A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დოგ დოკ დოლ დომ დონ დოქ

დონ-კიხოტი

დონ-კიხოტი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი პოპულარული სახეა. მსოფლიოში არცთუ ისე ბევრია ლიტერატურული გმირი, რომლებსაც ძეგლებს უდგამენ. მაგრამ, ამავე დროს, დონ-კიხოტი ამოუცნობი პერსონაჟია, ვინ არის ის, უცნაური ფანტაზიორი – მას აქვს საკუთარი და ტანჯული ფილოსოფია, რომელიც, რა ქმა უნდა, თვით ავტორს ეკუთვნის. სწორედ აქ იმალება ნაწარმოების მართებული ახსნა. დონ-კოხოტი ამბობს, რომ მან მიიღო რაინდობა, რათა დაიცვას ღარიბნი და დაჩაგრულნი მდიდრების უსამართლობისაგან. იგი აცხადებს: „მე ღმერთის განგებით დავიბადე ჩვენს რკინის საუკუნეში, რათა იგი ოქროს საუკუნედ ვაქციო“. პატარა ბიჭუნას დაცვა, პატიმრების გათავისუფლება და ბრძოლები ბოროტების ურიცხვ მესვეურთან არის ცდა, დაუბრუნდეს იგი დაკარგულ ოქროს ხანის იდეალებს. დონ-კიხოტი, ერთი შეხედვით, თითქოს მართლა გმირია, მაგრამ ეს ასე არ არის. რომანში 669 მოქმედი პირია. დონ-კიხოტს გარს ერტყმიან სხვა პერსონაჟებიც და, უპირველეს ყოვლისა, მათ რიცხვშია მისი ერთგული სანჩო პანსაც – ესპანელი გლეხი, რომელიც დონ-კიხოტთან ერთად ბრინჯაოს ძეგლად არის ჩამოსხმული და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს ამშვენებს. სანჩო დონ-კიხოტისაგან სრულიად განსხვავებული სახეა, გლეხის ბუნებრივი პრაქტიციზმი მას შველის, თავი დაიხსნას ნებისმიერი არასასიამოვნო სიტუაციისაგან. მაგრამ ორივე გმირს აქვს საერთოც, მიუხედავად სხვადასხვა ფენის წარმომადგენლობისა. სანჩოც არ კარგავს უკეთესი მომავლის იმედს, სწამს, რომ ხვალინდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნება. იგი სამართლიანი მმართველის უნარს ავლენს, როდესაც „ბედის წყალობა“ – ეს მხოლოდ მდიდარი ჰერცოგის დაცინვა და სანჩოს მასხრად აგდება იყო. მას იგი გუბერნატორის როლში თავის გასართობად ათამაშებდა. დონ-კიხოტი სატირა არ არის, იგი ტრაგიკომედიაა სერიოზული ფილოსიფიური საფუძვლით, რომელიც მომავლისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნული გმირების გამონათქვამები ომის შესახებ, დამაფიქრებელია. ისინი მსჯელობენ ომით მოტანილი უბედურებისა და დამღუპველობის შესახებ და გამოაქვთ ჰუმანური დასკვნა, რომ „ომის მიზანი არის მშვიდობა“.

სერვანტესს, როგორც არავის, ჰქონდა ამის უფლება. მან საკუთარ თავზე გამოსცადა ახალგაზრდობის დროს ომის ყველა საშინელება: მამაცი მეომარი თურქეთის ფლოტთან ბრძოლის დროს დაინვალიდდა, გამოიარა ალჟირის ტყვეობის საშინელებები. მან იცოდა, რასაც ამბობდა. სერვანტესის დონ-კიხოტის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეეცადა ცხოვრებაში გაეტარებინა რაინდული სულისკეთება მაშინ, როდესაც ამის შესახებ არავინ ფიქრობდა. მაგრამ რაინდულ ღირსებებს ზოგჯერ ჩვენს დროშიც დასცინიან და ამიტომ არის უკვდავი.

სერვანტესი გარდაიცვალა 1616 წლის აპრილს, მისი საფლავი უცნობია. ასე დაამთავრა მრავალტანჯული ცხოვრება დიდმა მწერალმა. გავა ათასწლეულები და ცხოვრება დედამიწაზე აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ არ შეიცვლება ადამიანის ლტოლვა უკეთესობისაკენ. რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს და რა ბედიც უნდა ეწიოთ ჩვენს შთამომავლებს, ამ უცნაური გმირის სახე, რომელსაც ბავშვის ღიმილი დასთამაშებს, მუდამ მათთან იქნება. დონ-კიხოტი ხომ ოცნებობდა იმაზე, რომ ადამიანები გამხდარიყვნენ ცოტათი უკეთესი, ვიდრე სინამდვილეში არიან.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9