A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ფა ფე ფთ ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფფ
ფსა ფსე ფსი ფსკ

ფსალმუნნი

საღმრთო წიგნი შედგენილი ისრაელიანთა დიდი მეფის ღვთივცხებული დავით წინასწარმეტყველის მიერ, „ფსალმუნნი“ ღვთის სადიდებელი საგალობლების კრებულია (მასში გადმოცემულია ასევე ისტორიული მოვლენები), რომელიც დავით მეფემ შექმნა სულიწმიდის შთაგონებით. იგი ამავე დროს ებრაული სასულიერო პოეზიის უბადლო ნიმუშსაც წარმოადგენს. „ფსალმუნნი“ ძველი აღთქმის ბიბლიურ (საღმრთო) წიგნთა რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ავტორის სიცოცხლეშივე იყო აღიარებული სასულიერო პირთა მიერ და გამოყენებული ღვთისმსახურებაში. „ფსალმუნნი“ განიყოფა ხუთ აღსავალად, ანუ საფეხურად, რომელიც ასახავს ადამიანის სულიერი განვითარების ხუთ საფეხურს:

I აღსავალი (1-40 ფსალ.) - არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, ანუ მოქცევა ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე დადგომა.

II აღსავალი (41-71 ფსალ.) - სურვილი ღმერთთან ყოფნისა, უზენაეს შემომქმედთან მიახლებისა.

III აღსავალი (72-88 ფსალ.)- ღვთაებრივი საიდუმლოებების წვდომისა (შემეცნებისა, განჭვრეტისა), ანუ შემომქმედ ღმერთთან უფრო მეტი მიახლოვებისა.

IV აღსავალი (89-105 ფსალ.) - ღმერთთან დაახლოვებული (ღვთივცხებული) კაცისა, რომელსაც ენიჭება ძალა (მადლი) ერისთვის ლოცვისა.

V აღსავალი (106-150 ფსალ.)- უმაღლესი მჭვრეტელობისა, რასაც შედეგად მოსდევს თავის უარყოფა და ყოვლიერების შემომქმედისადმი მადლიერება - გამოხატული მის ქებასა და დიდებაში. [ყოველი აღსავალი თავდება სიტყვებით: „იყავნ, იყავნ“.]

„ფსალმუნნი“ სულ-ხორციელად შეითვისა ქრისტიანობამ, მისი საგალობლები შედის ქრისტიანული ღვთისმსახურების თითქმის ყველა სახეობაში. უმეტესად ფსალმუნები დილისა და საღამოს ლოცვების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცნენ. „ფსალმუნნი“ მთლიანად იკითხება ყოველი მსგეფსის (კვირის) განმავლობაში; დიდ-მარხვის ჟამს კი მსგეფსში (კვირაში) ორჯერ.

ქრისტიანობაში „ფსალმუნნი“ განიყო 20 კანონად. იგი შეიძლება ვიკითხოთ როგორც ჯგუფურად, ასევე საოჯახო (საშინაო) ვითარებაში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ფსალმუნის წიგნის მთლიანი წაკითხვისას მკითხველზე გადმოდის უდიდესი ღვთიური მადლი, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოძღვრის კურთხევით, თორემ შეიძლება უკუ-შედეგი გამოიღოს.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე ავადმყოფებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მათი წაკითხვა შეპყრობილთათვის, ანუ მათთვის, ვინც არაწმიდა სულების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ფსალმუნებს უკითხავენ აგრეთვე მიცვალებულებს. ჭირისუფლებმა მიცვალებულს ფსალმუნები უნდა უკითხონ განუწყვეტლივ, ვიდრე იგი შინ ასვენია (ეს წესი ძველი აღთქმის ეკლესიიდან მომდინარეობს), დასაფლავების შემდეგ კი 40-მდე ყოველდღიურად მთელი „ფსალმუნნი“ უნდა წაუკითხონ.

წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ყოველ ფსალმუნს თავისი სულიერი მნიშვნელობა გააჩნია. მაგ. მომავალ მაცხოვარზე წინასწარმეტყველების საგალობლებად ითვლება შემდეგი ფსალმუნები: 2, 15, 21, 39, 44, 88, 90, 96, 109, 117.

სინონიმი: დავითნი
წყარო: იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9