A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაუ ბაც ბაჯ

ბაირონი ჯორჯ ნოელ გორდონ (1788-1824 წწ.)

ჯორჯ ბაირონის მიერ შექმნილი პოეტური სამყარო ცნობიერად თუ არაცნობიერად ისე შეეთვისა ადამიანის სულს, რომ ძალზე ძნელი წარმოსადგენია მისგარეშე მსოფლიო ლიტერატურა, მსოფლიო კულტურა.

ბაირონის შემოქმედება, თავისი იდეალებით, ისევე როგორც მთელი მისი მოღვაწეობა, ზოგადსაკაცობრიოა. მისი პოეზია ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობით არის განმსჭვალული.

ჯ. ბაირონი ინგლისში ცნობილ არისტოკრატიულ, მაგრამ გაღარიბებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. პატარა ბაირონი ფიცხი და მოუსვენარი ბავშვი იყო, სახით არაჩვეულებრივად ლამაზი, მაგრამ კოჭლი. ფიზიკურ ნაკლს ხელი არ შეუშლია მისი წარმატებისათვის. მას განსაკუთრებით იტაცებდა კრივი, ცხენოსნობა და ცურვა (1810 წელს მან დარდანელის სრუტე გადაცურა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა).

1798 წელს, 10 წლის ჯორჯ ბაირონმა მემკვიდრეობით მიიღო მეექვსე მემკვიდრის,ლორდის ტიტული და საგვარეულო ციხე-დარბაზი ნიუსტედში.

1801 წელს იგი სკოლაში მიაბარეს, სადაც შეისწავლა ლათინური და ბერძნული ენები, ანტიკური ხელოვნების ისტორია, ინგლისური ლიტერატურა. იგი ბევრს კითხულობდა, წიგნის კითხვა მისი ერთ-ერთი ძირითადი მისწრაფება იყო, ღრმად გაეცნო ფრანგი განმანათლებლების მოღვაწეობასა და იდეებს.

ნიუსტედის მახლობლად მდებარეობდა ენსლის ჰოლი, სადაც ცხოვრობდნენ მისი შორეული ნათესავები. ბაირონი ხშირად სტუმრობდა მათთან. იქ მან გაიცნო მერილენ ჩავორსი - განსაკუთრებით მიმზიდველი, შინაგანი ბუნებით გამორჩეული ქალიშვილი.

ბაირონს თავდავიწყებით შეუყვარდა მერი, მაგრამ ეს სიყვარული უიღბლო გამოდგა - 1805 წელს მერი ჩავორსმა იქორწინა ჯონ მასთერზე. ამ ამბავმა სულის სიღრმემდე შეძრა ახალგაზრდა პოეტი:


„ენსლის სერებო, დგახართ ცივნი მიუკარებნი,
აქ გაიქროლა უზრუნველმა ჩემმა ბავშობამ,
გოდებენ ღამე ჩრდილეთის ცივი ქარები
და არვის ძალუძს ამ მწუხარე მოთქმის ჩახშობა!
იმ ნეტარ დღეებს რად ეწერათ გადაშენება
როს ბედნიერი არ ვითვლიდი წუთებს აროდეს,
მერის ღიმილი, ცისიერი მისი მშვენება,
ვეღარასოდეს მომაჩვენებს თქვენს თავს სამოთხედ“.

1805 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბაირონი შევიდა კემბრიჯის სახელგანთქმული უნივერსიტეტის კოლეჯში. სტუდენტობის დროს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული, რომელსაც მძაფრი კრიტიკით შეხვდა პრესა. მას პოეტმა მწვავე სატირული წერილი მიუღძვნა სათაურით „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიური მიმომხილველები“, რომელიც მიმართული იყო იმდროინდელი, უკვე მოძველებული ინგლისური ლიტერატურის წინააღმდეგ.

კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, უკვე სრულწლოვანმა, პარლამეტში ხანმოკლე მოღვაწეობის დროს, პირველი სიტყვა წარმოთქვა პარლამენტის სხდომაზე მუშათა უფლებების შეზღუდვის კანონის მიღების წინააღმდეგ.

საგულისხმოა, რომ ჯ. ბაირონს მოგონებები პირველ სიყვარულზე მუდამ თან სდევდა:


„მორჩა, აღსრულდა! - გამიცხადდა კრული სიზმარი,
იმედის სხივით აღარ ბრწყინავს ჩემთვის ცისკარი, უბედობის
ჟამს სუსხიანმა მწარე ქარბუქმა
ჩემი ცხოვრების გარიჟრაჟი დარდით მოქუფრა,
მშვიდობით ტურფავ, სიყვარული, ლხენავ, იმედო!
ნეტავ შემეძლოს, მოგონებავ, შენ გაგიმეტო!“

იმ დიდი სიყვარულის გამო, რომელიც გულში უღვივოდა, ბაირონს აღარ შეეძლო მერის ახლო ყოფნა, საჭირო იყო გარიდებოდა იქაურობას. იგი ცდილობს, პირადი გამოცდილებით და არა სხვადასხვა წიგნებში წაკითხული მასალით, შეიქმნას წარმოდგენა კაცობრიობაზე. ეს განწყობილება ბაირონმა ნათლად გამოხატა.


„ლედის,
რომელმაც მკითხა, თუ რატომ მივემგზავრები
ინგლისიდან ზაფხულზე
ცოდვილი წამით შეჩერდა ზღურბლეზე, როცა განდევნეს ედემის მხრიდან,
ტანჯვა-წამება ეწერა შუბლზე,
გარდასულ დღეთა წყურვილი შუბლზე,
გადასულ დღეთა წყურვილი ღრღნიდა.
თუმცა ხეტიალმა უცხო მხარეში
დარდის ატანა უკეთ ასწავლა,
მალე იპოვა შვება საქმეში,
და იგონებდა წარსულს ანაზდად.
დე, ასე იყოს მშვენებავ ჩემო!
აღარ ვიხილავ შენს სათნო სახეს,
ოხვრა წარსულზე მე ბედად მერგო,
ტანჯვის საწინდრად არ მინდა მყავდე.
მოვწყდები ყოველს! ისე არ მოხდეს,
რომ ვერ დავუსხლტე ცდუნების ძალას,
მიჭირს ვუმზერდე ჩემსა სამოთხეს
და არ ვინდომო იქ დავრჩე მარად“.

1809 წელს ბაირონი ინგლისიდან მიემგზავრება საზღვარგარეთ, ემშვიდობება ბრიტანეთს. მას აფრიკის, გიბრალტარის კლდოვანი მთები და სტამბოლის მინარეთები ელოდებიან...


„... და იქიდან კი,

მინდა ვეწვიო სილამაზის მშობლიურ მხარეს,
სად კავკასიონს კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს,

გვირგვინად ადგეს დიდებული
თეთრი მყინვარე“.

მარად ჭეშმარიტი შთაგონების წყაროა ბაირონისათვის კავკასიონი. შთამბეჭდავია სცენა, რომელიც კავკასიონის მთების ფონზე თამაშდება. მისტერიაში „ცა და დედამიწა“, „სარდანაპალში“ კი ქალის წამოწითლებულ სახეს პოეტი კავკასიონზედაისის მზით ავარდისფერებულ ქათქათა თოვლს ადარებს:


„ღრუბლებით გარშემოვლებული კავკასიონი,
სადაც მარად არწივები ბუდობენ“.

კავკასიონი მისი გმირისათვის საოცნებო მხარედ ქცეულა. ასურეთის უკანასკნელი მეფე სარდანაპალი ასე მიმართავს სატრფოს:


„ნეტავ კავკასიონის მთებში
პატარა ქოხში მაცხოვრა
შენთან ერთად,
მე იქ შვებით დავთმობდი
გვირგვინს
ყვავილების გვირგვინის ფასად“.

პირველი მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ (1811-1812 წწ.) ბაირონს ხანმოკლე რომანი ჰქონდა ლედი კაროლინა ლემთან. პოეტმა მას პატარა ვულკანი უწოდა. ქალის მგზნებარე და ფიცხი ხასიათით გაბეზრებული ბაირონი ცდილობდა, შეეწყვიტა მასთან კავშირი, ეჭვით შეპყრობილმა ლედიმ მას წიგნზე წაუწერა:


„გახსოვდე!“ პოეტმა მას მისწერა:
„... მახსოვხარ მარად! გჯეროდეს ჩემი,
მაგრამ შენზე ხომ კვლავ ორნი ვფიქრობთ:
ქმარი, რომელსაც დაადგი რქები,
და მე, რომელიც დემონად გიცნობ!“

1816 წელს ბაირონმა კვლავ დატოვა ინგლისი, ახლა უკვე როგორც გაძევებულმა ადამიანმა. იგი ევროპაში, შვეიცარიის განთქმული ქალაქის, ჟენევის მახლობლად ერთ ტბასთან დასახელდა. აქ დაწერა მან „ჩაილდ ჰაროლდის“ მესამე ქება და ალპების მწერვალების სიდიადემ აღუძრა „მანფრედის“ შექმნის იდეა.

