A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შა შე ში შო შტ შუ
შედ შეზ შექ შეხ

შექსპირი უილიამ (1564-1616 წწ.)

მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, თარგმნილია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და მათ შორის ქართულადაც, მისი პიესები ქართული დრამატული თეატრის სცენაზე საუკუნეზე მეტია ჩვენი მაუყრებლის აღტაცებას იწვევს თავისი უზადო შინაარსით.

თვით უილიამ შექსპირის ბიოგრაფიის ცალკეული დეტალები ბურუსით არის მოცული და, ძირითადად, ვარაუდებია მათ შესახებ. მხოლოდ უკანასკნელ ხანს დაზუსტდა, რომ მისი მამა, ჯონ შექსპირი, ინგლისის ქალაქ სტრეტფორდის მერი ყოფილა. იგი ხშირად მართავდა საქველმოქმედო სპექტაკლებს. უილიამის დედის შესახებ ძალზე მწირი ცნობებია შემონახული; არის ვარაუდი, რომ უილიამი ქალაქში არსებულ ერთადერთ კლასიკურ სკოლაში სწავლობდა, სადაც მას საკმაოდ ღრმა და მყარი განათლება უნდა მიეღო.

სავარაუდოა, რომ მას მოღვაწეობა თეატრის მეჯინიბედ ან სუფლიორობითა (მსახიობის მოკარნახე) და მსახიობობით დაუწყია. შემდეგ პიესების წერასაც შესდგომია და თეატრის მფლობელთა კორპორაციაშიც შესულა. არის სხვადასხვა მოსაზრებები მისი ლონდონში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ სრულ სიმართლეს შეეფერება ის, რომ გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ წმინდა სამების ეკლესიაში დაკრძალეს. ჩვენამდე მოაღწია თითქმის ყველა ნაწარმოებმა, რაც შექსპირს შეუქმნია.

ინდენად მდიდარი და მრავალფეროვანია შექსპირის შემოქმედება, რომ მის შესასწავლად ჩამოყალიბდა ლიტერატურულ-კვლევითი მიმართულება შექსპიროლოგიის სახელით. შექსპირი თავისი დროის ესქილეც იყო და არისტოფანეც. მის ნაწარმოებებში დიდი მხტვრული ძალით არის ასახული აღორძინების ანუ რენესანსის განვითარების რთული გზა როგორც ადამიანის ღრმა სულიერი ტრაგედიის ჩვენების, ისე მათი ხასიათებისა და ურთიერთობების კომიკურ პლანში დახატვის თვალსაზრისით.

შექსპირის მსოფლმხედველობა და ესთეტიკური იდეალები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სოციალური და პოლიტიკური საკითხები, როდესაც ნაწარმოებებში ისტორიული სიუჟეტები და პერსონაჟებია ასახული. მაგალითად, ტრაგედიაში „იულიუს კეისარი“ მას ნაკლებად აინტერესებს კონკრეტული ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაციები და მათ ჩვენებას იგი უფრო რთული და ზოგადსაკაცობრიო იდეების მხატვრულად გადმოცემით ცდილობს. ასეთივეა მისი „მეფე ლირი“, „ანტონიუსი და კლეოპატრა“, „ჰენრიხ მეოთხე“, „რიჩარდ მესამე“ და სხვ.

მრავალფეროვანია შექსპირის შემოქმედებაში სიცილის, კომიკური სამყარო: ხშირად სიტუაციური კომიზმი ენაცვლება ხასიათების კომიზმს, გონებამახვილური დიალოგები და ლირიზმი ხშირად გადადის იუმორისტულ ან დრამატულ სიტუაციებში.

შექსპირის მთელი შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება, რენესანსის ეპოქის ჰუმანიზმის გამოხატულება ის არის, რომ მას აქვს სამყაროს და ადამიანის ერთიანობის, ჰარმონიის რწმენა, ამიტომაც არის მისი შემოქმედება ღია, ცოცხალი, ხალისიანი ფერებით მდიდარი.

გენიალური ტრაგიკოსის პოპულარობას საქართველოში ასევე გენიალურმა თარგმანებმაც შეუწყო ხელი. ივანე მაჩაბელმა დაუდო სათავე შექსპიროლოგიის მძლავრ მიმდინარეობას ჩვენში. შექსპირის გენიას განსაკუთრებული ხარკი მიუზღო დიდმა ილიამაც, რომელმაც ახალგაზრდა ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნა „მეფე ლირი“.

შექსპირის პირველი თარგმანი (რუსულიდან) შეასრულა გ. ერისთავმა და ლ. არდაზიანმა, ხოლო დიდი ივანე მაჩაბლის საქმეს ღირსეული გამგრძელებელი გამოუჩნდა გიორგი გაჩეჩილაძისა და ვახტანგ ჭელიძის სახით. შექსპირის სცენურ ხორცშესხმას უკავშირდება ლ. მესხიშვილის, კ. მესხის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, უშანგი ჩხეიძისა და სხვათა სახეები.

მსოფლიო კულტურული სამყარო გააოცა დიდი მსახიობების აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის მიერ განსახიერებულმა ოტელომ და იაგომ, ხოლო ქ. სტრედფორდის სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა ჩვენი დიდი თანამედროვე მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის მიერ ხორცშესხმულმა რიჩარდ III-ემ. დღემდე თვით ინგლისში არის გავრცელებულია აზრი, თითქოს შექსპირი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეეძლო „ოტელოს“, „მეფე ლირის“, „ჰამლეტის“, „რომეო და ჯულიეტას“ და ა. შ. დრამატულ მაწარმოებთა შექმნა. ფიქრობენ, რომ ამ სწორუპოვარი ტრაგედიების უკან დგას თვალსაჩინო ფილოსოფოსი – ფრენსის ბეკონი (მით უმეტეს, რომ მაღალი წრის წარმომადგენელთათვის მაშინ არცთუ სასახელოდ ითვლებოდა დრამატურგობა), მაგრამ ყოველგვარი ეჭვი გაიფანტება, თუ ყურადღებით წაიკითხავთ შექსპირის სონეტებს, რომელშიც ჩვენ მიერ განსახილველი დრამების სული ტრიალებს. სონეტების შექსპირისეულობა კი არავითარ ეჭვს არ იწვევს.

რა ვუყოთ, ასეთი ბედი მხოლოდ შექსპირისთვის როდია ნიშანდობლივი.
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9