| | |
რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის ჩემს გვერდზე პატარა განცხადება გავაკეთე ფასილიტატორთან დაკავშირებით, რომელიც თურმე ზოგჯერ ფალსიფიკატორში ერევათ. ჩემს განცხადებას მოჰყვა დიდი გამოხმაურება კოლეგებისგან, ზოგი სხვადასხვა კონტექსტს მთავაზობდა იმის დასადგენად, თუ ვის უწოდებენ ფასილიტატორს, ზოგი მთხოვდა გამერკვია ამ ტერმინის მნიშვნელობა და იმავე გვერდზე გამომექვეყნებინა. მოკლედ, ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს დავპირდი, რომ ამ საკითხს გამოვიკვლევდი და მართლაც, ლექსიკოგრაფიული ცენტრის სტაჟიორებთან ერთად შევერკინეთ ფასილიტატორს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენს კვლევაში დაგვეხმარა ჩემი დოქტორანტის სოფიკო დარასელიას მიერ ლიდსის უნივერსიტეტში, სერგეი შაროვის ხელმძღვანელობითა და მეთოდოლოგიით, შექმნილი ქართული ენის ვებ-კორპუსი KAWAC, რომელიც ბოლო 10 – 15 წლის ქართული ენის მდგომარეობას ასახავს.
ფასილიტატორის მნიშვნელობა თანამედროვე ქართულ ენობრივ სივრცეში (განზრახ არ ვწერ ქართულ ენაში, რადგან, ჩემის ღრმა რწმენით, ქართულ ენას ეს სიტყვა არ სჭირდება, რის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ).
(1) პირველი კონტექსტი: „ტერმინი ფასილიტატორი გამოიყენება განათლების სისტემაში და ნიშნავს სპეციფიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც ეხმარება სხვებს სასწავლო მიზნების მიღწევაში. კერძოდ, ფასილიტატორი შეიძლება ეწოდოს იმ მასწავლებელს ან რეპეტიტორს, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში“.
(2) მეორე კონტექსტი: „პილოტირების პროცესში ფასილიტატორი არის საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ცდილობს, გადასცეს თავისი გამოცდილება სხვა მასწავლებელს, რომელსაც არ მიუღია მსგავსი გამოცდილება“.
(3) მესამე კონტექსტი: „მასწავლებელი – მრჩეველი და ფასილიტატორი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში [აღმოჩენილი და გამოკვლევითი სწავლა, ვფიქრობ ცალკე საუბრის თემაა]
(4) მეოთხე კონტექსტი: „ფასილიტატორის ძირითადი ფუნქცია არის საკუთარი კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. მას შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით“.
(5) მეხუთე კონტექსტი: „…არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებო პროგრამების შემუშავების ფასილიტატორი (ექსპერტი)“.
(6) მეექვსე კონტექსტი: „…არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პასუხისმგებელი სპეციალისტი, საარჩევნო საკითხების ტრენერი-ფასილიტატორი“.
(7) მეშვიდე კონტექსტი: „ბარბარიზმები ქუთაისელთა მეტყველებაში“ – პროექტის ფასილიტატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ….“
კონტექსტების ციტირება შეიძლება გავაგრძელოთ, თუმცა, ვფიქრობ საკმარისია იმ სიჭრელის დასანახად, რაც „ფასილიტატორის“ ინტერპრეტაციას უკავშირდება ქართულ ენობრივ სივრცეში.
მაშ, ვინ არის ფასილიტატორი?
ფასილიტატორი არის მასწავლებელი ან რეპეტიტორი, რომელიც ეხმარება სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეს დავალებების შესრულებაში; ან
საპილოტე სკოლის მასწავლებელი, რომელმაც გაიარა სპეციალური მომზადება და ეხმარება სხვა მასწავლებლებს; ან მასწავლებელი, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით / გამოკვლევით სწავლაში (?); ან მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია დახმარება გაუწიოს მასწავლებლებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური კონსულტაციების სახით; ან ექსპერტი; ან სპეციალისტი; ან ტრენერი; ან მოდერატორი.
ვფიქრობ, განსაკუთრებით საინტერესოა მე-7 შემთხვევა, რომელსაც უკომენტაროდ ვტოვებ.
ახლა, როდესაც გავარკვიე თუ რას ნიშნავს ფასილიტატორი ქართულ ენობრივ სივრცეში, გასაგები ხდება ის დაბნეულობა და გაურკვევლობა, რაც ამ სიტყვას უკავშირდება.
ფასილიტატორი წყარო ენაში (ანუ ინგლისურ ენაში).
ფასილიტატორის წყარო, ცხადია, არის ინგლისური სიტყვა – facilitator.
