A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფობ ფოი ფოლ ფონ ფორ ფოს ფოტ

ფონეტიკური დამწერლობის წარმოშობა

ანბანი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, პირველად ფინიკიელებმა ჩამოაყალიბეს. ცხადია ფონეტიკური წერის წარმოქმნა უდიდესი პროგრესული ნაბიჯია კაცობრიობის ისტორიაში. ამიერიდან უკვე საჭირო აღარაა იდიოგრამები და სხვა სახის დამატებითი ნიშნები. ყოველი ასო გამოხატავს ერთ რომელიმე ბგერას, ყოველი ბგერა გადმოცემულია ერთი ასოთი. სადღაა ის სიძნელე თუ სირთულე, ძველი წერის სისტემებს რომ ახლდა. 22 ნიშნით, რომელსაც შეიცავს ფინიკიური ანბანი, შეიძლება დაიწეროს ყოველი ფინიკიური თუ მისი მონათესავე სემიტური ენების სიტყვა. საოცრად გამარტივდა, გაადვილდა წერა. და სწორედ ასეთი სიმარტივის გამო ამ ანბანმა უდიდესი გავრცელება პოვა მსოფლიოში. ახლა დამწერლობა აღარაა ხელოვნება, ამიერიდან ბგერების გრაფიკული თვალსაჩინოება განთავისუფლდა, როგორც იქნა, ძველი სიმბოლური ფორმებისაგან, კაცობრიობამ უკვე მიაღწია წერის საბოლოო ფორმას - ნამდვილ ანბანს, ფონეტიკურ წერას.

იბადება კითხვა: საიდან წარმოდგება ფინიკიური ანბანი? ფინიკიური ანბანის წარმოშობის თაობაზე მეცნიერები დავობდნენ ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მოყოლებული, დავობენ დღესაც, რომაელი პოეტი ლუკანი და ბუნებისმეტყველი პლინიუსი აღიარებდნენ, რომ ანბანის პირველი გამომგონებელნი ფინიკიელებია. ბერძენი - პლატონი, პლუტარქი და რომაელი ისტორიკოსი ტაციტი ფიქრობდნენ, რომ ფინიკიური ალფაბეტი ეგვიპტური დამწერლობის საფუძველზეა გამომუშავებულიო.

1905 წელს სინას ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა 16 წარწერა კედელზე (ათარიღებდნენ ძვ. წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებით). ეს წარწერები ისეთი ნიშნებითაა შესრულებული, რომ ფიქრობენ, ისინი უნდა წარმოადგენდნენ შუალედურ საფეხურს ეგვიპტურსა და ძველსემიტურს (ე.ი. ფინიკიურს) შორის. მკვლევართა აზრით, ეგვიპტური დამწერლობა სემიტ ხალხებს გააცნო ერთმა სემიტური მოდგმის ტომმა, რომელიც XVI საუკუნეში (ძვ.წ.) გამოაძევეს ეგვიპტიდან და გამოტყორცნეს აზიაში. არსებობს სხვა თეორიებიც, მაგრამ მათ აქ არ შევეხებით.

ასეთია, ზოგადად, ფინიკიური ანბანის ისტორია.

როგორია ფინიკიური დამწერლობის გავრცელების გზები?

ფინიკიურმა ანბანმა უდიდესი როლი შეასრულა ახალი მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაში: მისი გავლენით შემუშავდა ანბანთა უმრავლესობა, მათ შორის ყველა ევროპული ანბანი ფინიკიურის საფუძველზეა შექმნილი და ჩამოყალიბებული.

ჯერ იყო და ფინიკიური დამწერლობა შეითვისეს ბერძნებმა. შემდეგ იგი ბერძნულის მეშვეობით, მთელ ევროპაში გავრცელდა. აზიის ქვეყნებშიც მრავალი ანბანი შეიქმნა ფინიკიურის მიხედვით, აქ დავასახელებთ ებრაული და არაბული ანბანის ტიპებს.

ფინიკიური ანბანის გავრცელება იწყება ძვ.წ. IX საუკუნიდან. უშუალოდ ის ხალხები ითვისებდნენ ახალ ანბანს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ ფინიკიელებთან.

ბერძნული ანბანის თავდაპირველი სახეობა ზუსტი ასლია ფინიკიური ანბანისა. ბერძნულ ანბანში ასოების დალაგება - თანმიმდევრობა ისეთივეა, როგორც ფინიკიურში. ასე გასინჯეთ, ასოთა სახელები ბერძნულში დამახინჯებული სემიტური სიტყვებია. მაგალითად, ბერძნული სიტყვა „ალფა“ წარმოდგება სემიტური „ალეფ“-ისაგან, რაც ნიშნავს ხარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასო „ს“-ს თავდაპირველი გამოსახულება რქებიანი ხარის თავის წარმოდგენას იძლეოდა. ბერძნული „ბეტა“ იგივეა, რაც სემიტური „ბეტ“ (სახლი); შეადარე აგრეთვე „დელტა“ და სემიტური „ლანეტ“ (კარი) და სხვ. ძველ ბერძნულ წარწერაში დაცულია წერის სემიტური მიმართულება: ასოები იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. ბერძნებმა გარდამავალი მიმართულება გამოიმუშავეს: პირველი სტრიქონი მიდიოდა მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე სტრიქონი - მარცხნიდან მარჯვნივ, მესამე სტრიქონი - ისევ მარჯვნიდან მარცხნივ და ა.შ. წერის ამგვარ მიმართულებას ეწოდებოდა „ბუსტროფენდონი“ - ხარის მობრუნება, ე.ი. წერა, მსგავსი კვალში ჩამდგარი მხვნელი ხარის სვლისა. მხოლოდ ძვ.წ. IV საუკუნეში დაიწყეს ბერძნებმა წერა მარცხნიდან მარჯვნივ.

ბერძნული დამწერლობა განეკუთვნება ძვ.წ. VIII და VII საუკუნეებს. ფინიკიურ ანბანში, როგორც ვთქვით, იყო 22 ასო; ესენი თანხმოვნებისთვის, ხმოვნებისთვის კი ნიშნები არ არსებობდა. ბერძნულ ანბანში უკვე V საუკუნიდან (ძვ.წ.) ჩნდება ხმოვნების აღმნიშვნელი ასოები.

ბერძნული ანბანისაგან მომდინარეობენ ყველა ევროპული ხალხის ანბანური ტიპები, დასავლეთში ანბანი გავრცელდა იმ ბერძნული კოლონიების გზით, რომლებიც განლაგებული იყვნენ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ბერძნებისგან შეითვისეს ანბანი რომაელებმა და უკანასკნელთაგან გავრცელდა ამ ტიპის ალფაბეტი დასავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში.

წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9