ცნება ეფუძნება იმ ინდივიდთა სოციალური ურთიერთობას, რომელთაც აქვთ საერთო მიკუთვნების შეგრძნება. ეს უმეტეს შემთხვევაში ტერიტორიული პრინციპით გამოხატული სოლიდარობაა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგიაში ძირითადი თემა თემის დეგრადაცია იყო, რადგან ურბანიზაციის ზრდამ მოიტანა ინდივიდის დამოუკიდებლობა თემისაგან და მოამზადა კოლექტიური ცნობიერების რღვევა, რომელიც რურალური საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ თემამ ყველაზე ძლირად გაიჟღერა ფერდინანდ ტიონისის ნაშრომში GemainSchaft und Gesellschaft, სადაც მან დაუპირისპირა ერთმანეთს სოლიდარობის ტიპი და სოციალურ ურთიერთობათა სქემა ამ ორ საზოგადოებაში. ტერმინი „თემი“ ქალაქის თეორიაში იხმარება უბნის, სამეზობლოს თუ სხვა ერთობასთან მიმართებაში. ქალაქს ხშირად განიხილავენ როგორც ასეთი თემების კრებულს, რომლთა მიმართება დინამიურია ურბანულ საზოგადოებაში. დღეს საქართველოში მზარდი ურბანული და რურალური პრობელემების გადასაჭრელად ერთ-ერთ იარაღად სწორედ თემთა მობილიზაციას მიიჩნევენ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. იგი გულისხმობს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ინტერესთა მიმართვას არსებული ადამიანური, ფიზიკური და ფინანსური რესურსების გაერთიანებისაკენ რეალური პრობლემის გადასაჭრელად და ზოგადად განვითარებისაკენ. მრავალ ქვეყანაში თემთა მობილიზაცია ურბანული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.