Facilitation ნიშნავს შემსუბუქებას, გაადვილებას, გაიოლებას, შესაბამისად, facilitator არის ის, ვინც აადვილებს, ამსუბუქებს, ხელს უწყობს რაიმეს, კერძოდ: სასწავლო პროცესს, დისკუსიას, სემინარს / სამუშაო შეხვედრას (ანუ ვორქშოპს) და სხვა. როგორც ინგლისური განმარტებებიდან ჩანს, იგი არ ერევა უშუალოდ პროცესში, არამედ მიმართულებას აძლევს მას პროცესის ზედამხედველობით, რჩევით, კონსულტაციით და ა.შ.
a person who helps someone do something more easily by discussing problems, giving advice, etc. rather than telling them what to do;
one that helps to bring about an outcome (as learning, productivity, or communication) by providing indirect or unobtrusive assistance, guidance, or supervision.ქართულ ენაში არის ბევრი სიტყვა, რომელიც აღნიშნული ინგლისური სიტყვის მნიშვნელობას გადმოსცემს, კერძოდ:
წარმმართველი, ვინც ან რაც წარმართავს, სწორი მიმართულების მიმცემი;
მრჩეველი, რჩევის, რჩევა-დარიგების მიმცემი;
კონსულტანტი;
სპეციალისტი;
ტრენერი;
მოდერატორი;
დამხმარე;
თანაშემწე.
მაგ.:
The teacher acts as a facilitator of learning მასწავლებელი სასწავლო პროცესის წარმმართველია [ვფიქრობ ეს თარგმანი სჯობს შემდეგს:
მასწავლებელი სასწავლო პროცესის ფასილიტატორია].
Facilitator of a discussion დისკუსიის წარმმართველი / მოდერატორი
Facilitator of a project პროექტის მრჩეველი / კონსულტანტი.
გაუგებრობის მიზეზი.
ზემოთ განხილული გაუგებრობის მიზეზი არის ის, რასაც ლექსიკოგრაფები სემანტიკურ ასიმეტრიას ვუწოდებთ. ორი ენის თითქოსდა მსგავსი სიტყვები იშვიათად ფარავენ სრულად ერთმანეთის მნიშვნელობას. ამგვარი ასიმეტრია კიდევ უფრო დიდია გენეტიკურად არამონათესავე ენებს შორის, როგორიცაა ინგლისური და ქართული ენები. ამ ასიმეტრიის გამო, ინგლისური ენის რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა, ქართული სიტყვის მნიშვნელობის ერთ ნაწილს ესადაგება, ხოლო მისი სხვა ნაწილები სრულიად სხვა სიტყვებს უკავშირდება, რაც ქართულად თარგმნისას, ცხადია, სხვადასხვა ქართულ სიტყვას მოითხოვს. მაგ.: ინგლისური სიტყვა – Facility ძალიან ფართო მნიშვნელობის სიტყვაა და აღნიშნავს შემდეგს: ნაგებობა, ობიექტი; ტერიტორია, ადგილი; სათავსო, ოთახი (ამა თუ იმ დანიშნულებისა). ბუნებრივია, აღნიშნული ინგლისური სიტყვისათვის გაჭირდება ისეთი ერთი ქართული სიტყვის მოძებნა, რომელიც ყველა შემთხვევაში გამოგვადგება ამ სიტყვის ქართულად სათარგმნად:
აa military facility სამხედრო ობიექტი;
აa storage facility სასაწყობე სათავსო / ფართი, საწყობი;
აa parking facility ავტომანქანის სადგომი / დასაყენებელი ადგილი;
აa research facility კვლევითი დაწესებულება;
აa medical facility სამედიცინო დაწესებულება.
ათუ ჩვენ ფასილიტატორის ლოგიკას გავყვებით, ყველა ზემომოყვანილი მაგალითი უნდა ვთარგმნოთ, ვთქვათ, სიტყვით ფესილითი: სამხედრო ფესილითი, ავტომანქანის ფესილითი, სასაწყობე ფესილითი, კვლევითი ფესილითი, სამედიცინო ფესილითი.
ასწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე ფასილიტატორის შემთხვევაში. Facilitator-ც არის საკმაოდ ფართო მნიშვნელობის სიტყვა, რომელიც ქართულად თარგმნისას მოითხოვს სხვადასხვა ქართულ სიტყვას. ამის ნაცვლად ის „მოათარგმანეს“ ფასილიტატორად, ყველა შემთხვევაში თარგმნეს ფასილიტატორით და მივიღეთ ისეთი სიჭრელე, რომელშიც თავადაც ჩაიკარგნენ და დაიბნენ ამ სიტყვის ქართველი ნათლიები.
ააჰა, ბატონებო, ორდღიანი კვლევა-ძიების შემდეგ გაგირკვიეთ რა არის ფასილიტატორი, სიტყვა-სტატიაც გავაკეთე და ავტვირთავ დიდ ინგლისურ-ქართულ ონლაინ-ლექსიკონში.
აჩაიხედეთ დალოცვილებო ლექსიკონში, რაც არ იცით, იკითხეთ და ნუ ანაგვიანებთ ქართულ ენას. პრობლემა არ არის ქართულ ენაში, პრობლემა თქვენშია!
აგაანალიზებულმა მაგალითებმა დამანახა, რომ ასეთი ქართულის შემოქმედნი ძირითადად არიან მთავრობა და პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები.
ამე არ ვიყავი სანქციებისა და სასჯელის მომხრე, მაგრამ, ვფიქრობ, საჭირო იქნება სადამსჯელო ზომების გატარება.
აგავბრაზდი!!!!!!!!
ა სემანტიკური ასიმეტრიისა და ენობრივი არაიზომორფულობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სტატიას:
ა http://euralex.org/wp-content/themes/euralex/proceedings/Euralex%202016/euralex_2016_087_p787.pdf
ასტატიის ავტორი თინათინ მარგალიტაძე
ავტორი: ლექსიკოგრაფიული ცენტრი თარიღი: 27 ნოემბერი, 2016 22:46
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |