A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მსო

მსოფლიოს ენები

დედამიწის ზურგზე ენათა რიცხვი 2 800 აღემატება. ეს რიცხვი უთუოდ გაიზრდება, როდესაც მსოფლიოს ყველა ენა ცნობილი და შესწავლილი იქნება. ასე მაგალითად, საფუძვლიანად ვიცნობთ ევროპულ ენებს, აგრეთვე - აზიისა და აფრიკის მთელ წყება ენებს, მაგრამ აზიისა და აფრიკის, ამერიკის ძირეული მოსახლეობის, ავსტრალიისა და წყნარი და ინდოეთის ოკეანეების ენათა უმრავლესობა ჯერ კიდევ სათანადოდ შესწავლილი არ არის. ამიტომ მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია, რომელსაც ამჟამად გვთავაზობს მეცნიერება, რამდენადმე პირობითია, წინასწარი ხასიათისაა.

მსოფლიოს ენებში ამჟამად უნდა გავარჩიოთ ტომობრივი ენები, ხალხოვნური ენები და ეროვნული ენები. არსებობდნენ გვაროვნული ენებიც, რომლებიც აღარ შემოუნახავს კაცობრიობას (გვაროვნული წყობილება, გვაროვნული ენები განვითარების განვლილი საფეხურია.).

ტომობრივი ენებია, მაგალითად, დაღისტნის ენები - აღულური, წახურული, ანდიური, დიდოური, აფრიკის, პოლინეზიის და სხვა ენები.

ხალხოვნური ენებია, მაგალითად, ავარიული, ლაკური, ყაბარდოული, უდმურტული, ციმბირის ხალხის ენები - ევენკებისა, ოდულებისა და სხვ.

ეროვნული ენებია, მაგალითად, ქართული, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული, სომხური, უკრაინული და სხვ.

არის ენები, რომლებიც ემსახურებიან არა რომელიმე ერს, არამედ რამდენიმე ერს. ასეთებია, მაგალითად, პორტუგალიური ენა - პორტუგალიასა და ბრაზილიაში, ფრანგული ენა - საფრანგეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში, ინგლისური ენა - ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანული ენა - გერმანიასა და ავსტრიაში, ესპანური ენა - ესპანეთსა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკებში (ურუგვაი, პარაგვაი, არგენტინა, ჩილე, პერუ, მექსიკა...).

არის საერთაშორისო ენებიც, რომლებზედაც ქვეყნდება საერთაშორისო გაერთიანებათა (გაერთიანებული ერების, მშვიდობის დაცვის კომიტეტისა და სხვ.) დოკუმენტები. ესენია: რუსული, ინგლისური, ფრანგული, ჩინური. ეს ენები თავიანთი ერების ენებიცაა და საერთაშორისო ენებსაც წარმოადგენენ.

არის მკვდარი ენებიც, მკვდარია ენა, რომლის მატარებელი კოლექტივი, ხალხი ისტორიულად გადაშენდა. მაგალითად, გადაშენებული მკვდარი ენებია შუამდინარეთისა და მცირე აზიის ენები, რომლებიც არსებობდნენ საუკუნეთა სიღრმეში: სუმერული, ელამური, ხეთური და ასურულ-ბაბილონური; მკვდარია ეგვიპტური, ლათინური და სხვ.

დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებული ენებია: ჩინური, ინდური, ინგლისური, რუსული, ესპანური.

ევროპულ ენათაგან გავრცელებულობის მიხედვით ყველაზე წინ ინგლისური და ესპანური ენებია. როგორც ზემოთ ითქვა, ისინი, გარდა ინგლისისა და ესპანეთისა, სხვა ქვეყნებშიცაა შემოღებული. ესაა შედეგი ამ ქვეყნების კოლონიზატორული ექსპანსიისა.

მსოფლიოს ენებში გამოიყოფა მსხვილი დაჯგუფებანი, რომლებშიაც შედიან ერთმანეთთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ენები, მონათესავე ენათა ოჯახები თითოეულ ოჯახში გაერთიანებულ ენებს საერთო წარმოშობა აქვთ.

ტერმინი ენათა „ოჯახი“ არ უნდა გავიგოთ ბიოლოგიურად; ენა ხომ საზოგადოებრივ-ისტორიული მოვლენაა და არა ბიოლოგიურ-ისტორიული კატეგორია. ამიტომ ცნება „ოჯახი“ ამ შემთხვევაში გადმოგვცემს არა ისეთ მიმართებას, როგორიც არსებობს „მამებსა“ და „შვილებს“ შორის, - ენათა „ოჯახი“ გულისხმობს ენათა ურთიერთობას წარმოშობისა და ისტორიული განვითარების მიხედვით, - ეს ისტორიული განვითარება კი განსაზღვრულია ენის საზოგადოებრივი ხასიათითა და ბუნებით.

საიდან მომდინარეობენ მონათესავე ენები? ერთი და იმავე ენის დიალექტებისაგან; მონათესავე ენები ყოფილი დიალექტებია, ისტორიული განვითარების პროცესში დამოუკიდებელ ენებად გარდაქმნილნი. იმ ძველ ენას, რომლის დიალექტებისაგან წარმოიქმნა მონათესავე ენები, ფუძეენას უწოდებენ. მაგალითად უკრაინულს, რუსულს, ბელორუსულს ოდესღაც საერთო ფუძეენა ჰქონდათ; ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუმინული და სხვა მოძმე ენების ფუძეენას ხალხური ლათინური წარმოადგენს.

ენათა ნათესაობა თავს იჩენს როგორც ენის ძირითად სიტყვაობრივ მარაგში (ე.ი. სიტყვათა ძირებში), ისე გრამატიკასა და ბგერათა მიმართებაში. ასე, მაგალითად, ენაში, საერთოდ, ძველისძველია ნათესაობის ტერმინები (და, ძმა, დედა, მამა...), ძველია, აგრეთვე, რიცხვითი სახელები (ათამდის), ზოგიერთი ნაცვალსახელი, ადამიანის სხეულის ნაწილების სახელები, ზოგიერთი ცხოველის, მცენარის, იარაღების სახელები და სხვ. უმთავრესად ამგვარი სიტყვების ძირები უნდა შევადაროთ ორი ენისა ერთმანეთთან და, თუ ამას დავუმატებთ გრამატიკულ აღნაგობას და ამ გზით მსგავსება ცხადი გახდება, ნათესაობა დადასტურებული იქნება.

მონათესავე ენებში არსებული საერთო ძირის სიტყვებს რომ ადარებენ ერთმანეთს, ამ შედარების გზით შესაძლოა აღდგეს ის ძველი სიტყვა, რომელიც არსებობდა ფუძეენაში. ეს აზრი შეიძლება სხვანაირად ასე ითქვას: ფუძეენაში არსებობდა ვთქვათ, რომელიმე X სიტყვა; ეს სიტყვა სათავეა მონათესავე ენებში დაცული ვარიანტული სახეობებისა. მაგალითად, რუსულში „ძმის“ აღმნიშვნელია брат, გერმანულში - Bruder, ლათინურში - frater ძველ ინდურში bhrata (r), ძველ სპარსულში bhrata (r). უეჭველია, ესენი ერთი ძირის მონათესავე სიტყვებია. მათ საერთო წყარო აქვთ: რუსული, გერმანული, ლათინური, ძველინდური, ძველსპარსული, მონათესავე ენები რომ არ იყვნენ, ეს საერთო ძირის სიტყვები არ ექნებოდათ.

როგორ მივიღეთ „ძმა“ სიტყვის გადმოსაცემად ეს ვარიანტები (ბრატ, ბრუდერ და სხვ.)? ამ ენების ფუძეენაში (საიდანაც ეს ენები მომდინარეობენ) არსებობდა გარკვეული სიტყვა, რომლის ვარიანტული სახეობებიც გამომუშავებულია ზემოთჩამოთვლილ მოძმე ენებში. როგორ გამოითქმოდა ეს უძველესი სიტყვა? არ ვიცით. რადგან ის არსად არ შენახულა; ვიცით მისი ვარიაციები, არ ვიცით ამ ვარიაციების ფუძესიტყვა, მათი ძველი სახეობა. აი ამ ვარიანტების (ბრატ, ბრუდერ...) ერთმანეთთან შედარებამ (დაფუძნებულმა ენათმეცნიერულ კანონებზე) შეიძლება საშუალება მოგვცეს, აღვადგინოთ ჩვენთვის საინტერესო სიტყვის გარეგნული სახე. მაგალითად, ერთმანეთს შეუდარეს ე.წ. რომანული ენების (ფრანგულ-იტალიურ-ესპანურ და სხვა ენათა) სინამდვილეში არსებული ერთი ძირის სიტყვები, რომლებიც „მსხალს“ გამოხატავენ და აღადგინეს მათი უძველესი სახეობა pira, რომელიც ამ ენების დღეს არარსებულ ფუძეენაში უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იქნებ შეცდა მეცნიერული კვლევა-ძიება, პრაქტიკულად შემოწმება მეცნიერული ძიების ამ შედეგისა ხომ არ შეიძლებოდა? არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ ამ ენების ფუძეენა რეალურად არ შენახულა, ხალხური ლათინური დიდი ხნის მკვდარი ენაა; არ ვიცით მსხალს მაშინ pira ერქვა თუ არა! მაგრამ, აი, შემდეგ აღმოჩნდა უძველესი წარწერა, შესრულებული ხალხურ ლათინურზე, სადაც სწორედ pira სწერია მსხლის მნიშვნელობით... ასე გამართლდა მეცნიერული ვარაუდი, დამყარებული ფაქტების მართალ ანალიზზე.

მეცნიერებამ ევროპული ენების საფუძველზე ბევრი ასეთი ძირი აღადგინა. ავგ. შლაიხერმა 1868 წელს გამოაქვეყნა რვასტრიქონიანი მოთხრობა -„ცხვარი და ცხენები“, რომელიც დაწერილია თეორიულად აღდგენილი სიტყვების საფუძველზე, ოდესღაც არსებულ ინდოევროპულ ფუძეენაზე.

მთლიანად აღდგენა რომელიმე ენათა ოჯახის ფუძეენისა შეუძლებელია, მაგრამ მისი ფონეტიკის, გრამატიკისა და ლექსიკის ძირითადი მონაცემები შესაძლებელია აღდგენილ იქნეს.

წყარო: ძიძიგური, შოთა. საენათმეცნიერო საუბრები. - თბ. : ნაკადული, 1982. - 232გვ. ; 21სმ.. - 40კ., 20000ც.[MFN: 119927]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9