A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
სეგ სეკ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ

სემიტურ ენათა ოჯახი

სემიტური ენები სამ ჯგუფად იყოფა: აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრულად. ამ ორ უკანასკნელს ჩვეულებრივ აერთიანებენ დასავლურ სემიტურ ენათა ჯგუფში (და, ამრიგად, სულ ორი ჯგუფი გამოდის: აღმოსავლური და დასავლური).

I. აღმოსავლურ სემიტური ენებია: ძველი მკვდარი ენები _ ასურული და ბაბილონური; ასურულსა და ბაბილონურს ერთად აქადურს უწოდებენ. უძველესი ძეგლები სემიტური ენებისა წარმოდგენილია ლურსმული დამწერლობის ასურულ ტექსტებში, რომელთა ამოშიფვრა იწყება მეცხრამეტე საუკუნეში (ჰ.კ. როულინსონი, ე .ჰინქსი, ჟ. ოპერტი, უ.ფ. ტოლბოტი). ყველაზე ძველი ასურული ძეგლი თარიღდება 1400 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

II. ჩრიდოლოსემიტური ენები ორ ჯგუფს ქმნის: ქაანურსა და არამეულს. ქაანური ჯუგფისაა: ფინიკიური, ძველი ებრაული, მოაბიტური. არამეული ჯგუფისაა: ბიბლიის არამეული, თანამედროვე სირიული, რომელზედაც აისორები ლაპარაკობენ, მანდეური...

III. სამხრულსემიტური ენები: ჩრდილოარაბული და სამხრულარაბული (თავისი კილოებით); აბაშური (ანუ ეთიოპიური).

სემიტურ ენათაგან ევროპაში ყველაზე ადრე დაიწყეს ებრაულის, როგორც დაბადების (ბიბლიის) ენის, შესწავლა (ი.როიხლინი, XV_XVI სს.). ებრაულის უძველეს ძეგლად მიჩნეულია დებორას საგალობელი მსაჯულთა წიგნიდან (მიახლოებით ხ ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). სემიტურ ენათაგან ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია არაბული ენა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი სამწერლო ენა აქვს. უძველესი დოკუმენტი _ წარწერა საფლავის ქვაზე _ თარიღდება 328 წლით ჩვენი წელთაღრიცხვისა. ძველ არაბულ ენაზე მოიპოვება მდიდარი ფილოსოფიური, მათემატიკური და ფილოლოგიური ლიტერატურა. ისლამის გავრცელებასთან დაკავშირებით არაბული ენის როლი აღმოსავლეთში დიდად გაიზარდა: ახლო აღმოსავლეთში არაბულს ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც _ ლათინურ ენას დასავლეთ ევროპის ხალხებისათვის. ამჟამად არაბული ენის ქვეყნებია: ეგვიპტე (დედაქალაქი კაირო), ერაყი (დედაქალაქი _ ბაღდადი), სირია (დედაქალაქი _ დამასკო), ლიბანი (დედაქალაქი _ ბეირუთი), საკუთრივ არაბეთი (ე.წ. საუდის არაბეთი და იემენი) და ნაწილობრივ პალესტინა (ცენტრი - იერუსალიმი).

ძველად პალესტინა ებრაელთა სამშობლო იყო. შემდგომ აქ არაბობა სჭარბობდა. ებრაელთა იმიგრაციას პალესტინაში არაბები ენერგიულ წინააღმდეგობას უწევდნენ. მიუხედავად ამისა, 1919 წლიდან 1948 წლამდე პალესტინაში 452 ათასი ებრაელი ჩავიდა. 1948 წელს პალესტინაში შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო - ისრაელი (დედაქალაქი თელ-ავივი). სემიტურ ენათა (არაბულის, სირიულისა და ეთიოპიურის) ნათესაური ურთიერთობა ორიენტალისტებმა (ბუქსტორფმა, ლუდოლფმა, კასტელმა, ჰოტლინგერმა) შენიშნეს ჯერ კიდევ XVII საუკუნეში; ეს ურთიერთობა ხელშესახებად დადასტურებულ იქნა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში (შულტენსი, შრედერი). ასე რომ, სემიტურ ენათა ნათესაობის აღიარება მოხდა უფრო ადრე, ვიდრე ინდოევროპულ ენათა ოჯახისა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ნათესაობის დადასტურება აქ მოხდა ისტორიულ-შედარებითი მეთოდის შემოღებამდე, მარტივი შედარების გზით. ასეთი შედარება მეცნიერული არ არის, ჩვეულებრივ ის მცდარ შედეგებს იძლევა. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ნათესაური ურთიერთობა ამ მარტივი შეპირისპირების მეოხებითაც შეიძლებოდა შემჩნეული ყოფილიყო, მეტადრე თუ მონათესავე ენები დიდად არ იყვნენ ერთმანეთს დაშორებული, _ თუ სიახლოვე ენათმეცნიერების თვალში საცემი იყო. სწორედ ასეთი ვითარება გვქონდა სემიტურ ენათა შემთხვევაში. სემიტურ ენებთან აახლოებენ ქამიტურ ენებს (ე. წ. ქამიტურ ენათა ოჯახს).

