A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არგონავტიკა - წიგნი მეოთხე – XIV

ბერძნ.

ცხვრის ფარის მწყემსი კაფავრე ძლევამოსილ კანთოსს არაფერში არ ჩამოუვარდებოდა. იგი ფებ-აპოლონის და ღვთაებრივი აკაკალისის შვილიშვილი იყო. აკაკალისი მინოსის ასული იყო. მინოსმა ღმერთის მიერ დაორსულებული ასული ოდესღაც ლიბიაში გადმოასახლა. აქ აკაკალისმა ფებ-აპოლონს შესძინა ბრწყინვალე ძე, რომელსაც ამფითემისს და გარამასს უწოდებდნენ. დავაჟკაცებული ამფითემისი შეეუღლა ტრიტონიდ ნიმფას, რომელმაც მას უშვა ორი შვილი – ნასამონი და მძლე კაფავრე. სწორედ ამ კაფავრემ მოუსწრაფა სიცოცხლე საბრალო კანთოსს და ცხვრის ფარა გადაარჩინა. არგონავტებმა მყისვე გაიგეს ეს ამბავი და ღმერთის სისხლისგან წარმოშობილი კაფავრე სიცოცხლეს გამოასალმეს. დამგლოვიარებულმა არგონავტებმა კანთოხის გვამი მოსძებნეს და მიწაში დაფლეს, კაფავრეს ფარა კი თან წაიყვანეს. შეუბრალებელმა სიკვდილმა მისანი მოპსეც წარიტაცა იმ დღეს. სახელოვანი წინასწარმეტყველი თავისი ხელოვნებითაც კი ვერ გაექცა მრისხანე ბედისწერას. სიკვდილს ხომ ვერავინ დააღწევს თავს!

საზარელი გველი შუადღის სიცხეს გაქცეოდა და ქვიშაში ჩაწოლილიყო. სიცხისაგან დაოსებულ ქვემძრომს არავისი ვნება არ სურდა და უწყინრად იწვა. მაგრამ ვაი იმ სულდგმულს, ვისაც ეს გველი თავის შავ შხამს აგემებდა! მისთვის ერთი წყრთა გზაც კი აღარ დარჩებოდა ბნელ სამარემდე. თვით პეონიც კი ვერ გაჰკურნავდა ამ გველის კბილებით დაკბენილ მოკვდავს. როდესაც დედის მიერ ევრიმედონად წოდებულმა ღვთის სწორმა პერსევსმა ლიბიას გადაუქროლა, გორგონას მოჭრილი თავიდან, რომელიც პერსევსს მეფესთან მიჰქონდა, სისხლის წვეთები დაიღვარა. ამ წვეთებიდან გაჩნდნენ საზარელი გველები, რომელთაგან ერთ-ერთი მოპსესათვის საბედისწერო აღმოჩნდა. საბრალო მოპსე ქვიშაზე მიაბიჯებდა და უეცრივ მარცხენა ფეხი გველს ზურგზე დაადგა. ქვემძრომი ტკივილისაგან დაიკლაკნა, მისანს წვივზე შემოეხვია და უკბინა. მედეა და მისი მხევალი ქალები დაკბენილ წინასწარმეტყველს გარშემოერტყნენ და შიშისაგან შეძრწუნდნენ. მოპსე სისხლიან ჭრილობას გაბედულად დააწვა ხელებით. საბრალო მისანი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა, სახსრების დამშლელმა შხამმა მას მთელ სხეულში დაუარა, თვალებზე ბინდი გადაეკრა და მიწაზე მძიმედ დაეცა. მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემული იაზონი და მისი მეგობრები მომაკვდავ მისანთან მიიჭრნენ, მაგრამ მოპსემ სული განუტევა. უბედური მისნის გვამმა გასაოცარი სისწრაფით დაიწყო ხრწნა. მისი მზის ქვეშ დატოვება აღარ შეიძლებოდა. არგონავტებმა მყისვე გათხარეს სპილენძის წერაქვებით ღრმა საფლავი, ტანჯული მისანი წესისამებრ დაიტირეს და მისი გვამი დიდი პატივით მიაბარეს მიწას. საფლავზე ტაგრუცი აღმართეს და იარაღასხმულმა ვაჟკაცებმა სამგზის შემოურბინეს მას.

როცა სამხრეთის ქარმა დაჰქროლა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ხოფები მოიმარჯვეს და ტრიტონის ტბიდან გასავალის ძებნა დაიწყეს. დიდხანს ჯარასავით ტრიალებდა ხომალდი ტრიტონის ტბაში და ზღვაში გასასვლელ გზას ვერ პოულობდა. ვით მზის მცხუნვარე სხივებით შეწუხებული გველი იკლაკნება ხოლმე ხვეულ ბილიკზე და ცეცხლივით ანთებული თვალებით თავის ხვრელს ეძებს, ისე ხომალდი იკლაკნებოდა და ტბის შესართავს ეძებდა. ორფევსმა არგონავტებს ურჩია აქაური ღმერთებისათვის აპოლონის დიდი სამფეხი შეეწირათ და მათი მფარველობა მოეპოვებინათ. არგონავტები კვლავ ნაპირზე გადავიდნენ და იქ ფებ-აპოლონის მიერ იაზონისადმი ნაჩუქარი სამფეხი დადგეს.

