| | |
ადამიანს წერა ერთბაშად არ შეუქმნია.
ადამიანთა შორის ურთიერთობა ხორციელდებოდა მხოლოდ მეტყველების საშუალებით, საზოგადოების განვითარების იმ უძველეს საფეხურზე არც იყო საჭიროება, ადამიანს როგორმე აღებეჭდა თავის ნათქვამი, ანდა შორს ვინმესთვის შეეტყობინებინა თავისი ნაფიქრ-ნააზრევი. ცხოვრების წინსვლასთან ერთად თანდათან ჩნდება აუცილებლობა, ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს გაუზიაროს თავისი აზრი არა მხოლოდ უშუალო კონტაქტის გზით, არა მხოლოდ ზეპირი მეტყველების მეშვეობით. სოციალური ურთიერთობისა და გონებრივი განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ადამიანს გაუჩნდა წერა-კითხვის საჭიროება. მაგრამ ვიდრე ამ საფეხურს მიაღწევდა, კაცობრიობამ განვლო შემამზადებელი საფეხური, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
რა საშუალებებს მიმართავდა პირველყოფილი ადამიანი, რათა სხვისთვის აზრი გადაეცა არა ზეპირი მეტყველების გზით? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა ასრულებდა კაცობრიობის განვითარების უძველეს საფეხურზე წერის მაგივრობას?
პირველყოფილი ადამიანი მიმართავდა საგნების სიმბოლიკას. საგნების საშუალებით ხდებოდა „აზრის გადაცემა“, საგნები ანიშნებდნენ ადამიანებს იმას, რაც შეიძლებოდა გადმოცემულიყო ზეპირი მეტყველების გზით. ასე, მაგალითად, მონადირე თავის მიმართულებას ასე აღნიშნავდა: გზაზე ხის ტოტს დადებდა და ტოტის წვერის მიხედვით შეიძლებოდა მიხვედრა, საით წავიდა იგი. ზოგიერთმა ხალხმა, მაგალითად, ასეთი სიმბოლიკა შეიმუშავა:ქვა ნიშნავდა მაგარს, გამძლეს, ნახშირი - შავს, მწუხარებას, პილპილი მწვავეს, მოუთმენელს, ცნობისმოყვარეს. გამხმარი თავთავი - ტანჯვას, ტკივილებს, ჩვარი - ცუდ მდგომარეობას და მისთანანი. ხუთივე საგანი (ქვა, ნახშირი, პილპილი, გამხმარი თავთავი, ჩვარი) ერთ ტყვეს გაუგზავნია თავისი მეუღლისათვის და ამით უცნობებია: ჩემი სხეული გამძლეა როგორც ქვა; მომავლის იმედი ნახშირივით შავია, ე.ი. უიმედოდ ვარ, ჩემი სხეული თავთავივით გახმება მწუხარებისაგან, გარეგნულად ჩვარს დავემსგავსეო...
საგნების საშუალებით პირველყოფილი ადამიანი გამოხატავდა არა მხოლოდ კონკრეტულ ანუ საგნობრივ ცნებებს. როგორც გამორკვეულია, განყენებული (აბსტრაქტული) ცნებების გამოხატვაც შეეძლო იმდროინდელ ადამიანს საგნებისავე მეშვეობით. ამ მიზნის მისაღწევად ირჩევდნენ ისეთ საგნებს, რომელთა ასოციაციით (ანდა ამ საგნებთან დაკავშირებულ ზნე-ჩვეულებათა და სიტუაციების მიხედვით) ცნობიერებაში იბადებოდა გარკვეული განყენებული ცნებები. მაგალითად, როცა პირველყოფილი ხალხები ერთმანეთს ომს უცხადებდნენ, ნიშნად ამისა, უგზავნიდნენ შუბებს, ისრებს ან სხვა საომარ იარაღს; ეს იყო მათი „წერილი“, მათი შეტყობინეომის დასაწყისისა. ზოგიერთ ხალხს ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: როცა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ყალიონს ჩამოატარებდნენ, ყალიონი გადადიოდა ხელიდან ხელში. ამრიგად, ყალიონი გამოხატავდა მშვიდობას. იყვნენ ხალხები, რომლებიც ერთმანეთს ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, უგზავნიდნენ მარილის ნატეხს, ხოლო სიძულვილისა და მტრობის აღსანიშნავად ერთმანეთს პილპილს სთავაზობდნენ. სურვილებისა და აზრების გასაზიარებლად ცხოველებსაც იყენებდნენ. ასე, ჰეროდეტე გვიამბობს, რომ როცა ძველმა ირანელებმა სკვითებს მოსთხოვეს აღიარება და მორჩილება, სკვითებმა მათ გაუგზავნეს ფრინველი, თაგვი, ბაყაყი და ხუთი ისარი. ეს იყო თავისებური ნოტა, რომელიც ნიშნავდა: „ირანელებო, თუ თქვენ არ ძალგიძთ ფრინველივით ფრენა, მიწაში თაგვივით ძრომა და დამალვა, ჭაობებში ბაყაყივით ხტომა, მაშინ იმედი ნურაფრისა გექნებათ: დაიცხრილებით ჩვენი ისრებით, უკეთუ ფეხს შემოდგამთ სკვითთა მიწაზე“.
ძალიან გავრცელებული იყო უხსოვარი დროიდანვე სხვადასხვა ხალხებში დაჭდევა, ჭდის გაკეთება ჯოხზე რისამე მისანიშნავად, უმთავრესად რიცხვის, რაოდენობის აღსანიშნავად. ეს იყო პირობითი ნიშნები, დანით ამოთლილი, დაჭდეული. უნდა აღინიშნოს, რომ დაჭდევა ბევრ ხალხს ჩვენს დრომდისაც შემორჩა. ცნობილი იყო საქართველოშიც. თედო სახოკიას ცნობით, ჭდეს თბილისში XIX საუკუნის ოთხმოციან - ოთხმოცდაათიან წლებშიც ხმარობდნენ ვაჭრობაში. ჭდე ერთგვარი პირველყოფილი საბუღალტრო წიგნის როლს ასრულებდა. დაჭდევის საშუალებით ანგარიშს აწარმოებდნენ უმთავრესად რაჭველი მეთორნეები. იმ დროს ისინი პურს ტაბაკებით ეზიდებოდნენ სახლებში ნისიად. საჭდე ჯოხი შუაზე იყო გაპობილი. როცა უნდოდათ მუშტართან დატოვებული პურის რაოდენობა აღენიშნათ, ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს ზუსტად მიადებდნენ და დანით ჩამოთლიდნენ პურის რაოდენობის აღმნიშვნელ ჭდეს. ჯოხის ერთ ნახევარს მეპურე წაიღებდა, მეორე ნახევარი პურის მომხმარებელს დარჩებოდა, ანგარიშს თვის ბოლოს გაასწორებდნენ. ამისათვის ჯოხის ნახევრებს ერთიმეორეს მიადებდნენ და დაითვლიდნენ, რამდენი ჭდე იყო გაკეთებული, მომხმარებელი ამ ჭდეთა რიცხვის კვალობაზე გადაუხდიდა ფულს თავის კრედიტორს. ისიც ცნობილია, რომ მეგრელი მწყემსები ცხვრისა და თხების სათვალავად პატარა, ერთ ციდა ოთხკუთხა ჯოხებზე, რომელთაც მასრებივით ატარებდნენ სამასრეებში გულზე, ჭდეებს აკეთებდნენ. ჭდის დადების ჩვეულება მოხევეებშიც არსებობდა უკანასკნელ ხანამდის.
პირველყოფილი ადამიანები თავიანთი აზრის გამოსახატავად იყენებდნენ, აგრეთვე, ნასკვებიან თასმებს. ეს იყო „საგნობრივი წერის“ ერთ-ერთი გავრცელებული სახეობა, რომელსაც მიმართავდნენ ირანელები, ჩინელები და სხვა ხალხები; დასავლეთ აფრიკის ზოგიერთმა ხალხმა ჩვენს დრომდისაც შემოინახა ამგვარი „წერის“ ტექნიკა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვიამბობს: ირანის ერთმა მეფემ, რომელიც სკვითთა დასაპყობად გაემართა, ირანის ტირანებს დაუტოვა ღვედი, რომელსაც 60 ნასკვი ჰქონდა. ეს 60 ნასკვი ნიშნავდა 60 დღეს, - ამდენ ხანს უნდა დარჩენილიყო იგი ომში. ყოველდღე უნდა გაეხსნათ თითო ნასკვი. ზოგიერთმა ტომმა ჩვენს დრომდის შემოინახა გამოანგარიშების ამგვარი წესი, მაგალითად, ქმარი თუ წავა სამოგზაუროდ, თავის ცოლს უტოვებს ნასკვებიან თასმას; აქვს იმდენივე ნასკვი, რამდენ დღესაც დაჰყოფს იგი გზაში.
თანდათანობით გზას იკაფავს მხატვრობა; ესაა დამწერლობის ჩანასახი. მონადირეს უკვე აღარ აკმაყოფილებს აჩვენოს, თუ რა მიმართულებით მიდის, რა მიმართულებით მისდევს ნადირს. დროთა ვითარებაში დაიბადა აუცილებლობა, აღინიშნოს, თუ, სახელდობრ, რა ნადირს დაედევნა იგი. ამის „თქმა“ შეიძლება ნახატით; ხატვის საშუალებით გაცილებით მეტის თქმა შეიძლება.
