განთიადზე ზეფირმა დაჰქროლა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს, ლიბიის უდაბური ნაპირი ხელმარჯვნივ დაიკავეს და წინ გაცურდნენ. დილით ადრე მიაღწიეს იმ მხარეს, რომელიც სამხრეთისაკენ იყო დახრილი და ფართო ყურეს ჰქმნიდა. ჩქარა ზეფირი ჩადგა, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფმა სამხრეთის ქარმა ნოტოსმა დაჰქროლა და არგონავტები დიდად გაახარა. მთელი დღე გაშლილი იალქნებით მიჰქროდნენ. მზე ჩავიდა. ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდა და სწრაფი ნოტოსიც ჩადგა. არგონავტებმა იალქნები ჩამოხსნეს, მაღალი ანძაც დახარეს და გაკრიალებული ხოფები აამოძრავეს. ისინი მთელი მეორე დღის და ღამის განმავლობაში ხოფების მოსმის წყალობით მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კლდოვან კარპათოსს მიაღწიეს. ჩქარა ყველაზე დიდ კუნძულ კრეტასაც მიუახლოვდნენ და ის-ის იყო ნავსადგურში შესვლას ცდილობდნენ, რომ კუნძულის მაღალ კლდეზე შემდგარმა სპილენძი გიგანტმა ტალოსმა არგონავტების ხომალდს კლდიდან მოხეთქილი ვეებერთელა ლოდები დააყარა და დიქტეს ნავსადგურში შესვლა არ დაანება. დაუძლეველი ტალოსი იფნის ხისაგან შექმნილ ადამიანთა მოდგმას ეკუთვნოდა. ეს მოდგმა სპილენძის საუკუნეში წარმოიშვა და შემდგომში ნახევრადღმერთთა წყებაში იქმნა მირიცხული. ყოვლისშემძლე ზევსმა გოლიათი ტალოსი ევროპას აჩუქა ღა კუნძული კრეტის დარაჯობა დაავალა. გოლიათი დარაჯი სპილენძის ფეხებით დღეში სამგზის უვლიდა გარს კუნძულს და მას ფხიზლად იცავდა. ტალოსის სხეული მთლიანად სპილენძის იყო და მისი დაძლევა თითქმის არ შეიძლებოდა. გოლიათის სიცოცხლე დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ნაზ და სისხლსავსე ძარღვზე, რომელიც ტალოსს ქუსლში ჰქონდა დაფარული.
შეშინებულმა არგონავტებმა ხომალდი უკან მოაბრუნეს და წყურვილით დატანჯული და მგზავრობით დაქანცული ვაჟკაცები კრეტას სავსებით გაშორდებოდნენ, რომ გრძნეულ მედეას არ წამოეძახა: „მისმინეთ, მეგობრებო! ხომალდი იმ სიშორეზე დაიჭირეთ, რომ ტალოსის ნატყორცნი ლოდები არ მისწვდეს! მე ახლავე მოვუღებ ბოლოს მაგ სპილენძის გოლიათს! იგი უკვდავი არ არის!“.
არგონავტებმა ხომალდი უშიშარ ადგილას გააჩერეს და მოუთმენლად მოელოდნენ გრძნეული ასულის მოქმედებას. მედეამ პირზე მოსასხამი მიიფარა და იაზონის დახმარებით საჯდომიდან ერდოზე გადავიდა. აქ მან ლოცვით მოუწოდა სიცოცხლის მომსპობ კერებს, ჰადესის ამ სწრაფ ძაღლებს, რომლებიც მუდამ ჰაერში დაძრწიან და მზად არიან საბრალო მოკვდავებს ყოველ წუთში სიცოცხლე წარსტაცონ. გრძნეულმა მედეამ შემდეგ მუხლები მოიყარა და ჯადოქრული საშუალებებით სამგზის შეევედრა სიკვდილის ქალღმერთებს. მერე ფეხზე წამოდგა, მთელი რისხვა მოიკრიფა და ზიზღით აღსავსე თვალები ტალოსს გაუშტერა. გოლიათის თვალებმა გრძნეული ასულის ცქერას ვეღარ გაუძლო და ტალოსი ერთბაშად მოჯადოვდა. მედეამ მას შავი და საზარელი აჩრდილებიც მოუვლინა. მამაო ზევსო! დიდად განცვიფრებული ვარ მე! მარტო ავადმყოფობით და მახვილით არ მოდის თურმე სიკვდილი! შორი მანძილიდანაც შეიძლება კაცის მოსპობა! ძლევამოსილი სპილენძის ტალოსი უძლური აღმოჩნდა მედეას ჯადოსნური ძალის წინაშე! მოხეთქილი ლოდების მტყორცნელმა გოლიათმა ქუსლი კლდის წვეტიან ქიმს წაჰკრა. დაჭრილი ქუსლიდან გამდნარი ტყვიის მსგავსი სისხლი გადმოჩუხჩუხდა და ტალოსმა თავი ვეღარ შეიმაგრა. სიმწარისაგან გააფთრებული ტალოსი ერთი მძლავრად შეტორტმანდა და ბასრი ცულით გადაჭრილ ფიჭვის ხესავით მოსწყდა კლდის წვერს. ქანცგამოლეული გოლიათი საშინელი გრიალით დაასკდა ზღვის ზედაპირს და წყალში ჩაიძირა.
