ანატოლია, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის აზიური ნაწილი, ახლო აღმოსავლეთის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს მოიცავს. ტერმინი "ანატოლია" მცირე აზიის ნახევარკუნძულის აღმნიშვნელად პირველად გამოიყენა X ს. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა. Ἀνατολή ბერძნულად ნიშნავს "განთიადს", "მზეს", "აღმოსავლეთს". ტერმინი "მცირე აზია", აზიის კონტინენტისაგან რომაული პროვინციის "აზიის" განსასხვავებლად პირველად იხმარა Vს. ისტორიკოსმა პაგანოს ოროსეელმა, თუმცა, თავად ეს სახელწოდება ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები "ანატოლია" და "მცირე აზია" ფაქტიურად სინონიმებად არის მიჩნეული, მათ შორის გარკვეული სხვაობაც არსებობს. კერძოდ, "მცირე აზიისაგან" განსხვავებით, "ანატოლია" არ შეიცავს ტავროსის ქედის სამხრეთით მდებარე ხმელთაშუაზღვის სანაპიროს, ხოლო "მცირე აზია" არ უნდა ვრცელდებოდეს საკუთრივ ნახევარკუნძულის ფარგლებს გარეთ, რომლის აღმოსავლეთ მიჯნას ხმელთაშუაზღვის ისკანდერუნის ყურისა და შავი ზღვის ე.წ. "შემაერთებელი ხაზი" წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ მიახლოებით თანხვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის პირობით საზღვარს მდინარეების მელეთის (შავ ზღვაში ჩაედინება ქ. ორდუსთან) და გიოქსუს (მდ.ჯეიჰანის დასავლეთი ტოტი) "შემაერთებელი ხაზის" გაყოლებაზე. ამდენად, ცნებას "ცენტრალური ანატოლია" უნდა შეესაბამებოდეს - "ჩრდილო-აღმოსავლეთი მცირე აზია". ანატოლია უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენების მხარეა; ამას აქ გათხრილ ძეგლთა სახელწოდებებიც მოწმობენ: ტროა და ბოღაზქიოი,ალიშარი და ალაჯა ჰუიუქი, ჰაჯილარი და ჩათალ ჰუიუქი, ქიულთეფე და ბეიჯესულტანი. არქეოლოგიურმა მასალამ ცხადყო, რომ ანატოლია ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მხარე იყო. თვალსაჩინოა მისი წვლილი კაცობრიობის ისტორიაში; კერძოდ, საკვებ წარმოებითი ეკონომიკის, სპილენძისა და რკინის მეტალურგიის, პროტოურბანული საზოგადოების, დედა-ღვთაების კულტის წარმოქმნა-ჩამოყალიბებაში. საკვებ წარმოებითი მეურნეობა ევროპაში ანატოლიიდან არის გავრცელებული. ანატოლიის არქეოლოგიური მასალის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიის უძველესი ისტორიის კვლევის დროსაც.
წყარო: ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. არქეოლოგიური კვლევის ცენტრი არქეოლოგიური კომისია. - თბ. : მეცნიერება, 1985. - 198გვ. ; 21სმ.. - შენიშვნები: გვ. 142-192. - 1მ.50კ., 1500ც.[MFN: 122658]