ძველი ბერძენი, ათენელი ისტორიკოსი; ანტიკური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
ქსენოფონტის დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი დაუდგენელია. ბოლო ხანების გამოკვლევათა მიხედვით, იგი უნდა დაბადებულიყო ძვ.წ.430 წლის მახლობელ ხანებში ატიკის ერთ-ერთ დემში - არქიაში. ქსენოფონტის მამა, გრილე, მხედართა გაბატონებულ ფენას ეკუთვნოდა და შეძლებული კაცი ყოფილა. შვილისათვის მას კარგი განათლება მიუცია. ქსენოფონტის განსაკუთრებული მონდომებით შეუსწავლია სამხედრო საქმე და საცხენოსნო სპორტსაც დაუფლებია.