ის ღამე არგონავტებმა კრეტაზე გაატარეს. როცა ეოსმა გამოანათა, ვაჟკაცებმა მინოიდ-ათენას სალოცავი აუგეს, ხომალდზე ავიდნენ, ხოფები ხელთ იპყრეს და ცდილობდნენ სწრაფად მოეტოვებინათ უკან სალმონიდის კონცხი (კრეტის კონცხი, აწინდელი სიდეროსი). სიხარულით მისრიალებდნენ არგონავტები კრეტას ზღვაზე, რომ უეცრივ ჩამოწვა კუნაპეტივით შავი ღამე, რომელსაც კატულასს (უკუნს, საზარელს) უწოდებენ. მთვარესა და ვარსკვლავებს შავი სუდარი ჩამოეფარა. ყველაფერი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა. ზარდაცემულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, ჰადესისაკენ მიჰქროდნენ, თუ წყლის ზედაპირზე მიცურავდნენ. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა გმირებმა იმედი გაიწყვიტეს და ზღვის ტალღებს მიანდეს თავი. ძლევამოსილმა იაზონმა ხელები ზეცისაკენ აღაპყრო, ძლიერი ხმით შეევედრა ფებ-აპოლონს და დახმარებისათვის მოუწოდა. თავზარდაცემულ გმირს ცხარე ცრემლები მოსდიოდა. იგი ყოვლისშემძლე აპოლონს ჰპირდებოდა, რომ ურიცხვ საჩუქარს მიართმევდა პითონშიც, ამიკლეში და ორტიგიაშიც. ლეტოს ბრწყინვალე ძეო! შენ შეისმინე არგონავტების წინამძღოლის მხურვალე ვედრება და დაუყოვნებლივ დაეშვი ზეციდან ზღვაში ჩამსხდარ მელანტიოსის კლდეებზე! ყოვლად მოწყალე აპოლონო, შენ ერთ-ერთ კლდეზე შედექი, მარჯვენა ხელით ოქროს მშვილდი ჰაერში ასწიე და ზღვის თვალუწვდენელი სივრცე გააშუქე. არგონავტების თვალწინ მყისვე აღიმართა სპორადთაგანი ერთი პაწაწა კუნძული, მცირე კუნძულ ჰიპურისის პირდაპირ მდებარე. არგონავტები ამ კუნძულს მიადგნენ და როცა მზემ ცხოვლისმყოფელი სხივები დედამიწას კვლავ მოჰფინა, ვაჟკაცებმა ყოვლისშემძლე აპოლონს ჩრდილოვან ჭალაკში ლამაზი საკურთხეველი აუგეს და ლეტოს ძეს ბრწყინვლე შუქის გამოცემისათვის ეგლეტე (მბრწყინავი) უწოდეს. იმ პაწაწა ბრტყელ კუნძულს კი სახელად ანაფე (ვუჩვენებ) შეარქვეს, ვინაიდან განსაცდელში ჩავარდნილთ პირველად იგი დაანახვა ფებ-აპოლონმა.
ამის შემდეგ არგონავტებმა აპოლონის სადიდებლად მსხვერპლის შეწირვა დაიწყე. ვინაიდან ღვინო არ ჰქონდათ, ზედაშედ წყალი დააქციეს. როცა მედეას მხევალმა ფეაკების ქალებმა დაინახეს, რომ არგონავტები ანთებულ მუგუზალზე ზედაშედ წყალს ღვრიდნენ, სიცილი ვეღარ შეიკავეს. ისინი ალკინოეს სასახლეში იყვნენ დაზრდილნი და მუდამ მსუქანი ხარების მსხვერპლად შეწირვას ესწრებოდნენ. ფეაკების ქალთა დაცინვამ ვაჟკაცები გაახარა და მედეას მხლებლებს უწმაწური სიტყვებით უპასუხეს. არგონავტებსა და ფეაკელ ქალებს შორის უწყინარი დაცინვა და უწმაწური შაირობა გაჩაღდა. ძლევამოსილი არგონავტების ამ შექცევის მიხედვით, კუნძულ ანაფეზე ქალები ასევე დასცინიან მამაკაცებს, როცა ისინი ამ კუნძულის მფარველ აპოლონ-ეგლეტეს მსხვერპლს სწირავენ.
არგონავტებს საუცხოო ამინდი დაუდგათ და მყისვე ხომალდზე ავიდნენ. ამ დროს გმირ ევფემეს ღამით ნახული სიზმარი მოაგონდა და მაიას ბრწყინვალე ძეს თაყვანი სცა. ევფემეს ეზმანა, ვითომ ტრიტონის მიერ ნაჩუქარი ბელტი გულთან მიეჭირა; ეს ბელტი მისი საკუთარი მკერდიდან გადმოსული რძის წვეთებით მორწყულიყო; ბელტიდან უეცრივ პატარა ქალწული ამოვიდა; ევფემე უსაზღვრო ვნებით აენთო მისადმი და მასთან სასიყვარულო კავშირი დაიჭირა; შემდეგ კი ტირილი მორთო, რადგანაც საკუთარი რძით გამოკვებილ ასულს შეეუღლა; ქალწულმა კი მას ტკბილი სიტყვებით ვითომ ასე უთხრა: „მეგობარო, მე მოკვდავი ქალიშვილი არა ვარ! მე ტრიტონის მოდგმა ვარ და შენგან წარმოშობილი თაობების ძიძა ვიქნები! ჩემი მშობლები ტრიტონი და ლიბიაა. გამიშვი, მეგობარო, ნერევსის ასულებთან! მე მსურს ზღვაში ვიცხოვრო კუნძულ აწაფეს მახლობლად! შემდეგ კი მზის შუქზე ამოვალ და შენს შვილიშვილებს მფარველობას გავუწევ!“.
გმირმა ევფემემ ეს სიზმარი იაზონს უამბო. იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ეს ჰეკატოსის (აპოლონის) წინასწარმეტყველება იყო და ევფემეს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობარო, მართლაც დიდი და ბრწყინვალე პატივი გხვდა შენ წილად! თუ მაგ ბელტს ზღვაში გადაისვრი, ღმერთები მყისვე კუნძულს აღმოაცენებენ! ამ კუნძულზე შენი შვილიშვილები დასახლდებიან. სწორედ რომ დიდებით შეგმოსა ნეტარმა ტრიტონმა, ლიბიის მიწის ბელტი რომ გიბოძა!“
წინასწარმეტყველებით აღტაცებულმა ევფემემ ოაზონს დაუჯერა და ტრიტონის ნაჩუქარი ბელტი ზღვაში გადაისროლა. გადაგდებულ ბელტისაგან მყისვე ამოიზიდა კუნძული კალისტე („ლამაზს“ ნიშნავს). ეს კუნძული იყო წმინდა ძიძა ევფემეს ნაშიერთა, რომლებიც თავდაპირველად სინტეიდურ ლემნოსზე ცხოვრობდნენ. ისინი ლემნოსიდან ტირსენელებმა გამოაძევეს და სპარტაში დასახლდნენ. ავტესიონის სახელოვანმა ვაჟმა თერასმა ევფემეს ნაშიერები სპარტიდან კუნძულ კალისტეზე გადაიყვანა. ამ კუნძულმა შემდეგში თავისი სახელი შეიცვალა და თერა დაირქვა (აწინდელი სანტორინი).
ძლევამოსილმა არგონავტებმა კუნძული თერა დატოვეს. ზღვის ტალღები სწრაფად გადალახეს და კუნძულ ეგინას ნაპირებს მიადგნენ. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ და წყლის მოსამარაგებლად გაეშურნენ. ვაჟკაცებმა შეჯიბრი გამორთეს, თუ ვინ მოასწრებდა ჭურჭლის გავსებას და ხომალდზე დაბრუნებას. ეს შეჯიბრი წყლის საჭიროებითაც იყო გამოწვეული და იმითაც, რომ საამური ზურგქარი არგონავტებს გამგზავრებისათვის აჩქარებდა. მათ მიერ გამართული შეჯიბრის მოსაგონებლად მირმიდონელთა ძენი დღესაც მართავენ ამ სახის ასპარეზობას. ისინი მხრებზე წყლით სავსე ორყურიან კოკებს იდგამენ და ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან.
ძლევამოსილო არგონავტებო! ნეტარ გმირთა სახელოვანო ვაჟებო, მოწყალე იყავით ჩემს მიმართ! დაე, მარად საამო მოსასმენი იყოს ეს ჩემი მოთხრობა! მე უკვე დავასრულე თქვენი საგმირო ამბავი! კუნძულ ეგინიდან გამომგზავრებულთ გაჭირვება აღარ შეგხვედრიათ; არც ქარიშხალს შეუშფოთებიხართ! თქვენ მშვიდად შესცურეთ ევბეის ყურეში; ჩაუარეთ კეკროპიას (ატიკა), ავლისს, ლოკრთა ოპუნტიურ ქალაქებს და სიხარულით მიადექით პაგასის (იოლკოსის ნავსადგური) ნაპირებს!.
ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |