ათენის პოლიტიკური მოღვაწე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი და სარდალი. ძვ. წ. 444 წელს, თუკიდიდეს დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას, ძვ. წ. 445 წელს დაიმორჩილა ევბეია, ხოლო 440 წელს — სამოსი. პერიკლემ თავის გარშემო შემოკრიბა საბერძნეთის წამყვანი კულტურის მოღვაწენი და არაერთ დიდ საქმეს დაადგეს თავი, სწორედ მისი მმართველობის ხანაში ათენმა მიაღწია ეკონომიკური და კულტურული განვითარების პიკს (პერიკლეს ხანა).
მიეკუთვნებოდა ალკმეონიდთა არისტოკრატიულ გვარს, მაგრამ იზრდებოდა დემოკრატთა გარემოცვაში. მიიღო დიდებული განათლება. თავისი ათლეტური აღნაგობის, არისტოკრატობისა და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო პერიკლეს „ოლიმპიელს“ უწოდებდნენ. იგი 15 წელი (ძვ. წ. 444-429 წწ.) უცვლელად იყო ათენის სტრატეგოსი, მართავდა პრინციპით: „ჩვენ ვქმნით დროის მცირე მონაკვეთში, მაგრამ არა დროის მცირე მონაკვეთისათვის“.