ხატვა დიდი წინწადგმული ნაბიჯია წერისაკენ. მაგრამ ეს მაინც არაა წერა, ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენამდის მოღწეული უძველესი ხანის ნახატები ყველა არ შეიძლება მივიჩნიოთ წერის იმდროინდელ საშუალებად.დღეს ჩვენთის, ცივილიზებული ადამიანებისათვის, რომლებიც შორსა ვართ პრიმიტიული აზროვნებისაგან, ძნელია გავერკვეთ, ესა თუ ის უძველესი ნახატი მხოლოდ ნახატია, ინდივიდუალური ესთეტიკური ემოციის გამოსახულება თუ იმდროინდელი „წერის“ ფორმა.
ნახატ „ნაწერს“ ვუწოდებთ პიქტოგრამებს, ზოგჯერ იეროგლიფებს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ პიქტოგრამები - ეს მხოლოდ ნახატებია, მაშინ როდესაც იეროგლიფები შეიცავენ გეომეტრიულ და სხვა ელემენტებსაც.
პიქტოგრამები ხასიათდებიან შემდეგი თავისებურებით: ისინი გვაცნობენ ერთ რომელიმე ამბავს. თითოეული ნახატი ჩვეულებრივ შეესატყვისება ერთ წინადადებს.
რა შინაარსისაა ეს უძველესი პიქტოგრამები?
ისინი შეიცავენ:
1. სიყვარულის ახსნას. – „პიქტოგრაფიული სატრფიალო წერილები“ – (შემოგვინახეს ჩრდილო ამერიკელმა ინდიელებმა და ჩრდილო-ციმბირელებმა); 2. მონადირეების ცნობებს; 3. მაგიურ და შელოცვის ფორმულებს; 4. საომარი შეტაკებებისა და ლაშქრობის ცნობებს; 5. პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტებს“ პეტიციებს, ხელშეკრულებებს, მოსახლეობის აღწერებს, განცხადებებს და სხვ.
ზოგიერთმა ხალხმა დიდი ხნის განმავლობაში შემოინახა პიქტოგრაფიული წერა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები პიქტოგრაფიას იყენებდნენ XIX საუკუნის ბოლომდის.
ნახატი წარმოადგენს პიქტოგრაფიულ წერილს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის, ინდიელებმა (XIX საუკუნის შუა წლებში) გაუგზავნეს ჩრდილოეთ ამერიკის პრეზიდენტს. ინდიელები სთხოვდნენ პრეზიდენტს,დაგვრთეთ ნება, დავსახლდეთ შორეულ ტბებზე, სადაც უკეთესი ბუნებრივი პირობებია ცხოვრებისათვისო. წერილში აღნიშნულია თხოვნის საგანი - ტბები, რომლებთანაც შეერთებულია წეროს თვალი, გამოსახულია 7 ინდიელი ტომის სიმბოლოები: თევზი, ადამიანი, წავი, 3 კენგურუ და წერო. მათი თვალები ხაზებითაა შეერთებული. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდივე ტომის საერთო გადაწყვეტილებაა, საერთო აზრია თავიანთი ადგილებიდან აყრა და შორს გადასახლება. მათი გულებიც ხაზებითაა შეერთებული, მაშასადამე ყველას ერთი გრძნობა ამოძრავებს. წინამძღოლი წერო ორი მიმართულებით იყურება: თვალიდან გამოდის ორი ხაზი, ერთი მიპყრობილია პრეზიდენტისაკენ, მეორე შეერთებულია ტბებთან სურათის ბოლოში (ერთი ტბა მათი ახლანდელი სამკვიდდროა, მეორე - სადაც მათ სურთ გადასვლა).
სურათი უკიდურესად ლაკონურია და, ამასთანავე, მკაფიოდ გადმოსცემს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც გადაშენებას უქადიან ულმობელი კოლონიზატორებიო,
ამრიგად, ჩვენთვის ნათელია; რომ პიქტოგრამა წერის პირველი საფეხურია.
შემდგომი საფეხურია იდეოგრაფია, რომელიც ლოგიკური განვითარებაა პიქტოგრამის სისტემისა. რამდენადაც სიტყვა და ნახატი წარმოადგენენ ერთი და იმავე ობიექტის გამოხატვის ორ შესაძლებელ საშუალებას, ამდენად, ხალხი უხსოვარ დროს გარკვეულ ნახატებს აიგივებდა გარკვეულ სიტყვებთან. თუ წინათ მთელი წინადადებები ერთი ნახატით „გამოითქმოდა“, თანდათანობით ნახატი ერთი სიტყვის ეკვივალენტი ხდება, ადამიანი უკვე სიმბოლოებს მიმართავს, „წერის“ ნიშნებს პირობითი ხასიათი ენიჭება.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |