ნადიმი დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ერთხმად აღიარებული შედევრია (ვინდელბანდი მას უწოდებს `უდიადესს პლატონის მხატვრულ ქმნილებათა შორის~). `ნადიმის~ სიუჟეტური ქარგა მარტივია და ლამაზი. დიალოგს 24 საუკუნის მიღმა გადავყავართ: 416 წ. (ძვ. წ. ა.). ათენი. ახალგაზრდა ტრაგიკოსი აგათონი ნადიმს იხდის გამარჯვების აღსანიშნავად. აქ, ამ ნადიმზე, ერთმანეთს ხვდებიან და სიყვარულზე _ ეროსზე საუბრობენ ათენის ინტელექტუალური არისტოკრატიის უკეთესი წარმომადგენელნი. აქ არის მორცხვი და მოკრძალებული ფედროსი, აქ არიან სოფისტი პავსანია და ექიმი ერიქსიმახოსი, კომედიოგრაფი არისტოფანე და ტრაგიკოსი აგათონი, და ბოლოს, აქვე არიან ბრძენი სოკრატე და მომხიბლავი ჭაბუკი ალკიბიადე. თვითეული მათგანის სიტყვას მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობის ბეჭედი აზის, თვითეული სიტყვა დასრულებული, დამოუკიდებელი და თავისთავადი ჰიმნია ეროსისადმი, მაგრამ პლატონის გენიალური ხელოვნება უღრმესი შინაგანი კავშირით ჰკრავს მათ, რითაც ერთიანი, მთლიანი ნაწარმოების სახეს ანიჭებს `ნადიმს~. ხოლო ამ ერთიანობის მიზანია გვიჩვენოს ეროსის გენეალოგია, მისი არსი, მისი გვარები, ეფექტები და, დასასრულ, მისი მიზანი. პლატონის კონცეფციით, სიყვარული სამყაროს ერთიანობის დიდი პრინციპია, უნივერსალური ჰარმონიის, სიკეთისა და მშვენიერების წყარო. სამყაროს მრავალფეროვნებას, საგანთა სიმრავლეს ერთიანობა უდევს საფუძვლად, ხოლო სიმრავლეში თვლემს მარადიული ტენდენცია პირველადი ერთიანობისაკენ მიქცევის და მიბრუნებისა. ამ მარადიულ ლტოლვას, ყოველი არსის, ყოველი სიცოცხლის ამ ინტიმურსა და ნათელ კანონს სიყვარული ჰქვია სახელად.
ერთი მრავალია და სიყვარულის წყალობით მრავალი ერთიაო~, _ ამბობდა ემპედოკლე. სწორედ სიყვარული წარმართავს სასრულსა და წარმავალს უსასრულოსა და წარუდინებლისაკენ. `სიყვარული წყურვილია უკვდავებისა~, - ეუბნება დიოტიმა სოკრატეს. ამრიგად, სიყვარული აქ გვევლინება როგორც უზარმაზარი, კოსმიური ძალა, როგორც `სამყაროს სასიცოცხლო იმპულსი~ (ვინდელბანდი).მაგრამ სასრულისა და უსასრულოს ერთიანობა, პლატონის აზრით, სრულიადაც არ გულისხმობს სასრულისა და სიყვარულის გაქრობას. `პირიქით, ესაა ჭეშმარიტი სიცოცხლე, ესაა სიყვარული თავის უკვდავ არსში, თავის იდეაში. კაცთა კავშირი არაა ერთობა, ან, ყოველ შემთხვევაში, ესაა ერთობა, რომელიც განსხვავებას არ გამორიცხავს. ის, ვისაც უყვარს და ის, ვინც უყვართ, ორნი არიან, რადგან არ კარგავენ თავიანთ მეობას... ერთისა და მრავლის თანაარსებობის ეს მისტერია, რომლის ახსნასაც ამაოდ ცდილობს ინტელექტი, პლატონის მიხედვით, სულთა სიყვარულშია განსახიერებული~ (A. Fouillée, Histoire de la philosophie, Paris, 1893, p. 95–96.).
ძველი ლეგენდა გადმოგვცემს: პლატონის მოწაფეთა შორის იყო ვინმე ასტერი, რომელსაც ფილოსოფოსი ასტრონომიას ასწავლიდაო. ეს ასტერი ფრიად მომხიბლავი ჭაბუკი ყოფილა და მისმა მშვენებამ ასეთი ლექსი ათქმევინა თურმე პლატონს: `შენ ვარსკვლავებს უმზერ, ჩემო ასტერ; ნეტა შემეძლოს ცად ქცევა, რათა მირიადი თვალით გიმზირო შენ~. კაცი ცად ვერ იქცევა, მაგრამ `ნადიმი~ გვეუბნება, რომ, როდესაც სიყვარული მოიცავს და წრფელის გზით წარმართავს კაცის ბუნებას, მას შეუძლია ამაღლდეს, გაარღვიოს დროისა და სივრცის სამანი, მისწვდეს ვარსკვლავეთს და, ამრიგად, ეზიაროს უმშვენიერესსა და უსათნოესს, უსასრულოსა და დაუსაბამოს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მკითხველს თვითონვე გააცნობს თავს ეს ბრძენი და კეთილი წიგნი.
ძირითად გვერდზე | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | გვერდის დასაწყისი |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |