გულის სურვილი; გულის საყვარელი; ნანდაური, ნაინატრი. აქედან: „ბემურაზი“ - უმურაზო. „ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი“ („ტრიოლეტები შეითანბაზარში“). „რომ შეხედავ, ერთი მურაზია“ (ასე აქებს ვაჭარი საქონელს).
წადილი, სურვილი, ნანდომი
- „ერთმანეთს წადილს შეუსრულებენ ერთი ექნებათ გულის მურაზი“ (პ. სამსონიძე, ლექსი „კონსტიტუციაზე“, „კომ., 1936 წ., № 212, 12 სექტ.) „ესე მურაზად ჩამიდვია გულში სწავლა და შენ კი ნებას არ მაძლევ!“ (ლ. მეტრ., „პიონერი“, 1935 წ., № 13, გვ. 2). „არც მე ვაწყენ, არც ისინი მაწყენენ, მურაზები ეშხიანად მალხენენ“ („თეატრი“, 1885 წ., № 15, გვ. 147). „მე არ მოვსწრებოდი, ჩემო ნათლიდედ, - წამოიტრაბახა მელაძემ, რომელმაც ზაქათალიდამ ნიშნობის დღეს მოასწრო, - მაშინ ნახავდით ამის გულის მურაზს“ (ი. ბერიძე, „საქ. მოამბე“, 1863 წ., № IX, გვ. 25). „კოტრი კაცის მურაზი წასულა, რა ძალაა ეს ოხერი ფულია“ (ი. ევდ.). ამბობენ: „ერთ მურაზათ ღირს“., ასეთი გამოთქმა საბამაც იცის („მოგზაურობანი“, „ცისკ.“, 1852 წ., № 1-4 და ანტოლოგია, 1928 წ., II, გვ. 133). „მე გავხდები კნეინა, მაშინ ჩვენი მურაზი ავისრულოთ, ვიხილოთ“ (წიგნაკი „ითამაშე თამარა“, 1914 წ., გვ. 7). „ერთი შეხედე მათ მურაზს, იმათ იერს“ (იქვე). „გრ. ორბელიანმა განმარტა: ნიკო ბარათაშვილი შესანიშნავი ყმაწვილი კაცი იყო, უდროოდ გაფუჭდა უმურაზოდ“ (ზ. მთაწმინდ. წიგნი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“, 1885 წ., გვ. 14). „მაშინვე გაუსხლტებიან ხელიდან თავიანთ ქმრებს, თავიანთ პატრონებს და რაც უნდათ, იმას იზამენ, ეწევიან თავიანთ სურვილს, თავიანთ მურაზსა“ („მოგზ.“, 1901 წ., № 2, წერ. ვინმე მესხისა, „წმინდა მოღვაწე ნინო“, გვ. 131-132). „უნდა მოსძებნოთ ოთხყურიანი ბალახი და ოქროს ბეჭდით გასჭრათ, ყოველივე გულის მურაზი შეგისრულდებათ“ (ქალაქ. ცრუმორწმუნეობა, „Кавказ“, 1889 წ., № 132). „გულში კი ჩარჩა ნახული ხარის მურაზი“ (ლ. მეტრ. „დროშა“, 1933 წ., № 23, გვ. 16). „მურაზათ ნაპოვნი ხარი ამოუყვანა თავის ტოლს“ (იქვე). „საიდუმლო ღიმილით უმზერდა მურაზათ აზვირთებულ ჭაბუკს“ (ვ. ბარნ., № 8-9, გვ. 16). „ბოჰემის“ შემდეგ გავრცელდა. „სიკვდილი არის მურაზი, შორს უჭრის იმას გონება, ვაჟკაცებში გამოარჩევს, რომელიც მოეწონება“ (ხალხ., ვ. კოტეტ., გვ. 262). თ. რაზიკაშვილიც ხმარობს ამ სიტყვას: „მურაზი - გულით სანდომი ნატვრა“ („ივ.“, 1900 წ., №133). ეს სიტყვა ჩემს ლექსშია: „ტრიოლეტები შეითან ბაზარში“, 1928 წ. [...] მერე სხვებმაც. „ისინი ეცნობიან მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის გულის მურაზს უეჭველ დაღუპვას გადაარჩენენ“ (შ. დად. თარგ., ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“, 1936 წ., გვ. 86). „რა საქმე აქვს იმ გოგოსთან... შენი გულის მურაზი ხომ არ არის“. (პუშკინი, „კაპიტნის ქალიშვილი“, შ. დად. თარგ. გვ. 137). „ბრიგადირმა ეშმაკური თვალები შეანათა კოლმეურნე ქალს, მისი გულის მურაზს, თ-ს, რომელიც გართული იყო მუშაობაში“ („კოლმეურნე“, სიღნაღი, 1938 წ., № 27). „ხმა აღიმაღლა ლაჟვარდებში გულის მურაზმა“ (ბ. კეშელავა, „სტალინელი“, 1938 წ., № 28). მურაზიანი - სვებედიანი.
წყარო: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.