A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დაა დაბ დავ დაზ დაი დალ დამ დან დას დაუ დაფ დაქ დაღ

დამწერლობის წარმოშობა

წერის ხელოვნების საშუალებით ადამიანი თავის ნაფიქრ-ნააზრევს გადასცემს სხვა ადამიანს. დამწერლობის ცნება ფართოა და იგი მოიცავს არა მხოლოდ ნიშნებს, რომლებიც გამოხატავენ ენის ბგერითს ელემენტებს - მთელ სიტყვებს მარცვლებს ან ცალკეულ ბგერებს, არამედ ზოგიერთი ხალხის წერის სისტემაში გამოსახავენ ნახატებსაც, გრაფიკულ სიმბოლოებსაც.

წერის გამოგონებით ადამიანმა თავისი აზრი უკვდავყო, რაკი ერთხელ ნათქვამი სამუდამოდ რჩება დაწერილის სახით და თაობიდან თაობას გადაეცემა. „რაც კალმით დაიწერება ნაჯახითაც არ ამოიშლებაო“. უთქვამს ხალხს, და ამ ანდაზით შესანიშნავად არის გამოხატული წერის განუზომელი ძალა და მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში.

წერა კულტურის დიდი მონაპოვარია. თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრება ისე მჭიდროდაა დაკავშირებული დამწერლობასთან, რომ შეიძლება ითქვას, უდამწერლობოდ არც შეიძლება იარსებოს ცივილიზაციამ. მთელი რიგი გენიალური აღმოჩენები, გამოგონებანი წერის ხელოვნებასთანაა დაკავშირებული; წერის გარეშე არ შეიძლებოდა არსებულიყო წიგნის ბეჭდვა, ტელეგრაფი, სტენოგრაფია - ეს გენიალური გამოგონებანი, რითაც კაცობრიობა სამართლიანად ამაყობს. ძველი სიბრძნეა: “verba volant, scripta manent” – „ნათქვამი გაფრინდება დაწერილი კი რჩებაო“. ამრიგად, წერის ისტორია იმავე დროს საკაცობრიო კულტურის ისტორიაა და ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იჭერს პროგრესისა და ცივილიზაციის საერთო სისტემაში.

სავსებით გასაგებია, რომ რაკი წერა კულტურის მეტად მნიშვნელოვანი ელემენტია, მეცნიერება დაინტერესებულია შეისწავლოს მისი წარმოშობისა და განვითარების საკითხები, ნათელი მოჰფინოს ცივილიზაციის ამ მძლავრი იარაღის საიდუმლოებას გამოიკვლიოს მისი მექანიზმი.

დამწერლობას სწავლობს მეცნიერების ორი დარგი - პალეოგრაფია და ეპიგრაფიკა.

დამწერლობისადმი ინტერესი ორგვარია: თეორიული და პრაქტიკული. თეორიული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩაისახა და განვითარდა წერა და რა ფორმებისაგან აღმოცენდა იგი, რა სახეობის დამწერლობა მოეპოვება სხვადასხვა ხალხს, რა ხერხებით ამოიცნობენ ამა თუ იმ ძნელად გასაგებ ანბანს, რა გზებით მიემართება ჩვენი წერის ხელოვნება და ა.შ. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვენ გვაინტერესებს წერის ტექნიკა საერთოდ, მაგალითად, წერის შესწავლა სკოლაში თუ სკოლის გარეთ, წერის ხერხების გამარტივება და სხვ. აქ უნდა აღინიშნოს, რომ წერა თავისი შინაგანი ხასიათით მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველებასთან. სწორედ დამწერლობამ შემოგვინახა ძველი ენები; უამისოდ არ გვეცოდინებოდა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციის ენები, ისტორიული ჟამთუკუღმართობის შედეგად გადაშენებულნი და აღმოფხვრილნი. მეტყველების ევოლუციის შესაბამისად იცვლებოდა დამწერლობაც. ზოგჯერ ზეპირი მეტყველების გავლენით იცვლება წერითი გამოხატულების ფორმაც. აქ იგულისხმება ცვლილებანი მართლწერაში. ხდება პირიქითაც: წერითი მეტყველების გავლენით ხშირად ხალხური მეტყველების ფორმებიც იცვლება. არაიშვიათად ეს ორივე პროცესი ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. სწორედ ამით აიხსნება ამა თუ იმ ხალხის ცდა - გაამარტივოს თავისი მართლწერა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დამწერლობა ზოგჯერ სქემატიზებულია. ავიღოთ თანამედროვე ევროპის მაგალითი.ფრანგული, და, განსაკუთრებით, ინგლისური წერა არსებითად სქემებია ზეპირი მეტყველებისა, რამდენადაც არ წარმოგვიდგენენ ცალკეული ბგერების ზუსტ შესატყვისობას. ამ ენათა დღევანდელი ბგერები არ არის ყოველთვის გადმოცემული წერაში. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ლიტერატურული ენა ისტორიულად დაშორდა ხალხურ მეტყველებას, არ გამარტივდა მართლწერა. ამიტომ ინგლისურ წერაში არის რამდენიმე ასო ერთი და იმავე ბგერის გამოსახატავად, და, პირიქით, ერთი და იგივე ასო შეიძლება წარმოითქვას სხვადასხვანაირად.

წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9