A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რა რაბ რად რაკ რან რას რატ რაუ რაფ რაყ რაც

რაბლე ფრანსუა (1494-1553)

ყველა დროის უდიდესი ფრანგი მწერალი ფრანსუა რაბლე დაიბადა მდიდარი გლეხის ოჯახში. ბავშვობა პატარა ქალაქ შინონში გაატარა, რომელსაც დიდი სიამოვნებით იგონებდა და პატარა ლექსებსაც უძღვნიდა. იგი ხშირად დადიოდა იქვე, პატარა მდინარის პირას აღმართულ ციხესიმაგრეში, სადაც ასწლიანი ომის დროს ფრანგთა მეფემ კარლოს VI-მ თავისთან სასაუბროდ მიიწვია ჟანა დარკი და მტრებთან საბრძოლველად დიდი რაზმი ჩააბარა. რაბლემ აზნაურის წოდება მემკვიდრეობით მიიღო დედისგან, მაგრამ იგი უმცროსი ვაჟი იყო და, არსებული წესის თანახმად, მშობლების მემკვიდრეობიდან არაფერი ერგო.

რაბლე სამონასტრო სკოლაში მიაბარეს. იქ სწავლისას ბევრს კითხულობდა, სწავლობდა ე. წ. „მკვდარ ენებს“ და კითხულობდა ბერძენ-რომაულ მწერალთა ნაწარმოებებს. იგი მხიარული, ენამახვილი და ოხუნჯიც იყო, მაგრამ ბერად აღიკვეცა. ფრანსუა თავის მეგობრებთან ერთად, რომლებიც ცოდნისაკენ ისწრაფოდნენ, ძველ ბერძნულ-რომაულ ენებთან ერთად არაბულ ენასაც ეუფლებოდა. მისი ინტერესის საგანი იყო რომის სამართალი, ბოტანიკა და ანატომია, ზოოლოგია და მედიცინა. რაბლეს ერთი უცნაური ამბავიც შეემთხვა: თურმე იმ ფულით, რომელიც მონასტერში შესაწირავად შემოდიოდა, წიგნებს იძენდა და თავისი მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა. მას ყველაფერი ჩამოართვეს და საკანში გამოკეტეს. ფრანსუა მონასტრიდან გაიქცა. მას მფარველობა გამოუცხადა რომის პაპმა კლიმენტი VII-მ და თავისთან შეიფარა. აქ მან გაორმაგებული ძალით განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა.

ფ. რაბლესთან სასაუბროდ მოდიოდნენ როგორც ეკლესიის მსახურნი, ასევე პოეტები, მწერლები, მეცნიერები. მან საამო საუბარი და მოსმენაც იცოდა. ფრანსუა რაბლე ძალიან იყო დაინტერესებული განასაკუთრებით ადამიანის ბიოლოგიური აგებულებით და უკვე საკმაოდ მოზრდილი 1530-1534 წლებში სწავლობდა ქ. მარსელთან ახლოს პატარა დაბაში, მაგრამ სახელგანთქმულ უნივერსიტეტში – სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ იგი ღრმად გაეცნო ძველბერძენი მკურნალის – ჰიპოკრატეს მოძღვრებას, დროზე ადრე მიატოვა სასწავლებელი და ქ. ლიონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმად დაიწყო მუშაობა, ხოლო შემდეგ მედიცინის დარგში მიღებული დიდი ცოდნა თავის მხატვრულ-პედაგოგიურ შეხედულებათა საფუძვლად გამოიყენა.

ფ. რაბლეს მწერლური შემოქმედების ყველაზე საინტერესო ობიექტია ადამიანი, რომლის საზოგადოებრივი აღზრდის საფუძვლად იგი მიიჩნევს გონებრივი და ფიზიკური განვითარების პრინციპს, ამკვიდრებს ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის იდეალს.

ფრანსუა რაბლე თავის ეპოქისა და შემდგომი ეპოქების, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი კლასიკოსია. მან საქართველოში ყურადღება ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიიქცია. მის პედაგოგიურ შეხედულებებს საგანგებო წერილიც კი უძღვნა დიდმა ილიამ.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9