ჟენევაში ჯ. ბაირონი გაეცნო და დაუახლოვდა თანამედროვე პოეტ შელის. 1817 წელს ბაირონი იტალიაშია, უშუალოდ მონაწილეობს იტალიელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში ავსტრიელთა წინააღმდეგ. იტალიაში იგი ვენეციისსილამაზემ მოხიბლა და ხარბად დაეწაფა მსუბუქი ცხოვრების დამათრობელ შარბათს.

მრავალი სასიყვარულო თავგადასავალის შემდეგ ბაირონი ფიქრობს სამხრეთ ამერიკაში დასახლებას, მაგრამ იცის, რომ მღელვარე ბუნება ვერ აიტანს მშვიდობიანსა და უწყინარ ცხოვრებას და ამიტომ, 1823 წელს, ზაფხულში, იგიმიემგზავრება ბერძნების დასახმარებლად. პოეტმა გაყიდა მთელი თავისი ქონება ინგლისში და მიღებული ფული მთლიანად ბერძენთა განთავისუფლების საქმეს მოახმარა. ბაირონი 1824 წელს ავად გახდა. გარდაიცვალა საბერძნეთში. იგი წინასწარ გრძნობდა თავის აღსასრულს და ლექსად იწანასწარმეტყველა:


„გემშვიდობებით, მორჩა ყოველი,
აწ მძვინვარებით გული აღივსო,
ჩემგან შენდობას ნუღარ მოელი,
თუმც არ გაგწირავ სამარადისოდ...“

ამოუწურავია ჯორჯ ბაირონის შემოქმედება. ეს არის ციკლი აღმოსავლურიპოემებისა: „გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „ პარიზიანა“.

მწვავე დრამატული გრძნობით არის გამსჭვალული მისი ლექსების ციკლი, სათაურით: „ებრაული მელოდიები“, რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად, გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. ფილოსოფიურ-დრამატული პოემა „მანფრედი“ და მისტერია „კაენი“, რომლებშიც ბიბლიური გმირი გამოყვანილიაშეურიგებელ მეამბოხედ:


„რა სიცოცხლეა ეს სიცოცხლე ვიშრომე, მაგრამ
შრომა სასჯელად რისთვის მერგო? ნუთუ იმიტომ,
ჩემმა მშობელმა სამოთხე რომ ვერ შეირჩინა,
ნუთუ მე ვარ აქ დამნაშავე? - არ ვიყავ მაშინ
დაბადებული; დაბადება არც მიძებნია:
მე არ მახარებს ამნაირი მდგომარეობა,
რომელსაც ახლა დაბადების შემდეგ განვიცდი...“

ჯორჯ ბაირონის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უკავია სოციალურ პრობლემებსაც, ასეთებია: „ტასოს ჩივილი“, „მაზეპა“, „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება; პოლიტიკური მოტივებით არის სავსე ტრაგედიები: „მარინო ფალიერო“, „ვენეციელი დოჟი“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“; სატირები: „ბეპო“, „ირლანდიელი ავატარა“, „სამსჯავროს ხილვა“ და სხვ.

ბაირონის შემოქმედებითი ევოლიუციის მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია მისი დაუმთავრებელი რომანი ლექსად - „დონ ჟუანი“. მასში ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური წყობილების წინააღმდეგ, მას ენაცვლება მომავლისადმი რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმამდე.

ბაირონს უდიდესი აღიარება მოუტანა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის“ გამოქვეყნებამ.

ნაწარმოების გმირი - ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე ჩამოყალიბდა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემა გამსჭვალულია არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ პროტესტის გრძნობით. მას, ფრანგი განმანათლებლის იდეური მრწამსის ზეგავლენით, ცხოვრებაში არსებული სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზად მიაჩნია უმეცრება და გაუნათლებლობა. ბაირონი, მისთვის დამახასიათებელი მელანქოლიური განწყობილებით, ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველ პოეტად არის აღიარებული.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბაირონის გავლენით ჩამოყალიბდა ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელსაც „ბაირონიზმი“ ეწოდა. საქართველოში პოეტური განწყობილებითა და პირად ცხოვრებაში მომხდარი მსგავსებით, ბაირონს ენათესავება დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი.

წყარო: მსოფლიო ლიტერატურის შედევრები : მე-11 კლასის დამხმ. სახელმძღვ. / ე. ქურციკიძე, მ. მოდებაძე, კ. მაჭარაშვილი, ა. ნარგიზიშვილი. - თბ. : მერიდიანი, 2002. - 408გვ. ; 20სმ.. - ISBN 99928-32-97-5 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 18897]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9