ქამიტური ენებია: ძველი ეგვიპტური და მისგან მომდინარე კოპტური, შემდეგ _ ლიბიური, ბერბერული (ყველანი _ ჩრდილო აფრიკაში) და კუშიტური ენები. ქამიტური ენებიდან ყველაზე დიდი ხნოვანებისაა ძველი ეგვიპტურის ძეგლები, იეროგლიფებით ნაწერი (მიახლოებით 4000 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). იეროგლიფური დამწერლობის ეგვიპტური ძეგლები ამოშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ფ. შამპოლიონმა (1822 წ.). სემიტურსა და ქამიტურ ენებს ხშირად ერთ სემიტურ-ქამიტურ ოჯახადაც სახავენ (ეს, რასაკვირველია, იმის მაუწყებელია, რომ ქამიტურ და სემიტურ ენათა ისტორიული ურთიერთობა გარკვეული არაა). ტერმინები `სემიტური", `ქამიტური" (ისევე, როგორც `იაფეტური") ბიბლიური ნოეს შვილთა სახელებიდანაა ნაწარმოები (ბიბლიური გადმოცემის თანახმად, იმ ნოეს, რომელიც მსოფლიო წარღვნას გადაურჩა, სამი შვილი ჰყავდა: სემი, ქამი და იაფეტი, მათგან მოშენდა წარღვნის შემდეგ კაცობრიობა).

სემიტურ ენებს რიგი ფონეტიკური, მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურება ახასიათებს. ფონეტიკაში აღსანიშნავია: ხმოვანთა სიმცირე, უკანაენისმიერთა სიუხვე, თავისებურ წინაენისმიერთა (სპირანტთა) მქონეობა. წინადადება სიტყვებად იშლება; სიტყვის ჩონჩხია ძირი; იგი შედგება თანხმოვნებისაგან; ჩვეულებრივ ასეთი თანხმოვანი სამია (`ძირთა სამთანხმოვნობის პრინციპი"; ამჟამად ფიქრობენ, რომ მესამე თანხმოვანი ძირეული არ უნდა ყოფილიყო, ფუძის საწარმოებელი, დეტერმინატივი, უნდა ყოფილიყო). ხმოვნები ფორმანტების (აფიქსების) როლში გვევლინება (თუმცა აფიქსი ყოველთვის უთანხმოვნო არაა). ბრუნება მარტივია, უღვლილება _ რთული. ბრუნება სუფიქსურია, უღვლილება _ სუფიქსურ-პრეფიქსული. ზმნაში პოლიპერსონალიზმი (ორპირიანობა) შეიმჩნევა: ზმნის ფორმაში სუბიექტის გარდა ობიექტის პირებიც აისახება, უღვლილება სუბიექტურ-ობიექტურია. შესაბამისად რთულდება ქვემდებარე-დამატების სინტაქსური გამიჯვნა: ინდოევროპული ენებიდან ცნობილი სინტაქსური დაპირისპირება ქვემდებარისა და დამატებისა აქ შეუძლებელია გვქონდეს. აღსანიშნავია სახელებისაგან შემდგარ წინადადებათა ხვედრითიწონის სიდიდე (უზმნო პრედიკაცია). სემიტურ ენებში ორი სქესი გაირჩევა: მამრობითი და მდედრობითი (ისტორიულად ამოსავალია ცოცხალისა და არაცოცხალის კატეგორიათა გარჩევა).

წყარო: ენათმეცნიერების შესავალი = Introduction to linguistics : [სახელმძღვ. ფილოლ. ფაკ. სტუდ.] ჩიქობავა, არნოლდ. [თბ.] : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, [2008]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9