A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

უბ უგ უვ უზ უთ უმ უნ უო უჟ ურ უტ უჯ
უოლ

სკოტი უოლტერ

უოლტერ სკოტს მსოფლიო ლიტერატურაში ისტორიული რომანის მამას უწოდებენ და მას ჰომეროსის, შექსპირის და სერვანტესის გვერდით აყენებენ.

უ. სკოტი დაიბადა 1771 წელს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, იურისტის ოჯახში. იმდროისათვის სკოტების გვარს უკვე დაკარგული ჰქონდა ის პატივი და დიდება, რომელიც მათ შოტლანდიის ისტორიაში დაიმსახურეს.

პატარა უოლტერმა ბავშობა ბებიასთან, სოფელში გაატარა, სადაც მან ბევრი რამ გაიგო მშობლიური კუთხის წარსულის შესახებ და თავისი მომადლებული ნიჭის წყალობით ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად დაიმახსოვრა. წიგნს იგი ადრეული ბავშვობიდან დაუმეგობრდა და ყველაფერს კითხულობდა, რაც კი ხელთ მოხვდებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან თავის მამასთან, კანტორაში დაიწყო მუშაობა, ხოლო სათანადო წოდების მიღების შემდეგ რვა წელი იმუშავა სასამართლოში იურისტად.

უოლტერ სკოტი ბევრს მოგზაურობდა, აგროვებდა და ამუშავებდა ფოლკლორულ მასალას, რომელიც შემდეგ თავის ნაწარმოებებში გამოიყენა. ეს იყო შოტლანდიური ხალხური პოეზიის ნიმუშები, შემდეგ ლექსები და 1814 წელს რომანი „უევერლი“. ამ ნაწარმოებმა მას მსოფლიო მასშტაბის მწერლის სახელი დაუმკვიდრა.

უოლტერ სკოტის შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ის, რომ თუ მანამდე არსებული ისტორიული რომანების მთავარი მოქმედი პირები მხოლოდ მეფეები, მთავრები, ჰერცოგები, ლორდები და მაღალი საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იყვნენ, მწერალმა მათ გვერდით დააყენა უბრალო ადამიანები, რომლებიც არანაკლებ როლს ასრულებდნენ ქვეყნის ისტორიულ მოვლენებში. მათი ცხოვრება უშუალოდიყო დაკავშირებული ქვეყნის წარსულთან, მის ისტორიულ სინამდვილესთან.

აღსანიშნავია, რომ უოლტერ სკოტი ისტორიულ ფაქტებს გადმოგვცემს იმგვარად, როგორც სინამდვილეში იყო და გარდასულ მოვლენებს ზუსტად ასახავს. სკოტმა შექმნა გმირების უზარმაზარი გალერეა, თავისი ხასიათებითა და მხატვრული დამაჯერებლობით, განსაკუთრებული ნიშნებითა და სხვა თავისებურებებით.

უოლტერ სკოტს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა თავისი ქვეყნის ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდში მოუხდა. ეს იყო დრო, როდესაც ინგლისმა ბრძოლა გამოუცხადა გვაროვნული წყობილებისა და სათემო საკუთრების გადმონაშთებს. ამან ერთგვარად იმოქმედა თვით შოტლანდიის საგვარეულო ბელადების ურთიერთობასა და არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისათვის მათი ბრძოლის თავისებურებებზე.

ე. წ. „შოტლანდიურ რომანებში“: „უევერლი“, „ჰაი მენნერინგი“, „ანტიკვარი“, „რობ როი“ სწორედ ამ პერიოდს ასახავენ. მათში წარმოდგენილია შოტლანდიის გვაროვნულ-კლანური წყობილების უკანასკნელი გაბრძოლება ახალი ბურჟუაზიული წყობილების წინაღმდეგ, რომელიც მათ ეკონომიკურ და სოციალურ ნიადაგს აცლის. ამისგან მათ ვეღარ იხსნის ვერც თავგანწირული ბრძოლა, ვერც სიმამაცე და ვერც დიდსულოვნება. ახალი ცხოვრება დიდ ტალღასავით შემოდის შოტლანდიის მთებში და გვაროვნულ წყობილებას ერთი ხელის მოსმით უპირებს წალეკვას. უოლტერ სკოტი ამ მოვლენებს გარდუვლად, ისტორიულ აუცილებლობად მიიჩნევს. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი სამყარო - ბურჟუაზიული და გვაროვნული.

რობ როი, მამაცი, რაინდული სულის ადამიანია, დიდსულოვანი, ამაყი, კეთილშობილი და იგი გვაროვნული წყობილების წარმომადგენელი, თავისი კლანისერთგული ადამიანია, მაგრამ ყაჩაღივით ტყეში ცხოვრობს მას შემდეგ, რაც თავისივე თანამემამულე ჰერცოგი მონტრეზი სამკვიდროს წაართმევს. რობ როი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს.უოლტერ სკოტმა ინგლისის ბურჟუაზიული რევოლიუციის თემას უძღვნა რომანები - „პურიტანები“ და „ვუდსტოკი“

.

„პურიტანების“ მთავარი მოქმედი პირი, ჰენრი ჰერტონი, დიდგვაროვანი მემამულე, რევოლიუციის დასაწყისში სტიუარტების მხარდამჭერი იყო, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მათმა მოქმედებამ ხალხის აღშფოთება და აჯანყება გამოიწვია. ჰენრი ჰერტონი უსამართლობას აღუდგა წინ და აჯანყებულთა ერთ-ერთ მეთაურად იქცა. უოლტერ სკოტმა სწორად შეაფასა ისტორიული მოვლენები და აჯანყებულთა საქმის სამართლიანობა.

რომანში - „ვუდსტოკი“ აღწერილია ინგლისის ბურჟუაზიული რევოლიუციის მსვლელობა. მასში სხვა ისტორიულ პირებთან ერთად გამოკვეთილად ჩანს სამეფო კარის ერთგულის, ჰენრის პორტრეტი, იგი ფეოდალების მხარეზეა. სკოტი მას უპირისპირებს რევოლიუციის მოთავეს - ოლივერ კრომველს, რომელიც მწერლის მიერ ნამდვილად ძლიერ და ენერგიულ პიროვნებად არის წარმოდგენილი. იგი შეუპოვრად იბრძვის დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ გულმოწყალეა დამარცხებულთა მიმართ.

იხ. აგრეთვე: აივენჰო
წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9