A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვედ ვეზ ვენ ვერ ვეს ვეტ ვეშ

ვენერა

ბაღების ქალღმერთი, აგრეთვე სიყვარულისა და მშვენიერების ღვთაება. ენეასის დედა, რომაელთა ლეგენდარული წინაპარი. ბერძნული აფროდიტეს თანაზიარი. თავდაპირველად ვენუსი მხოლოდ ბაღების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი ერთ-ერთი სახელი იყო „ფრუტისი“, რაც „ნაყოფს“ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც რომში გავრცელდა თქმულება ენეასზე, რომაელი ხალხის მითოსურ მამამთავარზე, ვენუსი აფროდიტესთან გააიგივეს, რადგანაც სწორედ ეს ქალღმერთი იყო ენეასის დედა. იმიერიდან ვენუსმა შეიძინა არა მხოლოდ ახალი ფუნქციები, არამედ დიდი პოპულარობაც მოიპოვა, როგორც დიადი ხალხის ღვთაებრივმა დედამთავარმა.

ძვ.წ. I საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება ვენუსის როლი, რადგანაც სახელოვანმა სახელმწიფო მოღვაწეებმა იგი თავის მფარველად აღიარეს. კერძოდ, რომში მთავარსარდალი სულა საკუთარ თავს „ეპაფროდიტუსს“ („აფროდიტეს რჩეულს“) უწოდებდა. დიდმა პომპეუსმა ტაძარი ააგო გამარჯვებული ვენუსის სახელზე. ვენუსის ჩამომავლებად მიიჩნევდნენ თავს იულიუს კეისარიც და ავგუსტუსიც, რადგანაც თვლიდნენ, რომ მათი მოდგმის მამამთავარი იყო ენეასის ძე იულუსი.

აფროდიტესთან დაკავშირებულ ყველა მითოსში ვენუსის სახელი გამოჩნდება. გვიანი ხანის ევროპელი ხელოვანებიც გაიზიარებენ ამ ტრადიციას და თავიანთ ქმნილებებს ასე დაასათაურებენ: ვენუსის დაბადება (ბოტიჩელი, ტიციანი, რუბენსი), ვენუსის აღკაზმვა (ტიციანი, ველასკესი), ვენუსი და ამური (კრანახი, ვერონეზე, რემბრანტი), მიძინებული ვენუსი (ჯორჯონე, ტიციანი, გვიდო რენი, ველასკესი).

პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახება აფროდიტეს ცნობილი ქანდაკება. მას „ვენუს (ვენერა) მილოსელს“ უწოდებენ, რადგანაც აღმოჩნდა კუნძულ მილოსზე (ძველად ამ კუნძულს მელოსი ეწოდებოდა). ეს მარმარილოს ქანდაკება ელინისტური ეპოქის (ძვ. წ. II საუკუნე) ორიგინალია და ითვლება ბერძნული ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშად.

სინონიმი: ვენუსი
იხ. აგრეთვე: ენეიდა
წყარო: მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის / [ავტ.: ნანა ტონია, ზურაბ კიკნაძე ; მთ. რედ.: რუსუდან მოსიძე]. - თბ. : ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2003. - 29 სმ.. - ISBN 99940-27-00-X[MFN: 18702]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9