A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბედ ბევ ბეთ ბელ ბემ ბენ ბეო ბერ ბექ ბეწ ბეჭ

ბედიის მონასტერი

ბედიის მონასტერი - მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ოჩამჩირის რაიონის, სოფელი ბედიაში.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა და მასვე აქ საეპისკოპოსო დაუარსებია. სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი. მისგან დასავლეთით შემორჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე. ტაძარი მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნასა და XV საუკუნეში. სამრეკლო XII-XIV საუკუნეების ნაგებობას წარმოადგენს, ხოლო საეპისკოპოსო პალატა აშენდა XV საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის – ანტონ ჟუანისძის მიერ. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის სამი ფენა, რომლებიც X-XI, XIII-XIV და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდებიან

ბედიის ტაძრის ფასადებზე, ინტერიერში ფრესკებსა და საეკლესიო ნივთებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები, რომლებიც შესრულებულია ქართული ასომთავრული დამწერლობით და მოგვითხრობენ ტაძრის მშენებლობის, განახლება-რესტავრაციის ამბავს.

ბედიის საეპისკოპოსო შუა საუკუნეების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქვე იყო განთავსებული უნიკალური წიგნთსაცავი, სადაც მიმდინარეობდა ძველ ხელნაწერთა გადაწერა, საღვთისმეტყველო წიგნების თარგმნა და წიგნთსაცავის შევსება ახალი ხელნაწერებით. ბედიის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს საქართველოს ერთიანობისა და განუყოფლობის სიმბოლოს. აქ დასაფლავებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III და დედამისი – დედოფალი გურანდუხტი.

ბედიის მონასტრის გეგმარების მსგავსი ანსამბლით იქმნებოდა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტი. ანსამბლის მთავარ ხუროთმოძღვრულ ელემენტს გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი წარმოადგენდა.

კომპლექსს გალავანი შემოუყვებოდა და მის დასავლეთ მხარეს, გალავნის კედლის ხაზში, ეპისკოპოსის სასახლე და კარიბჭეა ჩართული.

ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები ტაძრის დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით მდებარეობს. თავდაპირველად იგი ორსართულიანი ყოფილა, ამჟამად მეორე სართული თითქმის დანგრეულია, დარჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კუთხისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები.

მეორე სათავსოში შესასვლელ კარს გააჩნია ტიმპანის ქვა, წარწერით. წარწერაში მოხსენიებულნი არიან XVI საუკუნის ქართველი მოღვაწეები – ბედიელი ქართველი მთავარეპისკოპოსი ანტონ ჟუანიძე და კირილე ჟუანიძე. თაღოვანი შესასვლელი შემკულია დეკორატიული ორნამენტით.

სართულშუა გადახურვა 1968-69 წლების რესტავრაციის დროს შეუკეთებიათ – იატაკზე ბეტონი დაუსხამთ და ზედ გუდრონის თხელი ფენით საიზოლაციო შრე მოუწყვიათ, რაც ნაგებობის პირველ სართულს წყლის გაჟონვისაგან იცავს.

კარიბჭე კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მის თავზე სამრეკლო იყო მოწყობილი. კარიბჭის დასავლეთ მხარეს, ფასადზე, შემორჩენილია წარწერა, სადაც მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნის ქართველი მოღვაწეები. კარიბჭის ნაგებობა მიერთებულია სასახლეზე და მასთან ერთად მთლიანობაში აღიქმება. კარიბჭე გეგმით კვადრატს წარმოადგენს.

გუმბათიანი ტაძარი არის კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა, ე.წ. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის, ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობა. გეგმაში იგი სწორკუთხედში ჩაწერილი ჯვარია. ტაძრის ცენტრში, ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე მიღებულ კვადრატზე, აფრების საშუალებით ამოყვანილია თოთხმეტწახნაგა გუმბათი, რომელშიც ამავე რაოდენობის სარკმელებია გაჭრილი. გუმბათი დასავლეთით ორ ცალკე მდგომ საყრდენს ეყრდნობა, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჯვრის მკლავებს შორის დარჩენილი სივრცე შევსებულია აღმოსავლეთით – აფსიდის გვერდითა ორსართულიანი სათავსებით, დასავლეთით – დამატებითი სივრცეებით. აფსიდის გვერდითა სათავსების მცირე სართული ერთიანი კედლის მასითაა მოცემული, რომელშიც გაჭრილია პატარა კარი.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მეორე სართულზე, დასავლეთით მოთავსებულია პატრონიკე, სადაც მიდგმული კიბის საშუალებით ადიოდნენ. ტაძარში შესასვლელი სამი მხრიდანაა მოწყობილი, მის ცენტრში აღმართულია გუმბათი, გარედან სუფთად გათლილი ქვიშაქვითაა ნაგები კირის ხსნარზე. ეკლესიის ყველა სარკმლის ღიობი შემორჩენილია. ინტერიერში მათი კონტური დაუზიანებელია. ფასადებზე კი, ორი სარკმლის გარდა, ყველა სარკმელი დაზიანებულია, ჩამოცვენილია სარკმლის საპირე.

XIX საუკუნის დასასრულისათვის ბედიის ტაძარი უკვე მიტოვებულ და მცენარეულობით დაფარულ ნაგებობას წარმოადგენდა, მაგრამ გუმბათის დიდი ნაწილი შემორჩენილი იყო და ფასადების წყობაც უკეთ იყო დაცული. ამის შემდეგ, XX საუკუნის დასაწყისში, ტაძრის „განახლების“ მიზნით რუსმა ბერ-მონაზვნებმა დაზიანებული გუმბათი სრულიად მოშალეს და იოლად ჩამოსაცილებელი საპირე ქვები მოხსნეს.

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია

გვაქვს ინფორმაცია, რომ მონასტერში დაწყებულია „სარესტავრაციო სამუშაოები“, რომელიც ძეგლისთვის შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. რადგან იშლება ქართული კვალი მონასტრის კედლებსა და ისტორიულ ფრესკებზე. ბაგრატ III-ს ფრესკა კედლის ე.წ. გამაგრებითი სამუშაოების შედეგად დაიკარგა.

ბედიის ტაძარს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი

 
"ბოლოს მამამზე მისი სტუმარი იყო. ბაგრატ კურაპალატმა მის ხელში დალია სული. განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?" - "დიდოსტატ კონსტანტინეს მარჯვენა"
წყარო: კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია ; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9