A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მიგელ დე სერვანტესი(1547-1616)

მიგელ დე სერვანტეს საავედრა დაიბადა ესპანეთის ქალაქ ალკალა დე ენარესში 1547 წლის 29 სექტემბერს. მას ჰყავდა ოთხი ძმა და სამი და. მისი მამა, როდრიგო დე სერვანტესი, ექიმი იყო. იგი ღარიბ აზნაურთა წრეს განეკუთვნებოდა. მწერლის დედა, ლეონორა დე კორტინასიც, ასევე ღარიბი აზნაურის ოჯახიდან იყო. მიგელის მამამ სამუშაოს ძიებაში თითქმის მთელი ესპანეთი მოიარა, ხოლო პატარა მიგელი ამან შთაბეჭდილებებით გაამდიდრა. მიუხედავად სიღარიბისა, მამამ შეძლო შვილისათვის შესანიშნავი განათლება მიეცა. მადრიდში სწავლის პერიოდში მას უკვე ჰქონდა დაწერილი საინტერესო ელეგიები და ლექსები. 1568 წელს სერვანტესი სარეკომენდაციო წერილით იწყებს მუშაობას რომის პაპის პიუს მეხუთის ელჩთან, რომელიც ჩამოსული იყო ესპანეთის მემკვიდრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მასთან ერთად იგი მიემგზავრება იტალიაში და ჩერდება რომში. ერთ-ერთი ვერსიით, მან ესპანეთი სასწარაფოდ იმის გამო დატოვა, თითქოს დუელში მოკლა ესპანელი აზნაური. ერთი წლის შემდეგ იგი იწყებს სამსახურს ესპანეთის არმიაში, რომელიც განლაგებული იყო იტალიაში და იბრძვის თურქების წინააღმდეგ ხმელთაშუა ზღვაში. ხუთი წლის განმავლობაში მან მოინახულა იტალიის უდიდესი ქალაქები: მილანი, ვენეცია, პალერმო, ისწავლა იტალიური ენა, გაეცნო აღორძინების პერიოდის იტალიურ ლიტერატურას, დანტეს პოეზიას, პეტრარკას, ბოკაჩოს და სხვებს. სერვანტესი კარგად იცნობდა ანტიკურ ლიტერატურას – ჰომეროსს, ვერგილიუსს, ორაციუსს და სხვ. იმ პერიოდის ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა იყო. მისი სამფლობელოები იზრდებოდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, აზიაში, აფრიკაში. მან 1581 წელს მიიერთა პორტუგალია, XVI საკუნე და XVII საუკუნის მეორე ნახევარი ითვლება ესპანეთის ხელოვნების ოქროს ხანად. ამ ეპოქაში უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა მიგელ დე სერვანტესს. 1571 წლის 7 ნოემბერს სერვანტესი მონაწილეობდა ლეპარტოსთან მომხდარ საზღვაო ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ესპანეთ-ვენეციის გაერთიანებული ფლოტი და თურქეთის ფლოტი.ესპანეთის ფლოტმა სასტიკად დაამარცხა თურქეთის ესკადრა და ბოლო მოუღო ამ სახელმწიფოს ბატონობას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ბრძოლაში სერვანტესი მძიმედ დაიჭრა, რის შედეგად იგი მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობდა. ამის შემდეგ იგი უკვე ფიქრობდა სამშობლოში დაბრუნებაზე და უმცროს ძმასთან – როდრიგოსთან ერთად 1575 წლის 20 სექტემბერს ტოვებს ნეაპოლის ნაპირებს. ესპანეთში მიმავალთ თან მიაქვთ მეფე ფილიპე მეორესთან სარეკომენდაციო წერილები, რომლებშიც აღნიშნულია მათი საგმირო სა ბრძოლო საქმეების შესახებ, ხელს ამ რეკომენდაციებს აწერდნენ ისეთი გავლენიანი პირები, როგორიც იყვნენ ხუან ავსტრიელი და ნეაპოლის ვიცე-მეფე. სწორედ ამ წერილებმა ითამაშეს საბედისწერო როლი სერვანტესისა და მისი ძმის ცხოვრებაში. ზღვაში გემი ხელთ ჩაიგდეს ყაჩაღებმა და პატიმრები ალჟირში წაიყვანეს, სადაც ალჟირის მმართველმა, ჰასან ფაშამ, სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე ჩათვალა, რომ ძმები დიდი პიროვნებები იყვნენ და მათში დიდძალი გამოსასყიდის აღება შეიძლებოდა. ისინი 500 ოქროს ესკუდოდ შეაფასეს. პატიმრებს ყელზე რკინის სალტე გაუკეთეს, ხოლო ფეხებზე ჯაჭვები, ასეთ მძიმე პირობებში სერვანტესი ხუთი წელი იტანჯებოდა. მხოლოდ 1580 წლის 19 სექტემბერს გაათავისუფლეს ტყვეები მათმა ნათესავებმა, ჰასან ფაშა დაითანხმეს სამი ათას რეალად გაეთავისუფლებინა ტყვეები. შემდგომში მწერლის ნაწარმოებებში ალჟირის თემა ხშირად ფიგურირებს. სახლში დაბრუნებულმა სერვანტესმა ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში იხილა. მთელი ოჯახის სიმძიმე მას დააწვა კისერზე. იგი ყველანაირად ებრძოდა სიღარიბესა და გაჭირვებას, მაგრამ ბედი არ სწყალობდა. იგი რამდენჯერმე მოხვდა ციხეში ფინანსური მაქინაციების გამო. 1604 წელს იგი თავისი ოჯახით დასახლდა ვალიადოლიდში, იმ დროისთვის იგი 58 წლისა შესრულდა. ისმის კითხვა, როდის წერდა სერვანტესი? ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ მან „დონ-კოხოტზე“ მუშაობა დაიწყო 1602 წელს სევილიის ციხეში. პირველი ნაწილი მან დაამთავრა 1604 წელს, ხოლო მეორე დაწერა ათი წლის შემდეგ, მაგრამ დიდება მას უკვე მოუტანა რომანის პირველი ნაწილის გამოქვეყნებამ.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9