ძლევამოსილმა ვაჟკაცებმა სამფეხის შეწირვა ძლივს მოასწრეს, რომ მათ ჭაბუკის სახით უეცრივ გამოეცხადათ ყოვლისშემძლე ტრიტონი. მას ხელთ მიწის ბელტი ეპყრა. გაუწოდა იგი გმირებს და ასე უთხრა: „აიღეთ, მეგობრებო, ამაზე უკეთესი საჩუქრის მოცემა ახლა არ შემიძლია! რაკიღა თქვენ უცხოეთში მოხვდით და ზღვაში გასასვლელ გზას ეძებთ, ახლავე გაჩვენებთ. მე მამაჩემმა – პოსეიდონმა ამ არემარეს მეუფედ დამნიშნა და ამ ნაპირებს ვმბრძანებლობ. იქნებ თქვენ გაგიგონიათ ნადირთ სავანე ლიბიაში წარმოშობილი ევრიპილეს სახელი!“

ძლევამოსილმა ევფემემ, რომელიც პოსეიდონის ძე იყო, ტრიტონ-ევრიპილეს ბელტი სიხარულით ჩამოართვა და ასე მიუგო: „დიდებულო გმირო, თუ კი იცნობ აპისის მხარეს და მინოსის ზღვას (კრეტის ზღვა), გამოგვიყვანე ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან! ჩვენი ნებით არ მოვსულვართ აქ. მძაფრმა ქარიშხალმა გადმოგვისროლა ლიბიის უდაბნოში და ეს ხომალდი საკუთარი ზურგით მოვიტანეთ ტრიტონის ტბასთან. ჩვენ არ ვიცით, რომელი გზით შეიძლება პელოპონესის მხარეში მიღწევა“. ღვთაებრივმა ტრიტონმა ხელი გაიშვირა და არგონავტებს ტბიდან გასასვლელი და ზღვა დაანახვა: „აი ზღვაში გასასვლელი გზა, რომელსაც თქვენ ეძებთ! იქ წყალი სრულიად შავი და უძრავია. ამ ვიწრო სრუტეს თეთრი ნაპირები ეკვრის; მის გადაღმა კი უკვე ზღვა არის. იგი გარს არტყია კუნძულ კრეტას და პელოპონესის ღვთაებრივ მხარეს. როცა თქვენ ტბიდან გახვალთ და ზღვის ტალღებში შეცურდებით, ხელმარჯვნივ იცურეთ, სანამ ერთ უკიდურეს კონცხს არ მიაღწევთ. შენდეგ ხელმარცხნივ დაიწყეთ ცურვა და ზღვის გაშლილ სივრცეში აღმოჩნდებით. აბა, მხიარულად გასწით წინ და თქვენს ჭაბუკურ სხეულს სევდით ნუ დაჰღლით!“ დაამთავრა თუ არა ტრიტონმა სიტყვა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ტბიდან გასასვლელად მძლავრად აამოძრავეს ხოფები და სიხარულით გასცურეს წინ. ამასობაში ტრიტონმა დიდი სამფეხი მხარზე გაიდო, ტბაში ჩაეშვა და გაუჩინარდა. ვაჟკაცები უკვდავი ტრიტონის შეხვედრით მეტისმეტად აღფრთოვანებული იყვნენ და იაზონს ურჩევდნენ საუკეთესო ცხვარიც შეეწირა ტრიტონ-ევრიპილესათვის. არგონავტების წინამძღოლმა მყისვე ამოარჩია ჩასუქებული ცხვარი, ხომალდის კიჩოზე დაკლა და ლოცვით წარმოსთქვა: „დიდებულო ღმერთო, ზღვის სასწაულებრივი ტრიტონი ხარ შენ, თუ ფორკისი, თუ ზღვის ნიმფების მამა ნერევსი, რაკიღა შენი გამოცხადეხით გაგვაბედნიერე, შეგვიწყალე და უვნებლად დაგვაბრუნე საყვარელ სამშობლოში!“ იაზონმა ლოცვა დაამთავრა და ყელგამოჭრილი ცხვარი ტბაში გადაისროლა. კვლავ გამოეცხადათ ძლევამოსილ არგონავტებს ზღვის ღვთაება ტრიტონი. იგი ამჯერად თავისი ნამდვილი სახით ამოვიდა ტბის ფსკერიდან. ტრიტონს სხეული წელამდე უკვდავი ღმერთების მსგავსი ჰქონდა, წელქვევით კი ვეშაპს ჰგავდა და ორად გაპობილი კუდი ჰქონდა. ვით მხედარი ჩაეჭიდება ხოლმე ფაფარში თავაწეულ ცხენს და საჯირითო ასპარეზზე მიუშვებს, ისე ტრიტონი ჩაეჭიდა ხომალდის საჭეს, ვეშაპისებური კუდი ტალღებს დასცხო და ხომალდი სრიალით წაიყვანა. როცა ყოვლისშემძლე ღვთაებამ ხომალდი ზღვაში შეაცურა, საჭეს ხელი უშვა და წყლის სიღრმეში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ ამ სასწაულს. ვინაიდან ხელსაყრელი ქარი არ უბერავდა, არგონავტები იძულებული გახდნენ ეს დღე აქ დაეყოვნებინათ. იმ ადგილს, სადაც მათი ხომალდი იდგა, დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება. აქ არბონავტებმა დიდებულ პოსეიდონს და ტრიტონ-ევრიპილეს საკურთხევლები აუგეს.
წყარო: არგონავტიკა / აპოლონიოს როდოსელი ; ბერძნ. თარგმნა, წინასიტყვ. და განმარტება დაურთო აკ. ურუშაძემ. - თბ. : სახელგამი, 1948 (ბ.ს. კომბ-ტი). - 236გვ. ; 21სმ.. - პარალ. თავფურ. ლათ. ენ.. - განმარტებანი: გვ. 209-235
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9