანარჩენი ნაწილი უძრავად ეგდო. ლადონის ხრწნობად ჭრილობებს ბუზები ეხვეოდნენ. ჰერაკლემ გველეშაპი ლერნეს ჰიდრას სისხლში ამოვლებული შხამიანი ისრებით მოკლა. ლადონის ირგვლივ ჰესპერიდები შეკრებილიყვნენ, თეთრ ხელებზე ელვარე თავები დაეყრდნოთ და გამკვეთი ხმით გმინავდნენ. არგონავტები შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ ნიმფებს. როცა ჰესპერიდებმა უცხოელები დაინახეს, შეშინდნენ და იქვე მტვრად და მიწად გადაიქცნენ.

„ქალღმერთებო, – შეჰყვირა ორფევსმა, როცა ეს სასწაული დაინახა, – ლამაზებო და კეთილებო, გევედრებით, მოწყალება მოიღოთ! დედოფლებო, გინდ ზეციურ ღმერთთა კრებულში იყავით, გინდ ამქვეყნიურში, გინდ უდაბნოს ნიმფებად იწოდეთ! დაგვეხმარეთ, ნიმფებო, ოკეანეს წმინდა მოდგმანო! რაკიღა თქვენი გამოცხადებით გაგვაბედნიერეთ, გევედრებით, ქალღმერთებო, გვიჩვენეთ ჩუხჩუხა წყარო, თორემ ლამისაა წყურვილით დავიხოცოთ! თუ ჩვენ ელადაში დაბრუნება გვეღირსა, იცოდეთ, სამაგიერო პატივს გადაგიხდით. უპირველეს ღმერთთა შორის თქვენც შემოგწირავთ ურიცხვ საჩუქარს, ზედაშეს დაგიქცევთ და ჩვენი მადლიერების გამოსახატავად წმინდა ლხინებს მოგიწყობთ!“

ისმინეს ორფევსის მუდარა ჰესპერიდებმა. შეებრალათ მრავალტანჯული არგონავტები და მტვრადქცეული ქალღმერთები ხეხილებად გარდაიქმნენ. ჰესპერე ალვის ხედ იქცა, ერითეისა – თელად, ეგლემ კი ტირიფის სახე მიიღო. საოცარმა ნიმფებმა კვლავ ახალი სასწაული მოუვლინეს ვაჟკაცებს. ისინი ხის ტანიდან გამოვიდნენ და ნამდვილი სახით წარუდგნენ არგონავტებს. ერთ-ერთმა ჰესპერიდმა, სახელად ეგლემ, ძლევამოსილ ვაჟკაცებს ასე მიმართა: „სწორედ რომ თქვენი გაჭირვების ტალკვესად მოვიდა აქ ერთი თავხედი გმირი! მან გუშინ დარაჯი გველეშაპი მოჰკლა, ღმერთების კუთვნილი ოქროს ვაშლები მოიტაცა და საზარელი ტანჯვა მოგვაყენა. ამ შეუბრალებელ გმირს ენითუთქმელი ღონე და გარეგნობა ჰქონდა. მისი ცეცხლივით ანთებული თვალები, ფართოდ გაშლილ მხრებზე წამოსხმული ლომის უზარმაზარი ტყავი, ხელებში მძლავრად მომარჯვებული ვეებერთელა ზეთისხილის ხის კომბალი და შორს სატყორცნი მშვილდისარი ყველას შიშისზარს ჰგვრიდა. მას მთელი ქვეყანა ფეხით შემოევლო და თქვენსავით წყურვილით იტანჯებოდა. ეს შეუპოვარი ვაჟკაცი ამ გადაბუგულ ადგილებში წყალს დაეძებდა, მაგრამ აბა სად იპოვიდა! მან უეცრივ ტრიტონის ტბის მახლობლად აღმართული კლდე დაინახა, იქითკენ გაჰქანდა, ღვთის შეგონებით კლდეს ფეხი დაჰკრა და საუცხოო წყარო ამოაჩუხჩუხა. შემდეგ ხელებით და მკერდით მიწას დაეყრდნო და წყალს დაეწაფა. მანამ არ მოშორდა წყაროს, სანამ უზარმაზარი მუცელი არ გაიძღო.

გახარებული არგონავტები მყისვე გაჰქანდნენ ეგლეს მიერ ნაჩვენებ წყაროსაკენ და ხარბად დაეწაფნენ ანკარა ცივ წყალს. აღფრთოვანებული ვაჟკაცები ისე დაფუსფუსებდნენ საამური წყაროს ირგვლივ, ვით მუყაითი ჭიანჭველები დაფუსფუსებენ პატარა ხვრელს, ან ვით ბუზები დატრიალებენ ხოლმე თაფლის წვეთს. ერთ-ერთმა არგონავტმა, წყურვილი რომ მოიკლა, ასე წამოიძახა: „ის სახელოვანი გმირი, რომელმაც ეს საუცხოო წყარო კლდეში გამოკვეთა, უეჭველია ძლევამოსილი ჰერაკლე იყო! თუმცა დიდი ხანია, რაც იგი ჩამოგვშორდა, მაინც არ გვივიწყებს და მზრუნველობას არ გვაკლებს. აი, ხომ ხედავთ, მოშორებით მყოფმა, როგორ იხსნა წყურვილისაგან დატანჯული მეგობრები! ნეტავ, შეგვახვედრა სადმე ამ ძლევამოსილ გმირს!“

არგონავტები ჰერაკლეს ძებნის თადარიგს შეუდგნენ. ამ საქმისათვის რჩეული გმირებიც გამოჰყვეს; მაგრამ საქმე ის იყო, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქარი ჰქროდა და სახელოვანი გმირის ფეხის კვალი ქვიშით დაფარულიყო. დიდებულ ჰერაკლეს საძებრად ბორეასის ფრთებშესხმული ვაჟები, ფეხმარდი ევფემე და ბასრი თვალებით აღჭურვილი ლინკევსი წავიდნენ. მათ აგრეთვე გმირი კანთოსიც მიჰყვა. საბრალო კანთოსი მამაცობამ წააქეზა და საზარელმა ბედისწერამ აიტაცა. მას სურდა ჰერაკლე მოეძებნა და მისგან შეეტყო. თუ სად მიატოვა დიდებულმა გმირმა მისი საყვარელი მეგობარი ილატეს ვაჟი პოლიფემე. მან არ იცოდა, როცა პოლიფემემ მიზიელებს დიდებული ქალაქი აუგო, იგი ხომალდ არგოს ძებნას შეუდგა და მოირების მიერ განწირული მენაპირე ხალიბების ქვეყანში დაიღუპა. პოლიფემეს საფლავი ზღვის ნაპირზე დღესაც კი მოჩანს და ზედ ალვის ხე არის აღმართული.

პერაკლეს საძებრად წასულ შორსმჭვრეტელ ლინკევსს თვალუწვდენელ სივრცეში ღრუბლებით დაბინდულ ახალ მთვარესავით მოეჩვენა გმირი ჰერაკლე. იმედგაცრუებული ლინკევსი არგონავტებთან დაბრუნდა და მეგობრებს აუწყა, რომ ჰერაკლეს დაწევა არც მას და არც სხვა მძებნელს არ ძალუძდა. ჩქარა ამაოდ დამაშვრალი ფეხმარდი ევფემე და თრაკიელი ბორეასის ორი ვაჟიც დაბრუნდა. შენ კი, საბრალო კანთოსო, ზარდამცემმა კერებმა წარგიტაცეს ლიბიის უდაბნოში! ჰერაკლეს საძებრად რომ მიდიოდი, გზაში ცხვრის ფარა შეგხვდა. შენ მოისურვე იგი დამშეულ მეგობრებთან გაგერეკა, მაგრამ მას მამაცი მწყემსი მოსდევდა. მან საკუთრება დაიცვა, ქვა გესროლა და სიცოცხლე მოგისწრაფა!
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9